ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენ ვაკეთებთ ღია და ქმედით სამშვიდობო განაცხადს

დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რითაც ვდგამთ ახალ, პროაქტიულ და მნიშვნელოვან ნაბიჯს შერიგებისა და ჩართულობის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში.

25 წელია რაც გადაუჭრელი კონფლიქტი გვაქვს. 2008 წლის შემდგომ შექმნილი მძიმე ვითარება უკვე 10 წელია, ყოველდღიურად სერიოზულ გამოწვევებს უქმნის ადამიანებს ხელოვნური გამყოფი ხაზების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.

ამ ვითარების სიმწვავე და სიმძიმე კიდევ ერთხელ გამოვლინდა უდიდესი ტრაგედიის ფონზე, რაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასა და მისი ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურებას უკავშირდება.

იმ მძიმე დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ მსგავსი ქმედებები მიმართულია დაძაბულობის ესკალაციის, ხალხთაშორის დაპირისპირებისა და შუღლის გაღვივების, დაშორიშორების გაღრმავებისა და სამშვიდობო კურსის შერყევისკენ, რაც საბოლოო ჯამში არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ ყველას უსაფრთხოების და მშვიდობიანი მომავლის წინააღმდეგ არის მიმართული, იქნებიან ეს ქართველები, ოსები თუ აფხაზები.

სწორედ ამიტომ და ამის სრული გაცნობიერებით, დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს ღია და ქმედით განაცხადს იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი ურყევია და არსებულ გამოწვევებს უპირისპირდება მშვიდობით, განვითარებით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობითა და კონკრეტული ნაბიჯებით.

ერთი მხრივ, ჩვენ ვიქნებით სრულიად შეურიგებელი ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოების და უფლებების წინააღმდეგ გამიზნული ქმედებების მიმართ და მეორე მხრივ, გადავდგამთ კიდევ უფრო დინამიურ ნაბიჯებს დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების, პრაგმატული ინტერესების, მათი სწრაფვის გათვალისწინებით მშვიდობის, განვითარების და უკეთესი მომავლისაკენ.

გვსურს, ამით გზა გავუხსნათ კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დიალოგს საზოგადოებების სხვადასხვა წარმომადგენელთა ფართო მონაწილეობით და ამგვარად, ვიზრუნოთ მოსახლეობის კეთილდღეობაზე, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდეც.

ამის მიღწევა შესაძლებელია ჰუმანიტარული და დეპოლიტიზებული მიდგომებით.

სწორედ ასეთ ნაბიჯს დგამს დღეს საქართველოს მთავრობა. მოქნილი და პრაგმატული მექანიზმების შეთავაზებით, ქმნის საფუძველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშესახები სარგებლის მიღების, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებისთვის.

მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს სიახლეებს სამი ძირითადი მიმართულებით:

1. პირველი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ვაჭრობა და საერთო ეკონომიკური ინტერესი არის მშვიდობის ყველაზე მყარი წინაპირობა. გარდა ამისა, ეს ემსახურება ადამიანების კეთილდღეობის ზრდას და მათთვის ცხოვრების ღირსეული გარემოს შექმნას.

2. მეორე ასეთი მიმართულებაა ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ბედი, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად და მონაწილეობა მიიღოს ერთიანი მომავლის მშენებლობაში.

3. მესამე მიმართულებაა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე წვდომის მეტად გამარტივება, რაც ქვეყნის განვითარების პროცესში და პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხდება ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანი სიახლეა, სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომის მიზნით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნა, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. გათვალისწინებულია დაინტერესებულ პირთათვის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, აგრეთვე ცალკეული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის გამარტივება. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობის მსურველთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების პროცედურების გამარტივება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

აქვე აღსანიშნავია ორი მნიშვნელოვანი რამ:

1. თითოეული ეს მიმართულება მოიცავს ბევრ სიახლეს და მათ შორის სტატუს ნეიტრალურ, დეპოლიტიზებულ ინსტრუმენტებს. ამასთან, უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად და ჰუმანიტარული და შერიგების ამოცანების გათვალისწინებით, სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენება არ ნიშნავს „სტატუს-ინდიფერენტულობას“ ან სტატუსის საკითხის გადახედვას, არამედ კონკრეტული ჰუმანიტარული ამოცანის შესრულებისას, საკითხების დეპოლიტიზაციას სტატუსის თემასთან შეხების გარეშე. ეს მიდგომა გაზიარებულ უნდა იქნეს ყველა ჩართული აქტორის მიერ.

2. წარმოდგენილი ინიციატივა და საკანონმდებლო პაკეტი არის ცალსახად კონსტრუქციული და ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს, ეხმიანება მოსახლეობის საჭიროებებს, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს და ქმნის სივრცეს ყველა დაინტერესებული აქტორის კონსტრუქციული მონაწილეობისთვის, საზოგადოებრივი დიალოგისა და თანამშრომლობისათვის.

ინიციატივები „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ხორციელდება საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში.

შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ კი საკანონმდებლო ცვლილებების 9 პროექტი გადაიგზავნება პარლამენტში განსახილველად. ასევე გამოქვეყნდა ორი კონცეპტუალური დოკუმენტი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, სადაც გაწერილია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული თუ გადასადგმელი ნაბიჯები გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებისა და განათლების შესაძლებლობების გაფართოვებისათვის.

ორივე დოკუმენტი მნიშვნელოვან სიახლეებს შეიცავს, რასაც ნამდვილად აქვს პოტენციალი ადამიანებზე ზრუნვის და გახლეჩილ საზოგადოებების შერიგების მიმართულებით გარდატეხა შეიტანოს სამშვიდობო პროცესში.

დღეს ბევრი ფაქტორი აშორიშორებს ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, როგორიც არის კილომეტრობით მავთულხლართები და სხვადასხვა ხილული თუ უხილავი დაბრკოლებები, ბოლო 25 წლის მანძილზე წარმოქმნილი გარკვეული გაუცხოვება, თუმცა ბევრი რამ გვაერთიანებს კიდეც: და არ ვგულისხმობ მხოლოდ წარსულში ერთად თანაცხოვრების გამოცდილებას, ნათესაობას და შერეული ოჯახებს, კულტურულ სიახლოვეს, ან თუნდაც იმ ტკივილს, რომელიც დღესაც არ განელებულა ბევრი ადამიანისათვის, ვინც ახლობელი დაკარგა ან ჯერ კიდევ დევნილობაში იმყოფება. ვგულისხმობ, საერთო ინტერესსა და მისწრაფებას მშვიდობისაკენ, უკეთესი მომავლისკენ, განვითარების პერსპექტივისკენ, რაც დარწმუნებული ვარ ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას აერთიანებს.

ამ ამოცანების მისაღწევად კი, აუცილებელია, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არ დავუშვათ სიტუაციის ესკალაცია და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები დაპირისპირებების აღმოფხვრის, ნდობის მშენებლობისკენ; დიალოგით, თანამშრომლობით ვიზრუნოთ ადამიანების კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალზე.

ჩვენ მძიმე ტრაგედიები, დაპირისპირებები და კონფლიქტები გადავიტანეთ, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. საუბედუროდ, წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლისკენ და ეს დღეს უნდა გავაკეთოთ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს