„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ პარტიული საარჩევნო სია დადიანების სასახლის ეზოში წარადგინა. წარდგენამდე მან მხარდამჭერებს შესრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. ასევე, ისაუბრა საარჩევნო პროგრამის შესახებ.
„ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ზუგდიდის სოფლებში 70-მდე პრობლემური გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება, აშენდება 14 ახალი ხიდი, 15 სოფელს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა, აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 22 საბავშვო ბაღს. ავაშენებთ სპორტულ მოედნებს, განხორციელდება მელიორაციის, სანიაღვრეების, ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტები. კეთილმოეწყობა პარკები, სოფლის ცენტრები, აშენდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები.
მომავალ წელს დასრულდება რუხის მულტიფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა. ეს კლინიკა ჩვენთან ერთად მოემსახურება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. გვექნება საშუალება, მივიღოთ მაღალი სამედიცინო მომსახურება ამ კლინიკაში. პირადად ჩემი გეგმაა, რომ კომბინატის საავადმყოფოს დაუბრუნდეს ფუნქცია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ! წელს პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გავხსენით „ცე“ ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრი. სოფლებში დღემდე არსებობს ამბულატორიების პრობლემა, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ ექიმის კაბინეტების და ამბულატორიების მშენებლობას. ვაშენებთ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალ შენობას, სამედიცინო პერსონალი დღემდე ავარიულ შენობაში მუშაობს და მათ მადლობა მოთმინებისთვის“, - განაცხადა ლაშა გოგიამ.
მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არის გამგებლის მოადგილე, ეკონომისტი მამუკა წოწერია. მეორე ნომერია მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი თამუნა ჯიქია. მესამე ნომერი - პროფესიით სამართალმცოდნე და ეკონომისტი ბესიკ ჭეჟია. მეოთხე ნომერია ქალაქის საკრებულოს თანამშრომელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი კონსტანტინე კაკავა. მეხუთე ნომერი „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პროფესიით ბიზნესის მართვის სპეციალისტი ოთარ ქადარიაა. მეექვსე - ეკონომისტი მიხეილ ჯობავა. მეშვიდე - საკრებულოს თანამშრომელი, ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ეკატერინე კიფაია. მერვე - ექიმი ოთარ მარშავა. მეცხრე - იურისტი სანდრო სორდია. მეათე - საფინანსო და საბანკო საქმიანობის მენეჯერი ჯონი ზარანდია.
დადიანების სასახლის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს ასევე წარუდგინეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სოფლებსა და ქალაქებში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"