ლიკანის საარჩევნო უბანთან მყოფი სპორტსმენები უარყოფენ, რომ მათი მხრიდან კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ აგიტაცია ხდება

გავრცელებული ინფორმაციით, ლიკანში სპორტსმენების მობილიზება ხდება, რომლებიც ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ლიკანის საარჩევნო უბანთან იმყოფებიან ყოფილი სპორტსმენები, თუმცა ისინი უარყოფენ ინფორმაციას, რომ მათი მხრიდან ხდება კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ რაიმე ტიპის აგიტაცია.
მათი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ ”ქართულ ოცნებას”, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას მათი მხრიდან მხარდამჭერ მოწოდებებზე, ან ამომრჩეველზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.
საუბნო კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით კი, ლიკანის საარჩევნო უბანზე რაიმე ტიპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მათივე განცხადებით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა შეინიშნება. ადგილზე უსაფრთხოებისთვის მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

























