ყაზბეგში "დემოკრატიული მოძრაობის" მერობის კანდიდატი - წარმატების რეალური შანსი მაქვს

ყაზბეგში, "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" მერობის კანდიდატის, სანდრო ყამარაულის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მის საარჩევნო შტაბში რაიმე სახის დარღვევებზე შეტყობინება არ შესულა. როგორც ყამარაულმა აღნიშნა, თუკი რაიმე ფაქტი ფიქსირდება, ის უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს. "დემოკრატიული მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ხმა სტეფანწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე მისცა.
"ხმა მივეცი ხევის მომავალს, ახალგაზრდობას, განვითარებას და უკეთეს ცხოვრებას. წარმატების იმედი და რეალური შანსი მაქვს. რაც შეეხება დარღვევებს, ამაზე შეეკითხეთ დამკვირვებლებს, თუ ასეთები არსებობენ. შტაბში ამ ეტაპზე არავითარ დარღვევებზე შეტყობინება არ შემოსულა", - განაცხადა სანდრო ყამარაულმა.
მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, ვინც საარჩევნო კამპანიის დროს გვერდში ედგა.
ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი სანდრო ყამარაული მონაწილეობენ.

























