არ გამოვრიცხავ, მოსკოვშიც და ბაქოშიც იყოს იმის სურვილი, რომ მათ საქმე სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან ჰქონდეთ

სომხეთში განვითარებულ პროცესებზე და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები მეზობელ ქვეყანაში, „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონულ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, როგორ შეაფასებდით მომხდარს - ექსპრეზიდენტისა და ექსპრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომას და იმ ვითარებას, რომელიც მისი გადადგომის შემდეგ ერევანშია?

- პატარა დიქტატორი გაძევებულია. სარგსიანი გადადგა, რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, გადადგომა მისი სურვილი არ ყოფილა. სარგსიანი იძულებული იყო გადამდგარიყო. მან სომეხ ხალხს ძალიან ბევრი რამ დაუშავა. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში გაუგონარი ტერორი მძვინვარებდა. მის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ტოტალური ტერორის მასშტაბებმა აშკარად სახიფათო ზღვარს მიაღწია. ამიტომაცაა რომ ვამბობ - ძალიან კარგია, რომ ხალხმა მოახერხა დიქტატორ სარგსიანის გაძევება.

სერჟ სარგსიანს სომხეთში დიქტატურის დამყარების მცდელობა კი ჰქონდა, მაგრამ ეს არც მას და არც მის ბანდიტებს „რესპუბლიკური პარტიიდან“ არ გამოუვიდათ

სერჟ სარგსიანს სომხეთში დიქტატურის დამყარების მცდელობა კი ჰქონდა, მაგრამ ეს არც მას და არც მის ბანდიტებს „რესპუბლიკური პარტიიდან“ არ გამოუვიდათ.

მას შემდეგ, რაც სარგსიანმა განაცხადა რომ გადადგა, ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში მომხდარის გამო ზეიმი იყო. მარტო ერევანში სარგსიანის გადადგომა დაახლოებით 700 ათასმა მოქალაქემ აღნიშნა. ასეთი რამ ხდებოდა პრაქტიკულად მთელ სომხეთში. ხალხში საზეიმო განწყობამაც ნათლად დაანახა სარგსიანის მთავრობასა და პარტიას თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ხელისუფლების მიმართ.

- დამკვირვებელთა უმრავლესობის შეფასებით სომხეთში ფეხით მოსიარულეთა "ხავერდოვანი რევოლუცია" მოხდა, მაგრამ ახლა ალბათ ყველაზე აქტუალურია თუ როგორ განვითარდება პროცესები...

- მე ამ შეფასებაში მხოლოდ მცირე კორექტირებას შევიტანდი - სომხეთში ფეხით მოსიარულეთა და ხელებაწეულთა "ხავერდოვანი რევოლუცია" მოხდა. ოპოზიციის ლიდერებმა შეძლეს არა მხოლოდ განვითარებული პროცესების იდეოლოგიურად უზრუნველყოფა, არამედ ბრძოლის სწორი ტაქტიკის შემუშავებაც.

სომხეთში ფეხით მოსიარულეთა და ხელებაწეულთა "ხავერდოვანი რევოლუცია" მოხდა. ოპოზიციის ლიდერებმა შეძლეს არა მხოლოდ განვითარებული პროცესების იდეოლოგიურად უზრუნველყოფა, არამედ ბრძოლის სწორი ტაქტიკის შემუშავებაც

ვითარებაში, როცა ხელისუფლებამ ხალხის მასობრივად დაპატიმრება დაიწყო, აქციების ორგანიზატორებმა სწორად გათვალეს, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელებაწეულთა პროტესტი იმის დემონსტრირება იქნებოდა, რომ მათ ძალადობაზე უარი ჰქონდათ ნათქვამი. ხელების აწევით ხალხმა ხელისუფლებას ანახა, რომ მათი ცემისა და მათზე ძალადობის დროსაც ისინი ძალის გამოყენებას არ აპირებდნენ. აქციის ორგანიზატორებმა მოახერხეს არა მხოლოდ გზების გადაკეტვა, არამედ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფრის პარალიზება.

ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ხალხს მოუწოდებდა არ ეკამათათ პოლიციასთან, არ გამოეყენებინათ ძალა და მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტით გამოეხატათ თავისი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი. ხალხის ამგვარმა ქმედებამ ბევრად განაპირობა პოლიტიკური სცენიდან სარგსიანის მშვიდობიანად გასტუმრება.

- ნიკოლ ფაშინიანმა ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ხალხის რჩეულის არჩევა ურჩია. მისივე თქმით, სწორედ ხალხის რჩეულმა უნდა უზრუნველყოს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სარგსიანის გადადგომის შემდეგ სომხეთში პროცესები სწორედ ფაშინიანის სცენარით განვითარდება?

- ვფიქრობ, რომ სომხეთში პროცესები სწორედ ფაშინიანის სცენარით განვითარდება, ვინაიდან დემორალიზებულ ხელისუფლებას სხვა, რაიმე უფრო კონკრეტულის შეთავაზების ძალა არ აქვს. როცა ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის უამრავი რაოდენობა გამოდის, ხელისუფლებას სხვა გზა არცა აქვს გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს ხალხის ნებას.

სომხეთში პროცესები სწორედ ფაშინიანის სცენარით განვითარდება... როცა ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის უამრავი რაოდენობა გამოდის, ხელისუფლებას სხვა გზა არცა აქვს გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს ხალხის ნებას

მიმაჩნია, რომ პრემიერის მოვალეობის დროებით შემსრულებელი სწორედ სახალხო რჩეული ნიკოლ ფაშინიანი უნდა იყოს. აქციების დაწყებაზე პასუხისმგებლობა მას ჰქონდა აღებული და სწორედ მისმა აქტიურობამ გახადა შესაძლებელი სარგსიანის მშვიდობიანი გადადგომა. მან საფრთხეში ჩაიგდო თავი. აქციები ერევანში მასობრიობით გამოირჩეოდა, მაგრამ მისი დაპატიმრების შემდეგ ქუჩაში იმაზე გაცილებით მეტი ხალხი გამოვიდა, ვიდრე ხელისუფლება ვარაუდობდა. უნდა ითქვას, გარდა იმისა, რომ მან ყველა პოლიტიკოსებზე მეტად გამოავლინა სიმამაცე, სწორად დაგეგმა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლოს სტრატეგია და პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვიმეორებ - პრემიერის მოვალეობის დროებით შემსრულებელი სწორედ სახალხო რჩეული ნიკოლ ფაშინიანი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები შეადგენენ, ისინი ვალდებული არიან პრემიერ-მინისტრად სწორედ ნიკოლ ფაშინიანს დაუჭირონ მხარი. პარლამენტი ასე რომ არ მოიქცეს, ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში. მხოლოდ ერთს დავუმატებდი - დაუყონებლივ უნდა დაინიშნოს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

პრემიერის მოვალეობის დროებით შემსრულებელი სწორედ სახალხო რჩეული ნიკოლ ფაშინიანი უნდა იყოს

ჩვენი ცენტრის კვლევით სომხეთის დღევანდელი პარლამენტი არანაირად არ ასახავდა ხალხში არსებულ განწყობებს. „რესპუბლიკურ პარტიას“ რეალურად მხარს უკეთეს შემთხვევაში 7-10% უჭერდა, და ეს მაშინ, როცა პარლამენტში ამავე პარტიას წარმომადგენლობა 60% ჰყავდა.

- ცხადია, მომხდარი სომხეთში დემოკრატიის განვითარებას წაადგება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სომხეთში დემოკრატიის განვითარებას უამრავი პრობლემები ექნება. მხედველობაში მაქვს ის, რომ არადემოკრატიული რუსეთის ორბიტაზე მყოფ სომხეთს მმართველობის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება ძალიან გაუჭირდება...

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე მარტივად არ იქნება, როგორც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი არადემოკრატიული რუსეთის ორბიტაზეა, მე მაინც მგონია, რომ სომხეთი შეძლებს შექმნას ქვეყანაში მმართველობის დემოკრატიული სისტემა. ეს რომ ასე იქნება, სომხეთში მომხდარმა რევოლუციის გამოცდილებამაც დაგვანახა.

საინტერესოა ისიც, რომ სომხეთში დაწყებული რევოლუციური პროცესების ფონზე რუსეთის პოზიცია საკმაოდ თავშეკავებული იყო. მომხდარზე რუსეთის საგარეო უწყებამ საკმაოდ თავშეკავებული განცხადება გაავრცელა. რუსეთი მიესალმა სომხეთში დემოკრატიულ გარდაქმნებს. არ ვიცი, მომავალში როგორ განვითარდება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები. ამ თემაზე ჩემი პოზიცია ასეთია - სომხეთს მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა უნდა

გითხრათ სიმართლე, მიჭირს იმის თქმა თუ როგორი იქნება სომხეთის ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა

ამ თემაზე ნიკოლ ფაშინიანმა მხოლოდ ერთი წინადადება თქვა - იგი პატივს სცემს რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებს, მაგრამ რაც შეეხება მომავალს, იგი გააგრძელებს რუსეთთან მუშაობას.

გითხრათ სიმართლე, მიჭირს იმის თქმა, თუ როგორი იქნება სომხეთის ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა. ყოველ შემთხვევაზე მიტინგებზე ამ თემაზე პრაქტიკულად არც არაფერი არ ყოფილა ნათქვამი. მე თუ მკითხავთ, ეს სწორიც იყო, ვინაიდან სომხეთს ჯერ შიდა პრობლემები უნდა გადაეწყვიტა. ქვეყანას არ უნდა დაშვა სომხეთში დიქტატურის არსებობა.

- ბრძანეთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. სარგსიანის გადადგომამდე მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ საკმაოდ კონსოლიდირებული იყო, ბიზნესი შეზრდილი იყო სწორედ ამ პარტიასთან, თან სომხეთზე დასავლეთის გავლენა საკმაოდ შეზღუდულია. ასეთ ვითარებაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს? იგივე სურათს ხომ არ მიიღებთ?

- არა არ მივიღებთ. ოპოზიციის ლიდერებს კარგად ესმით, რომ პარლამენტი ხალხში არსებული განწყობების შესაბამისად უნდა დაკომპლექტდეს. ხალხი არჩევნებზეც რომ აქტიური იქნება და არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებს, დარწმუნებული ვარ.

ოპოზიციის ლიდერებს კარგად ესმით, რომ ხალხში არსებული განწყობების შესაბამისად უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტი

რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიის“ კონსოლიდირებულობას. სარგსიანის ხელისუფლების კონსოლიდირებულობა დამოკიდებული იყო ფულის წყაროებზე ამა თუ იმ ჯგუფების წვდომაზე. ისინი ხელისუფლებასთან მხოლოდ ფულის გამო იყვნენ, ვინაიდან მას ძალაუფლება ჰქონდა. ახლა „რესპუბლიკურ პარტიას“ არც ძალაუფლება აქვს და არც ძალაუფლებაზე მორალური უფლება.

- მაგრამ ამ ხალხს აქვს ფული…

- კი ასეა, მაგრამ მათი კაპიტალის ბედიცა და მომავალიც ახლა უკვე ახალ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, უახლოეს საათებსა და დღეებში სარგსიანის „რესპუბლიკურ პარტიას“ უამრავი დეპუტატი დატოვებს.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს საათებსა და დღეებში სარგსიანის „რესპუბლიკურ პარტიას“ უამრავი დეპუტატი დატოვებს

მოხდება ის, რაც თავის დროზე სომხეთში ერთხელ მოხდა, როცა 1998 წელს ლევონ ტერ-პეტროსიანის გადადგომამდე მმართველი კოალიცია ნახევარზე მეტმა დეპუტატმა დატოვა. ეს ის ვითარებაა, როცა ვირთხები გემიდან გარბიან. ამ ტიპის დეპუტატები პოლიტიკოსები და იდეოლოგები არ არიან, ისინი ყოველთვის იმათთან არიან, ვისაც ძალაუფლება აქვს.

- საპროტესო აქციებზე არაფერი თქმულა სომხეთის საგარეო პოლიტიკასა და მოსახლეობის გააქტიურების გეოპოლიტიკრ შემადგენელზე. ასე იმიტომ ხომ არ იყო, რომ რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების გარანტორია?

- ჩემი აზრით, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ყველას ესმოდა, მათ შორის ფაშინიანსაც - ჯერ შიდა პრობლემები იყო გადასაწყვეტი. სარგსიანის წასვლის შემდეგ მან ამ თემაზე თქვა - ჩვენ საგარეო თემაზე არ გვისაუბრია იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ შიდა პრობლემები გვქონდა გადასაწყვეტი. და კიდევ, იმის გამო მოვერიეთ ამ თემაზე საუბარს, რომ არავის ჰქონოდა ჩვენთვის არც დასავლეთის და არც რუსეთის აგენტებად მოხსენიების საშუალება.

ვთვლი, რომ ამ საკითხშიც ოპოზიციის ლიდერების ტაქტიკა სწორი იყო. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ საკმარისია რაიმე პოლიტიკური აქტიურობა დაიწყოს ვინმემ, ხელად დაიწყება შეთქმულების თეორიებზე გაუთავებელი და უსაგნო საუბარი. მოსახლეობის აქტიურობის მთავარი მამოძრავებელი გახლდათ მათი სურვიული - სომხეთმა დაამარცხოს ქვეყანაში არსებული ტოტალური კორუფცია და არადემოკრატიულ მმართველობა.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა ასეთ აზრსაც გამოთქვამს - სომხეთი პუტინის წინააღმდეგი არაა, მაგრამ სომხეთმა არ მოისურვა ჰყოლოდა თავისი პუტინი. ბრძანეთ, რომ ერევანში განვითარებულ პროცესებზე მოსკოვს თავშეკავებული დამოკიდებულება ჰქონდა. მაინც ძნელი დასაჯერებელია, პუტინის რუსეთს სურდეს სომხეთში იყოს დემოკრატიული მმართველობა...

- შესაძლოა, რუსეთს არ სურდეს სომხეთი იყოს უფრო დემოკრატიული, მაგრამ ამ კითხვას მე ასეთი კითხვით ვუპასუხებდი - რა ვარიანტები აქვს მოსკოვს სომხეთთან მიმართებაში?

ვფიქრობ, მოსკოვში მიხვდნენ - თუ სარგსიანის მმართველობა გაგრძელდებოდა, მოსკოვი რუსეთისადმი სომხეთის მოსახლეობის კეთილგანწყობას საბოლოოდ დაკარგავდა

უკანასკნელ წლებში სომხეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ კრიტიკული იყო. სომხეთის საზოგადოებაში დომინირებდა ასეთი აზრი - რუსეთს აწყობდა სომხეთის მმართველობაში სერჟ სარგსიანის ყოფნა. როცა სარგსიანი მომიტინგეებს არბევდა, აპატიმრებდა, მისი ხელისუფლება სისასტიკეს ჩადიოდა და ხალხზე დაუფარავად ძალადობდა, იგი ამას იმის გამო ბედავდა, რომ მის ზურგს უკან მოსკოვია.

ამის გამო რუსეთი სომხეთში ძალიან ბევრს კარგავდა. ვფიქრობ, მოსკოვში მიხვდნენ, რომ თუ სარგსიანის მმართველობა გაგრძელდებოდა, მოსკოვი რუსეთისადმი სომხეთის მოსახლეობის კეთილგანწყობას საბოლოოდ დაკარგავდა.

- თქვენი აზრით, ვიდრე სერჟ სარგსიანი გადადგებოდა, იგი დარეკავდა თუ არა კრემლში?

- ჩემი აზრით, არ დარეკავდა. გადადგომადე სარგსიანს კრემლში რომც დაერეკა, დარწმუნებული ვარ მის ზარს მოსკოვში არც არავინ უპასუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩი ბანდიტი იყო, სარგსიანისაგან განსხვავებით, მასშტაბური ფიგურა გახლდათ.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ კრემლსაც აწყობდა სარგსიანის სომხეთის პოლიტიკური სცენიდან წასვლა. უკანასკნელი 20 წელია სომხეთს ყარაბაღელები მართავენ. კოჩარიანი და სარგსიანი ყარაბაღიდან იყვნენ.

შესაძლოა, ამის გამოც ყარაბაღის საკითხში ოფიციალური ერევნის პოზიცია საკმაოდ მკაცრი იყო, ახლა კი მოსკოვის ამოცანაა, სწორედ ყარაბაღის საკითხში გარკვეული ცვლილებით როგორმე საბოლოოდ მოიგოს აზერბაიჯანის გული.

თქვენ გამორიცხავთ, რომ სარგსიანის გადადგომა კრემლის გეგმებშიც შედიოდა?

- რა თქმა უნდა, ყარაბაღის საკითხში მოსკოვის ამგვარი გეგმების გამო შეშფოთების გარკვეული საფუძველი შეიძლება იყოს. აქამდე რუსეთი ყარაბაღის თემას ერევანზე ზეწოლისათვის იყენებდა.

სომხეთში ხელისუფლების ცვლილება პოზიტიურია იმ თვალსაზრისითაც, რომ ბოლო წლებში სარგსიანს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან. ისიც ცხადია იყო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედების დაწყების ალბათობა სულ მეტად იზრდებოდა.

სხვათა შორის, სარგსიანის გადადგომამდე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საკმაოდ გონივრული განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბაქო არ აპირებს თავისი ძალების ყარაბაღის მიმართულებაზე კონცენტრიერებას. ჩემი აზრით, ამ კონტექსტის თვალსაზრისით, სომხეთში ხელისუფლების ცვლილება წაადგება სომხეთში პოლიტიკურ პროცესს.

აბსოლუტურად გეთანხმებით, არ გამოვრიცხავ, რომ მოსკოვშიც და ბაქოშიც იყოს იმის სურვილი, რომ მათ საქმე სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან ჰქონდეთ.

- თქვენი აზრით, სომხეთის პოლიტიკურის სცენიდან ყარაბაღელების წასვლა რამდენად იმოქმედებს ყარაბაღის საკითხში ოფიციალური ერევნის პოზიციაში ცვლილებაზე?

- ჩემი აზრით, სომხეთის მმართველობიდან ყარაბაღელი კოჩარიან-სარგსიანის წასვლა ყარაბაღის საკითხში ოფიციალური ერევნის პოზიციაზე იმოქმედებს. მაგრამ, ჯერ გამიჭირდება თქმა, რამდენად და როგორ - ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

სომხეთის მმართველობიდან ყარაბაღელი კოჩარიან-სარგსიანის წასვლა ყარაბაღის საკითხში ოფიციალური ერევნის პოზიციაზე იმოქმედებს. მაგრამ ჯერ გამიჭირდება თქმა, რამდენად და როგორ - ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

იმის გამო, რომ აქციები ძირითადად შიდა დაპირისირებას უკავშირდებოდა, ყარაბაღთან დაკავშირებით არანაირი განცხადებები არ გაკეთებულა. მაგრამ სომხეთში ხელისუფლების ცვლილება რომ ყარაბაღის საკითხზეც იმოქმედებს და თან პოზიტიურად, ამაში დარწმუნებული ვარ.

- თქვენი დაკვირვებით, ყარაბაღის საკითხში რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს ერევანი?

- ამ თემაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ამაზე მხოლოდ იმის შემდეგ შეიძლება გარკვეული მოსაზრებების გამოთქმა, როცა გაირკვევა თუ როგორი იქნება ახალ პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი, ვინ იქნება სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. ვიმეორებ, ყარაბაღის თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აპირებს ერევანში ჩასვლას. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია სააკაშვილის სომხეთში ჩასვლისა და სომხეთის პოლიტიკაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ?

- სააკაშვილი თავისუფალი მოქალაქეა და შეუძლია იქ ჩავიდეს, სადაც მოისურვებს. საერთოდ, ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი და ყველა მათი ლიდერი. მნიშვნელობა არა აქვს მათ შეხედულებებს. სომხეთის კარი ყველასათვის ღიაა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის.

რაც შეეება სომხეთის პოლიტიკაში მის სავარაუდო მონაწილეობას, არ მგონია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ მე ერევანში არავისგან მსმენია.

- ბატონო სტეპან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, თუ გავთ სურვილი კიდევ რამ უთხრათ ჩვენ მკითხველებს, გისმენთ…

- ამ დღეებში სომხეთში ძალიან მწვავე პოლიტიკური ბრძოლა იყო. სომხეთში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლა უმწვავესი დაპირისპირებისა და ხელისუფლების მხრიდან სისასტიკის პირობებში მიმდინარეობდა.

სარგსიანის გადადგომით სომხეთს ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებებისა და დემოკრატიული განვითარების შანსი გაუჩნდა

იცით თქვენ, მე მეცნიერი კაცი ვარ, სტატიებს ვწერ, მშვიდობიანი ადამიანი ვარ, მაგრამ როცა ხელისუფლებამ ნიკოლ ფაშინიანი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე დეპუტატი ერევნის ერთ-ერთ მიკრორაიონში დააპატიმრა, მე გავედი ერევნის ცენტრალურ მოედანზე და პოლიციელებითა და სხვა სპეცრაზმებით სავსე მოედანზე გადავწყვიტე ერთკაციანი საპროტესტო პიკეტის მოწყობა. ასეც მოვიქეცი - გავშალე პლაკატი - თავისუფლება ფაშინიანსა და სხვა პოლიტპატიმრებს და სკანდირება დავიწყე. მე, რა თქმა უნდა, დამაპატიმრეს, მაგრამ მალევე გამომიშვეს.

ამას რატომ გიყვებით - სარგსიანის მმართველობამ ისეთი ხალხიც კი როგორც მე ვარ, მწყობრიდან გამოიყვანა და პროტესის გამოხატვისკენ გვიბიძგა. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, შეიქმნა ვითარება, როცა აღარც შიში გაჩერებს და აღარც ის, რომ ადრე საჯაროდ პროტესტი არ გამოგითქვამს, მით უმეტეს, ძალოვნებით გავსებულ ცენტრალურ მოედანზე.

ახლა მთავარია, პროცესები მშვიდ რეჟიმში გადავიდეს და სომხეთში დაწყებული დემოკრატული პროცესი ისევე მშვიდობიანად დასრულდეს, როგორც სარგსიანის გადადგომა დასრულდა მშვიდობიანად. სარგსიანის გადადგომით სომხეთს ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებებისა და დემოკრატიული განვითარების შანსი გაუჩნდა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს