ვერც ერთი პოლიტიკური პირის განცხადება ვერ მოახდენს ზეგავლენას პროკურატურის საქმიანობაზე

ყოფილი პრეზიდენტის მიმართ 5 იანვარს პირველი განაჩენი დადგა. მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პირველი განაჩენი სანდრო გირგვლიანის საქმეზე დადგა, სადაც პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის. საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების ფიგურირებამ, პროკურატურის მიმართ მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც ყოფილი, ისე მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან.

რას პასუხობს პროკურატურა პოლიტიკოსების ბრალდებებს და რამდენად მყარი იყო პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალში, „ინტერპრესნიუსი“ ამ საკითხებზე მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს ესაუბრა:

- მიხეილ სააკაშვილის განაჩენის სამოტივაციო ნაწილი მხარეებს ჯერ არ ჩაგბარებიათ, სადაც მოსამართლე განმარტავს თუ რა მტკიცებულებებს დაეყრდნო განაჩენის გამოტანისას. თუმცა, დაცვის მხარე და ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება სააკაშვილის გამტყუნების. რამდენად მყარი იყო პროკურატურა მტკიცებულებებით და რამდენად სანდო იყვნენ ის მთავარი მოწმეები, ვინც სასამართლოზე დაიკითხა, ვგულისხმობ ნინო ბურჯანაძეს და ირაკლი ოქრუაშვილს. დაცვის მხარე ამბობს, რომ ორივე მოწმის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის დათა ახალაიას ჩვენებასთან.

- პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ახალი 2018 წელი და შობის დღესასწაული. მინდა ვუსურვო საქართველოს გამთლიანება, ხოლო ქართველ ხალხს მხნეობა და წარმატება.

მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად და დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება. სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის ფაქტი და ეს ნიშნავს, რომ პროკურატურის მტკიცებულებები იყო მყარი, არგუმენტირებული და დამაჯერებელი. უფრო კონკრეტულად რომ მოგახსენოთ, მის მიმართ დევნა დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც გამოიხატებოდა მის მიერ შეწყალების წინასწარ უკანონო შეპირების გაცემასა და ამ შეპირების განხორციელებაში, რამაც გახადა შესაძლებელი დაეყოლიებინათ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები, რათა მათ არ დაესახელებინათ დანაშაულის ორგანიზატორად დათა ახალაია და გამოერიცხათ კავშირი შარდენ ბარში გამართულ სუფრასა და გირგვლიანის გატაცებას შორის.

მთელი მაშინდელი სახელისუფლო უწყებები შეთანხმებულად და ორკესტრირებულად მუშაობდნენ მაშინდელი პრეზიდენტის მეთაურობითა და ჩართულობით, რათა არ ჩატარებულიყო ობიექტური გამოძიება, დადგენილიყო მომხდარი დანაშაულის რეალური დეტალები და მხილებული ყოფილიყვნენ დანაშაულში ჩართული მაღალჩინოსნები. (სუფრაზე გარდა დავით ახალაიასი იმყოფებოდნენ, ასევე ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი, გურამ დონაძე და ივანე მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და სხვა პირები). ამ პირთათვის ჯერ კიდევ მათ დაკავებამდე გაცემული იქნა შემდეგი სახის დაპირებები:

დაკავებულები დუმილის სანაცვლოდ მიიღებდნენ დიდი ოდენობით თანხას. დაპირება განხორციელდა! თითოეულ მათგანს გადაეცათ 100 000- 100 000 აშშ დოლარი.

მათი ოჯახები უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ მატერიალურად და სხვა კომფორტით. დაპირება განხორციელდა! მსჯავრდებულთა ოჯახები არა მხოლოდ უზრუნველყოფილნი იქნენ, არამედ მათ სახელმწიფოს ხარჯზე ემსახურებოდათ მძღოლები და ხდებოდა მათი ავტომობილების კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისათვის გამოყოფილი საწვავის ტალონებით მომარაგება და სხვა შემხვედრი ხარჯების გაღება.

მსჯავრდებულებს ექნებოდათ სრული კომფორტი, შეუზღუდავი სატელეფონო კავშირი, დღე-ღამის მანძილზე შეუზღუდავი დროით სტუმრის მიღების უფლება, განსაკუთრებული კვება და მომსახურება. დაპირება განხორციელდა. მათთვის საგანგებოდ გამოიყო, მოეწყო, გარემონტდა და აღიჭურვა სხვადასხვა ტექნიკით საცხოვრებელი ფართი N10 დაწესებულების ტერიტორიაზე. დაწესებულების დირექტორადაც კი მათთვის სასურველი პირი დაინიშნა მათთან წინასწარი შეთანხმებით. სარგებლობდნენ ყველა სახის პრივილეგიით, მათ შორის მეძავების მომსახურეობითაც. ემსახურებოდათ მზარეული და დამლაგებელი.

და ყველაზე მთავარი - პრეზიდენტის დაპირებისამებრ ისინი დატოვებდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებას 1,5- 2 წელიწადში პრეზიდენტის შეწყალებით. დაპირება განხორციელდა - ვადაში და მეთოდში მცირედი ცვლილებით, რაც საზოგადოების მკვეთრად უარყობითი რეაქციის შედეგი იყო.

ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები უტყუარად იქნა დადასტურებული იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქროაშვილის და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებებით, ასევე ოლეგ მელნიკოვის, საპრეზიდენტო რეზიდენციის პერიმეტრის დაცვის საგუშაგოს ხელმძღვანელის, თავად გირგვლიანის საქმეზე ყოფილი მსჯავრდებულების ბიბილურიძის, აფციაურისა და საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეთა ჩვენებებით. გარდა ამისა წარდგენილი და გამოკვლეული იქნა სხვადასხვა დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის ანგარიში და ა.შ. ასევე გამოკვლეული იქნა ვიდეოსიუჟეტები და ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუები. რაც შეეხება მოწმეთა სანდოობას და მათ მიერ მიცემული ჩვენებების სამართლებრივ წონადობას - მათი სტატუსიდან გამომდინარე, სწორედ მათ ქონდათ ყველაზე მეტი წვდობა და ყოველდღიური კომუნიკაცია პრეზიდენტთან და შესაბამისად გააჩნდათ მაღალი დონის ინფორმირებულობა პრეზიდენტის პოზიციასა და მისი გადაწყვეტილების შესახებ, რაც ბუნებრივია და გასაკვირი სწორედ ის იქნებოდა ასეთი ინფორმაცია, მათ, რომ არ ქონოდათ. რაც შეეხება დაცვის მხარის ე.წ არგუმენტს, რომ დათა ახალაიას ჩვენებით თითქოსდა რაღაც გაბათილდა - პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ სწორედ დათა ახალაია არის გირგვლიანის მიმართ განხორციელებული დანაშაულის შემკვეთი. ის დღეს ბრალდებულია. მის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები ამავე საქმეზე, იგი ემალება გამოძიებას და არ აღიარებს დანაშაულს. ამდენად თეორიულადაც კი შეუძლებელია იმის დაშვება, რომ მისი ჩვენება იქნებოდა ობიექტური. რა თქმა უნდ, ის უარყოფს ყოველივეს, ვინაიდან ვალშია პრეზიდენტთან და იგია სწორედ ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ვის გადასარჩენადაც პრეზიდენტმა გადადგა სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯი და ჩაიდინა დანაშაული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, გირგვლიანის საქმეზე ეს არ არის განახლებული გამოძიების ფარგლებში დადგენილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენი. პროკურატურამ ეტაპობრივად დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაჟღერებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. მაგალითად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით უკვე დადასტურებულია შს იმჟამინდელი მინისტრის ივანე მერაბიშვილის დანაშაული, მისი ჩართულობა გირგვლიანის საქმის გამოძიების ფალსიფიკაციასა და მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კუთხით. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურებულია იმჟამინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის ბაჩანა ახალაის დანაშაული, რომელმაც დაპირებისამებრ, მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში, უკანონოდ შეუქმნა ყველა სახის კომფორტული პირობა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს. ასევე, გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი სხვა 5 მხილებულ მაღალჩინოსანზეც.

ასევე, მტკიცებულებების საკმარისობაზე საუბრისას არ შემიძლია გვერდი ავუარო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. ქართულმა მხარემ აღნიშნული საქმის განხილვისას სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა მის მიერ, ფალსიფიცირებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, მიუხედავად ამისა სტრასბურგის სასამართლომ ამ მტკიცებულებების ფარგლებშიც კი დაადგინა გამოძიების არაობიექტურობა და ის რომ ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტიც მოქმედებდნენ ამ ფაქტზე შეთანხმებულად და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ამ ფონზე დღევანდელი ქართული სასამართლო რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში იყო, მას წარედგინა განახლებული, ობიექტური გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა და ქართულმა სასამართლომაც ყველა ბრალდების საქმეზე დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი ამ დანაშაულის სისტემურობა.

- სასამართლოს განაჩენს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თავად მსჯავრდებულისგან. ამ საქმეს ერთგვარად შეწყალების საქმე უწოდეს, ვინაიდან პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს შეწყალების აქტის გამოცემის გამო დევნიდა. სააკაშვილი ამბობს, რომ ამ შეწყალების აქტით, მან 133 ყოფილი სამხედრო შეიწყალა და ამავე დროს სააკაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო გაესამართლებინათ. გამოძიების მსვლელობისას შეწყალების ეპიზოდის გარდა, ამ საქმეში სააკაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა ეპიზოდი არ გამოკვეთილა?

- კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტოთ, თუ რისთვის გასამართლდა მიხეილ სააკაშვილი. 332–ე მუხლი, ანუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გულისხმობს, რომ პირი, უფლებამოსილია ამა თუ იმ ქმედებაზე, მაგრამ მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, პირადი მიზნებისთვის, პოლიტიკური შეხედულებებისვთის და ასე შემდეგ. სპეკულირება იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ბრალი წარედგინა და შემდგომში უკვე სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი მისდამი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელების გამო, არაკომპეტენტურობის და სამართლის არცოდნის გამოვლინებაა. თუმცა, რეალურად თუ გავაანალიზებთ მსგავს განცხადებებს დავინახავთ, რომ რეალური მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და განხორციელებული მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. თუ უფლებამოსილი არ ხარ ამა თუ იმ ქმედებაზე, შესაბამისად ამ უფლებამოსილებას ბოროტად ვერ გამოიყენებ. მიხეილ სააკაშვილი გასამართლდა იმის გამო, რომ მან ბოროტად გამოიყენა მასზედ მინიჭებული უფლებამოსილება. ჩვენ თუ ამ მსჯელობას გავიზიარებთ, რომ თანამდებობის პირმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ გამოიყენოს ბოროტად ანუ ჩაიდინოს დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, მაშინ მაგალითისთვის იმავე უფლების განხორციელებისას თანამდებობის პირს შეუძლია ქრთამის აღებაც და ამ შემთხვევაშიც სახეზე არ გვექნება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით (ქრთამის აღება) გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობა არის სამართლებრივი უცოდინარობის გამოვლინება და არ იქნება, რა თქმა უნდა, გაზიარებული საქართველოს პროკურატურის მხრიდან. ყველა საჯარო მოხელე კანონის წინაშე თანასწორია, თანამდებობის და სტატუსის მიუხედავად, ყველა პირი მოქმედებს მასზედ მინიჭებული, კონკრეტული უფლებამოსილების ფარგლებში და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირმა საკუთარი უფლებამოსილება კეთილსინდისიერად გამოიყენოს. ასევე ხაზგასასმელია, რომ კანონმდებელმა სამოხელეო დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობა მიიჩნია ქმედების დამამძიმებელ გარემოებად, ანუ თუ უფლებამოსილებას ბოროტად პოლიტიკური თანამდებობის პირი იყენებს ვთქვათ პრეზიდენტი, მას უფრო მძიმე სასჯელი დაეკისრება, ვიდრე ჩვეულებრივ საჯარო მოხელეს იდენტური დანაშაულისათვის, ამით კანონმდებელმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათზე კანონით დაკისრებული უფლებების განხორციელებისას.

- ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს საქმე, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ განცხადებას შეიძლება ითქვას ის გარემოებაც ამყარებს, რომ სააკაშვილის შეწყალების შემდეგ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს საპატიმრო არ დაუტოვებიათ და ისინი სასამართლოს მიერ გათავისუფლდნენ. ხომ არ უნდა დამდგარიყო იგივე მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხიც ან თუ გამოიკითხნენ ის მოსამართლეები ვინც ამ ადამიანების გათავისუფლებაში, საკუთარი გადაწყვეტილებით მონაწილეობა მიიღო?

- არც ერთ საქმეში, არანაირი პოლიტიკური მოტივაცია პროკურატურას არ გააჩნია. ეს სპეკულაცია მსჯავრდებულის მხრიდან გასაგებია. ყოფილი პრეზიდენტი გასამართლდა ჩვენ მიერ სასამართლოში წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე და სასამართლომაც ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მტკიცებულებებზე კი უკვე დეტალურად ვისაუბრე. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს – გადაწყვეტილება, მსჯავრდებული პირების შეწყალების შესახებ ერთპიროვნულად მიიღო მიხეილ სააკაშვილმა. ეს ნაბიჯი რომ არ ყოფილიყო აუცილებელი, მაშინ სასამართლოს მიერ მოხდებოდა მათი სასჯელის შემცირება ან გათავისუფლება. აქ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწორად გავიგოთ თითოეული დეტალი. ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებით მათ გაუნახევრდათ სასჯელი, რამაც შესაძლებელი გახადა მათ მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ვადამდე პირობით ადრე გათავისუფლების მექანიზმის ამოქმედება. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს უკანასკნელიც განხორციელდა დოკუმენტების ფალსიფიკაციის გზით და მათში ყალბი ინფორმაციის შეტანით, რაც ასევე დანაშაულებრივი სქემის ნაწილი იყო. რაც შეეხება სასამართლოს იმჟამინდელ გადაწყვეტილებას, გამოძიებით და დამდგარი განაჩენებით დადასტურებულია, რომ საქმეზე ჩატარდა ფალსიფიცირებული გამოძიება წინასწარ შემუშავებული ვერსიის ფარგლებში და სასამართლოს წარედგინა სწორედ ამ ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მათ შორის ცნობილი ფაქტორების გამო ცრუ ჩვენებები მისცეს სასამართლოს როგორც მსჯავრდებულმა პირებმა, ასევე სხვა მოწმეებმაც, რამაც გამოიწვია სასამართლოს მიერ იმ სახის განაჩენის დადგენა, რაც დადგენილი იქნა. გარდა ამისა, სასამართლოს არ გააჩნია წარდგენილი მტკიცებულებების ხელახალი გამოძიების ჩატარების გზით გადამოწმების მექანიზმი.

- ყოფილი პრეზიდენტის გარდა, შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო, მიხეილ სააკაშვილის დევნისთვის პროკურატურა კრიტიკის ობიექტი მოქმედი პრეზიდენტისგანაც გახდა. რას უპასუხებთ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს და შეიძლება ეს განაჩენი იყოს იმის წინაპირობა, რომ პრეზიდენტის რომელიმე გადაწყვეტილება შეწყალების თაობაზე, კვლავ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს?

- არც ერთ დროს, არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, რომ მასზედ მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს ბოროტად – საქართველოში ეს არასოდეს დაკანონდება. ზოგადად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ-ის 332-ე მუხლი), ისევე როგორც ქრთამის აღება (სსკ-ის 338-ე მუხლი), სხვა მსგავსი მუხლების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მიეკუთვნება კორუფციულ დანაშაულთა რიგს და ზოგადად კორუფციასთან ბრძოლა არის საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთვარი პირორიტეტი და ამ მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას. საქართველოში ხელისუფლება ემყარება დანაწილების პრინციპს და ყველა შტოს აქვს მასზე კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოვალეობები. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც ერთი შტოს წარმომადგენელი აკეთებს დაუსაბუთებელ შეფასებებს ყოველგვარი გამოძიებისა თუ სასამართლო განხილვების გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულზე, მითუმეტეს, მსგავსი ფუნქციების არქონის მდგომარეობაში და ხელისუფლების სხვა შტოს დამოუკიდებელი ინსტიტუციების, პროკურატურის და სასამართლოს, ფუნქციების შეთავსების შთაბეჭდილებას ქმნის. საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დევნის ერთადერთი განმახორციელებელი უწყება არის პროკურატურა, ხოლო პროკურატურის გადაწყვეტილებების რევიზიის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, შესაბამისად, სხვა ვერავინ ამ ფუნქციებს ვერ შეითავსებს. ზოგადად არავის აქვს უფლება ჩაერიოს პროკურატურის საქმიანობაში, რადგან ეს არის აპოლიტიკური, სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ნებისმიერი მსგავსი განცხადება, ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას, რა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად, პროკურატურის მუშაობის დამოუკიდებლობის პრინციპთან. გარდა ამისა, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში, მართლმსაჯულების განხორციელება სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებაა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 82–ე მუხლით. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, იმსჯელოს და დაადგინოს ამა თუ იმ პირის დამნაშავეობა ან უდანაშაულობა. პროკურატურა კი, მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და გარწმუნებთ, ვერც ერთი პოლიტიკური პირის განცხადება ანდა ქმედება ვერ მოახდეს ზეგავლენას პროკურატურის, თუ ნებისმიერი პროკურორის საქმიანობაზე.

- მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოში პირველი განაჩენი უკვე დამდგარია. როგორი იქნება პროკურატურის შემდეგი ნაბიჯი და თუ მიმართავთ ხელახლა, ან თუ წარუდგენთ ამ განაჩენს დამატებით უკრაინულ მხარეს, რათა ისევ დაიწყოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხის განხილვა?

- საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ნებისმიერი პირი, ვისაც საქართველოში აქვს ჩადენილი დანაშაული, წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. როგორც იცით, გვაქვს კონკრეტული ურთიერთობა უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებთან და გაგზავნილია შუამდგომლობები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. ახლა უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა მისი საქართველოში ექსტრადირება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული პირი აუცილებლად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

დასასრულს, კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ წელს და შობის დღესასწაულს. 2018 წელი ყოფილიყოს ბედნიერების და წარმატების მომტანი.

თორნიკე კოშკაძე

"ინტერპრესნიუსი"

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს