ნუ მოუსმენთ იმ ხალხს, ვინც ცდილობს თქვენში მოტივაცია მოკლას და გაიძახის, რომ საქართველო არასდროს გახდება ნატოს წევრი

ივლისში, ბრიუსელში ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართება. რას უნდა ველოდოთ სამიტისგან, როგორია ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები, რა გზები არსებობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და რა წარმოადგენს ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმი შის ესაუბრა.

- თქვენ რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფებით. გამართეთ არაერთი ოფიციალური შეხვედრა. უპირველესად მინდა გკითხოთ, რა მესიჯი ჩამოიტანეთ საქართველოს ნატო-სგან?

- მე სამი ძირითადი მესიჯი ჩამოვიტანე. პირველი, საქართველომ უნდა განაგრძოს ის გზა, რომელსაც ადგას. ნატო-ბუქარესტის სამიტიდან 10 წელი გავიდა, როდესაც ვალდებულება ავიღეთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ზოგჯერ რაღაცების განხორციელებას დრო სჭირდება. ამიტომაც, საქართველო უნდა მიჰყვეს ამ გზას, კონცენტრირდეს და არ იყოს იმედგაცრუებული. საქართველომ არ უნდა მოუსმინოს იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ ეს არასოდეს მოხდება. მე კარგად მახსოვს, თავის დროზე როგორ ამბობდნენ, რომ დასავლეთ ბერლინი არასოდეს გახდებოდა ნატო-ს ნაწილი ან ჩვენ ვერ დავიცავდით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეალობაა. ნუ მოუსმენთ იმ ხალხს, ვინც ცდილობს თქვენში მოტივაცია მოკლას.

მეორე მესიჯია, განაგრძეთ ის კარგი მუშაობა, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. საქართველოს უზარმაზარი პროგრესი აქვს. პირველ რიგში, თავდაცვის რეფორმის კუთხით. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ეხმარება საქართველოს თავდაცვის რეფორმის გატარებაში. საქართველოში ძალიან ბევრი ნატო-ა. მე თბილისში ნატო-ს თითქმის იმდენ კოლეგებს ვხედავ, რამდენსაც ბრიუსელში. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს და განაგრძოს ის კარგი მუშაობა, რომელსაც აქამდე ახორციელებს.

მესამე მესიჯი კი ის არის, რომ ნატო-ს წევრობა ეს პოლიტიკური ფაქტორის საკითხია და არა მხოლოდ თავდაცვითი და სამხედრო ფაქტორის საკითხი. ის ეხება დემოკრატიასა და დემოკრატიულ ფასეულობებს. საქართველოს ამ კუთხით დიდი პროგრესი აქვს.

- თქვენ ახსენეთ ბუქარესტის სამიტი, რომელიც 10 წლის წინ შედგა. 10 წლის წინ ასევე, რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. ბუქარესტის სამიტი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, ვინაიდან იმ სამიტზე ნატო-მ პირობა დადო, რომ საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი გახდება. 10 წლის თავზე საქართველოს არ გააჩნია კონკრეტული და ხელშესახები დოკუმენტი, ვგულისხმობ, წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP). ნატო-სგან მხოლოდ დაპირებები გვესმის. ივლისში, ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება. რას უნდა ელოდოს საქართველო ამ სამიტისგან და როდის მოხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობებში გარღვევა?

- ჩემი აზრით, ნატო-საქართველოს ურთიერთობებში არის ხელშესახები შედეგები. არ არის ისე, რომ ნატო მხოლოდ დაპირებებს იძლეოდეს. ნატო აქ, საქართველოშია. მე ვახსენე უკვე ნატო-ს ის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში არიან. თქვენს ქვეყანაში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ფუნქციონირებს, ასევე, საქართველოში ხშირად ჩამოდიან ნატო-ს წარმომადგენლები, სამხედროები, პარლამენტარები. ნატო დიდი დოზითაა ჩართული საქართველოში. ჩვენ ვატარებთ ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებს. 2019 წელს ასევე იგეგმება კიდევ ერთი სამხედრო წვრთნების ჩატარება. რაც შეეხება წევრობის სამოქმედო გეგმას, მართალი ბრძანდებით, საქართველოს ფორმალურად არ გააჩნია ეს გეგმა, მაგრამ საქმის მხრივ, ჩვენ ყველაფერ იმას ვახორციელებთ, რასაც ეს გეგმა ითვალისწინებს. იცით, თქვენ შეგიძლიათ ან თავიდან გქონდეთ სამოქმედო გეგმა და მის ფარგლებში ყველაფერი განახორციელოთ ან კიდევ ჯერ ყველაფერი განახორციელოთ და ბოლოს ნატო-ში წევრობის გეგმა მიიღოთ. საქართველო ძალიან დიდ სამუშაოს ახორციელებს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ თუ წევრობა არ არის, ეს სტაგნაციას ნიშნავს. ეს არასწორი მიდგომაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველო და ნატო სწორი მიმართულებით მიდიან. რაც შეეხება ნატო-ს სამიტს, რომელიც ივლისში, ბრიუსელში გაიმართება, ჩვენ ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. თუ რა ფორმატში მოხდება ამის აღიარება, ჯერ არ ვიცი, ამაზე მუშაობა მიდის. ბრიუსელში გასამართ ნატო-ს სამიტზე ჩვენ კვლავ დავაფიქსირებთ, რომ ნატო-ს კარები ღიაა და საქართველო იქნება ნატო-ს წევრი დროთა განმავლობაში.

- ვინაიდან ჩვენ შევეხეთ ნატო-ში საქართველოს წევრობის საკითხს, მინდა გკითხოთ იმ ინიციატივაზე, რომელიც „ჰერიტიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა ლუკ კოფიმ დაწერა. მისი თქმით, „ნატო-მ უნდა შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას, თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატო-ში და მხოლოდ ნატო-ს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს იქამდე, ვიდრე კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება“. როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას და რამდენად განხორციელებადია ის? მოგეხსენებათ, რომ ნატო-ს შიგნით არის ქვეყნები, ვისაც არ სურს საქართველოს ნატო-ში მიღება იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთს ოკუპირევბული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და საქართველოს ნატო-ში მიღებით არ სურთ რუსეთთან კონფლიქტის ახალი ტალღის მიღება.

- მე მივესალმები იმას, რომ აკადემიურ წრეებში, კვლევით ორგანიზაციებში იწერება ანალიტიკური ნაშრომები იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ ამ საკითხზე უფრო მეტი ინტელექტუალური დებატები გვჭირდება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამგვარი დებატები დაიწყო. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ამგვარი დებატების ფარგლებში გაჟღერებული ყველა იდეა კარგი იქნება. საქართველო ერთია. ერთი ქვეყანა. ერთი ტერიტორია. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ვცნობთ. ცხადია, რომ მთლიანად საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და არა საქართველოს ნაწილი. არა მგონია, რომ თვითონ საქართველო დაინტერესებული იყოს იმით, რომ მისი მხოლოდ ერთი ნაწილი გახდეს ნატო-ს წევრი. ეს თვით ნატო-ს ტრადიციებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ჩვენი წევრი ქვეყნის მთლიან ტერიტორიას ვიცავთ და არა მხოლოდ ერთ ნაწილს. რატომ უნდა უნდოდეს საქართველოს ისეთი წევრობა, რომელიც არასრულია? არა მგონია, რომ ამგვარი ზომა ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციას. ეს იდეა შეიძლება ზედაპირულად მიმზიდველი იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება ის, რასაც ბრიტანეთში ჩვენ ვეძახით „მყიდველის სინანულს“, როდესაც რამეს დიდი ენთუზიაზმით ყიდულობ, შემდეგ კი მთელი ცხოვრება ნანობ ამას. ამიტომაც ჩვენ ისეთი იდეების იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ, რომელიც კარგი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე ამ იდეას სხვა მომენტიც აქვს, რაც რუსეთის ე.წ. ვეტოს ეხება. გამოდის, რომ რუსეთს შეუძლია განსაზღვროს ამა თუ იმ ქვეყნის რომელი ნაწილი იქნება ნატო-ს წევრი. ავიღოთ უკრაინა. ეს ინიციატივა რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინასთვის, როდესაც არის დონბასი და ყირიმი? კარგია, რომ დებატები დაიწყო, მაგრამ მოდით, ეს დებატები კარგი იდეების გამოსავლენად გამოვიყენოთ.

- 10 წლის წინ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რუსეთმა ღიად გამოავლინა თავისი აგრესია და მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყო. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ რუსეთს ამისთვის დიდი ფასი არ გადაუხდია. ჩვენ დავინახეთ, რა მოჰყვა ყირიმის ანექსიას და ყირიმი იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს ოკუპირებისთვის რუსეთს დიდი ფასი არ გადაუხდია. გავიხსენოთ, თუ როგორ გადატვირთა რუსეთთან ურთიერთობები მაშინ ახალარჩეულმა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ამჟამად რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული, თუმცა რუსეთის პოლიტიკა არ იცვლება. ის კვლავ აგრესიულია. ჩემი კითხვაა, როგორ უნდა ვაიძულოთ რუსეთი შეცვალოს თავისი პოლიტიკა?

- რაც შეეხება სანქციებს, მათი ეფექტის დასანახად დროა საჭირო. სანქციები მუშაობს. საჭიროა მათი თანმიმდევრულად გატარება დიდი ხნის განმავლობაში და შედეგს აუცილებლად გამოიღებს. საბედნიეროდ, ეს პოლიტიკა დღეს ხორციელდება ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ. რუსებს ეგონათ და მათ ამის მოლოდინი ჰქონდათ, რომ სანქციები მალე გაქრებოდა, რომ აშშ, ევროკავშირი დაკარგავდნენ ენთუზიაზმს სანქციებთან მიმართებაში. ვფიქრობ, რუსები გაოცებულები არიან ჩვენი თანმიმდევრულობით. სანქციების გამკაცრება გრძელდება. გასულ კვირას აშშ-ში რუსეთის 13 მოქალაქესა და ორგანიზაციას ბრალი წაუყენეს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ, რომ 2009 წელს ნატო-მ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს მხარდაჭერა და ნატო-მ ხელი შეუწყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ამჟამად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველო უკეთ იყოს დაცული.

- მინდა აშშ-ს თემასაც შევეხო. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ში ხარისხობრივად შეიცვალა. თვალშისაცემია მხარდაჭერის ის სხვაობა, რომელიც საქართველოს აშშ-სგან ჰქონდა ობამას ადმინისტრაციის დროს და რომელიც ახლა აქვს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. სულ ახლახან ჩვენ აშშ-სგან „ჯაველინის“ კომპლექსი შევისყიდეთ და ეს დიდი გარღვევა, ვინადან ობამას პრეზიდენტობისას დე ფაქტო ემბარგო გვედო იარაღის მოწოდებაზე. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი სკეპტიკურად უყურებდა ნატო-ს, თუმცა შემდეგ აზრი შეცვალა. რას ნიშნავს ტრამპის პრეზიდენტობა ნატო-სთვის?

- პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი ერთგულება. მისი ადმინისტრაციის წამყვანმა წევრებმა, მეტისმა, ტილერსონმა, ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა, რომელიც საქართველოში იყო ვიზიტით, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ალიანსის მხარდაჭერა. დონალდ ტრამპმა გაზარდა აშშ-ს მიერ ნატო-სთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. რასაც ვხედავთ ახლა, აშშ-ს ჩართულობა ნატო-ში უფრო დიდია. მართალია, პრეზიდენტმა ტრამპმა ნატო-ს ევროპელ წევრებს მკაცრად მოსთხოვა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ობამას დროს დაიწყო. ასე რომ, პრეზიდენტად ჰილარი კლინტონი რომ აერჩიათ, აშშ მაინც წამოაყენებდა ამ მოთხოვნას.

- NDI-ს მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების 64% მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრობა ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. რას ეტყოდით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიისწრაფვის ნატო-სკენ?

- პირველ რიგში, თქვენზეა დამოკიდებული მოხდება ეს თუ არა. თუ ხელს ჩაიქნევთ და შეწყვეტთ საშინაო დავალების შესრულებას, ეს არ მოხდება. ნატო-ში წევრობა არ არის რამე ისეთი, რაც განგებით არის მონიჭებული. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. უნდა განაგრძოთ კარგი მუშაობის განხორციელება. ნატო სერიოზული ორგანიზაციაა. თუ ნატო რამეს ამბობს, ის ამას ასრულებს. ამიტომაც, ენდეთ ნატო-ს, განაგრძეთ მუშაობა სწორი მიმართულებით და ჩვენ შედეგს აუცილებლად დავინახავთ.

კახა დგებუაძე

„ინტერპრესნიუსი“

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს