თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ ირაკლი ფაღავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ირაკლი ფაღავას ხსოვნის საღამოზე წარმოდგენილი იყო პედიატრისა და პედაგოგის ცხოვრების ამსახველი ფილმი (ავტორი: შემოქმედებითი გაერთიანება „პულსი“) და „წიგნი ირაკლი ფაღავაზე“ (ავტორი: თსსუ-ის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ყარამან ფაღავა).
სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ პროფესორ ირაკლი ფაღავაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში ფაღავამ ნახევარი საუკუნე იმსახურა.
„ამ ხნის განმავლობაში მან უამრავ სტუდენტს შეაყვარა პროფესია და საკუთარი მაგალითით უჩვენა, როგორი კომპეტენტური და უანგარო უნდა იყოს ექიმი. მთელმა საქართველომ იცოდა ექიმი ირაკლი ფაღავას ფასი. მისი სახელით დღესაც ვამაყობთ და გვიხარია, რომ მისი ოჯახის წევრები, რომლებიც ასევე ექიმები არიან, ღირსეულად აგრძელებენ მამის და პაპის პროფესიულ გზას,“ - განაცხადა ზურაბ ორჯონიკიძემ.
საღამოზე პროფესორმა ყარამან ფაღავამ მამის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უსაზღვროდ ეამაყება მამის სახელი და მისი დანატოვარი კვალი დღესაც სინათლეს გამოსცემს, მიუხედავად იმისა, რომ დრო-ჟამი გარკვეულწილად შლის ყოველგვარ მოგონებას.
მისივე განცხადებით, „განსაკუთრებით ახარებს რომ მამა არასდროს იფარგლებოდა მხოლოდ ვიწრო პროფესიული ჭრილით და ჭეშმარიტი მოღვაწე იყო თავის სამშობლოში - ზრუნავდა ქართულ ენაზე, ზედმიწევნით იცოდა საქართველოს ისტორია და არასდროს ივიწყებდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავდადებულ მამულიშვილებს“.
დიდი მეცნიერი, კოლეგა და პედაგოგი გაიხსენეს მედიცინის პროფესორებმა - გურამ ბექაიამ და გივი სალარიძემ. ფაღავას შესახებ ისაუბრა მისმა მოწაფემ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აცხადებენ, ირაკლი ფაღავა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში სამედიცინო განათლების და პრაქტიკული მედიცინის, სახელდობრ, პედიატრიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იყო. მან არაერთი ათეული წლის მანძილზე განსაზღვრა ეროვნული აკადემიური და პრაქტიკული პედიატრიის განვითარების ვექტორი. ირაკლი ფაღავა იყო ბრწყინვალე პედაგოგი, ორატორული ნიჭით დაჯილდოებული. ახალგაზრდებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მისიად მიაჩნდა. შექმნა პედიატრიის ორტომეული სახელმძღვანელო, რომელიც მრავალი თაობის ექიმებისთვის სამაგიდო წიგნად იქცა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 31 საკანდიდატო და 10 სადოქტორო დისერტაცია. აქტიურად მონაწილეობდა მოსახლეობის სამედიცინო პროფილაქტიკურ განათლებაში.
„ის ხალხმრავალი ლექციები, რომელსაც პროფესორი ირაკლი ფაღავა კითხულობდა, შეუძლებელია, გაქრეს მეხსიერებიდან. რაც ძალიან მნიშვნელოვანი, მის მიერ სტუდენტებისთვის გადაცემული დიდი ცოდნა, დღემდე საფუძველია ბევრი დიდი პროფესიონალის წარმატებისა. ის დაუვიწყარი განწყობა, რასაც კეთილშობილებისა და პროფესიონალიზმის განსახიერება, პროფესორი ირაკლი ფაღავა ტოვებდა ყველა სტუდენტში, სამარადისოდ განაგრძობს სიცოცხლეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ
გამოჩენილ ქართველ პედიატრს ირაკლი ფაღავას დაბადებიდან (1918-1988) 100 წელი 28 მარტს შეუსრულდა.