ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს საერთაშორისო სამართლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურის, GIPA-ს და თსუ-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ორმოცდაათამდე სტუდენტმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევარებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ. მან აღნიშნა ამ დღის დიდი მნიშვნელობა რადგან ტრეფიკინგთან ბრძოლა დღეს ერთ-ერთ ურთულეს გამოწვევად რჩება მსოფლიო საზოგადოებისთვის. მანვე აღინიშნა, რომ თსუ-ს პროფესორ ქეთევან ხუციშვილის თაოსნობით ტრეფიკინგთან ბრძოლა მრავალი წლის წინ გახდა თსუ-ს სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ამ წამოწყებას ჰქონდა არა მხოლოდ თეორიული მიზნები, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც.
მისივე თქმით, სწორედ ხუციშვილის ძალისხმევით მოხდა საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების (შსს, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა და სხვ.) კოორდინაცია ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების საქმეში, რის შედეგადაც საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა გახდა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით და ის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2007-2012 წლების ანგარიშებში ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოთა ჩამონათვალში, ე.წ. „პირველ კალათაში“ მოთავსდა. მცირე წყვეტის შემდეგ, კვლავ პროფესორ ხუციშვილის ჩართულობით, 2016 წლიდან საქართველო ისევ დაბრუნდა „პირველ კალათაში“. აღსანიშნავია, რომ პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ღვაწლი ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში აღიარებულ იქნა გაერო-ს მიერ და 2014-2016 წლებში იგი არჩეულ იყო გაერო-ს გენერალურ მდივნთან არსებული ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა მიზნობრივი ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრად. ამასთანავე, ის არის ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) საკონტაქტო პირი საქართველოსთან. ამიტომ მისი მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში და სტუდენტებისათვის თავისი პრაქტიკული გამოცდილების გაზირება მეტად მნიშვნელოვანია, - აღნიშნა ლევან ალექსიძემ.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა თავად პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრსა და გენდერისა და სამართლის მიმართულებას. პროფესორმა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, ასევე ტრეფიკინის მსხვერპლთა დაცვასა და ტრეფიკინგის დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების აუცილებლობას. იგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი თემატიკა იყო საკმაოდ მრავალფეროვანი და განსახილველი საკითხები შერჩეული იყო თავად კონფერენციის მონაწილე სტუდენტების მიერ. მოხსენებები შეეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: ტრეფიკინგი, სახელმწიფო უსაფრთხოება და მიგრაცია; გენდერი, ტრეფიკინგი და მიგრაცია; ტრეფიკინგი ორგანოების ამოღების მიზნით; ტრეფიკინგი, როგორც ტრანსნაციონალური დანაშაული და სხვ.
კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
თსუ საქართველოში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს სპეციალურ კურსებს ტრეფიკინგის მიმართულებით. საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ტრეფიკინგთან ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული კონფერენციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"