ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორცილებული სამაგისტრო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” უნივერსიტეტიდან აცნობეს, სამაგისტრო პროგრამის 2016 წლის კურსდამთავრებულებს გადაეცათ კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომები, ღონისძიებას უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიის საელჩო და საკონსულო, GIZ, DAAD და სხვა, ასევე, სხვადასხვა უწყებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თსუ-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ.
”ათი წლის განმავლობაში 80-ზე მეტმა სტუდენტმა დაასრულა სამაგისტრო პროგრამა. გერმანულენოვანი საერთაშორისო პროგრამა ჩვენ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მიიღონ კიოლნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხი. სტუდენტები ერთ სემესტრს თსუ-ში სწავლობენ, ერთს - კიოლნში. ლექციებს გერმანელი პროფესორები კითხულობენ. ამ პროგრამის ყველა კურსდამთავრებული არის დასაქმებული საჯარო სამსახურებსა და კერძო სექტორში, რაც თავისთავად ზრდის მოთხოვნას ამ პროგრამაზე“, - განაცხადა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი ბურდულმა.
”ეს პროგრამა წარმატების მოდელია არა მარტო თსუ-სთვის, არამედ კიოლნის უნივერსიტეტისთვის. ამაყები ვართ, რომ არაერთი თაობა გამოვზარდეთ ამ პროგრამის ფარგლებში. სამართლებლივი და დემოკრატიული საფუძვლების გარეშე არ არსებობს არც ერთი ქვეყნის მომავალი. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამაში,“- აღნიშნა კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორმა ბერნარდ კემპენმა.
„2016 წლის კურსდამთავრებულებს საზეიმოდ გადმოგვეცა დიპლომები. მოხარულები ვართ, რომ თსუ-მ მოგვეცა ასეთი ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ გავცნობოდით გერმანულ კულტურას, გერმანულ სამართლებრივ სისტემას, ღირებულებებს და შესაბამისად გამოგვეყენებინა შემდეგ უკვე საქართველოში ჩვენი პრაქტიკული საქმიანობისთვის,“- განაცხადა კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა გიორგი ხაზალიამ.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორები, პროგრამის ხელმძღვანელები ბერნარდ კემპენი და კრისტიან ფონ კოელნი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"