IFC-მ ბაზისბანკს მცირე და საშუალო ბიზნესისა და საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებისთვის საკრედიტო ხაზი გამოუყო

IFC-მ ბაზისბანკს მცირე და საშუალო ბიზნესისა და საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებისთვის საკრედიტო ხაზი გამოუყო, - შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოეწერა. როგორც "ბაზისბანკში" განმარტავენ, პარტნიორობის მიზანია მცირე და საშუალო კომპანიების საბრუნავი საშუალებებისა და სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება, რაც ამ კომპანიებს საქმიანობის გაფართოებაში, სამუშაო ადგილრბის შექმნასა და ახალ ბაზრებზე დამკვიდრებაში დაეხმარება.

"ბაზისბანკის" გენერალური დირექტორის, დავით ცაავას განცხადებით, ჯამში საკრედიტო თანხა 12 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

"დღეს "ბაზისბანკსა" და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, კონკრეტულად კი იმ კომპანიების დაფინანსებას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო ვაჭრობაში. საუბარია კომპანიებზე, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ და თავიანთ ბიზნესს ანვითარებენ როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საუკეთესო პირობა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ასევე დღეს შევუერთდით IFC-ის გლობალური მხარდაჭერის გუნდს, რომლითაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება მხარი დავუჭიროთ და დავაფინანსოთ ჩვენი მომხმარებელი თავიანთი ბიზნესის განვითარებაში. ეს არის ორი ხელშეკრულება და თანხის ჯამური მოცულობა 12 მლნ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, დავაფინანსოთ ქართული კომპანიები", - განაცხადა ცაავამ.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ესწრებოდა, რომელმაც თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეაფასა და როგორც "ბაზისბანკს", ისე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, გაფორმებული შეთანხმება მიულოცა.

"დღევანდელი დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ის საკრედიტო რესურსი, რომელიც გამოყოფილი იქნება, მოხმარდება ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას შეუწყობს ხელს, ასევე ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. ამავე დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის განვითარებისთვის, ვინაიდან ისეთი გლობალური ორგანიზაცია, როგორიც არის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მუშაობას იწყებს კიდევ ერთ კომერციულ ბანკთან საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ არის ნდობა როგორც ბანკის, ისე ფინანსური სისტემის მიმართ საქართველოში. რაც შეეხება "ბაზისბანკს", მისი კაპიტალი და ოპერაციები იზრდება, ვფიქრობთ, ასეთი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაუხსნის გზას, რათა მომავალში დამატებითი რესურსები მოიზიდოს და კიდევ უფრო გაზარდოს ეკონომიკური სექტორების დაფინანსება", - აღნიშნა გვენეტაძემ.

თავის მხრივ, IFC-ს რეგიონული მენეჯერის, სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენის განცხადებით, "ბაზისბანკთან" თანამშრომლობა საქართველოში კერძო სექტორის მხარდაჭერის ფართო ძალისხმევის ნაწილია.

"სავაჭრო დაფინანსებასთან წვდომა უმნიშვნელოვანესია კომპანიებისთვის, რომლებიც საგარეო ვაჭრობაში არიან ჩართული, ზრდის მათ სიცოცხლის უნარიამობას და ხელს უწყობს ეძიობ ახალი შესაძლებლობები", - განაცხადა იან ვან ბილსენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა