ელიტური უნივერსიტეტი

ელიტური უნივერსიტეტი

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა მოდერნიზაციისა და ცვლილებების მოლოდინშია. არ არსებობს წარმატების უნივერსალური ფორმულა, მაგრამ მხოლოდ ცვლილებები და მუდმივი განახლება შეიძლება იყოს საუნივერსიტეტო განათლების განვითარების უმთავრესი გარანტი. უნივერსიტეტები თვითონ უნდა იძლეოდნენ განახლების მაგალითს, ხოლო განათლების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს რადიკალური თვითგანახლებისა და ცვლილებების შესაძლებლობას.

1. ელიტური უნივერსიტეტი

ელიტური უნივერსიტეტი შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრობლემების დაძლევის ერთ-ერთი მოდელი. ელიტური უნივერსიტეტის კონცეფცია მითუფრო საინტერესო შეიძლება იყოს შედარებით შეზღუდული ფინანსური რესურსების მქონე საქართველოსთვის.

უნივერსიტეტი განათლების ელიტური კერა უნდა იყოს. საქართველოს არ ჭირდება ამდენი უნივერსიტეტი. არც ქვეყანას აქვს საკმარისი ინტელექტუალური, ადამიანური, ფინანსური და სხვა რესურსი, რომელიც უზრუნველყოფდა სათანადო სტანდარტის ხარისხიან განათლებას დღეს არსებულ თითქმის 80-მდე უნივერსიტეტში.

არავინ არის წინააღმდეგი, რომ საქართველოში გვყავდეს რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი. ამავე დროს, არ შეიძლება ნორმალური ვუწოდოთ სიტუაციას, როდესაც სკოლის კურსდამთავრებულთა საერთო რიცხვი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობა... უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო განათლებულ საზოგადოებას მივიღებთ. ასეთი პოლიტიკა რეალური პრობლემებისაგან გაქცევას უფრო ჰგავს და მოითხოვს სერიოზულ კორექტირებას.

ევროპის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ სწორედ ის ქვეყნები არიან ეკონომიკურად ძლიერი, რომლებიც მკაცრად უდგებიან განათლების სტანდარტებს და სადაც შედარებით დაბალია უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა ქვოტა (ავსტრია, შვეიცარია, ბავარია და ბადენ-ვურტემბერგის მიწა გერმანიაში). იშვიათია ეკონომიკური წარმატება იმ ქვეყნებში, რომლებიც შედარებით ნაკლებ მოთხოვნებს უყენებენ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველ აბიტურიენტებს.

საუნივერსიტეტო განათლების დევალვაცია დიდი რისკების შემცველი საშიში სოციალური ფენომენიცაა. დიპლომის მფლობელს ყოველთვის უჩნდება უკმაყოფილებისა და არარეალიზებული ადამიანის განცდა, რადგანაც მისი პროფესიული კარიერა ვერ იქნება სტატუსის და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული მოლოდინის ადეკვატური.

შესაძლებელია, საზოგადოების ნაწილისთვის დიპლომი დღესაც წარმოადგენს სოციალური სტატუსის სიმბოლოს. ამავე დროს, ეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოს უმაღლესი განათლების სათანადო სტანდარტების დადგენისა და მათზე კონტროლის პასუხისმგებლობისაგან.

2. დიფერენცირების აუცილებლობა

უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ „მასიური“ უნივერსიტეტებია. მასა უარყოფს მრავალფეროვნებას და ადგილს არ ტოვებს ალტერნატივისათვის, განსხვავებულისათვის - ყველა და ყველაფერი უნდა იყოს მსგავსი (ElliasCanneti). მასისათვის დამახასიათებელი კანონზომიერებები განსაზღვრავენ „მასიური“ უნივერსიტეტების ბუნებასაც.

ელიტური უნივერსიტეტების ფორმირებაზე ორიენტირებული პოლიტიკა მნიშვნელოვნად აამაღლებდა განათლების ხარისხს საქართველოში. პირველ რიგში, ელიტურ უნივერსიტეტებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ ის რეალური ალტერნატივები, რომელიც აუცილებელია არსებული სიტუაციის კრიტიკული განაზრებისათვის.

სიტუაციის რეალური შეფასება მოითხოვს სათანადო ალტერნატივების შექმნას, გამორჩეულად წარმატებული მოდელების ჩამოყალიბებას. როდესაც არ არსებობს ასეთი ალტერნატივა, უნივერსიტეტებს უყალიბდებათ თვითკმაყოფილების არასწორი განცდა და კარგავენ რეალური მდგომარეობის სათანადოდ შეფასების შესაძლებლობას.

დიფერენცირება გულისხმობს სწრაფვას საკუთარი პროფილის გამოკვეთისაკენ. უნივერსიტეტი ვერ იქნება თანაბრად ძლიერი ყველა მიმართულებით. საკუთარი პროფილის მქონე უნივერსიტეტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დღეს სახეზე გვაქვს სრულიად საპირისპირო სიტუაცია- უნივერსიტეტები ესწრაფვიან იყვნენ ერთმანეთის მსგავსი და მონდომებული არიან განახორციელონ იგივე პროგრამები, რომლებიც სხვებსაც აქვთ.

3. შიდა-საუნივერსიტეტო დიფერენცირება

დიფერენცირება უნდა შეეხოს არა მარტო უნივერსიტეტებს, არამედ შიდა-საუნივერსიტეტო სისტემასაც.

უნივერსიტეტებს განსაკუთრებით უჭირთ სელექცია საუკეთესო და „დანარჩენ“ სტუდენტებს შორის. დიფერენცირების გარეშე რთული ხდება საუკეთესო სტუდენტების ხელშეწყობა და წახალისება. გამორჩეული შესაძლებლობების სტუდენტი ჩაკარგულია მასაში. მასა კი ყოველთვის „საშუალოა“ და მასზე ორიენტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს განათლებისა და კვლევის ხარისხის დონეს.

სტუდენტებს ჭირდებათ ხელშეწყობა იმაში, რომ მოხდეს მათი დიფერენცირება ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და უნარის მიხედვით. პრობლემას ართულებს ის გარემოება, რომ უნივერსიტეტების დაფინანსება მიბმულია ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობასა და მიღებული გრანტების ოდენობაზე. ამ პრობლემას ვერ მოხსნის დაფინანსების არსებული მოდელის შეცვლაც. პარალელურად უნდა გააქტიურდეს მენტორობის ინსტიტუტი. ამასთანავე, მენტორობა უნდა ხორციელდებოდეს არა მხოლოდ სტუდენტურ ჯგუფებში, არამედ თითოეულ სტუდენტთან და უნდა იძლეოდეს მათი ინდივიდუალური უნარების გამოვლენისა და რეალიზაციის შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გამორჩეული სტუდენტები უკვე სწავლის დასაწყისიდანვე ჩავრთოთ სამეცნიერო კვლევებში.

დიფერენცირება ეხება პროფესურასაც. უნივერსიტეტები უფრო ორიენტირებული არიან საშუალო დონის პროფესორზე, რადგანაც ამ გზით შეუძლიათ ფინანსური რესურსების დაზოგვა და, შესაბამისად, მოგების გაზრდა. საშუალო დონის პროფესორთან თანამშრომლობა უნივერსიტეტებისათვის უფრო კომფორტულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი ნაკლებად ამბიციურები არიან და „ნაკლებ პრობლემას“ ქმნიან. უნივერსიტეტებს იმის შიშიც აქვთ, რომ კარგი პროფესორი მოითხოვს მეტ რესურსს, მათ შორის სამეცნიერო კვლევებისათვის.

ელიტური უნივერსიტეტის მოდელი პროფესორის წოდებას დაიცავს მასიური ინფლაციისაგან და აამაღლებს მის (დაცემულ) პრესტიჟსაც. არ უნდა მოვერიდოთ პროფესორთა დიფერენცირებას, მათ შორის კვლევითი პროგრამების დაფინანსების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტებს ყოველთვის ექნებათ სურვილი აქცენტი გააკეთონ საშუალო დონის აკადემიურ პერსონალზე.

მაქსიმალურად უნდა დავამსხვრიოთ „დაბნეული პროფესორის“ კლიშეც. პროფესორს უკვე მოეთხოვება არა მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაცია თავის დარგში, არამედ მენეჯერული კომპეტენციებიც. პროფესორი მართავს ფინანსებს, ადამიანებს სამეცნიერო კვლევით ჯგუფებში. შესაბამისად, აკადემიური პერსონალი უნდა ფლობდეს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს და გააჩნდეს მართვის მინიმალური კომპეტენცია.

დიფერენცირება არ ნიშნავს პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ, ვიწრო მიმართულებაზე. უნივერსიტეტების განვითარებას ბევრად აფერხებს ე.წ. ნეო-ფეოდალიზმის ფენომენი, როდესაც პროფესორი არ იყურება საკუთარი მიმართულების იქით, ესწრაფვის თვითიზოლაციას და ერიდება პასუხისმგებლობის აღებას მთლიანად უნივერსიტეტზე.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერდისციპლინურობა პოპულარული და მოდური თემაა, რეალურად პრობლემატურია სხვადასხვა დარგის პროფესორებს შორის თანამშრომლობა, სამეცნიერო და კვლევითი კლასტერების შექმნა, რომელშიც ჩართული იქნებოდნენ სხვადასხვა დარგის პროფესორები. დაფინანსების სისტემა, რომელიც წაახალისებდა ასეთ თანამშრომლობას, მოგვცემდა სინერგიის დიდ ეფექტს და სასიკეთოდ წაადგებოდა საერთაშორისო სტანდარტების მეცნიერული კვლევების განხორციელებას.

უნივერსიტეტში ყალიბდებიან არამარტო თავიანთი სპეციალობის პროფესიონალებად, არამედ მომავლის ლიდერებად. უნივერსიტეტი ამზადებს არა მხოლოდ პროფესიულ კადრებს, არამედ ხელმძღვანელობის, ლიდერობისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებს. ამ პროცესში უდიდესი როლი უნივერსიტეტის პროფესორს აკისრია. პროფესორს ეკისრება არა მარტო ცოდნის, არამედ ამ კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობის გადაცემა.

დიფერენცირება უნდა შეეხოს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ განვითარებას და მენეჯმენტსაც. კონკურენციის გარეშე შეუძლებელია განვითარება. მართვის სხვადასხვა სექტორებს შორის არსებული კონკურენცია უზრუნველყოფს ფინანსური და სხვა სახსრების მომჭირნე და ეფექტურ ხარჯვას. ანაზღაურების დიფერენცირებულმასისტემამ მაქსიმალურად უნდა წაახალისოს ცვლილებებსა და ინოვაციაზე ორიენტირებულისტრუქტურული ერთეულებიდა თანამშრომლები.

ინოვაციური ერთეულები გარკვეულ პრივილეგიებსაც იმსახურებენ, რადგანაც მათზეა დამოკიდებული უნივერსიტეტის იმიჯი, საერთო წარმატება და სამომავლო განვითარების პერსპექტივებიც. დიფერენცირების შიშიარ უნდა გვქონდეს- უმჯობესია „უთანასწორობა სიმდიდრეში“, ვიდრე „თანასწორობა სიღარიბეში“.

გამოთანაბრებაზე ორიენტირებული დაფინანსებისა და ანაზღაურების სისტემა აჩლუნგებს ინდივიდუალურ ინტერესს და აძლიერებს „სხვების ხარჯზე ცხოვრების“ პარაზიტულ განწყობებს. რესურსების ოპტიმალური ხარჯვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ისეთ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და თანამშრომლებს აქვთ იმის განცდა, რომ ფინანსური რესურსები არის არა ანონიმური, არამედ„ჩვენი, საკუთარი“.

4. კლასიკური განათლებიდან კრიტიკული აზროვნებისაკენ

თანამედროვე, დინამიურ მსოფლიოში ცოდნაც მალე „ძველდება“. ცალკეული გათვლებით, დღეს უნივერსიტეტებში ასწავლიან იმ სპეციალობათა მხოლოდ ნახევარს, რომლებიც საჭირო იქნება 2040 წელს.

უნივერსიტეტის უპირველესი მიზანი გახდა, რომ სტუდენტს გადასცეს არა მხოლოდ ცოდნადა ინფორმაცია, არამედ მაქსიმალურად მოამზადოს იმ ცვლილებებისათვის, რომლის პირობებშიც მოუწევს მას საქმიანობა. მხოლოდ კრიტიკული და შემოქმედებით აზროვნების პიროვნებას აქვს რადიკალურად შეცვლილ გარემოებებთან სწრაფი ადაპტირების შესაძლებლობა.

კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება გახდა უმთავრესი გამოწვევა თანამედროვე უნივერსიტეტებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ კლასიკური განათლება თანდათან ჩაანაცვლა კრიტიკული აზროვნების განვითარებისაკენ მიმართულმა სისტემამ. ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდებაზე ორიენტირებული სისტემა აწარმოებს მხოლოდ რეპეტიტორულ ცოდნას. მხოლოდ კრიტიკული, ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნება გახდაეკონომიკური ზრდისა და განვითარების გადამწყვეტი ფაქტორი.

კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება მოითხოვს სტუდენტების როლის ახლებურ გააზრებას. სტუდენტი არ უნდა განვიხილოთ როგორც ცოდნის და ინფორმაციის მიმღები პასიური მომხმარებელი. კრიტიკული აზროვნება იწყება ცნობისმოყვარეობით. სწავლების მიზანი უნდა გახდეს არა ინფორმაციისა და ცოდნის გადაცემა, არამედ ცნობისმოყვარეობის წახალისებაარამარტო უნივერსიტეტში, არამედ ჯერ კიდევ ბაღის და სასკოლო განათლების ეტაპიდანვე.

სიახლესა და შემოქმედებითობაზე ორიენტირებული პიროვნება რისკიანია. რისკი ნიშნავს მზად ვიყოთ ექსპერიმენტებისა და სიახლეებისათვის, რომელიც შესაძლებელია ყოველთვის არ იყოს წარმატებული. წარუმატებლობაც სერიოზული გამოცდილებაა და მხოლოდ იმ საზოგადოებაშია შესაძლებელი სწრაფი, დინამიური განვითარება, რომელსაც არ აქვს რისკიანი გადაწყვეტილებების შიში.

უნივერსიტეტები, როგორც წესი, უფრთხიან რისკს. ამავე დროს, თანამედროვე საუნივერსიტეტო მენეჯმენტი შეუძლებელია განხორციელდეს რისკის ფაქტორის გარეშე. თუ გვინდა გვქონდეს წარმატებული უნივერსიტეტი, უნდა შევეგუოთ იმას, რომ წარმატებული მენეჯმენტი არ არსებობს რისკის გარეშე.

ინოვაციური უნივერსიტეტები უნდა შეურიგდნენ „ინტელექტუალური ქაოსის“ მდგომარეობას, რომელსაც ქმნიან კრიტიკული აზროვნების ადამიანები. თუ გვინდა განვითარება, აუცილებელია ასეთი „ქაოსის“ წახალისება. ამის პარალელურად, უნივერსიტეტმა უნდა მოახდინოს ყველაზე პერსპექტიული, რეალიზებადი და საინტერესო ინოვაციური პროექტებისა და იდეების სელექცია.

5. „ქსელური უნივერსიტეტი“

თანამედროვე ცოდნის საზოგადოება ეფუძნება ერთმანეთთან მჭიდროდდაკავშირებული ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ქსელებს. ქსელები უზრუნველყოფენ ცოდნის ტრანსფერს, პარტნიორობას, მეცნიერების კომერციალიზაციას და, საბოლოო ჯამში, ცოდნის ხელმისაწვდომობასაც.

უნივერსიტეტის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქვს მას ამ ქსელებში ჩართვის უნარი. უნივერსიტეტი უნდა ესწრაფვოდეს ალიანსს საზოგადოების სხვადასხვა სექტორებთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს უნივერსიტეტი საკუთარი სოციალური მისიის შესრულებას.

მემორანდუმების დადების თითქმის რიტუალად გადაქცეული პრაქტიკის მიუხედავად, უნივერსიტეტებს უჭირთ პოლიტიკასთან, კულტურასთან, ბიზნესთან ინტეგრირებული ქსელების ჩამოყალიბება და ამ თანამშრომლობის რეალური შინაარსით შევსება. იგივე პრობლემაა საუნივერსიტეტო და არა-საუნივერსიტეტო ელიტებს შორის ქსელის ფორმირების თვალსაზრისითაც.

უნივერსიტეტებს საკმაოდ უჭირთ ერთმანეთთან კოოპერაციაც, კვლევითი და სხვა სახის კლასტერების ჩამოყალიბება, რომელიც მოითხოვს მართვის მოდულარული და ჰორიზონტალური სტრუქტურების შექმნას, ფუნქციათა გადანაწილებას, პროფილის გამოკვეთას, პრობლემების ერთობლივ გადაწყვეტას, პოზიციების კოორდინირებულად წარმოჩენას და სხვ.

ქსელების ფორმირებით უნივერსიტეტებს განსაკუთრებით შეუძლიათ ხელი შეუწყონ რეგიონების განვითარებას. რეგიონების განვითარების მიზნით უნივერსიტეტებს თამამად შეუძლიათ აიღონ ამ ქსელების ჩამოყალიბებისა და მათი კოორდინაციის ფუნქცია. ასეთი ქსელები მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს შრომის რეგიონალური დანაწილებისა და რეგიონის როგორც მართვის ერთიანი სისტემის განვითარების პროცესში.

6. უნივერსიტეტი როგორც სამომავლო განვითარების პლატფორმა

უნივერსიტეტის სოციალური მისია არ ამოიწურება მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქციით. უნივერსიტეტის „დრო“ გაცილებით წინმსწრები უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი, ასტრონომიული დრო. სამომავლო განვითარების სხვადასხვა ალტერნატივების მოდელირება, პროგნოზირება ან თუნდაც პროვოცირება უნივერსიტეტების უმთავრესი გამოწვევაა.

სამწუხაროდ, უნივერსიტეტების და პროფესურის დიდ ნაწილს ამ მიმართულებით მხოლოდ მომლოდინე და პასიური პოზიცია უკავია. უნივერსიტეტები თავშეკავებით უდგებიან საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას, უფრო მეტად იხრებიან არსებული კონიუნქტურისაკენ, ერიდებიან ახალი საკითხების ინიცირებას.

უნივერსიტეტები სოციალურ და კულტურულ სფეროში მიმდინარე პროცესების პერიფერიაზე აღმოჩნდნენ. უნივერსიტეტების მოქცევა ერის კულტურული და სულიერი ცხოვრების ეპიცენტრში უნდა იყოს მოდერნიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. უნივერსიტეტი უნდა ჩამოყალიბდეს პლატფორმად, სადაც აქტიურად განიხილება მწვავე საზოგადოებრივი და პოლიტიკური თემები და მათი გადაწყვეტის შესაძლო ფორმები.

სამომავლო კონცეფციების ჩამოყალიბების თვალსაზრისით უნივერსიტეტებს ბევრი უპირატესობა აქვთ. პირველ რიგში, უნივერსიტეტის მიმართ დიდია საზოგადოების ნდობა და, ასევე, მოლოდინებიც. უნივერსიტეტებს სხვა, უფრო დიდი სოციალური კაპიტალიც აქვთ. უნივერსიტეტი ყოველთვის აერთიანებს- უნივერსიტეტი აერთიანებს „ძველ“, ტრადიციულ ცოდნასა და თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებს, აერთიანებს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, სარგებლობს აკადემიური თავისუფლების გარანტიებით.

ამ განსხვავებულობათა სინთეზი უნივერსიტეტს აძლევს სამომავლო განვითარების ისეთი კონცეფციების ჩამოყალიბების უნიკალურ შანსს, რომელიც შესაძლოა დაეფუძნოს მაქსიმალურ კონსენსუსს და ეროვნული თანხმობის დოკუმენტის პრეტენზიაც ჰქონდეს.

7. ინტერნაციონალიზაცია

თანამედროვე გლობალურ სამყაროში „ან ხარ განსხვავებული, ან ხარ წარმატებული“. გლობალიზაცია არ მოითხოვს საკუთარი იდენტობის დათმობას. ამავე დროს, განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება თანამედროვე მსოფლიოში წარმატებული ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა.

ქართული განათლების სისტემა ათეული წლების განმავლობაში მოწყვეტილი იყო დასავლურ ორბიტას. ევროპული უნივერსიტეტები უწყვეტად ვითარდებოდნენ მე-11 საუკუნიდან და სწორედ ამაშია მათი წარმატების მთავარი საიდუმლო. სამწუხაროდ, პირველი ქართული უნივერსიტეტი დაარსებიდან სამ წელიწადში უკვე მოექცა წყვეტილი და ზიგზაგური განვითარების ფაზაში. ამ წყვეტის უარყოფითი შედეგები, სამწუხაროდ, დღემდე არ არის დაძლეული.

მხოლოდ უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაცია მოგვცემს საშუალებას მოვიგოთ დაკარგული დრო და მაქსიმალურად დავაჩქაროთ ევროპული საუნივერსიტეტო განათლების სფეროში რეინტეგრაციის პროცესი.

უნივერსიტეტების ევროპულ ოჯახში დაბრუნება პირველ რიგში გულისხმობს სოციალური მისიის გააქტიურებას, პროფესორის სტატუსისათვის დაკარგული პრესტიჟის დაბრუნებას, სამეცნიერო კვლევების, სწავლებისა და უნივერსიტეტის მენეჯმენტის დასავლურ სტანდარტებზე გადასვლას. ახალი ევროპა შუა საუკუნეების პირველ ევროპულ უნივერსიტეტებში დაიწყო. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე უნდა ითქვას, რომ თანამედროვე საქართველოს ევროპული მომავალიქართულ ევროპულ უნივერსიტეტებში ყალიბდება.

8. მოდერნიზაციის პერსპექტივები

უმაღლესი განათლების სფეროში გამოცხადებული ცვლილებები უდავოდ ხელს შეუწყობს არამარტო განათლების ხარისხის ამაღლებას, არამედ ახალ დინამიკას შესძენს საუნივერსიტეტო განათლების სისტემას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ განისაზღვროს უმთავრესი სტრატეგიული მიზნები და არ „ჩავიკარგოთ“ წვრილმან დეტალებში. ცვლილებები არ უნდა იყოს ფოკუსირებული შედარებით ნაკლები ან ლოკალური მნიშვნელობის თემებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია მოდერნიზაციის „დამბლის“ რისკი.

დაგეგმილი რეფორმის წარმატება ბევრადაა დამოკიდებული მის თანმიმდევრულ ხასიათზეც. განსაკუთრებით პრობლემატურია „ამპუტირებული“ რეფორმა. დაწყებული ცვლილებების შუა გზაზე გაჩერება ან ტემპის დაგდება მხოლოდ ახალ სირთულეებს წარმოშობს. რეფორმირებულის რეფორმირებაც გაცილებით უფრო რთული იქნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ცვლილებები იყოს თანმიმდევრული და შენარჩუნდეს მოდერნიზაციის დინამიური ტემპი.

გია ხუბუა

თსუ-ს პროფესორი,

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის

განათლების პოლიტიკისა და განათლების მენეჯმენტის კოორდინატორი