ნიკოლოზ მეტრეველი - ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გააზრებულად შეხვდებით კრემლის მიერ არჩეულ სახიფათო სტრატეგიას

გასულ თვეში ვლადიმერ პუტინი შემდეგი ექვსი წლით იქნა არჩეული რუსეთის პრეზიდენტად. არჩევნებში მან თავისი 19 - წლიანი მმართველობის საუკეთესო შედეგი აჩვენა, მას რუსეთის ამომრჩეველთა 76% მისცა ხმა. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების უმრავლესობა და ექსპერტები აცხადებენ, ამისათვის არჩევნების ფალსიფიცირება პრაქტიკულად არ დასჭირვებია.

რას უნდა ველოდეთ გამარჯვებული პუტინისაგან?! ეს კითხვა გახდა ძირითადი - პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისათვის მთელს მსოფლიოში. მართლაც შიდა პოლიტიკა და რუსეთის წინაშე არსებული ურთულესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გახდება პრიორეტიტული, როგორც მან ეს არჩევნების დასრულებისავე განაცხადა, თუ ისევ გაგრძელდება აგრესიული საგარეო პოლიტიკური კურსი და დემოკრატიულ სამყაროსთან კონფრონტაცია?

იმისათვის, რომ გავიგოთ იმ კრიზისის საშიშროება და მასშტაბები, რომელიც არსებობს პუტინის ახალი საპრეზიდენტო ვადის დაწყების წინ დასავლეთსა და რუსეთს შორის, აუცილებელია გავაანალიზოთ მსოფლიოში ამჟამად არსებული სიტუაცია.

აშშ-ს, დასავლეთს და რუსეთს შორის 2014 წელს დაწყებული კონფრონტაცია, დღეისათვის მნიშვნელოვნად ინტესიფიცირებულია. ამ დაპირისპირებამ კომპლექსური ხასიათი მიიღო. ის მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, საგარეო პოლიტიკურ, სამხედრო, ინფორმაციულ და იდეოლოგიურ ასპექტებს.

კონფრონტაცია, რომ უფრო მწვავდება ნათლად დასტურდება 7 აპრილს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2013 წლის შემდეგ მიღებული ახალი უპრეცენდეტოდ მკაცრი სანქციების პაკეტით. კონგრესმენები, რომლებიც სისტემატიურად აკრიტიკებდნენ ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს და პრეზიდენტ ტრამპს, წინა სანქციების პაკეტის „ხავერდოვნებაში“, შეუძლიათ უაღრესად კმაყოფილები იყვნენ.

7 აპრილის სანქციების საკითხი ცალკე და დეტალური ანალიზის თემაა. ერთი რამ კი ცალსახად ნათელია, ეს სანქციები რუსეთის ისედაც დასუსტებულ ეკონომიკაზე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მძიმე გავლენას მოახდენენ. სანქციების ახალი პაკეტი პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ უახლოეს პერსპექტივაში დარტყმა მიყენებული იქნება რუსეთისათვის ყველაზე მგრძნობიარე ენერგეტიკული სექტორისათვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სანქციების ფონზე რუსეთი შეძლებს „ჩრდილოეთის ნაკადის“ დასრულებას, რაც ძალიან პრობლემატურად მეჩვენება, მას ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე უკვე 2019 წლის ბოლოდან „სამხრეთის გაზის დერეფანი“ მნიშვნელოვნად შეავიწროვებს.

აშშ-ის ადმინისტრაციაში ტილერსონისა და მაკმასტერის მაგივრად, მაიკლ პომპეოსა და ჯონ ბოლტონის მოსვლის შემდეგ თუ ვინმეს რუსეთში იმედი რჩებოდა აშშ ადმინისტრაციის კურსის შერბილებაში რუსეთთან მიმართებაში, ეს იმედებიც გაუქარწყლდათ. როგორც ამერიკელი ისე ევროპელი დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ბოლტონისა და პომპეოს ადმინისტრაციაში მისვლით, ევროკავშირის, ბრიტანეთის და იაპონიის პოზიცია რუსეთის მიმართ უფრო კონსოლიდირებული და მკაცრი გახდება.

ამის ნიშნები უკვე სახეზეა, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ინგლისში განთავსებული რუსული აქტივების ანალიზი და შესწავლა მათი გაყინვის მიზნით. 20 მარტს კი სატელეფონო მოლაპარაკებები შედგა ტერეზა მეისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს შორის, რომლის დროსაც განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების შემდგომი ერთობლივი გეგმები. იმისდა მიუხედავათ შედგება თუ არა პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრა, ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის, რომ თუ ასეთ არსებულ ჩიხურ სიტუაციაში ტრამპი-პუტინის შეხვედრა შედგა, ამ ეტაპზე ამ შეხვედრიდან რაიმე კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი.

ფაქტია, რუსეთი ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც გადაჭრას მოითხოვენ, რასაც ძალიან მკაფიოდ აცნობიერებს პრეზიდენტი პუტინიც და რუსეთის მმართველი ელიტის დიდი ნაწილიც.

აქ ძირითად საკითხს წარმოადგენს ის, თუ რა გზებით და რა რესურსებით უნდა მოხდეს სულ უფრო მზარდი მძიმე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისიდან რუსეთის გამოყვანა.

სანდო კვლევებზე დაყრდნობით ნათელია, რომ არჩევნებზე პუტინმა ელექტორალური მხარდაჭერის 80% საგარეო პოლიტიკის სფეროში გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე მიიღო და არა საშინაო პოლიტიკის ფრონტზე მიღწეული წარმატებების. სერიოზული და დამოუკიდებელი „ლევადა ცენტრის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხული რუსი ამომრჩევლის 86% თვლის, რომ ყირიმის „შეერთება“ რუსეთთან სწორი იყო, 73% კი მიჩნევს, რომ რუსეთმა სირიაში თავის მიზნებს მიაღწია. ამრიგად, პუტინისადმი მხარდაჭერა გასაოცარი არავის უნდა მოეჩვენოს. აქვე საყურადღებოა, რომ პუტინის საგარეო პოლიტიკა ძირითადად სამხედრო აქციებით შემოიფარგლება. “რუსული არმიის ძალა - რუსეთის ძალაა“, “რუსეთი ალყაშემორტყმული ციხესიმაგრეა“, ამ განწყობის კულტივირებით ხდება რუსი ამომრჩევლის მობილიზება რუსეთის პრეზიდენტის გარშემო. ამიტომაც დიდი ალბათობით პუტინის პრიორიტეტად კვლავაც საგარეო პოლიტიკა დარჩება.

ამავე დროს ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი სრულიად გვერდზე გადადებს შიდა პოლიტიკის საკითხებს. ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და კარგად ესმის, რომ თვით მრავლისმომთმენ რუსეთის მოქალაქეთა მოთმინებასაც გარკვეული საზღვრები გააჩნია. მართალია, ლოზუნგი - „ყველაფერი ფრონტისათვის - ყველაფერი გამარჯვებისათვის“, ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ რუსი და მითუმეტეს რუსეთის არარუსი მოქალაქეები, მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე შეეგუებიან სულ უფრო მზარდი საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

გესმოდეს პრობლემა და არსებული გამოწვევები ერთია, გაგაჩნდეს მათი გადაჭრის შესაძლებლობების რესურსი და უნარი სხვა. სწორედ ამ დილემის წინაშე დგას და მომავალშიაც იდგება პუტინის რეჟიმი.

გეოპოლიტიკური სიტუაცია რუსეთის გარშემო სულ უფრო უარესდება და ეს ხდება არა მხოლოდ დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით. შორეულ აღმოსავლეთში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და იაპონიის მთავრობის პოზიცია ე.წ. ჩრდილოეთის ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რუსეთს დამატებით ისედაც მწირი რესურსების ხარჯვას აიძულებს.

დროა ყველამ აღიაროს, მსოფლიოში შეიარაღების ახალი შეჯიბრი უკვე რამდენიმე წელია რაც დაწყებულია და ის კონტროლიდან გამოდის, ასე თვლის დონალდ ტრამპი და მრავალი სხვა პოლიტიკოსი და ექსპერტი მთელს მსოფლიოში.

პუტინის მიერ გამოცხადებული შეიარაღების ახალი პროგრამა აუცილებლად გასცდება ამ პროგრამისათვის განკუთვნილ ბიუჯეტს და ეს მაშინ როდესაც სულ ახლო წარსულში მრავალტრილიონ რუბლიან რუსეთის სარეზერვო ფონდში არაფერი აღარ დარჩა. ამრიგად, რუსეთი ალტერნატივის წინაშეა, რეალური ეკონომიკა, სოციალური პროგრამები და მათთან დაკავშირებული ფართო მასშტაბიანი რეფორმები, თუ აგრესიული საგარეო პოლიტიკა.

პუტინმაც და რუსეთის მმართველმა ელიტებმა შესანიშნავად იციან, რა შედეგებამდე მიიყვანა საბჭოთა კავშირი ანალოგიურმა პოლიტიკამ. 8-10 წლიან პერსპექტივაში, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არ შეცვლის არჩეულ პოლიტიკურ კურსს და სასწრაფოდ არ დაიწყებს სრულმასშტაბინ ეკონომიკურ და რაც მთავარია, პოლიტიკურ მოდერნიზაციას, ის საბჭოთა კავშირის ბედს გარდაუვალად გაიზიარებს.

მაგრამ, სრულმასშტაბინი ეკონომიკური და პოლიტიკური მოდერნიზაცია და რუსეთის დღევანდელი რეჟიმი არათუ შეუთავსებელი, ისინი ანტაგონისტები არიან.

ნებისმიერი მოდერნიზაცია და რეფორმები აუცილებლად დაანგრევს დღეისათვის რუსეთში არსებულ კვაზიფეოდალურ სისტემას. არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟისა და ზემოდან თუნდაც „ჩინური მეთოდით“ რეფორმებისათვის კი, ვფიქრობ არც 65 წლის პუტინი და არც რუსეთის ელიტები მზად არ არიან.

სერიოზული ეკონომიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ დავუშვათ ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდისა და დასავლეთის მიერ სანქციების სისტემის გაუქმება, ამ შემთხვევაშიც კი რუსეთის ეკონომიკის გაუმჯობესებისა და მით უმეტეს აყვავების რეალური იმპულსები რუსეთს არ აღინიშნება.

დამაფიქრებელ დასკვნამდე მივდივართ, პუტინი იძულებული იქნება სოციალური და ეკონომიკური პრობლემების კომპენსაცია აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და საშინაო ანტიდემოკრატიული პოლიტიკის ხარჯზე მოახდინოს.

დღევანდელი რუსეთი არც ისე ძლიერია, როგორიც მას სურს თავი მსოფლიოს აჩვენოს და არც ისეთი სუსტი, როგორიც შეიძლება ეს დანარჩენ სამყაროს და მის მეზობლებს უნდოდეთ. მოსკოვს უაღრესად სახიფათო სტრატეგია აქვს არჩეული, იმ საფრთხეების უგულველყოფა კი რომელიც კრემლიდან მოდის, დაუშვებელი შეცდომა იქნება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი - ნიკოლოზ მეტრეველი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა