რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ადვოკატთა გაერთიანებები (TURK-AV) ადვოკატთა ქსელს ქმნის

საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების და მხარდაჭერის ფარგლებში, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებები (TURK-AV) ადვოკატთა ქსელს ქმნის. ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით, (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა, სადაც სამმხრივ შეხვედრაზე საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, უფრო მეტად ღრმავდება ამ ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების კავშირი და იქმნება ერთიანი ქსელი, რომელიც რეგიონალური და სავაჭრო სისტემების განვითარებას, მოქალაქეთა და ბიზნესების უფრო მეტ სამართლებრივ დახმარებას და დაცულობას უზრუნველყოფს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, TURK-AV-ის გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტისა და აღმასრულებელი საბჭოს წევრის, დავით ასათიანის განცხადებით, საქართველოს პარტნიორებს - თურქეთს, აზერბაიჯანს და სხვა ქვეყნების ინვესტორებს აქვთ დიდი ინტერესი, რომ საქართველოში იყოს დაცული სამართლებრივი და ბიზნესგარემო და ამაში ადვოკატების როლი ძალიან დიდია.

„დღევანდელი ღონისძიება უკავშირდება რეგიონალური განვითარების, ასევე სავაჭრო სისტემის განვითარების, მათ შორის სატრანსპორტო სისტემის გნვითარების კონტექსტში ჩვენ მოქალაქეთა და ბიზნესების უფრო მეტ სამართლებრივ დახმარებას და დაცულობას.

ისეთი ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებები, როგორებიც არიან თუქრეთი, აზრებაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი და რეგიონის სხვა ქვეყნები, ვაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა მოხდეს საზღვართშორისი სამართლებრივი დახმრების უფრო ეფექტურად განხორციელება. ჩვენი, ადვოკატების, ჩვენი კლიენტებისა და ბიზნესკომპანიების მხრიდან უფრო აქტიური მონაწილეობა ამ ქვეყნების ბაზრებსა და სავაჭრო ურთიერთობებში მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესების დაცულობის ხარისხს ამ ქვეყნებში, ასევე იმ სამართლებრივ გარანტიებს, რომლებიც ყველა ბიზნესს სჭირდება.

მოგეხსენებათ, რომ TURK-AV არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 10 ქვეყანას, ეს არის ქვეყნები, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან, მათ შორის არის თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი. ეს არის ყველაზე ინტენსიური კავშირები, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე, ბიზნესკომპანიები არიან საკმაოდ აქტიურები და აქვთ ურთიერთკავშირები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ ქვეყნების ადვოკატურების თანამშრომლობას. ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესკომპანიებს სჭირდებათ უფრო მეტი დაცულობა, უფრო მეტი უსაფრთხო სამართლებრივი გარემო, სადაც მოღვაწეობენ და თავისთავად, პირიქითაც. ჩვენს პარტნიორებს, თურქეთს, აზერბაიჯანს და სხვა ქვეყნების ინვესტორებს აქვთ დიდი ინტერესი, რომ საქართველოში იყო დაცული სამართლებრივი და ბიზნესგარემო და ამაში ადვოკატების როლი ძალიან დიდია.

ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც არის ადვოკატთა ქსელი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მოვძებნოთ შესაბამისი ქვეყნის ადვოკატი კონკრეტული სპეციალიზაციის და გამოცდილების მიხედვით. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ადვოკატებმა მიიღონ უფრო ფართო წვდომა ქსელზე და კლიენტები უფრო კარგად იყვნენ დაცულები სხვადასხვა უცხოურ ქვეყანაში. ეს იქნება ყველა ადვოკატისთვის. იქნება როგორც ბიზნესურთიერთობებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურებების გაწევა, ასევე სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის გარკვეული დანაშაულებების შემთხვევაში, ეს იქნება ფართო პროფილის თანამშრომლობა.

გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამშრომლობას ადვოკატთა ასოციაციის, რომელიც წარმატებულად ხორციელდებოდა აქამდე და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ინტეგრაციას საერთაშორისო მიმართულებით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ადვოკატურებთან“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

თავის მხრივ, მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების აუცილებლობას ხაზი გაუსვა თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტმა, მეტინ ფეიზოღლუმ, რომელიც აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის იურიდიული პროფესიის მაღალი დონის დამყარება ჩვენს ქვეყნებში, ინვესტიციებს, ვაჭრობას და ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს კიდევ უფრო მეტ სიძლიერეს შემატებს.

„დღეს შევიკრიბეთ თურქულ და მონათესავე ერთა ადვოკატთა ასოციაციების გაერთიანების მმართველი კომიტეტი, ანუ TURK-AV, სადაც განვიხილეთ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ხელი მოვაწერეთ თურქეთს, აზრებაიჯანსა და საქართველოს შორის ერთობლივ თანამშრომლობის კომუნიკეს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი იურიდიული პროფესიების დაახლოვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ხორციელდება. როდესაც ჩვენ მოვახერხებთ კანონის უზენაესობის გამყარებას და იურიდიული პროფესიის მაღალი დონის დამყარებას ჩვენს ქვეყნებში, ინვესტიციები, ვაჭრობა და ამასთან დაკავშირებული საკითხები კიდევ უფრო განვითარდება, რაც კიდევ უფრო განავითარებს და მეტ სიძლიერეს შემატებს ეკონომიკას. ამიტომ ამ სამი ქვეყნის იურიდიული პროფესიის თანამშრომლობა TURK-AV-ის ქოლგის ქვეშ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ორგანიზაცია მასში შემავალი ქვეყნების 200 მილიონზე მეტ მოსახლეს აერთიანებს, საქართველო კი, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა თავისი ჩართულობითა და მონაწილეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მეტინ ფეიზოღლუმ.

ცნობისთვის, TURK-AV საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციას და მილიონზე მეტ ადვოკატს აერთიანებს. აღმასრულებელი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს და მისი პარტნიორი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელმა პირებმა მომდევნო თანამშრომლობისთვის საჭირო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილებოდა ამ ორგანიზაციის წევრად რუსეთის ფედერაციის ადვოკატთა ასოციაციის მიიღება და ორგანიზაციის შემდგომი განვითარება და გაფართოვება. სხდომას, თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტი, მეტინ ფეიზოღლუ უძღვებოდა, რომელმაც ამავე დღეს, ქართველი ადვოკატებისათვის გამართა საჯარო ლექცია თემაზე-„ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების როლი სამართლის უზენაესობის შენების პროცესში“.

შეხვედრაში აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანარ ბაგიროვი, თურქეთის, რუსეთისა და ყაზახეთის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თამთა კაკაურიძე

„ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს