ის, რომ თუ საქმეს დასჭირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში ამ ტიპის დახმარების მიღების საშუალებაც, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული მხარის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, ხანძრის პერიოდში სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობის საკითხმა ტრადიციულად სწორედ არასახელმწიფოებრივი ელფერი შეიძინა.
მისივე თქმით, ასეთ დროს ხელისუფლებას მართებს ძალიან მკაფიოდ და გასაგებად აუხსნას მოსახლეობას, რა მდგომარეობაა, ამა თუ იმ მიმართულებით რა არგუმენტებია - მივმართეთ ვინმეს, თუ - არა.
„ღმერთმა დაგვიფარა და მსხვერპლი არ არის. აბა, წარმოვიდგინოთ, თუ ამ ხანძარს ექნებოდა მეტი გართულების პოტენცილი, მაშინ ალბათ, კითხვა იქნებოდა იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამოვიყენეთ ყველა შესაძლო საშუალება, რათა მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა. მსოფლიოში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონები. გაქანებული ომის მდგომარეობის დროსაც კი არსებობს ვითარებები, როდესაც ზოგადი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან ორივე მხარე ან ცეცხლს წყვეტს, ან მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის ერთობლივად ზრუნავს, ამიტომ თავისთავად ის, რომ პოტენციაში, ზოგადად, თუ საქმეს დასჭირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში ამ ტიპის დახმარების მიღების საშუალებაც, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ გვინდა, რომ მან ძალიან მკაფიოდ გვითხრას, რომ დიახ, გვაქვს ეს საშუალება დარეზერვებული, დიახ, არის კონტაქტი, თუ უკიდურესი აუცილებლობა გაჩნდება შეიძლება ამასაც მივმართოთ, მაგრამ ამას გავაკეთებთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ პირველ რიგში, მივმართავთ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ იმისთვის, რომ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ დიდი უბედურება, ამისთვის დიახ, ვართ კონტაქტზე. ამის ნაცვლად დაიწყო ტრადიციული მიჩქმალვა, მიმალვა, ერთმანეთს ამოფარება. ერთი მინისტრი მეორისკენ იშვერს ხელს, რომ იმან განმარტოს, მე ვაჟკაცი და პატრიოტი ვარ, რუსეთს როგორ დაველაპარაკებოდი - ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს არის სახელმწიფოებანას თამაში, ასე არ შეიძლება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, უნდა გქონდეს სათანადო ხედვაც, ვაჟკაცობაც და მოსახლეობას პირდაპირ განუმარტო, თუ რაშია საქმე - რა არის ოკუპაცია, ვინ არის ოკუპანტი და რა შემთხვევაში რა პოზიციებია.
„ახლა ნელ-ნელა ირკვევა, რომ ვიღაცამ ვიღაცას მისწერა. ვიღაცამ საელჩოს რაღაც გაუგზავნა. ეს არის ბავშვობა. ეს არ არის საკითხისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.