მმართველ პარტიაში რყევები ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის დაპირისპირებას და მათ შორის ღირებულებით და მსოფლმხედველობრივ შეუთავსებლობას უკავშირდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, ვინაიდან დროის იმ მონაკვეთში, რაც „ინტერპრესნიუსი“ არ შეგხმიანებიათ, საშინაო პოლიტიკაში პროცესები სხვადასხვა მიმართულებით კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება, საუბრის დაწყებას საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დინამიკაზე მსჯელობით შემოგთავაზებთ.

როგორ დაახასიათებდით იმ პროცესებს, რასაც ახალი წლის შემდეგ ხდება ჩვენს საშინაო პოლიტიკაში?

- უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა ვუთხრა „ინტერპრესნიუსს“, რომელმაც პირველად ქართულ ინტერნეტ მედიაში შექმნა ექსპერტებისა და ანალიტიკოსების მოსაზრებათა სივრცე, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დატვირთვა აქვს დღევანდელ რეალობაში.

ახალი წლის შემდეგ საშინაო პოლიტიკაში ჩვენ ვხედავთ მმართველ პარტიაში გარკვეულ შიდა რყევებს, რომლებიც გამოწვეულია ერთი მხრივ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირებით, ხოლო მეორე მხრივ, აშკარაა ცალკეულ დაჯგუფებებს შორის ღირებულებითი და მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობა.

ეს გამოვლინდა არაერთ პრობლემურ საკითხთან მიმართებაში, იქნება ეს ამ დღეებში მომხდარი საკადრო ცვლილება მთავრობაში, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხი, ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით საპარლამენტო რეზოლუციაზე პოზიციის შემუშავება თუ სხვა.

გამოჩნდა პირველი სუსტი ნიშნები, რომ ხელისუფლებას და პარლამენტში წარმოდგენილ ზომიერ ოპოზიციას შეუძლია თუნდაც მწვავე, მაგრამ მაინც დიალოგის რეჟიმში რაღაც საკითხებზე შეთანხმდეს

გრძელდება დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის მმართველობისა და პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით.

თუმცა, ამავე დროს გამოჩნდა პირველი სუსტი ნიშნები, რომ ხელისუფლებას და პარლამენტში წარმოდგენილ ზომიერ ოპოზიციას შეუძლიათ თუნდაც მწვავე, მაგრამ მაინც დიალოგის რეჟიმში რაღაც საკითხებზე შეთანხმდნენ.

ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის კონსოლიდირების მცდელობები და დაკვირვებაა საჭირო, თუ ეს კონკრეტულად რა ფორმას მიიღებს.

ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ღიად თუ შეფარულად დააფიქსირეს თავიანთი საპრეზიდენტო ამბიციები, თავი შეგვახსენა ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც საქართველოში ფაქტობრივად მორიგი „ფერადი რევოლუციის“ განზრახვა დაანონსა. ასე რომ, საკმაოდ დინამიკური პოლიტიკური პროცესები იყო ამ სამი თვის მანძილზე, რაც ვფიქრობ ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიისათვის სასარგებლო გაკვეთილებია.

- მოხდა პრემიერის კანცელარიის ხელმძღვანელით ინფრასტრუქტურის მინისტრის ჩანაცვლება. არ ცხრება კამათი თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს საკადრო ცვლილება - ინფრასტრუქტურულ კორუფციასთან ბრძოლა თუ სახელმწიფო რესურსებისთვის „ქართული ოცნების“ შიგნით რამდენიმე ჯგუფს შორის დაპირისპირების გამოვლინება.

კონსტიტუციონალისტისა და პოლიტოლოგის ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ახლად დანიშნული ცქიტიშვილის მოსვლას რომელიმე შიდა ჯგუფი არ გაუძლიერებია, ვინაიდან იგი ივანიშვილთან დაახლოებული პირია. არ გამორიცხავენ იმას, რომ ივანიშვილს შეიძლება არ უნდოდეს მისსავე დაფუძნებულ პარტიაში რომელიმე ჯგუფის არც ფინანსურად გაძლიერება და არც მის გარეშე ლიდერად ჩამოყალიბება.

რამდენად დიდია ალბათობა, რომ მთავრობაში ცვლილებების სერია კიდევ ვიხილოთ? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქალბატონ ცქიტიშვილის დანიშვნის შემდეგ ტენდერებს მარტო „ოცნების“ დეპუტატების“ მიერ ლობირებული კომპანიები არ მოიგებენ?

- ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება თუ რა მექანიზმებით მოხვდა ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე, რომელიც არ წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ ძირითად გუნდს და რამდენადაც ვიცი, წინა ხელისუფლებასთან ჰქონდა ახლო კავშირები.

ხომ არ მოხდება ისე, რომ ყველაფერი გადადგომებით შემოიფარგლება და ამის იქით პროცესი აღარ წავა?! სახელისუფლებო დონეზე საქმეების ჩაფარცხვის ტრადიცია ჩვენთან, სამწუხაროდ, ათწლეულებია არ იცვლება

სავარაუდოდ, ის ამ თანამდებობაზე მმართველი პარტიის რომელიღაც გავლენიანმა ჯგუფმა ან პიროვნებამ დააწინაურა. ალავიძის და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერთდროული გადადგომა აჩენს ეჭვს და ვარაუდს, რომ ამის უკან დგას როგორც ინტერესთა ჯგუფებს შორის დაპირისპირება, ასევე თავად სამინისტროში არსებული შესაძლო დარღვევები.

სწორედ აქ ვადგებით მთავარ პრობლემას. ხომ არ მოხდება ისე, რომ ყველაფერი გადადგომებით შემოიფარგლება და ამის იქით პროცესი აღარ წავა?! სახელისუფლებო დონეზე საქმეების ჩაფარცხვის ტრადიცია ჩვენთან, სამწუხაროდ, ათწლეულებია არ იცვლება. ისეთი განცდა მაქვს, რომ თუ რომელიმე მაღალი რანგის პირმა „წითელი ხაზები“ ძალიან გამომწვევად არ გადაკვეთა, მას ხელს არ ახლებენ.

თუ როგორი მინისტრი იქნება ქალბატონი ცქიტიშვილი ამას ის გამოაჩენს, თუ წლის ბოლომდე რამდენად სრულად შეძლებს მისი სამინისტრო გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების სრულად ათვისებას და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, პარლამენტის მიერ წარმოდგენილი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის კონცეფციის ხორცშესხმას და სხვათა შორის, თქვენს მიერ ნახსენები ტენდერების ისე ჩატარებას, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.

არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდეს

რაც შეეხება მთავრობაში მოსალოდნელ ახალ ცვლილებებს, მე არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდეს.

- ბორჯომის საკრებულოში განვითარებული პროცესების შემდეგ, „ნაციონალები“ ამტკიცებენ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ სულაც არაა დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, ვინაიდან ისინი კრიტიკულ ვითარებაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოქმედებენ. ამის მაგალითად სახელდება „პატრიოტთა ალიანსელი“ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის ასევე „ალიანსელით“ იმ მოტივით ჩანაცვლება, რომ ჩაჩანიძემ სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად არ დაუჭირა მხარი ბორჯომის მერის ორი მოადგილის, ასევე მერიისა და საკრებულოს რამდენიმე თანამდებობის პირისთვის ხელფასების გაზრდას.

თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება ნიშნავდეს ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ შეთანხმებული მოქმედება და რამდენად საფუძვლიანია „ალიანსის“ მიმართ „ნაციონალების“ ბრალდებები?

- ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების დეტალებში ჩაღრმავება, როდესაც პროცესს თბილისიდან აკვირდები, არ იქნებოდა ჩემი მხრიდან გამართლებული. ისე კი, ძალიან უცნაურად, მეტი რომ არ ვთქვათ, გამოიყურებოდა, განსაკუთრებით გარეშე თვალისათვის - ვგულისხმობ უცხოელ დამკვირვებლებს, რომლებიც ყურადღებით სწავლობენ აქაურ პოლიტიკურ პროცესებს - მერიის თანამშრომელთა გაფიცვა ხელფასის მომატების მოთხოვნით.

ყველა პარტია მოქმედებს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან და შესაძლო შედეგების გაანალიზებიდან გამომდინარე და ეს პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. როგორც ჩანს, „პატრიოტთა ალიანსს“ ჰქონდა საფუძველი ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედებებს, ყველა პარტია მოქმედებს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან და შესაძლო შედეგების გაანალიზებიდან გამომდინარე და ეს პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. როგორც ჩანს, „პატრიოტთა ალიანსს“ ჰქონდა საფუძველი ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა.

- სტატისტიკური მონაცემებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 3655 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 1645 განსაკუთრებით მძიმე, ხოლო 1812 ნარკოტიკული დანაშაულისათვის.

თითქოს ყველა აღიარებს, რომ ნარკოპოლიტიკაში აშკარადაა შესატანი ცვლილებები, რაც კანონმდებლობაში უნდა აისახოს. მაგრამ ამ მიმართულებით, არც ოპოზიციისა და არც მმართველი გუნდის მხრიდან ხმაურიანი განცხადებების იქით ნაბიჯები არ იდგმება.

მეტიც, დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იმაზე გაცილებით მკაცრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

თქვენი დაკვირვებით, ამ თემაზე რამდენად საფუძვლიანია მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ და სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ მმართველი გუნდი ნარკოპოლიტიკაში ხელშესახები კორექტივების შეტანას აყოვნებს?

- ჩემი აზრით, ეს უკავშირდება მმართველ გუნდში და მის საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე საზოგადოებაში ღირებულებით და მსოფლმხედველობით კონფლიქტს, და მეორე მხრივ წმინდა მერკანტილურ ინტერესებს.

შემაკავებელი ფაქტორი გახლავთ ისიც, რომ საპატრიარქომ და საზოგადოების საკმაოდ ანგარიშგასაწევმა ნაწილმა დააფიქსირეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის იმ მიდგომებთან, რასაც საკანონმდებლო პაკეტით გვთავაზობენ გარკვეული ჯგუფები და მათი ლობისტები პარლამენტში.

როგორც ჩანს, მმართველი გუნდი მიხვდა, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მხარდაჭერით ის გაანაწყენებდა ამ საკითხზე კონსერვატიულად მოაზროვნეებს, რაც მისი ელექტორატის ლომის წილს შეადგენს

როგორც ჩანს, მმართველი გუნდი მიხვდა, რომ ასეთი ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მხარდაჭერით ის გაანაწყენებდა ამ საკითხზე კონსერვატიულად მოაზროვნეებს, რაც მისი ელექტორატის ლომის წილს შეადგენს.

განსაკუთრებული გამჭრიახობა არ სჭირდება იმის პროგნოზირებას, რომ პროცესი არ გაჩერდება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე და გარკვეული ხნის მერე მას მოჰყვება ასეთივე ხმაურიანი კამპანია უკვე ნარკოტიკების გავრცელების დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციის მოთხოვნით.

არც იმას გამოვრიცხავ ბოლომდე, რომ ნარკოპოლიტიკის კიდევ უფრო ლიბერალიზაციის კეთილშობილურ საფარქვეშ გარკვეული ჯგუფების ბიზნეს ინტერესები იდგეს.

- ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა - „ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ“.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მასწავლებლის მინიმალური ხელფასი - 1000 ლარი, პოლიციელის - 2000 ლარი, პენსია - 400 ლარი გახდება.

მისივე მტკიცებით, ეკონომიკის მართვის პროცესსა და საბანკო სისტემაში ჩამოყალიბებულია მაფია. მისივე თქმით, თუ 2012 წლამდე ეკონომიკური ზრდის პირობებში ბანკების სუფთა შემოსავალი 130 მილიონი ლარი იყო, დღეისათვის ბანკების შემოსავალი 6-ჯერაა გაზრდილი და 900 მილიონი ლარს შეადგენს.

„მე ვეუბნები მაფიას, ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას, დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თვითოეულ ქართველს და ნამდვილ წვრილ და საშუალო ბიზნესს“. როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ სააკაშვილის მემარცხენე ლოზუნგებით გააქტიურებას?

- მემარცხენე ლოზუნგებით გააქტიურება სააკაშვილისთვის ახალი ხილი არ გახლავთ, მას ეს არაერთხელ გაუკეთებია მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, განსაკუთრებით არჩევნების წინ.

ტელემიმართვით და ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მოწოდებით, სააკაშვილმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწია „ქართულ ოცნებას“ და შეიძლება ითქვას ხელი შეუწყო მისი მხარდამჭერების მობილიზებას

იმისთვის, რომ ხელფასები მნიშვნელოვნად გაზარდო, ჯერ ბიუჯეტში შემოსულობები უნდა გაზარდო. გვახსოვს როგორ ახერხებდა ამას „ნაცმოძრაობა,“ როდესაც ტრადიციული მეთოდების პარალელურად ინტენსიურად იყენებდა არატრადიციულ მეთოდებსაც, - საპროცესო გარიგებები, ბიზნესების და ბანკების ოფიციალური რეკეტი ლამის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი და ასევე ხალხისთვის ქონების წართმევის სხვა მეთოდები.

თავის ტელემიმართვით და ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მოწოდებით სააკაშვილმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწია „ქართულ ოცნებას“ და შეიძლება ითქვას ხელი შეუწყო მისი მხარდამჭერების მობილიზებას.

ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გამოიყენებს ამ „საჩუქარს“ და ყველანაირად შეეცდება საზოგადოებაში სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“, როგორც დესტაბილიზაციისა და საფრთხის წყაროს კულტივირებას.

- ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, სააკაშვილის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების მოგება კი არა, პოლიტიკურ ძალთა შორის არსებული ბალანსისა თუ სტატსუს-კვოს შენარჩუნება და იმ დრომდე დალოდებაა, როცა „უკეთეს კარტს დაურიგებენ“.

თქვენი დაკვირვებით, 2018 წლის არჩევნებზე სავარუდოდ, რა მიზანი ექნება სააკაშვილისა და „ნაციონალების“ ტაქტიკასა და სტრატეგიას?

- ჩემი დაკვირვებით, სააკაშვილი ადრე დაშვებულ სტრატეგიულ და ტაქტიკურ შეცდომებს ახალს უმატებს. თუ სააკაშვილის ბოლო ტელეგამოსვლიდან და მის გამოსვლაზე „ნაცმოძრაობის“ ლიდერთა განცხადებებიდან ვიმსჯელებთ, მათი სტრატეგია და ტაქტიკა საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება ყველა ხელმისაწვდომი საშუალებებით, მათ შორის გარეშე მხარდაჭერის მობილიზებით, შეეცადონ არჩევნების დელეგიტიმაციას. ამის ნიადაგზე საზოგადოების ნაწილში საპროტესტო განწყობების გაღვივებას და შემდეგ უკვე „ფერადი რევოლუციების“ ნაცადი ტაქტიკის გამოყენებას.

„ნაციონალთა“ საპრეზიდენტო კანდიდატი რომ არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს სააკაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმაც კარგად უწყიან... სააკაშვილს აღარ გაუმახვილებია ყურადღება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის მოძებნაზე, რაზედაც ადრე ენთუზიაზმით საუბრობდა

„ნაციონალთა“ საპრეზიდენტო კანდიდატი რომ არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს სააკაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმაც კარგად უწყიან. თუ მიაქციეთ ყურადღება, ბოლო ტელემიმართვაში სააკაშვილს აღარ გაუმახვილებია ყურადღება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის მოძებნაზე, რაზედაც ადრე ასეთი ენთუზიაზმით საუბრობდა. თუნდაც ეს პატარა ნიუანსი მიანიშნებს მის არათანმიმდევრულობასა და სპონტანურობაზე.

- ისეთი პირი უჩანს, რომ პროდასავლურ ძალად მიჩნეულ პოლიტიკურ პარტიებს გაუჭირდებათ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ჩამოყალიბება და „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენციაში შესვლა.

ასეთ ფონზე სულ უფრო აშკარაა, რომ მესამე პოლიტიკურ ძალად ქცევაზე პრეტენზია აქვს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს. უკვე ცნობილია, რომ იგი მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რომელი პოლიტიკური ძალები აღმოჩნდებიან ბურჯანაძის მხარდამჭერები და მისი შანსები სავარაუდოდ როგორ გამოიყურება?

- რამდენადაც ცნობილია, საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია. მხარდამჭერების თუ მოკავშირეების მობილიზებამდე, უპრიანია ქ-ნმა ბურჯანაძემ ჯერ საკუთარი იმიჯის და პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაზე იზრუნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში შანსი ჰქონდეს.

მხოლოდ პოლიტიკური გამოცდილება, რაზედაც ბურჯანაძე ხშირად აპელირებს, როგორც მის პოლიტიკურ დივიდენდზე, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამომრჩეველმა მას ნდობა გამოუცხადოს

მხოლოდ პოლიტიკური გამოცდილება, რაზედაც ბურჯანაძე ხშირად აპელირებს, როგორც მის პოლიტიკურ დივიდენდზე, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მას ნდობა გამოუცხადოს.

ჩემი აზრით, ბურჯანაძემ უნდა შეძლოს როგორმე გადააბიჯოს საკუთარ პატივმოყვარეობას და მოიცილოს ის მძიმე პოლიტიკური შლეიფი, რაც მას მოჰყვება. მათ შორის, მისი საჯაროდ გამოხატული პოზიცია 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით. მან ასევე საჯაროდ და საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით უნდა მოახდინოს დაშვებული შეცდომების აღიარება.

- ვითარებაში, როცა ევროპასა და რუსეთს, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია, გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტონში მიიწვია. თავიდან ინფორმაციის პირველწყარო პუტინის მრჩეველი, აშშ-ში რუსეთის ყოფილი ელჩი უშაკოვი იყო. შემდეგ თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ამგვარი შეხვედრა მზადდება.

იმ ფონზე, როცა სულ ცოტა ხნის წინ თითქმის მთელი ცივილიზებული სამყარო ბრიტანეთის გამო რუსეთს სოლიდარულად დაუპირისპირდა, რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპი-პუტინის შეხვედრა კრემლისთვის და სავარაუდოდ, როგორ აისახება მისი შედეგები საქართველოზე?

- როგორც იცით, დონალდ ტრამპი საზოგადოებას “ტვიტერით” ეკონტაქტება და პუტინთან შეხვედრის შესახებ თავისი ტვიტერ-პოსტი ასეთი სიტყვებით დააბოლოვა „მშვიდობა - ძალის მეშვეობით!“ ეს არის ის მიდგომა, რაც დასავლეთმა და უპირველეს ყოვლისა აშშ-მ საკმაოდ წარმატებით გამოიყენეს საბჭოთა კავშირის მიმართ 80-იან წლებში.

ახლა მთავარია, მიიღებს თუ არა პუტინი ტრამპის შეთავაზებას. სხვათა შორის, ჩვენმა მედია საშუალებებმა არასწორად გააშუქეს ეს ფაქტი. რეალურად, ტრამპის მხრიდან მოწვევა შედგა ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის დროს, როდესაც ტრამპმა პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცა და ვაშინგტონი დასახელდა, როგორც შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილი.

თუ ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეული იქნა ურთიერთგაგება და თამაშის წესებზე შეთანხმება, საქართველოზე, როგორც აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორზე, ეს დადებითად უნდა აისახოს

შედგება თუ არა ორი ლიდერის შეხვედრა და თანაც ვაშინგტონში, რაც ალბათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვამდა აშშ-ს ლიდერობას, დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მზად აღმოჩნდება ამისათვის პიროვნულად და პოლიტიკურად პუტინი და რას წამოიღებს ამ შეხვედრიდან რუსეთი. ვფიქრობ, სწორედ ამ საკითხის გარშემო იქნება ინტენსიური კულუარული კონსულტაციები.

რუსეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს სანქციების შერბილება, ან შემდგომ უფრო მკაცრი სანქციების თავიდან აცილება, გარკვეული კომპრომისები თუნდაც სირიის საკითხზე, რომელიც რუსეთს სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა, ასევე შეთანხმება, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე აშშ რუსეთს „სიურპრიზებს“ არ მოუწყობს.

დღეს რთულია დეტალურად საუბარი იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებდა ეს შეხვედრა საქართველოზე. თუ ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეული იქნა ურთიერთგაგება და თამაშის წესებზე შეთანხმება, საქართველოზე, როგორც აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორზე, ეს დადებითად უნდა აისახოს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”