გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ბუნდოვანია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მომავალი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა

- ბატონო ზურაბ, ვინც თვალს ადევნებს საერთაშორისო ურთიერთობებს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიმდინარეობა ნამდვილად არ გამორჩებოდა.

კონფერენციაზე მეტად საინტერესო დისკუსიები გაიმართა, მაგრამ საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოსვლა.

თქვენ როგორ შეაფასებდით მიუნხენის 2018 წლის უსაფრთხოების კონფერენციას?

- საერთაშორისო უსაფრთხოების თემები „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც ახლაა. არაერთი გლობალური მასშტაბის პრობლემა დგას საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ პლანეტაზე.

2018 წელს საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ პრობლემათა ნაწილი შესაძლოა მოგვარებისკენ წავიდეს, ნაწილი კი გაღრმავდეს და კატასტროფული შედეგები დადგეს

კონკრეტულად კი ესენია: ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის არსებული დაპირისპირება, საუდის არაბეთ-ირანის ქიშპობა, სირიის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და ესკალაცია, ირან-ისრაელის ანტაგონიზმი, ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, ნატო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა, საერთაშორისო ტერორიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ჰიბრიდული ომები, კიბერუსაფრთხოების თემები და ა.შ.

მხარეთა რეალური დაინტერესების შემთხვევაში 2018 წელს საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ პრობლემათა ნაწილი შესაძლოა მოგვარებისკენ წავიდეს, ნაწილი კი გაღრმავდეს და კატასტროფული შედეგები დადგეს. სწორედ ამიტომ აქტუალურია მიუნხენის წლევანდელი კონფერენცია, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში შემავალი საკითხების განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება.

- როგორ შეაფასებდით რუსეთის მიდგომებს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში შემავალი საკითხების მიმართ? რითი ხვდება რუსეთი მიუნხენის 2018 წლის კონფერენციას?

- „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დასავლეთში ბევრს ეგონა, რომ მოსკოვში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებოდნენ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს. ამ რწმენით განმსჭვალულებმა მათ თვალი დახუჭეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და არ გაითვალისწინეს აღმოსავლეთ ევროპელების, მათ შორის ქართველების გაფრთხილებები.

დასავლეთში რეალურად მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როდესაც პრობლემები ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის სახით მათ გეოგრაფიულადაც მიუახლოვდათ. დასავლეთის გამოფხიზლების ერთ-ერთ ნიშნად უნდა მივიჩნიოთ 2017 წელს ნატოს სამხედრო ბაზების განთავსება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. მართალია, თითოეულ ამ ბაზაზე მხოლოდ 1000-1000 ნატოელი ჯარისკაცია განთავსებული და მოკლევადიანი კონვენციური დაპირისპირების შემთხვევაში მათ რუსეთი აჯობებთ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით - მოსკოვს არაერთხელ მოუწევს დაფიქრება, თუ ამ მიმართულებით მოქმედებას დაიწყებს, რადგან იგი დაუპირისპირდება არა 1 მილიონიან ესტონეთს, არამედ უშუალოდ ნატოს სამხედრო კონტიგენტს, სადაც გრძელვადიან კონფლიქტში გამარჯვების შანსები თითქმის არ გააჩნია.

რუსეთს აქვს საერთაშორისო წესრიგის მიმართ ძალიან განსხვავებული მიდგომები და იდეები, რაც ძალიან ახლოსაა „ცივი ომის“ დროინდელი სამყაროს აღქმასთან, სადაც ამომავალი პრინციპი გავლენათა სფეროების გადანაწილება იყო

რუსეთს აქვს საერთაშორისო წესრიგის მიმართ ძალიან განსხვავებული მიდგომები და იდეები, რაც ძალიან ახლოსაა „ცივი ომის“ დროინდელი სამყაროს აღქმასთან, სადაც ამომავალი პრინციპი გავლენათა სფეროების გადანაწილება იყო. რუსეთის ჩართულობა უკრაინისა და სირიის კონფლიქტებში, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და ყირიმის ოკუპაცია, ზოგადად კონფრონტაცია დასავლეთთან და „დერჟავნიკობა“ სწორად ასეთი მიდგომის შედეგია. ამასთან, მოსკოვი სათავისოდ იყენებს დემოკრატიული სამყაროს შიდა პრობლემებს, იქნება ეს „ბრექსიტი“ თუ კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი და ერევა საარჩევნო კამპანიებში.

2017 წლის დეკემბერში რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსების 72 %-ს მიაჩნია, რომ მათი ქვეყანა სუპერძალაა. 1999 წლის გამოკითხვებით, ეს მაჩვენებელი 31% იყო. ერთი შეხედვით, რუსეთი შესაძლოა, ძლიერად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურად მისი ეკონომიკა ესპანეთის ეკონომიკის ზომისაა და მსოფლიოში პირველ ათეულშიც ვერ შედის.

გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ბუნდოვანია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მომავალი. ზუსტად ვერავინ იტყვის, მომავალში ერთმანეთთან რამდენად შესატყვისობაში იქნება მოსკოვის ამბიციები და მისი რეალური ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელზეც დამოკლეს მახვილივით კიდია დასავლური სანქციები

მისი სამხედრო „წარმატებები“ ძალების უდიდესი დაძაბვის შედეგადაა მიღწეული და მხოლოდ სუსტ ქვეყნებთანაა შესაძლებელი. მოსკოვისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სირიის კონფლიქტში ჩართულობა - რუსეთი „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ პირველად გასცდა პოსტსაბჭოთა სივრცეს. ამასთან, იგი ტაქტიკური თვალსაზრისით წარმატებული გამოდგა. ფაქტობრივად მისმა ჩართვამ კონფლიქტში შემოაბრუნა სიტუაცია და ასადის რეჟიმი გარდაუვალ დამარცხებას გადაურჩა.

ყოველივე ამის მიუხედავად, გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ბუნდოვანია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მომავალი. ზუსტად ვერავინ იტყვის, მომავალში ერთმანეთთან რამდენად შესატყვისობაში იქნება მოსკოვის ამბიციები და მისი რეალური ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელზეც დამოკლეს მახვილივით კიდია დასავლური სანქციები.

- რა ხდებოდა უშუალოდ კონფერენციაზე? რა პოზიციები დაფიქსირდა რუსეთთან მიმართებაში?

- ბუნებრივია, ყველა ქვეყანამ ისაუბრა საკუთარი უსაფრთხოების პრობლემებზე. ყველას მიაჩნია, რომ მისი პრობლემებია უმთავრესი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ თეორიას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ქაოსია გამეფებული, სადაც წესრიგის ნიშნები ნაკლებად შეიმჩნევა.

საერთაშორისო ურთიერთობებში ქაოსია გამეფებული, სადაც წესრიგის ნიშნები ნაკლებად შეიმჩნევა

რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნების პოზიციებს, გასაგები მიზეზების გამო ცხადია, რომ ამ მომენტისთვის რუსეთის თემატიკა ყველაზე მტკივნეული უკრაინისთვისაა. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას უმთავრესი ყურადღება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს დაეთმო. მან ისაუბრა მოსკოვის მიერ ორგანიზებულ ჰიბრიდულ და კიბერ შეტევებზე, ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ყირიმის, დონბასისა და დნესტრისპირეთის გაჩანაგებაზე. პოროშენკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა და ღია დატოვონ ევროკავშირისა და ნატოს კარი.

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჰერბერტ მაკმასტერის განცხადებით, სწორედ მოსკოვი და თეირანი უქმნიან საფრთხეს საერთაშორისო სტაბილურობასა და მშვიდობას

რუსეთის კრიტიკა ლაიტმოტივად გასდევდა ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჰერბერტ მაკმასტერის გამოსვლას, სადაც მან რევანშისტული ძალები დაადანაშაულა 2008 წელს საქართველოში შეჭრაში. მისი შეფასებით, სწორედ მოსკოვი და თეირანი უქმნიან საფრთხეს საერთაშორისო სტაბილურობასა და მშვიდობას.

მან რუსეთი აშშ-ს მიმართ კიბერშეტევების ორგანიზებაშიც დაადანაშაულა, რისი მიზანიც ამერიკული საზოგადოების გახლეჩვა და ურთიერთდაპირისპირებაა. თუმცა მაკმასტერმა იქვე დასძინა, რომ ეს მცდელობები უკვე აღარ მუშაობს, რადგან, ტექნიკური თვალსაზრისით უკვე შესაძლებელია დეზინფორმაციის წყაროს დადგენა და ე.წ. „ტროლების“ გაშიფვრა. ამიტომ შედეგი სრულიად საპირისპირო დადგა - მთელი ამერიკული საზოგადოება გაერთიანდა მოსკოვის ამ ქმედებების წინააღმდეგ.

ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში პრობლემების რაოდენობა და ხარისხი მუდმივად მატულობს. სირიის კონფლიქტი ახალ, კიდევ უფრო საშიშ ფაზაში გადადის... ასეთ ფონზე კი დიდია ამ ძალებს შორის პირდაპირი კონფრონტაციის დაწყების რისკი

ასეთ ფონზე საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოსვლა, რომელსაც ახალი ფაქტობრივად არაფერი უთქვამს. მან ტრადიციულად ისაუბრა ნატოს „აგრესიულ“ გაფართოებაზე აღმოსავლეთის მიმართულებით, ფაშისტების მოკავშირეებად მოიხსენია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილი და კიევი სამშვიდობო პროცესის საბოტაჟში დაადანაშაულა. ამასთან, ლავროვს კონფერენციის ფარგლებში უხერხული კითხვების მოსმენა მოუწია მოსკოვის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევისა და ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებზე ზეწოლის გამო და საბოლოო ჯამში საკუთარი გაღიზიანება და აგრესიულობა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა ვერც დამალა.

- საინტერესოა რა ითქვა კონფერენციაზე ახლო აღმოსავლეთის პრობლემებთან დაკავშირებით?

- მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში პრობლემების რაოდენობა და ხარისხი მუდმივად მატულობს. სირიის კონფლიქტი ახალ, კიდევ უფრო საშიშ ფაზაში გადადის, სადაც დაინტერესებული მხარეები - აშშ, რუსეთი, ირანი, თურქეთი და ისრაელი უკვე მოქმედებენ არა ე.წ. "Proxy"-ების (ადგილზე მოკავშირეები) საშუალებით, არამედ უშუალოდ თვითონ ერთვებიან საომარ მოქმედებებში. ასეთ ფონზე კი დიდია ამ ძალებს შორის პირდაპირი კონფრონტაციის დაწყების რისკი.

მიუნხენში გამართულმა მწვავე დისკუსიამ აჩვენა, რამდენად სერიოზულადაა გაზრდილი დაძაბულობის დონე რეგიონის ქვეყნებს შორის. ისინი არ ენდობიან ერთმანეთს და განვითარებულ მოვლენებს ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებულად აღიქვამენ, რის გამოც სიტუაცია საკმაოდ ფეთქებადსაშიში ხდება

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჰერბერტ მაკმასტერმა საკუთარ გამოსვლაში რუსეთის გარდა მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ირანის თემატიკას. მან ისაუბრა ირანის მზარდ გავლენაზე სირიაში, იემენსა და ერაყში. მან თეირანი რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში, მილიტარიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა. მაკმასტერმა იქვე დასძინა, რომ თეირანის წინააღმდეგ ქმედებების დაწყების დროა. ეს კი მოგეხსენებათ, არაერთ საფრთხესა და რისკს შეიცავს მთელი რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც.

კიდევ უფრო მკაცრი იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც საკუთარი გამოსვლისას გასულ კვირას ისრაელის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული ირანული უპილოტო სათვალთვალო თვითმფრინავის ნაწილები წარმოადგინა. მისი სიტყვებით, ისრაელი არ დაუშვებს ირანის მიერ სამხედრო ბაზების დაარსებას სირიაში და წინ აღუდგება არა მხოლოდ თეირანთან აფილირებულ ჯგუფებს, არამედ თავად ირანსაც. ისრაელის მსგავსი პოზიცია დაიკავა ირანის ტრადიციულმა მოწინააღმდეგემ საუდის არაბეთმა, რომელმაც თეირანი საერთაშორისო ტერორიზმის ხელშეწყობასა და რეგიონში სექტარიანული დაპირისპირების გაღვივებაში დაადანაშაულა.

ირანმა პირიქით, საკუთარი მოწინააღმდეგენი დაადანაშაულა დაძაბულობის გაღვივებაში და სერიოზული საპასუხო ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა.

საკუთრივ ეს დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთისთვის ახალი არაა, მაგრამ მიუნხენში გამართულმა მწვავე დისკუსიამ აჩვენა, რამდენად სერიოზულადაა გაზრდილი დაძაბულობის დონე რეგიონის ქვეყნებს შორის. ისინი არ ენდობიან ერთმანეთს და განვითარებულ მოვლენებს ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებულად აღიქვამენ, რის გამოც სიტუაცია საკმაოდ ფეთქებადსაშიში ხდება.

- საინტერესოა, რა იყო პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს ევროპული ქვეყნების ლიდერებმა?

- ცხადია, მათაც ისაუბრეს რუსეთთან და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს საკუთარ გამოსვლაში ახალი ფაქტობრივად არაფერი უთქვამს

ევროპის ქვეყნებს სურთ ჰქონდეთ ძლიერი თავდაცვის პოლიტიკა, რათა შეძლონ საფრთხეებთან გამკლავება. მაგრამ საფრთხეებთან დაკავშირებით მათ ჯერ კიდევ განსხვავებული აღქმა გააჩნიათ.

ისტორიულად საერთაშორისო ურთიერთობებში საფრთხეების აღქმისას განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება უცხო არაა ერთმანეთის მეგობრებად მიჩნეულ ქვეყნებს შორის. მაგალითად, 2 წლის წინ გამართულ იგივე მიუნხენის კონფერენციაზე გერმანია მთავარ საფრთხედ უკანონო მიგრაციას მიიჩნევდა, მაშინ როცა საფრანგეთი უმთავრეს საფრთხედ საერთაშორისო ტერორიზმს ასახელებდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ამჯერად ისაუბრა რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიაზე, რომელთა მიზანიც, მისი შეფასებით, განხეთქილების შეტანაა ევროკავშირში და მაგალითად უნგრეთის შემთხვევა მოიტანა.

პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ პოლონეთის უშუალო საფრთხედ მხოლოდ რუსეთი მიიჩნია.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ისაუბრა საკუთარ ევროპულ იდეაზე, რომლის მთავარი პრინციპია „ერთობა განსხვავებულობაში“ და ყურადღება გაამახვილა საერთო იუდეულ-ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა დაასაბუთა ევროპული თავდაცვითი სისტემის გაძლიერების აუცილებლობა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი სეკულარული სახელმწიფოა და არ გაიზიარა ავსტრიელი კოლეგის მოსაზრებები.

საინტერესო იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გამოსვლა. მან ისაუბრა იმაზე, თუ სად ხედავს დიდი ბრიტანეთის ადგილს „ბრექსიტის“ შემდეგ. მისი შეფასებით, ბრიტანეთისა და ევროკავშირის უსაფრთხოება ერთმანეთზეა დამოკიდებული და მხარეებს სჭირდებათ თანამშრომლობა.

მეიმ ამ მიზნით წამოაყენა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებში სპეციალური ხელშეკრულების გაფორმების წინადადება. მისი სიტყვებით, ოფიციალური ლონდონი მომავალშიც აპირებს გააგზავნოს საკუთარი სამხედრო კონტიგენტი ევროკავშირის სამხედრო ოპერაციებში და ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის საგარეო დახმარების პროგრამების დაფინანსების საქმეში. მეიმ იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ისეთ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთის მიმართ მოქმედი სანქციების თემა.

- მიუნხენის კონფერენციაში საქართველოს დელეგაციამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა. როგორც ვიცით, ქართულ დელეგაციას მიუნხენში არაერთი ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა.

თქვენი დაკვირვებით, რა შედეგებით დასრულდა მიუნხენის კონფერენცია საქართველოსათვის?

- საერთასშორისო დონის კონფერენციები კარგი საშუალებაა ორმხრივი შეხვედრების ორგანიზებისთვის, რადგან იქ ბევრი ქვეყნის ლიდერი იკრიბება. ორმხრივი შეხვედრების გარდა კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, რაც მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნისა და ხედვების წარმოჩენის მიზნით.

ორმხრივი შეხვედრების გარდა კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, რაც მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნისა და ხედვების წარმოჩენის მიზნით

ამავე დროს ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა 2019 წლის მიუნხენის კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრა საქართველოში გაიმართოს. ამ მიმართულებით ქართულ დიპლომატიას ინტენსიური მუშაობა მოუწევს მიმდინარე წელს.

- საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით ასეთ არამდგრად სიტუაციაში როგორი მდგომარეობაა საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში და რამდენად პასუხობს იგი არსებულ გამოწვევებს?

- ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის გარშემო მართლაც მნიშვნელოვნად გაუარესდა უსაფრთხოების გარემო. ჩატაევის შემთხვევამაც აჩვენა, რომ რუსული საფრთხის გარდა გაზრდილია ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული საფრთხეების რაოდენობა და ხარისხი.

ასეთ ფონზე გასულ წელს გაუქმდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, წელს კი უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო. შესაბამისად, ქვეყანაში აღარ რჩება უსაფრთხოების სფეროს მაკოორდინირებელი ორგანო, სადაც კოორდინაციის გარდა უნდა კეთდებოდეს სიტუაციური ანალიზი, მუშავდებოდეს რეკომენდაციები და იქმნებოდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონცეპტუალური დოკუმენტები

ასეთ ფონზე გასულ წელს გაუქმდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, წელს კი უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო. შესაბამისად, ქვეყანაში აღარ რჩება უსაფრთხოების სფეროს მაკოორდინირებელი ორგანო, სადაც კოორდინაციის გარდა უნდა კეთდებოდეს სიტუაციური ანალიზი, მუშავდებოდეს რეკომენდაციები და იქნებოდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონცეპტუალური დოკუმენტები.

ასე მაგალითად, წელს ვადა გასდის „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტს“, რომელიც ახდენს საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათი რეალიზების შესაძლო სცენარების, ალბათობების და შედეგების ანალიზს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორ და რომელი ორგანოს მიერ მოხდება მისი განახლება. შექმნილ სიტუაციაში ვფიქრობ, უპრიანია უსაფრთხოების სფეროს მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა