"მერსედესის" წარმომადგენლობის დამფუძნებელი დავით ძოწენიძე განცხადებას ავრცელებს

მინდა გამოვეხმაურო თქვენი პორტალის მიერ გამოქვეყნებული მაკა ასათიანის განცხადებას. ასათიანებმა მოახერხეს პოლიტიკის დაკავშირება მერსედესის საქმესთან და კარგად ივაჭრეს ტელეკომპანია "მაესტროს" წილებით. მათ დათმეს "მაესტრო" და მიიღეს მყარი გარანტიები "მერსედესის" კუთვნილი წილიდან ჩემი ამოგდების შესახებ. თავი დააყენეს კანონზე მაღლა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოახერხეს ისევ ჩემი კუთვნილი წილის მითვისება.
დოკუმენტზე, რომელიც სასამართლომ მიიღო როგორც ვითომ ახლად აღმოჩენილი გარემოება, არ არის ჩემი ხელმოწერა და არ არის ნოტარიულად დამოწმებული. ეს არის მათ მიერ გაყალბებული და ვითომ პროკურატურის გამომძიებლის მიერ აღმოჩენილ ფარატინა ფურცელი, რომელსაც არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ჩემს მიერ მოთხოვნილი იქნა "მერსედესის" საქმის იურიდიული ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარა საქართველოში უმაღლესი კვალიფიკაციის და რეპუტაციის იურიდიულმა ექსპერტმა. დასკვნაში სამართლებრივად დასაბუთებულია, თუ როგორი არ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს მოსამართლე და მის მიერ გამოტანილი განაჩენი.
სრული სიცრუეა ასათიანის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, თითქოს მე ვარ ბრალდებული და ეჭვმიტანილი დოკუმენტების გაყალბებაში. მე ვარ ბრალდებული მათ მიერ დაქირავებული კრიმინალის ცემაში, რომელიც გასამართლებულია ჩემზე განზრახ თავდასხმისათვის და იმის გამო, რომ მე უარი ვთქვი მისთვის განრიდებაზე, 3 წლის შემდეგ პროკურატურამ წამომიყენა ფალსიფიცირებული ბრალი. მას შემდეგ პროცესი პროკურორის დამსახურებით ჭიანურდება უსასრულოდ. მაქვს სერიოზული ეჭვის საფუძველი იმისათვის, რომ ამ პროცესის გაჭიანურება ჩემზე ზემოქმედებისათვის სჭირდებათ.
რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის მხარედ გამოცხადებას, მინდა შეგახსენოთ ტელეკომპანია "მაესტრო", როდესაც იგი ასათიანების საკუთრება იყო. სწორედ ის იყო მხარე და იარაღი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიისა. ისინი ამზადებდნენ გადაცემებს და სიუჟეტებს მათი დაკვეთით და არც ერთხელ არ დაინტერესებულან ჩემი პოზიციით ან ჩემს ადვოკატებთან გასაუბრებით.
იმედი მაქვს მომეცემა უზენაეს სასამართლოში ჩემი სიმართლის დამტკიცების საშუალება და ბიზნესის წართმევის ასეთი სამარცხვინო სასამართლო პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ჩვენს ქვეყანაში. ვიმედოვნებ, რომ ჩემი საქმის გაყალბებაში და ფალსიფიკაციაში მონაწილე ყველა პირი, ჩემს მიმართ განხორციელებული უკანონობებისა და ცილისწამების ავტორები პასუხს აგებენ კანონის წინაშე.
(R)

























