ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2018

"შენ წაგართვი, ძმაო, რამე?.. მაგასაც დაგანახებ, თუ არ ავიღებთ პრემიებს ყველა"

პოლიტიკური კამფეტები საქართველოსთვის რუსეთიდან

როგორ აფასებთ "სუხიშვილების" "ცეკვა ქართულის" კლუბურ ვერსიას?

* * *

"შენ წაგართვი, ძმაო, რამე?.. მაგასაც დაგანახებ, თუ არ ავიღებთ პრემიებს ყველა"

"ახალი წლიდან რეგიონების ახლად არჩეულ მუნიციპალიტეტებში ხელფასების ზრდა მასობრივად ყველგან დაიწყეს. მიზეზად დასახელდა ის, რომ პრემია-დანამატი უქმდება (თუმცა მხოლოდ დანამატი გაუქმდა, პრემია კი რჩება, ოღონდ სახელწოდება შეეცვალა და "ჯილდო" დაერქვა), ამ არგუმენტით კი, რეგიონებში, პრაქტიკულად ყველგან, მერიისა და საკრებულოების მაღალჩინოსნებმა 2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდები გაზარდეს და ამ ხრიკით დანამატით გამოწვეული "დანაკლისი" ისევ შეივსეს, ზოგიერთ შემთხვევაში გადაჭარბებითაც. მთელ ამ პროცესს ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის დიდი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ახლავს, თუმცა, პროტესტის მიუხედავად, "ოცნების" ჩინოვნიკები "ახერხებენ" და ხელფასებს ყველგან იმატებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "შენ წაგართვი, ძმაო, რამე?.. მაგასაც დაგანახებ, თუ არ ავიღებთ პრემიებს ყველა" / რეგიონულ საკრებულოებსა და ბიუჯეტებში ხელფასების ზრდამ მასობრივი ხასიათი მიიღო.

"შენ წაგართვი, ძმაო, რამე?.. მაგასაც დაგანახებ, თუ არ ავიღებთ პრემიებს ყველა," - ასეთი ნიშნის მოგებით ყვირილი ისმოდა გუშინ "ოცნების" დეპუტატის მხრიდან ოზურგეთის საკრებულოში, სადაც ოპოზიციამ ხელფასების მატება გააპროტესტა და ამის გამო "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2018 წლის პროექტის მიხედვით, მაგალითად, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3 000 ლარითაა განსაზღვრული. მათი პირველი მოადგილეებისა - 2 600 ლარით. მერის მეორე მოადგილე 2 400 ლარს აიღებს, სამსახურის უფროსები - 2 000 ლარს, განყოფილების ხელმძღვანელები - 1 400 ლარს. დაპირისპირება რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ სახელფასო სარგოების მატებაზე წარდგენილ პროექტს მოჰყვა. "ნაცმოძრაობის" დეპუტატების განცხადებით, მაშინ, როცა პენსიები არ იზრდება, რატომ უნდა იზრდებოდეს თანამდებობის პირთა ხელფასები, რასაც "ოცნების" დეპუტატმა გოჩა კილაძემ უპასუხა: "შენ წაგართვი, ძმაო, რამე?.." საბოლოოდ კი დეპუტატებმა წარმოდგენილი პროექტი აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ოზურგეთს არც სხვა მუნიციპალიტეტები ჩამორჩნენ. ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ხელფასები გაეზარდა ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ნაწილს. კონკრეტულად კი, თანამდებობრივი სარგო გაეზარდა სამსახურების უფროსებს და გახდა 2 300 ლარი, მათი მოადგილეებისა - 2 000 ლარი, განყოფილების უფროსებისა და სპეციალისტების ხელფასი გახდა 1 800 ლარი. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოში შეიქმნა ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია და მისი ხელფასი იქნება 1 250 ლარი. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ხელფასების ზრდა კონკრეტულ კოეფიციენტებზეა დამოკიდებული და მატება მოხდა 100-200 ლარით, თუმცა 100-200 ლარით ხელფასის მატება ძირითადად დაბალი რანგის ჩინოვნიკებს შეეხო, თანამდებობის პირებს კი ზოგიერთ შემთხვევაში ხელფასი 1000 ან 1500 ლარითაც კი აქვთ მომატებული", - განაგრძობს გამოცემა.

"ამ მხრივ რეკორდი ბათუმის მერიამ და საკრებულომ დაამყარეს, სადაც მერს 1 750 ლარით აქვს ხელფასი მომატებული და თუკი ბათუმის მერის თანამდებობრივი სარგო 2 750 ლარი იყო, 2018 წლის ბიუჯეტით, მას 4 500 ლარი ექნება. ვიცე-მერის ხელფასი 1 550 ლარითაა გაზრდილი და 2 050 ლარის ნაცვლად უკვე 3600 ლარს აიღებს. 4 500 ლარი იქნება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება იქნება - 3 400 ლარი, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეები 2 900 ლარს მიიღებენ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - 2000 ლარს. დადგენილების პროექტის მიხედვით, ბათუმის მერიის აპარატისა და სამსახურის უფროსების თანამდებობრივი სარგოებიც იზრდება 1 250 ლარით და ისინი 2 900 ლარს მიიღებენ. ბათუმის მერის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს არჩილ ვანაძის განმარტებით, თანამდებობრივი სარგოს გაზრდით არსებითად სახელფასო ფონდში არაფერი იცვლება, რადგან საჯარო მოხელეები დანამატს ვეღარ აიღებენ. 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს გურჯაანში და იქაც ხელფასების მომატებაა გათვალისწინებული მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის. სახელფასო ფონდი 145 000 ლარითაა გაზრდილი, რასაც გურჯაანის მერიაში პრემია-დანამატის გაუქმებით ხსნიან. ოპოზიცია ყოველთვიური შრომის ანაზღაურების მომატებას გურჯაანშიც აპროტესტებდა. საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" თემურ ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ დანამატის გაუქმებით გათავისუფლებული თანხა უნდა გადანაწილებულიყო სოციალურ პროექტებზე და არ უნდა გაზრდილიყო სახელფასო ფონდი", - დასძენს გამოცემა.

"გუშინ დიდი დაპირისპირება იყო ბორჯომში, ბორჯომის საკრებულომ მერიის მიერ შეთავაზებული საშტატო ნუსხა და ხელფასები არ დაამტკიცა. წარმოდგენილ ცვლილებაში დაახლოებით 700-800 ლარით იყო გაზრდილი მერის, მისი მოადგილისა და სამსახურის უფროსების ხელფასები იმ დროს, როდესაც რიგითი თანამშრომლების ხელფასი მხოლოდ 20 ლარით იზრდებოდა. ამას გარდა, ბორჯომში "ოცნებამ" ორი ახალი ფრაქციაც დააფუძნა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 300 000 ლარი დაუჯდება. 250 000 ლარითაა გაზრდილი ქუთაისის მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდი და ის 3,5 მილიონი გახდა. სახელფასო ფონდი გაიზარდა საკრებულოშიც. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის 54 000 ლარით გაზრდა 5 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნამ გამოიწვია, რისი ვალდებულებაც, კანონის თანახმად, ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობას. "ქართული ოცნების" წევრ ნუკრი ქანთარიას თქმით, ხელფასები იზრდება იმის გამო, რომ პრემია-დანამატი გაუქმდა და არ მიიჩნევს სწორად, რომ ამას ხელფასების მატება უნდა დაერქვას", - წერს სტატიის ავტორი.

"არ მგონია, რომ ეს ხელფასების მომატებად უნდა აღვიქვათ. დანამატი და სახელფასო სარგო გაერთიანდა, რაც ხელფასის მომატება ნამდვილად არ არის. დანამატი იყო თვალის ასახვევად გაკეთებული, ეს წინა ხელისუფლებიდან მოდიოდა, რომ თითქოს ხელფასი დაბალი ჰქონდათ. თუმცა, ხელფასის გარდა, იყო დანამატი, პრემია და საბოლოოდ ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას იღებდნენ. ახლა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. დანამატი და ხელფასი გაერთიანდა და დაერქვა გასამრჯელო. ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ. ჩინოვნიკს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, არც არის ეს საკმარისი, თუ ის ნამდვილად მუშაობს. თუ ახლა კვირაში ერთხელ გაივლის და მხართეძოზეა წამოწოლილი, მაშინ სხვა საქმეა. თუ ასეთი რამ არის და ალბათ არის, ეს მართლაც უარყოფითადაა შესაფასებელი და აღმოსაფხვრელია. დეკემბერში მივიღეთ უკვე კანონი. ახალი კანონით, უქმდება დანამატი და რჩება ჯილდო, რომელიც ჩაენაცვლება პრემიას, მაგრამ თუ ის ყოველთვიური გახდება, ეს სწორი არ იქნება. ახლა საკრებულოებში ვინ როგორ გადაანაწილებს, ეს არ ვიცი", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.

პოლიტიკური კამფეტები საქართველოსთვის რუსეთიდან

"თავად ვლადიმირ პუტინი არა, მაგრამ შესაძლოა, საქართველოში დიდ და მცირე სუპერმარკეტებში გასაყიდვად შემოვიდეს შოკოლადები მისი გამოსახულებით. როგორც "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანი აცხადებს, შოკოლადების პარტია საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა და გარდა რეალიზაციისა, მათი გამოყენება საქველმოქმედო მიზნებითაც მოხდება. ამ აქტივობას კი პუტინის წინასაარჩევნო კამპანია მიებმება. პოლიტოლოგების ნაწილის აზრით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ რუსეთმა მოქმედების ტაქტიკა შეცვალა და საკუთარი გავლენის ქვეშ საქართველოს მოქცევას პრორუსული კამპანიის გაძლიერებით ცდილობს. ირაკლი ყიფიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ტკბილეულს, რომელზეც ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერია გამოსახული, საზღვარზე დაბრკოლებას არ შეუქმნის, როგორც ეს რუსი ბაიკერების, "ღამის მგლების", შემთხვევაში მოხდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პოლიტიკური კამფეტები საქართველოსთვის რუსეთიდან / საქართველოს სუპერმარკეტებში, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებიანი შოკოლადი გამოჩნდეს.

"ეს თემა დაახლოებით 1 თვის წინ დავიწყეთ. უკვე ველოდებით, რომ ხვალ-ზეგ შემოვა. რა რაოდენობით შემოვა, ეს ჩემი მეგობრების პრეროგატივაა, ამიტომ არავის გადავახტები თავზე. საუბარი მაქვს იმ ბიზნესმენებზე, ვისაც ვურჩიე ამის შემოტანა. მოლაპარაკებაა ჰიპარმეკეტებთან, პატარა მაღაზიებშიც შევა. ასევე ბავშვთა სახლებში და მოხუცთა თავშესაფრებშიც შევიტანთ და დავარიგებთ. როგორც სხვა შოკოლადები შემოაქვთ, ისე შემოვიტანთ ამასაც. ძალიან მაგარი ხარისხისაა და საკმაოდ ძვირი პრდუქტია", - ამბობს ყიფიანი. მისი თქმით, ამ აქტივობას რუსეთში 18 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაც მიებმება. "მე საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტობაზე პუტინის კანდიდატურას ვუჭერ მხარს და ყველა იქ მცხოვრებ ქართველსაც მისი მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ", - აცხადებს ირაკლი ყიფიანი. კითხვაზე, ვინ არიან ამ პროცესში მთავარი მონაწილეები და რომელია ის ჰიპერმარკეტები, რომლებიც პუტინის გამოსახულებიან შოკოლადებს საკუთარ დახლებზე მოათავსებენ, ყიფიანი პასუხობს, რომ ამას ჯერჯერობით ანონიმურად დატოვებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, რომ მათი ვინაობა ანონიმურად დავტოვო. მე ეს შოკოლადი მოსკოვში გავსინჯე და ძალიან მომეწონა. შეფუთვიდან დაწყებული, გემოთი დამთავრებული ძალიან მაღალი ხარისხისაა. შემოტანის იდეა მომეწონა და შევთავზე ჩემს მეგობრებს, რომლებიც დაინტერესდნენ, გააფორმეს ბიზნეს ხელშეკრულებები და დანარჩენი უკვე მათი საქმეა", - ამბობს ირაკლი ყიფიანი. კითხვაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ თემაზე ჰქონდათ თუ არა საუბარი, ან იციან თუ არა მათ ამ იდეის შესახებ, ყიფიანი პასუხობს, რომ არავის შეხვედრია – "ამ თემაზე არავისთან მისაუბრია. სხვათა შორის მკითხეს, რომ აკრძალონ მისი შემოტანაო? და თუ სახელმწიფო იმ დონეზე დაეცემა, რადგან პუტინის გამოსახულებაა შოკოლადზე, ამიტომ აკრძალავენ, როგორც ბაიკერების შემთხვევაში მოხდა (მათ ხომ შსს-მ დაუკეტა საზღვარი), მაშინ დავემორჩილებით, აბა, კონტრაბანდულად ხომ არ შემოვიტანთ?! ეს ისევ სახელმწიფოს პრესტიჟს და იმიჯს დააზარალებს", - აცხადებს ირაკლი ყიფიანი. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოსაქცევად დიდ ძალისხმევას ხარჯავს, ტაქტიკა კი შეცვალა", - დასძენს გამოცემა.

"რაც რუსეთმა საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია მოახდინა, მას შემდეგ ცდილობს, რბილი ძალის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეასუსტოს. სხვათა შორის, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, 2017 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით კი, საქართველოს საგარო ვაჭრობის 806 მილიონი დოლარი რუსეთზე მოდიოდა. რა თქმა უნდა, ესეც პრობლემაა, რომ საქართველო რუსეთის ეკონომიკაზე გარკვეულწილად დამოკიდებული ხდება. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობა რუსული არხებიდან იღებს ინფორმაციას და დიდწილად დეზინფორმაციას. ასევე გააქტიურებულია სხვადასხვა პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია. "ენ-დი-აი"-ს კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 30% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა და, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი იძლევა შეშფოთების საფუძველს. რაც შეეხება კონკრეტულად პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადების შემოტანას, ეს არის საქართველოსა და მისი მოსახლეობის შეურაცხყოფა და დაცინვა. ყველა კარგად ვხედავთ, რომ აგორებულია პრორუსული კამპანია და ხელისუფლებამ სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა მიმართოს ძალისხმევა იმიტომ, რომ ეს პრორუსული ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

როგორ აფასებთ "სუხიშვილების" "ცეკვა ქართულის" კლუბურ ვერსიას?

"ძველით ახალ წელს "სუხიშვილებმა" კონცერტი გამართეს, რომლის კულმინაციაც ილიკო სუხიშვილის მიერ შესრულებული მოდერნიზებული "ცეკვა ქართული" გახდა. ამ ექსპერიმენტმა სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ მნახველების ნაწილს ცეკვა არ მოეწონა. კრიტიკას მოგვიანებით ნინო და ილიკო სუხიშვილებმა უპასუხეს. მათი თქმით, "ცეკვა ქართული" ექსპერიმენტული პროექტია, რომელმაც შესაძლოა, გააგრძელოს ცხოვრება, რადგან ცეკვის განვითარება ექსპერიმენტების გარეშე წარმოუდგენელია. "არ მინდოდა კონკრეტული ხალხის, კუთხის ან ისტორიის, ციხე-სიმაგრის გადარჩენის ამბის მოყოლა, უფრო ხასიათისა და განწყობის გადმოტანა, თუნდაც დღევანდელი ქართული განწყობის. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალგაზრდა გოგო-ბიჭი ქართულს შინაგანად როგორ ცეკვავს? თუ ქართველი ადამიანი ელექტრონულ მუსიკაზე ისე მოძრაობს, როგორც სხვა არავინ, ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ქართული არ არის", - აღნიშნა ილიკო სუხიშვილმა, რომლის თქმით, "არ არის აუცილებელი, მას ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრა", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - როგორ აფასებთ "სუხიშვილების" "ცეკვა ქართულის" კლუბურ ვერსიას?

"მე ვფიქრობ, სუხიშვილებმა დაიმსახურეს, რომ იმუშაონ ისე, როგორც უნდათ. საერთოდ, ხელოვანი არაფრით უნდა შეზღუდო, მით უმეტეს, რომ ისინი ინახავენ ძველ, ტრადიციულ ფორმებსაც და ახალსაც ქმნიან. სხვათა შორის, ქართული ცეკვით ახალი თაობები რომ ინტერესდებიან, სწორედ "სუხიშვილების" დამსახურებაა. საერთოდ, კარგია, როცა ხელოვანი კულტურულად და გემოვნებით ქმნის, ამიტომ მე ძალიან მოწონს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.

"მე ყოველთვის მიყვარს რაღაც ახალი, ექსპერიმენტული. შეიძლება უბრალოდ სახელთან იყო მეტი სიფრთხილე საჭირო იმიტომ, რომ, როგორც ილიკომ ახსენა, ეს არის "ცეკვა ქართული", რაც ჰქვია ტრადიციულ ცეკვასაც. ამისთვის რომ დაერქმიათ "ქართული ცეკვა", შესაძლოა, ამხელა ამბავი არ ატეხილიყო. ქართველები მაინც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სიტყვებს, მათ წყობას და იდიომებს, თორემ, სხვა მხრივ, ძალიან პლასტიკურია, ნოვატორულია და მე ძალიან მომწონს", - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.

"მე ვფიქრობ, სხვა სახელი რომ დაერქმიათ, ეს პრობლემაც არ იქნებოდა. ხშირად სახელი ბევრ რამეს ცვლის. საერთოდ, ხელოვნების ერთ-ერთი ნიშანია, რომ ის ყველას არ მოსწონს. თუ ყველას მოეწონა, ის უკვე კულტურაა. ამიტომ ხელოვანს ინტერპრეტაციის სრული უფლება აქვს და თუ საზოგადოება არ მიიღებს, ესეც აბსოლუტურად ნორმალურია", - მიიჩნევს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

"ამ ბიჭმა იცეკვა თავისი ინტერპრეტაციით, რა მოხდა მერე?! ქორეოგრაფის, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი თავისი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციაში, ასე ერთი ხელის მოსმით მიწასთან გასწორება რა უბედურებაა?! მაინტერესებს, ამ ბავშვებს მეტი არაფერი გაუკეთებიათ?! მთელი ცხოვრება ქართულ ცეკვას ემსახურებიან და რა მოხდა, თუკი ქართული და არაქართული ილეთების შერწყმით იმპროვიზაცია მოხდა?! თავისუფალი ქვეყანა რომ ვართ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ თამარი გვყავდა მეფედ და არ მესმის, ამ 21-ე საუკუნეში რა გვჭირს. ყველა სიახლის ასე ხისტად მიღება, რომ ქართველობას გვართმევენ და ა.შ., გაგონილა?!" - დასძენს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს