ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2017

საქართველო ტყის გარეშე!

სკოლებში პოლიტიკური აგიტაცია დასაშვებია თუ არა?

ნახევარი მილიონი მანქანა წლის ბოლომდე შემოწმებული უნდა იყოს

***

საქართველო ტყის გარეშე!

“5-10 წლის შემდეგ დაიწყება შეუქცევადი პროცესი, რომელსაც სპეციალისტები გაუტყეურებას ეძახიან - ეს იმას ნიშნავს, რომ საქარველოში ტყე პრაქტიკულად აღარ იქნება. ამასთან, სპეციალისტების შეფასებით, 1-2 წელში დავდგებით იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც ენერგეტიკული შიმშილი ეწოდება, ანუ რაიონის მცხოვრებლები ვეღარ გათბებიან იმ ტრადიციული მეთოდით, შეშით, რომელსაც დღემდე იყენებდნენ, რაც, თავის მხრივ, იმის საფრთხეს ქმნის, რომ ახალი მიგრაციული ტალღის მომსწრენი გავხდეთ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველო ტყის გარეშე! / "5-10 წლის შემდეგ იქნება ტყეების შეუქცევადი დეგრადაცია, ანუ ჩვენ ტყე აღარ გვექნება"

"კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორის რეზო გეთიაშვილის განცხადებით, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოვლენილ რაოდენობაზე რეალურად უკანონოდ მოპოვებული ხეების რაოდენობა 100-ჯერ მეტია. ეს არის ის რაოდენობა და მოცულობა, რომელიც სახელმწიფომ გამოავლინა, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ამაზე დაახლოებით 100-ჯერ მეტი ხეა მოჭრილი. კანონიერად, მხოლოდ შეშისთვის სახელმწიფო იმაზე გაცილებით ნაკლებ ხეს გამოყოფს მოსაჭრელად, ვიდრე მოსახლეობაშია ამის მოთხოვნა. დღეს შეშაზე მოთხოვნა აღემატება 2.5 მილიონ კუბმეტრს, საექსპერტო დაანგარიშებით ეს აღწევს 3 მილიონ კუბმეტრამდე, ხოლო სახელმწიფო ოფიციალურად საშუალოდ 600-700 კუბმეტრს გამოყოფს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 60-70 პროცენტი უკანონოდ იჭრება. ამასთან, ეს იმის მანიშნებლიც არის, რომ სახელმწიფო ვერ იქნება მომთხოვნი ამ კანონდარღვევის მიმართ, რადგან თავად არ შეუძლია, უზრუნველყოს მოსახლეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის სათბობი რესურსით. გეთიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ თუკი მოსახლეობა, რომელისთვისაც შეშით გათბობა ერთადერთი გამოსავალია, ვერ მოახერხებს მის მოპოვებას, ეს იმას გამოიწვევს, რომ ისინი დაკეტავენ თავიანთ სახლებს და ჩვენ ახალ მიგრაციულ ტალღას მივიღებთ", - აღნიშნავს გამოცემა.

"გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროში შემუშავდა მონაცემები, განისაზღვრა შეშის ის რაოდენობა, რაც მოსახლეობას ყოველწლიურად სჭირდება გასათბობად. სამინისტროსა და სპეციალისტების მიერ მონაცემების დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყოველწლიურად მხოლოდ მოსახლეობა ჭრის 2.4 მილიონონ კუბმეტრს, ხოლო სახელმწიფო გამოყოფს 600 ათას კუბმეტრს. ეს თანაფარდობა დაახლოებით 1:5-ზეა. ანუ სახელმწიფოს შეუძლია, მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედი დააკმაყოფილოს შეშით, დანარჩენი 4/5 არის უკანონოდ მოპოვებული. ამას ემატება კერძო სექტორიც, სასტუმროები, რესტორნები და თონეები. ამათან, აბსოლუტურად ყველა უკანონოდ მოიხმარს შეშას, როგორც სათბობ რესურსს, რადგან საქართველოში კანონით, შეშის ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია და ნებისმიერ რესტორანსა და სასტუმროში თუ ვნახავთ, რომ შეშა არის დაყრილი, ეს იმის ნიშანია, რომ ის უკანონოა. შეშის დიდი მომხმარებელია ასევე სკოლები, ბაღები, ეკლესია და თავდაცვის სამინისტროც. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო გაცილებით ნაკლებ მოთხოვნას აკმაყოფილებს და ეს მაჩვენებელი შეიძლება 1:6-თან თანაფარდობაც იყოს, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ყოველი 6 მოჭრილი ხიდან 5 უკანონოა", - განაგრძობს გამოცემა.

"ჩვენ ვიცით, რომ ზამთრის პერიოდში ოჯახს გასათბობად სჭირდება დაახლოებით 7 კუბმეტრი, მაღალმთიან რაიონებში 14 კუბმეტრი. თუ ადრე ერთი მოჭრილი ხისგან რამდენიმე კუბმეტრ შეშას ვიღებდით, ახლა 1 კუბმეტრი შეშის დასამზადებლად, დაახლოებით 10 ხის მოჭრაა საჭირო. ანუ ახლა ერთი ოჯახისთვის სამყოფი შეშის წამოსაღებად ტყეში დაახლოებით 40-50-60 ხის გაჩეხვა არის საჭირო. ის ადამიანებიც, რომლებსაც მოსახლეობისთვის მოაქვთ შეშა, თავადვე ხედავენ, რომ შეშა პრაქტიკულად აღარ არის ტყეში და ზოგიერთ რაიონში თავადვე აფრთხილებენ მცხოვრებლებს, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო ზამთარი, როდესაც ისინი ამ სამუშაოს ასრულებენ. ისინი უკვე ყიდიან თავის ტექნიკასაც, ეძებენ ალტერნატიულ სამუშაოს, რადგან ტყეში რესურსი გამოილია", - ამბობს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი და აღნიშნავს რომ, ტყე ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი რესურსია, როგორიც აზერბაიჯანისთვის ნავთობი. 5-10 წლის შემდეგ კი ამ პერსპექტივაში უკვე იქნება ტყეების შეუქცევადი დეგრადაცია, ამას სპეციალისტიები გაუტყეურებას ეძახიან, ანუ ჩვენ ტყე აღარ გვექნება. ჩვენი ეს ძირითადი ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც ქვეყნის თითქმის 40%-ს შეადგენს და რომელზე მნიშვნელოვანი რესურსიც საქართველოს არ გააჩნია, აღარ გვექნება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც 5 და 10 წელი კი არა, 1-2 წელი დასჭირდება, არის ის, რასაც სოციალისტები ენერგეტიკულ შიმშილს ეძახიან, ანუ მოსახლეობა დადგება სათბობი რესურსის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე. ე.ი. მოსახლეობა ვეღარ შეძლებს იმ ტრადიციული მეთოდებით გათბობას, რომელსაც აქამდე იყენებდა. ეს იმას გამოიწვევს, რომ ის იძულებული გახდება, გაყიდოს საცხოვრებელი და ჩვენ მიგრაციის ახალ ტალღას მივიღებთ", - წერს სტატიის ავტორი

სკოლებში პოლიტიკური აგიტაცია დასაშვებია თუ არა?

"აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების "ქართული ოცნების" დროშებით გადაღებული ფოტოს კომენტირებისას განაცხადა. ჯეჯელავას თქმით, განათლების სამინისტროს მიერ ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და მისი შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა. საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრი შუახევის სკოლის მასწავლებლისა და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. ამასთან, აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები კითხვით, სკოლებში პოლიტიკური აგიტაცია დასაშვებია თუ არა?

"კეტეგორიულად გამორიცხულია, როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტიკური აგიტაცია. ერთადერთი, რისი აგიტაციაც შეიძლება მოხდეს, ეს სამშობლოს სიყვარულია. თუ მაინც მოხდა მსგავსი რამ და ეს პირველი "შეცდომაა", პედაგოგს უნდა მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, მაგრამ თუკი მეორედ და მესამედ განმეორდა მსგავსი ფაქტი, ვფიქრობ, საერთოდ უნდა ჩამოერთვას მას პედაგოგის სტატუსი და სწავლების უფლება", - აცხადებს გაზეთი სკორესპონდენტთან საუბრისას კინომცოდნე ლელა ოჩიაური

"ყოველად მიუღებელია საგანმანათლებლო სისტემებში მსგავსი ქმედება. ეს არის ტოტალიტარობის გამომხატველი ნიშანი, როდესაც ამას ხელისუფლება იწყებს. ცალსახად მიუღებელია და ვერანაირ გამართლებას ვერ მოუძებნის ამას ვერავინ. ეს პედაგოგების ინიციატივა არ იქნება და პოლიტიკური აგიტაცია ყოველთვის "ზემოდან" მოდის, ამიტომ ვფიქრობ, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს", - აღნიშნავს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი

"რა თქმა უნდა, არა. სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ის, რაც სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული. პოლიტიკური აგიტაცია დაუშვებელია", - ამბობს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე

"არც უმაღლეს სასწავლებლებში და არც სკოლებში არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური აგიტაცია. სკოლა და უმაღლესი უნდა იყოს ის ხელშეუხებელი სივრცე, რომელიც ახალგაზრდობას ზრდის იმ მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმთავრესი არის სწავლა", - დასძენს გამოცემასთან საუბრისას ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე

ნახევარი მილიონი მანქანა წლის ბოლომდე შემოწმებული უნდა იყოს

"სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების პროცესს პირველ ეტაპზე 20 და მეტი წლოვანების ავტომობილები გაივლიან. მათი ინსპექტირების საბოლოო ვადა 2018 წლის 1-ლი იანვარია. ეს ნიშნავს, რომ ნახევარ მილიონზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ ტექდათვალიერების გავლა 3 თვეში უნდა მოასწროს. ამ ეტაპისთვის ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებისათვის დაახლოებით 35-მდე აკრედიტირებული ტესტირების ცენტრი მზადაა. წლის ბოლომდე მათ კიდევ რამდენიმე შეემატება. ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ვალდებულების ძალაში შესვლამდე 3 თვე დარჩა. ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ რეფორმა სრულად არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს, რასაც გვიყენებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ნახევარი მილიონი მანქანა წლის ბოლომდე შემოწმებული უნდა იყოს / ტექდათვალიერების 35 ცენტრი მზადაა, მაგრამ პროცესი ისე უჩუმრად მიმდინარეობს, მძღოლებმა არაფერი იციან

"როგორც აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აკრედიტირებული ტესტირების ცენტრების დანიშნულება იქნება სწორედ ის, რომ შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებები, რამდენად აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის მოთხოვნებს. არავითარ გადამეტებულ რეგულაციებზე საუბარი არ არის. აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პაატა გოგოლიძის ინფორმაციით, შემოწმების ცენტრებში ხაზების რაოდენობა 35-მდეა. აქედან 7 თბილისშია. მათი რაოდენობა წლის ბოლომდეც მოიმატებს და მომდევნო თვეების განმავლობაში ცენტრების რაოდენობა დაახლოებით 15-20%-ით გაიზრდება. "მნიშვნელოვანია, რომ ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის ინსპექტირების ვადა განსხვავებულია. ეს ნიშნავს, რომ ყველას ერთად არ დასჭირდება ცენტრებში მისვლა, დროში ეს პროცესი ისე იქნება განაწილებული, რომ ცენტრების რაოდენობა საკმარისი იყოს. ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვექნება. გოგოლიძის თქმით, სავალდებულო ტექდათვალიერების დაწყებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიახლისთვის ბაზარი მზად იქნება, დაბრკოლებას არ ველოდებით. აკრედიტირებული ტესტირების ცენტრების დანიშნულება იქნება სწორედ ის, რომ შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებები რამდენად აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის მოთხოვნებს. ამ ეტაპზე საქართველოს ყველა რეგიონში უკვე არის ეს ცენტრები და წლის ბოლომდე მათ კიდევ რამდენიმე დაემატება, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა 15-20%-ით გაიზრდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტომობილები წლოვანების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიად დაიყოფიან, მათი სავალდებულო შემოწმება კი ასეა გაწერილი ვადებში. კერძოდ, 20 და მეტი წლოვანების ავტომობილების შემოწმების საბოლოო ვადაა 2018 წლის 1-ლი იანვარი; ასევე, 17-დან 19 წლამდე ავტომობილებიც უნდა შემოწმდეს 2018 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო 14-დან 16 წლამდე მანქანების საბოლოო ვადა 2018 წლის 1-ლი ივნისია. 11-დან 13 წლამდე ავტომობილების შემოწმების ვადა 2019 წლის 1-ლი იანვარია; 1-დან 10 წლამდე ავტომობილებისთვის საბოლოო ვადაა 2019 წლის 1-ლი ივნისი. ცხადია, თუკი მოცემულ ვადებში არ ექნებათ მძღოლებს სერტიფიკატი, დაჯარიმდებიან. შესაბამისად, ახლა ყველაზე მეტად 1997 წლამდე გამოშვებული მანქანების მძღოლებმა უნდა იჩქარონ. 1-ლი იანვრიდან იგივე რეგულაცია უკვე 2007 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება. საქართველოში სულ დაახლოებით 1,2 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც ბუნებრივ აირზე 300 ათასი მუშაობს. მათი 40 პროცენტი, დაახლოებით 550 ათასი კი 20 წელზე მეტი ხნისაა. არასამთავრობო სექტორი სისტემის გამჭვირვალობაზე ამახვილებს ყურადღებას. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მიმდინარე ეტაპზე ბევრი ავტომობილი ნამდვილად ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, თუმცა ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრიორიტეტები. ექსპერტების წინასწარი შეფასებით, საწყის ეტაპზე უნდა იყოს ლიბერალური მიდგომა, მოგვიანებით კი ეტაპობრივად გამკაცრდეს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელ დავით მესხიშვილის თქმით, ტექნიკური დათვალიერების ცენტრები მაქსიმალურად მოწესრიგებული და მომზადებული უნდა იყოს, პერსონალი კი - აუცილებლად გადამზადებული, რათა შეძლონ ტესტირების იმ სტანდარტში ჩატარება, როგორც ეს ევროპაშია მიღებული. კორუფციის დონე ნულამდე უნდა იყოს დასული. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 4 წელზე მეტი ასაკის ავტომობილი 2 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, თუმცა, არ არის გამორიცხული, კანონმდებლობა გადაიხედოს. მაგალითად, რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო იშვიათად მოწმდებოდეს. ჩვენ თუ ავდგებით და ყველა მძღოლს ვაიძულებთ, ყველაფერი ერთად შეამოწმოს, ეს შედეგს ვერ მოგვცემს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში 1,2 მლნ-დან 10 წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილი დაახლოებით 800 000-ია. ეს მოთხოვნა ძალიან მძიმე სოციალური დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის“, - დასძენს გამოცემა.

"მესხიშვილის თქმით, ტექდათვალიერება აუცილებელად, თუმცა ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს და კანონმდებლობით ეს არის კიდეც გათვალისწინებული. სადაც კი გამოვდივართ, ყველგან ვსაუბრობთ, რომ კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ აქამდე რეალურად არაფერი შეცვლილა. პრობლემას უფრო რეფორმისადმი ხელისუფლების არასწორ მიდგომაში ვხედავ. საზოგადოებასთან, კერძოდ, მძღოლებთან, ნულოვანი კომუნიკაციაა. ასეთი მიდგომით რეფორმის გატარება შეუძლებელია. ელემენტარულად, ქვეყანას არ ჰყავს ტრანსპორტის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება, პასუხისმგებელი პოლიტიკური პირი და დამოუკიდებლად საუბრობენ იმ პრობლემაზე, რომელიც აირბალონიანი ავტომობილების სავალდებულო დათვალიერებას უკავშირდება. არ ვამბობ, რომ მასობრივად დააჯარიმონ ხალხი, მაგრამ შესაძლებელია ისიც, რომ გამაფრთხიელებელი რეიდები მოაწყონ, რათა დარწმუნდნენ, რეალურად რა პრობლემასთან გვაქვს საქმე", - წერს სტატიის ავტორი.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს