"ბორჯომობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული წელს 12 აგვისტოს აღინიშნება. როგორც ”ინტერპრესსნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროგრამა დატვირთული იქნება მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით.
ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, დღესასწაული მერაბ კოსტავას ბაღში, 12:00 საათზე სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნება. აქვე გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, ქართული ხალხური თამაშები, ხრიდოლისა და ბერიკების შოუ-წარმოდგენები, მოეწყობა კულინარიული და ეთნოგრაფიული კუთხეები და ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
”16:00 საათზე წარმოდგენები ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში გადაინაცვლებს, სადაც მოეწყობა ფოტოგამოფენა - „თანამედროვე ბორჯომი“, ასევე ბავშვების კუთხე, და კვების ქალაქი, ორგანიზატორები ბორჯომში საუკუნის წინ ანასტასია რომანოვას მიერ გადაღებული ერთ-ერთი პირველი სელფის გაცოცხლებას შეეცდებიან, გაიმართება ქართული ლუდის ფესტივალი და ბარმენ შოუ. 17:00 საათზე პარკში შესრულდება კლასიკური და პოპულარული კომპოზიციები. 20:00 საათზე კი სადღესასწაულო პროგრამას ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით გალა-კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს”, - განმარტავენ მუნიციპალიტეტში.