თითოეული რეფორმა იმისკენაა მიმართული, რომ კითხვის ნიშნები, რაც შს სამინისტროსთან მიმართებაში დღეს არსებობს, ხვალ აღარ იყოს

თითოეული რეფორმა იმისკენაა მიმართული, რომ კითხვის ნიშნები, რაც შს სამინისტროსთან მიმართებაში დღეს არსებობს, ხვალ აღარ იყოს

მასშტაბური რეფორმების დაანონსების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და უწყების რეფორმირების კუთხით საზოგადოებას სიახლეები შესთავაზა. შეიქმნა ახალი დეპარტამენტი და იგეგმება, იმ კონკრეტული რეფორმების პრეზენტაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებსა და სტრუქტურულ ერთეულებს ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ რეფორმების დიდი ნაწილი დანაშაულზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას შეუწყობს ხელს. რეფორმების პარალელურად კი, შსს-ს წინაშე არაერთი გამოწვევაა, მათ შორის არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია. რას გეგმავს სახელმწიფო 14 წლამდე მოზარდებში დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის კუთხით, ვინ არიან ის ჯგუფები, ვინც დანაშაულის ჩამდენი 14 წლამდე მოზარდების უკან დგანან, რა საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება, რომლითაც არასრულწლოვნებისთვის ცივი იარაღის მიყიდვა შეიზღუდება და რა სიახლეები იგეგმება საზღვრის იმ მონაკვეთების გასაკონტროლებლად, რომელიც დღეისთვის უკონტროლოა, ამ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილს ესაუბრა.

- შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე რამდენიმე თვეა ახალი მენეჯმენტი ჰყავს. თავდაპირველად ზოგადი შეფასება მინდა გთხოვოთ, რა სიტუაცია დახვდა ახალ მინისტრს და მის გუნდს უწყებაში, რომლებია ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებულია და რა არის პრობლემები, რომლებიც სასწრაფოდ მოსაგვარებელია?

- ძალიან ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი დაგვხვდა ბევრი მიმართულებით, იგივე საგზაო უსაფრთხოების კუთხით და ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის მიმართულებით. ჩვენ მოვახდინეთ სიტუაციის ანალიზი და რამდენიმე მიმართულებით დავიწყეთ რეფორმა. პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით შევქმენით ახალი დეპარტამენტი, დავიწყეთ კრიმინალური, სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის რეფორმა, თუმცა ამ ნაწილში რეფორმა შეეხება ე.წ. Back Office-ს და არა Front Office-ს. სტრუქტურული რეფორმების პარალელურად დავიწყეთ შინაარსობრივი რეფორმების განხორციელება.

როგორც გითხარით, პირველ რიგში რაც გავაკეთეთ არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დეპარტამენტის შექმნა. ის, პრაქტიკულად, უკვე ფუნქციონირებს. შევარჩიეთ ის 10 თანამშრომელი, რომლებზეც კონკურსი გვქონდა გამოცხადებული. ნაწილი უკვე დავნიშნეთ. უახლოეს დღეებში დეპარტამენტი სრულად დაკომპლექტდება და ჩვენს მიერ შერჩეულ ადამიანებს საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ. მათი ნაწილი სტრუქტურის შიგნიდან შევარჩიეთ, ვინაიდან გვინდოდა ბალანსი დაგვეცვა და გვყოლოდა ადამიანები, რომლებსაც გამოძიების გამოცდილება აქვთ და იციან გამოძიების ხარისხის კონტროლი როგორ განახორციელონ, ნაწილი კი სისტემის გარედან, კონკურსის წესით შეირჩა, მათ შორის ავიყვანეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც.

- ახალი დეპარტამენტის ძირითადი და კონკრეტული ფუნქციები რა იქნება?

- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გვაქვს პროგრესი, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მკაცრი გავხდით ოჯახში ძალადობის მიმართ, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილი და წინა წლებთან შედარებით გაოთხმაგებულიც კი არის შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა და ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა არის მკაცრი, მაინც არსებობს გარკვეული გამოწვევები გამოძიების პროცესში, რასაც უფრო შეიძლება ვუწოდოთ მგრძნობელობის ნაკლებობა ამ კატეგორიის საქმეების მიმართ. შესაბამისად, იმისთვის, რომ გამოძიება გაცილებით ეფექტური გახდეს ვიდრე დღესაა, შეიქმნა ეს დეპარტამენტი. ის ძალადობის თითოეულ ფაქტს, რომელიც მის კომპეტენციაში შედის, კვალდაკვალ მისდევს გამოძიების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაზე დროულ რეაგირებას, დროულ გამოძიებას უზრუნველყოფს, ასევე გასცემს რეკომენდაციებს, განსაზღვრავს სისხლის სამართლის პოლიტიკას, ანუ მონიტორინგს განახორციელებს, თუმცა ამავე დროს ექნება ხარვეზებზე რეაგირების მნიშვნელოვანი ბერკეტები. მაგალითად, თუ დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოაჩენს, რომ გამოძიების პროცესში გარკვეული ხარვეზებია და ვთქვათ, არასრულწლოვანი გამოკითხულია კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე, ამაზე მას ექნება უფლებამოსილება, რომ მიმართოს პირდაპირ შს მინისტრს რეკომენდაციით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საქმეების გარდა სპეციალიზებული გამომძიებლები გვეყოლება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივებით ჩადენილი დანაშაულების და ტრეფიკინგის საქმეებზე. ყველა პოლიციის დანაყოფში, სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, იქნება მინიმუმ ერთი გამომძიებელი, რომელსაც გავლილი ექნება სპეციალური გადამზადება. ეცოდინება მაგალითად, როგორ უნდა გამოკვეთოს გენდერული მოტივი, რაც გარკვეულ შემთხვევაში პრობლემაა. ეს საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს იქამდე, რომ 2018 წლის ბოლომდე, ჩვენ, ის პრობლემები, რაც გამოძიებაში გვაქვს, მინიმუმამდე დავიყვანოთ.

რაც შეეხება სპეციალიზებულ გამომძიებლებს, ისინი სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან, გათვალისწინებული იქნება მათი სურვილიც, ვინაიდან არ შეიძლება ბავშვთან იმუშაოს გამომძიებელმა, რომელსაც ბავშვი არ უყვარს, ან არ შეიძლება ჰომოფობმა გამომძიებელმა იმუშაოს სექსუალურ უმცირესობებთან, შესაბამისად, ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინება მოხდება.

- საზოგადოება არაერთხელ ყოფილა ისეთი ფაქტის მომსწრე, როდესაც ოჯახში ძალადობის ან სხვა სახის ძალადობაზე პოლიციას თავდაპირველად ჰქონდა რეაგირება, გაუცია შემაკავებელი ორდერი, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა პირს დანაშაული განმეორებით ჩაედინა და ხშირ შემთხვევაში ეს დანაშაულები ფატალურად დასრულებულა. ასეთი შემთხვევების პრევენციის კუთხით რა გაკეთდება და ახალი დეპარტამენტი რამდენად იქნება ამაში ჩართული?

- თქვენს მიერ მოყვანილი შემთხვევები გამოწვეული იყო იმით, რომ დღემდე არ არსებობდა რისკის შეფასების სისტემა, რათა გამომძიებელს რისკები სწორად შეეფასებინა და შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ უკეთ განესაზღვრა, ხომ არ არსებობდა ძალადობის განმეორების საფრთხეები. ეს სისტემა ახლა უკვე შექმნილია და პრაქტიკაშია დასანერგი. ჩვენ დაახლოებით 2 თვის ვადაში უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული რისკის შეფასების სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს, რომელიც, გაცილებით უფრო დროულად და ეფექტიანად მისცემს გამომძიებელს შესაძლებლობას, ადგილზე უკეთ განსაზღვროს და შეაფასოს რისკები, იმის მიუხედავად, რომ დავუშვათ მსხვერპლმა შეიძლება უთხრას - არ მეშინია და მოითხოვოს, არ გამოიცეს შამაკავებელი ორდერი. რეალურად, დღეს პოლიციელი, ისედაც ამოწმებს ძალადობის საქმეებს - პერიოდულად უკავშირდება მსხვერპლს, მიდის ადგილზე, არკვევს, ხომ არ იყო განმეორების ფაქტები, თუმცა რისკის შეფასების ეს სისტემა, გაცილებით უფრო მეტად მოგვცემს რისკების დაზღვევის შესაძლებლობას.

InterPressNews.Ge- კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ახსენეთ საზღვარია. დაანონსებულია ამ მიმართულებით რეფორმაც. საკმაოდ ბევრი კითხვაა დაგროვილი ამ მიმართულებითაც. რას გეგმავს შსს საზღვრის უკეთ გაკონტროლებისთვის და როგორ აპირებს ისეთ პრობლემებთან გამკლავებას, როგორიცაა თუნდაც ე.წ. მწვანე ზოლი და ა.შ.

- რეფორმა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ჩვენ მოვახდინეთ საკითხების იდენტიფიცირება და განვსაზღვრეთ პრიორიტეტები - რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით იმისთვის, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. პირველი - ეს არის ტექნოლოგიების განვითარება და გაძლიერება. მეორე - ეს არის თანამშრომლების გადამზადება ძალიან ბევრი მიმართულებით. მესამე - ეს არის ადამიანური რესურსების გაძლიერება. საზღვარს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. მეოთხე მიმართულება, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, არის ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და საზღვრის ინტეგრირებული მართვა ანუ შეიქმნება ბაზები, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და საზღვრის მართვა გაცილებით უფრო ეფექტურად მოხდება. თუმცა ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ტექნოლოგიები, ტექნოლოგიები და ტექნოლოგიები, რაშიც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან და ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან ინტენსიურადაა დაწყებული.

- ამით საზღვრის ის უკონტროლო ტერიტორიები როგორ გაკონტოლდება?

- იქ, სადაც საკმარისი არაა, დამონტაჟდება გაცილებით უფრო მეტი კამერა. ასევე მოხდება სხვა მხრივ ტექნოლოგიური გაძლიერება, რაშიც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან.

- შეიძლება ითქვას, რომ რეფორმის სრულად განხორციელების შემდეგ, საზღვარზე, ყველაზე ნაკლები ე.წ. ხვრელები გვექნება?

- კი! რეალურად თითოეული რეფორმა იმისკენაა მიმართული, რომ იმ კითხვის ნიშნებმა, რაც შსს-თან მიმართებაში დღეს არსებობს, ხვალ აღარ იარსებოს.

- იგეგმება საზღვარზე არსებული პერსონალის გადამზადება, თუ შეფასდება პერსონალი და გარკვეულ ნაწილს გაუშვებთ, რის შემდეგაც ახალ კადრებს მიიღებთ?

- ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და პერსონალის გადამზადებაში იგულისხმება ის, რომ იქ, სადაც საჭიროა, ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია მოვახდინოთ, მივიღოთ ახალი კადრები და იქ, სადაც საჭიროა არსებული კადრების გადამზადება, ისინი გადავამზადოთ.

InterPressNews.Ge- საპატრულო პოლიციის რეფორმის კუთხით რა იგეგმება? Back Office-ი ახსენეთ და იყო საუბარი ასევე ე.წ. მეთორმეტე ოთახის რეფორმირებაზე...

- აქ საუბარია იმაზე, რომ ადმინისტრირების პროცესი გახდეს უფრო ეფექტიანი და ყველა იმ სერვისმა, რომელიც მოქალაქეს მიეწოდება, ერთ სივრცეში მოიყაროს თავი, რათა გაცილებით ეფექტურები ვიყოთ. საპატრულო პოლიციის Back Office-ის რეფორმირებაში სწორედ ეს იგულისხმება - ერთიანი სივრცის შექმნა. ასევე საუბარია აქაც ტექნოლოგიების გაძლიერებაზე, რაც ეხება პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებით აღჭურვას. ამჟამად მიმდინარეობს არსებული კამერების გამოცვლის პროცესი, რადგან ისინი მოძველებულიცაა და 2013 წლის შემდეგ ეს კამერები არ განახლებულა. განახლების პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ დღეს თუ ეს კამერები გაცილებით ნაკლები დროით იწერს, ხვალ უფრო მეტი დროით ჩაიწეროს და მოქალაქესა და პატრულ-ინსპექტორს შორის კომუნიკაცია მაქსიმალურად დაფიქსირდეს. ეს შედის როგორც მოქალაქის, ასევე პატრულ-ინსპექტორის ინტერესებში, რადგან ზოგჯერ, მაშინაც კი, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალი არ მიუძღვის და უფლებამოსილების გადამეტებას არ აქვს ადგილი, მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა და რაღაცების ახსნა უწევს.

- შსს-ს კადრების მთავარი შემქმნელი არის პოლიციის აკადემია, რომლის რეფორმირებაც ასევე დაანონსდა ახალი ხელმძღვანელობის მიერ. საუბარი იყო რომ აკადემია გადაიქცა უმაღლესი განათლების დაწესებულებად და რომელიც პოლიციელების გარდა, იურისტებსაც ზრდის. რას გეგმავთ აკადემიის რეფორმირების მხრივ?

- სამინისტროს აქვს ძალიან დიდი რესურსები იმისთვის, რომ მოამზადოს კვალიფიციური კადრები. უწყებაში მოსვლის შემდეგ პირველი რაც გავაკეთეთ, შევაფასეთ რესურსები, გავაანალიზეთ ის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აკადემია აღარ იყოს უმაღლესი განათლების პროვაიდერი. შესაბამისად, ის რესურსები, რომელიც გაგვაჩნია, გვინდა მთლიანად პროფესიულ განათლებას მოვახმაროთ, ვინაიდან დღეს, ამის გაცილებით მეტი საჭიროება არსებობს. გამომძიებლები, რომლებიც გვყავს, ძალიან ბევრი მიმართულებით საჭიროებენ გადამზადებას. გარდა ამისა, აკადემია უნდა იყოს ერთგვარი კარი, საიდანაც კვალიფიციური კადრები სისტემაში შემოვლენ და ეს სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა უნდა იყოს.

- ანუ აკადემიას თუ არ დაამთავრებ, სისტემაში ვერ მოხვდები?

- ვერა! იცვლება ასევე მიღების წესი, რომელიც დღეს არც თუ ისე ეფექტურია. ჩვენ გვინდა, რომ სამინისტროში მოხვდნენ უნივერსიტეტდამთავრებული, კფალიფიციური კადრები, სტაჟირების გზით. ამ ადამიანებს მოუწევთ საკმაოდ რთული კონკურსის გავლა, გაცილებით მაღალ მოთხოვნებს წავუყენებთ მათ და სტაჟირების გზით მივიღებთ მათ პოლიციაში. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ კი ისინი დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე და რაც მთავარია: ე.წ. საგამონაკლისო წესი, რომელიც წლების განმავლობაში სამინისტროში არსებობდა, საერთოდ გაუქმდება. საგამონაკლისო წესით ხალხის მიღება აღარ მოხდება და ერთადერთი გზა აქ მოხვედრის იქნება შსს-ს აკადემია.

- ერთ-ერთი მთავარი და მასშტაბური პრობლემა, რაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება, ეს არის არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული. განსაკუთრებით გახშირდა 14 წელს მიუღწეველი პირების მიერ დანაშაულის ჩადენა და არსებობს საზოგადოებაში საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდი და ეჭვები, რომ ამ ბავშვებს, გარკვეული კრიმინალური წრეები იყენებენ, მართავენ და იმ ბავშვების გამოყენებით ჩადიან დანაშაულს, რომლებზეც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. შსს-ს, ალბათ, უჭირს ასეთ ფაქტებზე რეაგირება. ამ გამოწვევის საპასუხოდ რეაგირების რა მექანიზმებზე მიდის მუშაობა?

- ამ მიმართულებით გვაქვს ასეთი ვითარება. დღეს 14 წლამდე პირი სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. რომც დავადგინოთ 14 წლამდე პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას პროკურატურა ვერ დაიწყებს. ახლა რა უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას ამის ალტერნატივად?! ჩვენი პოზიციაა, რომ ამის ალტერნატივად საზოგადოებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევთავაზოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა. ერთი პერიოდი ასაკი დაწეული იყო და ამან არ იმუშავა. ეს მოზარდები საჭიროებენ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და სხვაგვარი ტიპის რეაგირებას, ვიდრე მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაა. 14 წლამდე მოზარდებში დანაშაული მცირედით მომატებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ანუ ეს მოზარდები უფრო ხშირად ჩადიან მაგალითად, ქურდობას და ნაკლებად ძალადობრივ დანაშაულს.

რაც შეეხება მათ მართულობას, ჩვენმა ანალიტიკოსებმა რაც დაადგინეს არის ის, რომ დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე მოზარდებს, კავშირი აქვთ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებთან. სრული სურათის მისაღებად საკითხის შესწავლა ისევ მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე დადგენილი გვაქვს, რომ დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე მოზარდებს, დანაშაულებრივი კავშირი ასევე14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებთან აქვთ, რომლებმაც, თავის მხრივ, იციან, რომ ამ ბავშვებს არავითარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.

სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ეს მხოლოდ და მხოლოდ შსს-ს პრობლემა არაა. ძალიან კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი, რაც უკვე დავიწყეთ. შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. უკვე დაგეგმილია ამ ჯგუფის მესამე შეხვედრა, სადაც სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი ხედვები უნდა წარმოადგინონ.

დღეს პრობლემა არის რეფერირების მექანიზმი, ვინაიდან ის ცუდად მუშაობს. კერძოდ: 14 წლამდე მოზარდის მიერ დანაშაულის ჩადენის აღმოჩენის შემდეგ, გამოძიება წყდება და მორჩა! წერტილი! იმის იქით ამ ბავშვის რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამაში გადამისამართება არ ხდება, რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია. დღეს ასევე არსებობს სპეციალური პანსიონატი სამტრედიაში და პრაქტიკა აჩვენებს, რომ აქ გადამისამართების მექანიზმი დასახვეწია. აქედან გამომდინარე, ყველანი ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ავაწყოთ რაღაც ჯაჭვი, რომელიც იმუშავებს ორი მიმართულებით. ერთი - სანამ არასრულწლოვანი დანაშაულს ჩაიდენს მანამდე მოხდება დანაშაულის პრევენცია და მეორე - როდესაც დანაშაულს ჩაიდენს და არ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ დაეკისრება პასუხისმგებლობის ალტენატიული ზომები, როგორიც იქნება მაგალითად, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და მათზე დასწრება, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროგრამებში მონაწილეობა და სხვა, რაც მთლიანად არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისკენ იქნება მიმართული. ვფიქრობთ, ეს გარკვეულწილად ამ პრობლემას მოაგვარებს, ვინაიდან კანონის გამკაცრება გამოსავალი არაა.

InterPressNews.Ge- ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას თქვენ ისაუბრეთ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შექმნაზეც. რამდენად იქნება მართლწესრიგის ოფიცერი სახეცვლილი უბნის ინსპექტორი?

- ამ ოფიცრის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ნაწილია. კრიმინალურ პოლიციაში დღეს არის ასეთი ვითარება - გვყავს უბნის ინსპექტორები, გამომძიებლები და ოპერატიული მუშაკები. დღეს ყველა აკეთებს ყველაფერს. უბნის ინსპექტორი, რომლის ძირითადი ფუნქცია პრევენციაა - საქმეს იძიებს; ოპერატიულმა მუშაკმაც შეიძლება საქმე გამოიძიოს, გამომძიებელმა კი იმავდროულად ოპერატიული ფუნქციები შეასრულოს და ა.შ. ეს ყველაფერი გამოძიების ეფექტიანობაზე როგორ აისახება ყველა კარგად ვხედვათ. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ფუნქციები ერთმანეთისგან მკაფიოდ გავმიჯნოთ და პირველი ეტაპი, რაზეც მუშაობა დავიწყეთ, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღებაა. ეს ოფიცრები იქნებიან დღევანდელი უბნის ინსპექტორები, თუმცა ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით. მათი ფუნქცია არ იქნება გამოძიება. ამ ადამიანებს არ ექნებათ ოპერატიული ფუნქცია, ანუ მარტივად რომ ვთქვა, ღამეს არ გაათენებენ და მთლიანად ორიენტირებული იქნებიან დანაშაულის პრევენციაზე, მოქალაქეებთან ურთიერთობაზე, ინფორმაციის შეგროვებაზე, რისკ-ჯგუფების გამოვლენაზე. მართლწესრიგის ოფიცრები იმუშავებენ არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან, ეცოდინებათ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და სრული სურათი, რაც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ დანაშაულის პრევენციის პროცესში, გაცილებით უფრო ეფექტურები ვიყოთ.

მართლწესრიგის ოფიცრები იქნებიან კრიმინალური პოლიციის ქოლგის ქვეშ და, რა თქმა უნდა, ითანამშრომლებენ გამომძიებელთან და ოპერატიულ მუშაკებთანაც. ისინი იქნებიან ინფორმაციის მომწოდებლები, რომელიც დამუშავდება და პრაქტიკაში რეალიზება მოხდება. რაც მთავარია, ეს ხალხი ჩვენ უნდა დაგვეხმაროს იმაში, რომ საზოგადოებასა და პოლიციას შორის აღდგეს ნდობა. ამ ადამიანებს სპეციალური გადამზადება ექნებათ გავლილი.

მართლწესრიგის ოფიცრებს ჩვენ კონკურსის წესით მივიღებთ. კადრებს ვარჩევთ როგორც სისტემის შიგნით, ისე გარეთაც. სისტემის შიგნით შერჩევა, პრაქტიკულად, დასრულებულია, რის შემდეგაც უკვე გამოვაცხადებთ კონკურსს, რომ ვისაც სურვილი ექნება, საბუთები შემოიტანოს.

- საქართველოში ცივი იარაღის რეალიზაცია საკმაოდ უკონტროლოა. იგეგმება გარკვეული შეზღუდვების დაწესება ამ მხრივ, თუმცა საინტერესოა, რეალიზაციაზე შეზღუდვების დაწესების გარდა, როგორი იქნება კონტროლის მექანიზმები?

- კანონპროექტი ამ მიმართულებით უკვე მომზადებული გვაქვს და ალბათ, კვირის ბოლოს, მთავრობის სხდომაზე მოხდება მისი ინიცირება. დღეს ცივი იარაღის ყიდვა-გაყიდვა არ არის რეგულირებადი და ჩვენ გვინდა, რომ ის რეგულაციებში მოვაქცვიოთ. გსურს მაგალითად, კანონმა განსაზღვროს, ვის არ შეიძლება მივყიდოთ ცივი იარაღი და ეწეროს, რომ არასრულწლოვნებს, სანასამართლევ პირებს, არ შეიძლება მივყიდოთ ცივი იარაღი. არსებული კანონმდებლობის გამკაცრების გარდა, გვინდა დავხვეწოთ აღსრულების მექანიზმები. კანონის ცვლილება საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს, რომ ცივი იარაღის აბსოლუტურად უკონტოლო ბრუნვის პრობლემა მოგვარდეს, რათა ეს იარაღი არ მოხვდეს არასრულწლოვნების, ან სხვა რისკ-ჯგუფების ხელში, რასაც მერე, საბოლოო ჯამში, მივყავართ, დაჭრამდე და დანაშაულის ჩადენამდე.

- ანუ ბაზრობებზე არსებული ე.წ. დახლები, სადაც ნებისმიერს შეუძლია ცივი იარაღის შეძენა, აღარ იარსებებს...

- ამას ვებრძვით ამ კანონპროექტით. კანონით დაწესებულ პირობებს ვინც დააკმაყოფილებს, მხოლოდ მას მიეცემა რეალიზაციის საშუალება. ასევე ვფიქრობთ განისაზღვროს კონკრეტული ადგილები, სადაც ცივი იარაღი გაიყიდება და არა ყველგან, სადაც არასრულწლოვნისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება, მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც დახლზე აწყვია, ვიღაც მიდის და 5 ლარად ყიდულობს.

InterPressNews.Ge- რაც შეეხება კანონის აღსრულებას, რეგულაციების შესრულებას ვინ გააკონტროლებს?

- აღსრულებაც უნდა გაკონტროლდეს, რა თქმა უნდა. დატვირთვიდან გამომდინარე გადაწყდება, თუ ვისზე იქნება გადაცემული კონტროლი აღსრულებაზე. ალბათ, უფრო საპატრულო პოლიციაზე, თუმცა ამ ეტაპზე ესეც გადასაწყვეტი საკითხია. მთავარია ის, რომ პრობლემა დანახული გვაქვს და ამას ვაკეთებთ.

- წინა ხელმძღვანელობის პირობებში საპატრულო პოლიციის განტვირთვის მიზნით დაიწყო გარკვეული რეფორმების განხორციელება. მათ მიერ დანერგილი სიახლეები რამდენად გაგრძელდება და მოხდება თუ არა ამ მხრივ ცვლილებები? გაგრძელდება თუ არა იგივე ე.წ. ჭკვიანი კამერების დაყენება?

- იმას, რასაც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით წინა ხელმძღვანელობის დროს დაიწყო, ვაგრძელებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რადგან საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადაიდგა ბევრი მიმართულებით. ახლა ვახდენთ შესწავლას დამატებით სად, რამდენი კამერაა კიდევ აუცილებელი, რომ დავამონტაჟოთ. ზოგადად კამერების შესყიდვის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, ვინაიდან მათ შესყიდვას ვახდენთ ძალიან ბევრი მიზნისთვის. საუბარია არამხოლოდ ე.წ. ჭკვიან კამერებზე, არამედ სამხრე კამერებზეც, ასევე კამერებზე დროებითი მოთავსების იზოლატორისთვის. ეტაპობრივად, პრორიტეტების მიხედვით ვახდენთ ამ ტექნოლოგიების გაუმჯობესებას.

- რაც შეეხება "კანონიერ ქუდებთან" დაკავშირებულ კანონპროექტს, თუ არის უკვე განსაზღვრული, რა სანქციებზეა საუბარი და ახალი კანონპროექტით ვის წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა?

- ამ მხრივ კანონი ძალიან გავამკაცრეთ. კერძოდ, "ქურდული სამყაროს" წევრობასა და "კანონიერ ქურდობაზე" დაწესებული სანქციები „ზემოთ ავწიეთ“. გარდა ამისა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება მთელი რიგი ქმედებები. მაგალითად: თქვენ რომ დღეს მიმართოთ "კანონიერ ქურდს" ან "ქურდული სამყაროს" წევრს რაღაც საკითხის მოსაგვარებლად ან დავის გადასაწყვეტად, მოქმედი კანონით თქვენ დღეს არ დაისჯებით სისხლის სამართლის წესით. ხვალ კი, როცა ეს კანონი ძალაში შევა, ეს ქმედება დასჯადი გახდება.

ჩვენ მიერ მომზადებული პროექტით დღეს თუ "ქურდული სამყაროს" წევრობა 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხვალ ეს დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას გაითვალისწინებს. კანონიერი ქურდობა კი დღეს არსებული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთიდან, აიწევა 9-დან 15 წლამდე.

რაც შეეხება ახალ დანაშაულებს, ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება; ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით- პირველი ნაწილი გაითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე, მეორე ნაწილი კი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას; ასევე ქურდული სამყაროს წევრისთვის ან "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვა, რაც ასევე ორნაწილიანი მუხლია - პირველი ნაწილი ისჯება 3-დან 7 წლამდე პატიმრობით, მეორე ნაწილი კი 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ყველა ეს მუხლი არის მძიმე კატეგორიის დანაშაული.

- ერთია რამდენად მკაცრია კანონი და მეორეა, რამდენად ახერხებს პროკურატურა ამა თუ იმ ბრალდებულის ბრალეულობის დადასტურებას. 2017 წლის სტატისტიკის თანახმად, საკმაოდ ბევრი საქმე იყო, რომელიც სასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აქედან გამომდინარე, ოპერატიული ღონისძებების მიმართულებით თუ იგეგმება რაიმე ცვლილებები, რათა ამა თუ იმ პირის ბრალეულობის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები შეგროვდეს, რომელიც სასამართლოსთვის საკმარისი იქნება, რათა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს?

- გეტყვით რაში იყო პრობლემა და რატომ დგებოდა ასეთ საქმეებზე გამამართლებელი განაჩენები. ცვლილებები მხოლოდ „სისხლის სამართლის კოდექსში“ არ შედის. იცვლება „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონიც. მაგალითად, პასიური წევრობა აქამდე დასჯადი არ იყო. ჩვენ პასიურ წევრობასაც დასჯადად ვაცხადებთ, რაც მტკიცების პროცესს გვიმარტივებს და მეორე „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონით, დღეს აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ ეს ადამიანები გარკვეული წესების მიხედვით მოქმედებენ და ეს წესები რა არის არსად არ ეწერა. შესაბამისად, ამ მხრივაც მდგომარეობა გავამარტივეთ, რათა მტკიცების პროცესი შედარებით მარტივი გახდეს და ეს ჩანაწერი საერთოდ ამოვიღეთ კანონიდან. შესაბამისად, ის პრობლემები, რაც გუშინ სირთულეებს გვიქმნიდა და სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების გამოტანას იწვევდა, აღმოვფხარით.

- დღევანდელ რეალობაში კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები საკმაოდ კარგად იყენებენ დუმილის უფლებას და შესაბამისად, არაა ხშირი, როდესაც დაკავებული პირდაპირ ამბობს, რომ ის ქურდია. იქნება თუ არა ასეთი პირების დაკავების საფუძველი ის, რომ ესა თუ ის ადამიანი საზოგადოებაში ცნობილია, როგორც "კანონიერი ქურდი"?

- ეს შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მტკიცებულება. ამას გვერდს ვერ ავუვლით და მტკიცებულებად აუცილებლად გამოვიყენებთ.

- რაც შეეხება საზოგადოებისთვის კიდევ ერთ საინტერესო და აქტუალურ თემას - ვიზალიბერალიზაციას და ამ კონტექსტში ქართველების მიერ უცხოეთში დანაშაულის ჩადენის გახშირებულ ტენდენციებს, რაზეც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. რამდენად იძლევა შეშფოთების საფუძველს ქართველების მიერ უცხოეთის ქვეყნებში დანაშაულის ჩადენის სიმრავლე თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია გაზვიადებულია?

- წინა კვირას შს მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა გერმანიასა და ავსტრიაში, შეხვდა იქ შესაბამისი თანამდებობის პირებს. ამ ფორმატში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, არსებული მდგომარეობა და როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ხვალ. საუბარი შეეხო ასევე ორ მიმართულებას. ერთი - როგორია მდგომარეობა, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების მხრივ უცხოეთში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გერმანიაში და მეორე - თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი. ორივე მიმართულებით გარკვეული ზრდა შეინიშნება, თუმცა საგანგაშო და საპანიკო არ არის.

სხვა მხრივ ქვეყნებს შორის მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის ოპერატიულ დონეზე და იქ, სადაც საჭიროა და ითხოვენ ეს ქვეყნები, ჩვენი პოლიციის თანამშრომლები ჩადიან ადგილზე და შესაბამის ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას. ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმ მიმართულებითაც, რომ ერთხელ გამოძევებული ადამიანები, ხელმეორედ ვეღარ მოხვდნენ უცხოეთში გვარის შეცვლის გზით და ამაზე სახელმწიფომ დაანონსა შესაბამისი რეფორმა. ჩვენი ატაშეებიც ინტენსიურად მუშაობენ.

- უცხოეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად, წინა ხელმძღვანელობის დროს დაგეგმილი იყო ფარული პოლიციელების შექმნა და გაგზავნა კონკრეტულ ქვეყნებში. ამ მხრივ თუ არის რაიმე სიახლე? არის თუ არა კონკრეტული ქვეყნები გამოვლენილი, სადაც საჭიროა ფარული პოლიციელების გაგზავნა და თუ არის საუბარი პოლიციელების რაოდენობაზე?

- ფარულ პოლიციელებთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებულია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებს ვაზუსტებთ და ვაპირებთ ამ თემის დაძვრას. ეს კანონპროექტი მომზადდა ერთ-ერთი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე. ეს არის ერთ-ერთი ის თემა, რომელზე მუშაობაც წინა ხელმძღვანელობამ დაიწყო და ჩვენ არ ვაპირებთ რომ გავჩერდეთ. ამ საკითხზე მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება.

- უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევების ფაქტების გახშირების შემთხვევაში, განიხილებოდა სხვადასხვა მექანიზმი, რათა ევროპის ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებულიყვნენ. იყო საუბარი რუმინულ მოდელზეც, რომელიც საქართველოდან პოლიციელების გაგზავნას და ევროპის ქვეყნებში დარჩენილი ქართველების საკუთარი ძალებით მოძებნას ითვალისწინებდა. ხომ არ დადგა ამ თუ სხვა მექანიზმის ამოქმედების საჭიროება უვიზო რეჟიმის პირობების დამრღვევთა წინააღმდეგ?

- ქართველების გამოვლენას, ვინც იქ დანაშაულს ჩადიან, ან თავშესაფრის მაძიებლების გამოვლენას, ახორციელებს შესაბამისი ქვეყნის შესაბამისი სამსახური. თუ მოგვმართავენ (ორმხრივი თანამშრომლობა ოპერატიულ დონეზე ძალიან მჭიდრო გვაქვს, მათ შორის ატაშეების მეშვეობით), არანაირ პრობლემას, არც პრაქტიკულ დონეზე და არც საკანონმდებლო დონეზე, ეს არ წარმოადგენს. რომ თუ რომელიმე ქვეყანა გვეტყვის, რომ ამ მიმართულებით, კონკრეტული დანაშაულების წინააღმდეგ ჩვენ გვჭირდება ქართველი სამართალდამცველების დახმარება, აქედან მათი წარგზავნა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

- ქართული მართვის მოწმობების საერთაშორისო დონეზე აღიარებაზეც მინდა გკითხოთ. რამდენად რეალურია, რომ საქართველოში აღებულმა მართვის მოწმობებმა საერთაშორისო ძალა შეიძინოს? როგორც ცნობილია, ამ კუთხით უცხოეთის ქვეყნებთან კონკრეტული მოლაპარაკებები იგეგმებოდა.

- პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან დაწყებული გვაქვს. ახლა ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ შესულები. რეალურად, ასოცირების შეთანხმების მიხედვით დრო გვაქვს 2018 წლის სექტემბრამდე. დროისთვის არ გადაგვიცილებია და ამ დროში აუცილებლად ჩავჯდებით. აქ მიდის ორი მიმართულებით მუშაობა. ერთი - მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა და ამისთვის უკვე ინფრასტრუექტურის მოწყობა და მარშრუტების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და მეორე მიმართულება არის სწორედ ქართული მართვის მოწმობების უცხოეთში აღიარება. სამი ქვეყანა გვაქვს ახლა იდენტიფიცირებული, რომლებთანაც მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ესენია: ესპანეთი, იტალია და უკრაინა. ამ საკითხების მოგვარებისთვის გამოყოფილ ვადებში ვჯდებით.

თორნიკე კოშკაძე

„ინტერპრესნიუსი“