თუ ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში დიდი ომი დაიწყო, საქართველოს არც ნატო, არც აშშ და არც რუსეთი არაფერს შეეკითხება

ქართველ და რუს ექსპერტთა დიალოგის შედეგებზე ”ინტერპრესნიუსი” ”რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს” (რომლის პრეზიდიუმის წევრი რუსეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი იგორ ივანოვია) ექსპერტს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა სივრცის კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელს, ალექსანდრე კრილოვს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, გასულ კვირას ბორჯომში ქართველ და რუს ექსპერტთა მონაწილეობით ”ქართულ-რუსული დიალოგის ხელშეწყობის ფარგლებში” შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ვითარებაში, როცა საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალური თბილისის და საქართველოს ინტერესების საზიანო განცხადებებს აკეთებენ, კარგია რომ ქართველი და რუსი ექსპერტები ერთმანეთს ხვდებიან და ქართულ-რუსული დიალოგის ხელშეწყობის საკითხებზე მსჯელობენ.

თუ შეიძლება გაგვიზიარეთ ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე თქვენი შთაბეჭდილებები, გისმენთ, ბატონო ალექსანდრე...

- ქართულ-რუსული დიალოგის ხელშემწყობი შეხვედრები ე.წ. ”სტამბოლის პროცესის” ფარგლებში, კარგა ხანია შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. მისი ორგანიზატორები კი არიან საქართველოს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა ცენტრი და რუსეთის მხრიდან RIAC-ის ინსტიტუტი. წელს ამ დიალოგს 5 წელი შეუსრულდა. თუმცა, იგი გაცილებით ადრე, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტის აჰტისაარის ინიციატივით 2008-2009 წელს დაიწყო.

ჩემი აზრით, ვითარებაში, როცა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და არ არსებობს სახელმწიფო დონეზე ნორმალური ურთიერთობების საშუალება, ეს დიალოგი საკმაოდ სასარგებლოა. ვინაიდან იგი ვითარებაში და აზრთა პალიტრის უკეთ გაცნობაში გვეხმარება. შემდეგ კარასინ-აბაშიძის ფორმატი გაჩნდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მისი გაჩენაც სწორედ ამგვარი დიალოგის ფორმატში მომწიფდა.

- დიალოგის ისტორია გასაგებია, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით ამგვარი დიალოგის შედეგებს?

- შედეგები, როგორც ყოველთვის სხვადასხვაგვარად ფასდება. ისევე როგორც ქართულ საზოგადოებაში არსებობს ქართულ-რუსული დიალოგის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, ამ შეხვედრაზეც ქართველი ექსპერტების მხრიდან გაიჟღერა როგორც კარასინ-აბაშიძის ფორმატის, ისე ექსპერტთა დონეზე დიალოგის მეტად კრიტიკულმა შეფასებებმა.

როგორი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს ამ პროცესისადმი, ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს რეალური შედეგი. ვინც ამბობდა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხშია და ამ პროცესს არსად არ მივყავართ და საქართველოს იგი არ სჭირდება, ისინი ამ ურთიერთობების გამოსასწორებლად არც არაფერს არ გვთავაზობდნენ. მეტიც, ბევრმა მათგანმა ისიც კი თქვა, რომ კარასინ-აბაშიძის ფორმატიც არაა საჭირო, ეკონომიკური ურთიერთობებიც რუსეთთან შესაწყვეტია.

გასაგებია, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა, მაგრამ ჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ამ მიმართულებით შთამბეჭდავი შედეგი არ აქვს.

არსებობს სხვაგვარი შეფასებაც. კერძოდ, ქართველ ექსპერტთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. სხვათა შორის, რუსი ექსპერტები მათ ამაში ეთანხმებიან.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ რომ 2017 წელს რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 91,2% გაიზარდა. რაც მარტო გასულ წელს ექსპორტის 2-ჯერ გაზრდას ნიშნავს. ეს ეხება არა მხოლოდ მინერალური წყლის, ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციას, რაც თავისთავად 2,7 ჯერაა გაზრდილი და რაც არც ისე ცოტაა, არამედ გაზრდილია რუსეთში საქართველოდან ფეროშენადნობი პროდუქციის ექსპორტი, რაც ადრე არ ყოფილა. 2017 წელს ამ პროდუქციის ექსპორტი 6-ჯერ გაიზარდა და საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 300 ათას ტონამდე ფეროშენადნობი პროდუქცია. მარტო ფერაშენადნობის ექსპორტის ღირებულებამ შარშან 129 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ვფიქრობ, სარგებლის მიღების თვალსაზრისით ეს მაჩვენებლები საკმაოდ კარგი ეკონომიკური მაჩვენებლებია საქართველოსთვის. ამაზე კი ხალხმა კარასინ-აბაშიძის ფორმატის ფარგლებში იმუშავა.

- ეს არ გახლავთ მხოლოდ ექსპერტთა დიალოგის შედეგი. ეს ალბათ უფრო სამთავრობო დონეზე ორივე, ქართული და რუსული მხარეების მუშაობის შედეგია. ამგვარი ურთიერთობების გაღრმავების ინიციატორი კი თავის დროზე ქართული მხარე იყო...

- გასაგებია, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ექსპერტთა დონეზე დიალოგის ფარგლებში იქნა მომზადებული. სწორედ ექსპერტების დონეზე გადაწყდა, რომ მხარეებს ურთიერთობების გამოსწორება და გაღრმავება ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით უნდა დაეწყოთ. ანუ, გვერდზე გადაგვედო ის საკითხები, რაშიც მხარეები ვერ თანხმდებოდნენ და რომელთა გადაწყვეტა დღეისთვის ვერ ხერხდება, მაგრამ ურთიერთობებს ვალაგებთ იმ სფეროებში, რაშიც შეგვიძლია.

ვფიქრობ, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოსთვის რომ უფრო მნიშვნელოვანია, ფაქტია. ვინაიდან საქართველოში ეკონომიკური ვითარება არც ისეთი ბრწყინვალეა. რუსეთი საქართველოს აძლევს ეკონომიკურად გაძლიერების საშუალებას, რაც ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამგვარი ურთიერთობისაგან სარგებელს ორივე მხარე ღებულობს. ვინც ამბობს, რომ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს და საჭიროა თავიდანვე პოლიტიკური საკითხების გადაჭრა, ვფიქრობ, არარეალისტურად უდგება საქმეს.

- არც რუსეთშია ეკონომიკური სიტუაცია ბრწინვალე, შეიძლება ითქვას, იმაზე ბევრად უკეთესი არაა, რაც საქართველოში. ასე რომ, სწორს ბრძანებთ, ორივე ქვეყანისთვის ეკონომიკური ურთიერთობები სარგებლობის მომტანია.

მაგრამ, ბატონმა კარასინმა ამას წინათ ”კომერსანტს” განუცხადა - ”რუსეთს საქართველოსთან სურს ჰქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე”. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანდა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან სოხუმმა და ცხინვალმა საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა დაიწყეს. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა მოსკოვი მზადყოფნას გამოთქვამს ხელი შეუწყოს თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის დიალოგს.

პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც აფხაზეთში მცხოვრებლებს უადვილდებათ რუსეთში სამედიცინო მომსახურების მიღება, რომ ისინი სამკურნალოდ საქართველოში არ ჩავიდნენ. ანუ, მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს რეგიონები მაქსიმალურად იყვნენ ინტეგრირებული რუსეთის სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში...

- ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ რუსეთი ცდილობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთში ინტეგრირებას. რუსეთმა ეს სახელმწიფოები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. ბატონი კარასინი თავის ინტერვიუში ამბობს, რომ მათ ხარჯზე რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების აწყობას არ აპირებს. მით უმეტეს, რომ საქართველო თავის ადგილს ევროკავშირსა და ნატოში ხედავს. ამგვარი დაპირება რომ მოსკოვმა თბილისს მისცეს, თავად შეიქმნის პრობლემებს. ძალიან კარგია, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის პატიოსანი დიალოგია. ჩვენ ვამბობთ, მოსკოვი იმ პოზიციებიდან უკან დახევას არ აპირებს, თავის მხრივ, საქართველო ამბობს, რომ მას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირება სურს.

მე არ ვიცი, ნატო და ევროკავშირი მზად არიან თუ არა საქართველოს მისაღებად. საქართველოს ნატოში მიღების თარიღად მეთიუ ბრაიზა ჯერ კიდევ 2006 წელს ასახელებდა. ფაქტია, რომ ისტორიული გამოცდილების თვალსაზრისით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების ისტორიაში უჩვეულო ვითარებაშია. ფაქტია, რომ ჩვენ ამ ვითარებამდე 25 წლიანი პოსტსაბჭოთა ისტორიის შემდეგ მივედით. იგი შეიძლება შეიცვალოს არა ორმხრივი ურთიერთობების, ანაც თუნდაც სამხრეთ კავკასიის ფორმატში, არამედ მსოფლიო პოლიტიკაში გლოგალური პროცესების შედეგად.

თუ ისლამური ტერორიზმი სამხრეთ კავკასიაში მოვა, მაშინ სულ სხვა სიტუაცია იქნება. თუ კონფლიქტი იქნება ნატოსა და რუსეთს შორის ახლო აღმოსავლეთში, ანაც ევროპაში, მაშინ ასევე იქნება სულ სხვა სიტუაცია. მოდით იმედი გამოვთქვათ, რომ ამგვარ უკიდურესობებთან საქმე არ გვექნება.

- სხვათა შორის, ქართველ და რუს ექსპერტთა წინა შეხვედრის შეჯამებისას თქვენ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეთ - ”ძალიან არ მინდა, რომ სამხრეთ კავკასია ერაყს ან სირიას დაემსგავსოს”.

მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში გარკვეული რყევებია, საქმე იმაშია, რომ არც შარშან და არც წელს მოვლენათა ამგვვარი სცენარით განვითარების არანაირი საფუძველი მაინც არ არსებობს. თქვენ კი თქვენივე შარშანდელ თეზისს წელსაც იმეორებთ...

- ერთია, როცა არ გვინდა მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს, ხოლო მეორეა ამგვარი შესაძლებლობის, როგორც სავარაუდო შესაძლებლობის განხილვა. ბორჯომის შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის ფარგლებში მე მოვლენათა შესაძლო განვითარების 4 სცენარზე ვისაუბრე.

ამ სავარაუდო სცენარებზე მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და ატლანტიკური ცენტრის ექსპერტებმა ერთობლივად იმუშავეს. ატლანტიკური ცენტრი მჭიდროდაა დაკავშირებული აშშ-სა და ნატოს ხელისუფლებებთან. ამ სცენარებიდან ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ არაა გამორიცხული რეგიონალური გლობალური სამხედრო დესტაბილიზაცია - კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში ხდება მიზეზი გლობალურ მოთამაშებს შორის შეტაკებების, მათ მიერ ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების. ამ კონფრონტაციაში ჩართული იქნებიან აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ნატო ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. თქვენ ფიქრობთ, რომ ამგვარი სცენარის შემთხვევაში ეს პროცესები სამხრეთ კავკასიას არ შეეხება?

მე იმედს ვიტოვებ, რომ ამგვარი სცენარით მოვლენები არ განვითარდება. შემიძლია სხვა დანარჩენ სამ სცენარზეც ვისაუბრო. ვიმეორებ, ეს არ გახლავთ მხოლოდ რუს ექსპერტთა მოსაზრებები. ამგვარ ანალიზებზე ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვიმუშავეთ. ვიმეორებ, ატლანტიკური საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც აშშ-ს, ასევე ნატოს ხელმძღვანელობასთან.

მე კი გამოვთქვი იმედი, რომ ასე არ განვითარდეს პროცესები, მაგრამ თანამდეროვე მსოფლიო იმგვარადაა მოწყობილი, რომ ყველაფერი ჩვენი სურვილების შესაბამისად არ ხდება.

- თქვენი ინსტიტუტიც მჭიდროდ თანამშრომლობს კრემლთან და რუსეთის საგარეო უწყებასთან. რამდენადაც ვიცი, არც აშშ, არც ევროპა და მით უმეტეს არც საქართველო არავისთან არ აპირებენ ომს...

- თუ პროცესები სწორედ იმ სცენარით განვითარდა, როგორც აღვწერე, საქართველოს არავინ არაფერს არ შეეკითხება. ისე იქნება, როგორც 1940 წელს ფინეთს არავინ შეეკითხა გერმენული ჯარების თავის ტერიტორიაზე შეშვებას. სტალინმა ფინელებს საზღვრის გადაწევა შესთავაზა, სანაცვლოდ კარელიაში ტერიტორიებს სთავაზობდა, ფინელები ამბობდნენ, რომ ისინი თავის ტერიტორიაზე გერმანელებს არ შეუშვებდნენ. სტალინმა მათ სავსებით ლოგიკურად უთხრა - თქვენ არავინ არაფერს არ შეგეკითხებათო.

ასე რომ, თუ ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში დიდი ომი დაიწყო, საქართველოს არც ნატო, არც აშშ და არც რუსეთი არაფერს შეეკითხება. საქართველო არ იქნება იმ ქვეყნებს შორის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ეს ეხება ყველა პატარა სახელმწიფოს, რომლებიც ამ რეგიონში არიან. სხვათა შორის, ამ სახელმწიფოების ტრაგედიაც ესაა. როცა დიდი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები ერთმანეთს ეჯახებიან, მსხვილი მოთამაშეების ბედი წყდება, ხოლო დიდი მოთამაშეებისათვის პატარა ქვეყნების ბედი ყველაზე დიდი პრობლემა ნამდვილად არაა.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ საქართველოს საზოგადოებისა და მთავრობის შეშინებას დიდი ომით ცდილობთ. მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს რუსეთიდან მხოლოდ ერთი რამ ესმის - ჩვენ ძლიერი ბიჭები ვართ და თქვენ ისე მოგექცევით, როგორც მოგვინდება...

- მარტო რუსეთი არაა ძლიერი ბიჭის როლში, ასეთები არიან ამერიკელები, ჩინელები...

- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ჩინეთს რუსეთთან სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ, არც ერთი მათგანი რუსეთთან ომს არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში ამაზე არც ვაშინგტონი და არც პეკინი არ საუბრობს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი თავის სამხედრო ძალებს არ აძლიერებენ. რაც კარგად ჩანს ისაა, რომ ისინი არჩევანს ეკონომიკისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე აკეთებენ, რაც გამოსდით კიდეც. იმის გამო, რომ რუსეთს ამ სფეროებში არ შეუძლია მათთან კონკურენცია, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთს თავად ძალიან სურს მათთან სამხედრო-პოლიტიკური კონფრონტაცია...

მოდით ისევ ჩვენი საუბრის თემას დავუბრუნდეთ... ბორჯომის შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა თქვენმა რუსმა კოლეგამ სერგეი მარკედონოვმა . მისი დაკვირვებით, ქართველების დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის მიმართ ასეთია "отболело", მეტიც - იგი კმაყოფილებას გამოთქვას იმის გამო, რომ ახლა ქართველები უკრაინელების, აზერბაიჯანლებისა და მოლდოველებისაგან განსხვავებით, მზად არიან რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემები ”კონსტრუქციულ ატმოსფეროში” განიხილონ.

თქვენი დაკვირვებითაც ასეა - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის ტკივილისგან ქართული საზოგადოება ”განკურნებულია”?

- მე ქართველების ნაცვლად არ ვისაუბრებ. არა მგონია, ასე იყოს. ასე მგონია, მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიური კვლევებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემები ქართული საზოგადოების ნაწილისთვის პირველი ადგილიდან მეორე-მესამე ადგილზეა გადანაცვლებული. მე მაინც გადაჭარბებული მგონია ამგვარი მტკიცება.

ჩემი აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემები თვალსაწიერ მომავალში საკმაოდ დიდხანს იქნება აქტუალური. თუმცა, 3-4 თაობის შემდეგ ახალი თაობა ამ საკითხებზე სხვაგვარად იმსჯელებს. დარწმუნებული ვარ, იმ დროისთვის სხვა სიტუაცია იქნება და სხვა თემები უფრო აქტუალური იქნება. საქმე იმაშია, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ახლა ფულის შოვნაზე უფროა ორიენტირებული, ეს თემები ასე შეუმჩნევლად არ გაქრება დღის წესრიგიდან.

ამ თვალსაზრისით, ყველაზე დიდი უკმაყოფილება რუსეთის მიმართ 90-იანი წლების მეორე ნახევარში იყო, როცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საქართველოს კონტროლი დაკარგული ჰქონდა. მაშინ ამგვარი განწყობა ქართულ-რუსულ დისკუსიებზეც აისახებოდა. ახლა მართლაც ბევრად მშვიდ გარემოშია შესაძლებელი ქართველ კოლეგებთან საუბარი. ვთქვი, მაგრამ ახლაც გავიმეოერებ, ყარაბაღის გამო აზერბაიჯანელ კოლეგებთან საუბარი იმის გამოა მძიმე, რომ როგორც ჩანს, აზერბაიჯანში ყარაბაღის გამო ტკივილი ჯერაც არ განელებულა. ყარაბაღის თემაზე აზერბაიჯანელები გაცილებით ემოციურად საუბრობენ, ვიდრე ქართველები აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე.

- იგივე მარკედონოვის აზრით, თბილისს მოსკოვისაგან დათმობების მოლოდინი აქვს, მაგრამ რუსეთს ახლა უფრო დიდი გამოწვევები აქვს, ვიდრე საქართველოა. ვინაიდან რუსეთი და საქართველო ”სხვადასხვა განზომილებებია”, ახლა რუსეთისათვის ქართული თემატიკა პირველხარისხოვანი არაა.

თქვენი დაკვირვებით რა მოლოდინები აქვს თბილისს მოსკოვთან დაკავშირებით?

- ვერ გეტყვით, ეს სჯობია თავად სერგეი მარკედონოვს ჰკითხოთ. მე ერთ რამეს გავიხსენებდი - ”ხალხთა მეგობრობის” ინსტიტუტში სულ ახლახან გამოიცა პოლიტიკის ისტორიის სახელმძღვანელო. მასში საინტერესოა სახელმწიფოების დაყოფაზე მსჯელობა. კავკასიაზე საუბრისას მასში ნათქვამია, რომ კავკასიაში ორი სახელმწიფოა - აზერბაიჯანი და სომხეთი. ეტყობა ასე იმიტომაა მიჩნეული, რომ ფორმალურად საქართველო დსთ-დან გასულია, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი დსთ-ს წევრები არიან. ახლა რუსეთისთვის ყველაზე აქტუალურია ევრაზიული ეკონომიკური პროექტი, ამ თემას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ყურადღებაც ექცევა.

ვითარებაში, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, გაურკვეველია რა სახით შეიძლება იყოს ჩართული მასში საქართველო. ახლა რუსეთისთვის უფრო აქტუალურია იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობა, რომლებიც ევრაზიული კავშირის ფარგლებში ჩართული არიან ამ პროცესში. საქართველოს განვითარების სხვა ვექტორი აქვს არჩეული, ამიტომ მის მიმართაც განსხვავებულია დამოკიდებულება.

- სხვათა შორის, ამას წინათ ბატონმა ზურაბ აბაშიძემ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ყოვნდება შვეიცარული კომპანიის მიერ აფხაზეთსა და სამხრთ ოსეთში ტვირთების ბრუნვაზე მონიტორინგის პროცესი. მეტიც, სწორედ ამის ფონზე დაიწყეს სოხუმმა და ცხინვალმა ადმინისტრაციულ საზღვართან საბაჟო პუნქტების მშენებლობა, რასაც ადრინდელი რუსულ-ქართული შეთანხმება არ ითვალისწინებდა...

- საქმე იმაშია, რომ სოხუმსა და ცხინვალს პრეტენზიები აქვთ ამ შეთანხმების მიმართ და ისინი მოითხოვენ მათი როლი ტრანზიტზე შეთანხმებაში იყოს აღწერილი. ისინი ამით თავისი სუვერენიტეტზე ყურადღების მიქცევას და იმაზე მითითებას ცდილობენ, რომ თავად არიან საერთაშორისო მოთამაშეები.

საქმე იმაშია, რომ მოსკოვი ყოველთვის იმას ვერ აკეთებს, რაც უნდა. ასე რომ იყოს, ამგვარი საკითხები დღის წესრიგში არ დადგებოდა. ფაქტია, მათ თავისი ინტერესი აქვთ და უნდათ იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები მათ შორის რუსეთისაგან. იმავდროულად, მათი განვითარების ვექტორი რუსეთისკენაა მიმართული. საქართველოს განვითარების სხვა ვექტორი აქვს არჩეული. განსხვავებაც ამაშია.

- გინდათ დამარწმუნოთ, რომ რუსეთი სოხუმსა და ცხინვალს ვერ აკონტროლებს?

- სოხუმსა და ცხინვალს რიგ საკითხებში სხვაგვარი მიდგომა აქვთ და ამიტომ გადაწყვეტილების მოძებნა ხშირად ჭირს...

- ექსპერტთა დონეზე ახლა ყველაზე აქტუალური და განხილვადი რა თემებია?

- ისევ ეკონომიკაში ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი ენერგეტიკული და ტრანზიტთან დაკავშირებული თემები. ქართველი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენამ მაქსიმუმს მიაღწია და შემდგომ ვერ განვითარდება.

არადა, თუ ენგურჰესთან დაკავშირებული პრობლემები არ მოწესრიგდა, შესაძლოა კაშხალი ჩამოიშალოს, რამაც შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფაც კი გამოიწვიოს. ამიტომაცაა რომ ვამბობ, ამ სფეროებში თანამშრომლობა აუცილებელია. ეს ყველას ინტერესებშია, მათ შორის აფხაზების, ქართველების და რუსების.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრით მოსკოვი ცდილობს თბილისმა თავად აღიაროს ის რეალობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დადგა და მოსკოვი მე-8 წელია საქართველოსგან აღიარებას ითხოვს...

- ამგვარი მოსაზრება საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ამის ალტერნატივა როგორია?

- ალტერნატივაზე თქვენ ირიბად, მაგრამ მაინც უკვე მიუთითეთ - თუ საქართველომ რუსული წინადადებები არ მიიღო, აქ ერაყი და სირია იქნება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ”ისლამური სახელმწიფო” პრაქტიკულად განადგურებულია, სირიის გამო კი გლობალური ომის დაწყებას არავინ აპირებს...

- არავინ ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს უფლება თავად განსაზღვროს თავისი განვითარების ვექტორი. ეს მისი არჩევანია. ასეთ ვითარებაში თქვენ გათვლილი უნდა გქონდეთ ამის შედეგები, ის, თუ რას მოიგებთ და რას წააგებთ და ისიც, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს. მოგებები მეტი გექნებათ თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. ვნახოთ, რა იქნება 20-30 წლის შემდეგ.

- თქვენ პრაქტიკულად იმეორებთ იმას, რასაც საქართველოს კრემლი ეუბნება, თქვენი ინსტიტუტი ისევეა მჭიდრო კავშირში კრემლთან, როგორც ატლანტიკური საბჭო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან და თეთრ სახლთან. თქვენ კი აშკარად ცდილობთ იმას, რომ თბილისმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა აღიაროს...

- ჩვენ საქართველოში გვყავს პარტნიორები და მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. საერთოდ, თუ გაეცნობით ჩვენი ინსტიტუტის პროგნოზს 2035 წლამდე, იქ ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ.

როგორც გითხარით, მასზე ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან, კერძოდ ატლანტიკური საბჭოს ექსპერტებთან ერთად ვიმუშავეთ. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ არ მხოლოდ ქართველ, არამედ ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებთან. ასე რომ, საქართველო არაა მსოფლიოს ცენტრი.

- საქართველო ნამდვილად არაა მსოფლიოს ცენტრი, მაგრამ არც რუსეთია დღეს იმ მდგომარეობაში, რომ სხვებს თავისი პირობები წაუყენოს. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თქვენივე რუსი კოლეგებიც აღარ უარყოფენ იმას, რომ მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთის წილი 2%-ზე ოდნავ ნაკლებია, მაგრამ ისე ხმაურობს, თითქოს ეს მაჩვენებელი 20, ან 30%-იანი ჰქონდეს...

- ჩვენი ექსპერტების გარკვეული ნაწილი კი ფიქრობს ასე, მაგრამ მე ამ მონაცემების არ მჯერა. თუ ჩვენივე ოფიციალური სტატისტიკით ვიხელმძღვანელებთ, მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთის წილი შესაძლოა ნაკლებიც კი გამოვიდეს. ჩვენთან მართლაც რთული რეალობაა და ესეც გასათვალისწინებელია.

- თქვენს ქართველ კოლეგებთან შემდეგი შეხვედრა როდის გექნებათ?

- ბორჯომში გამართული ღონისძიება გახლდათ შემაჯამებელი შეხვედრა. ბორჯომის შეხვედრაზე ითქვა, რომ ახლა მზადდება შემდეგი შეხვედრების თემატიკა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქართველ და რუს ექსპერტთა ამ ტიპის შეხვედრები საკმაოდ სასარგებლოა მხარეებს შორის პოზიციების დასაახლოებლად.

მეც ვთვლი, რომ ისინი მართლაც სასარგებლოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მტერზეც უნდა იცოდე ბევრი რამ, მე იმედი მაქვს საქართველო და რუსეთი მტრები არ იქნებიან და ჩვენს ურთიერთობებს ნორმალურ კალაპოტში მოვაქცევთ.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა