სულხან ღლონტი - ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარია მიზანია, რაც შეიძლება მეტი ევროპელი ტურისტი დავაინტერესოთ ბათუმით, რეგიონითა და ქვეყნით

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის ახლოვდება. რა კეთდება რეგიონში ტურისტების მოსაზიდად, რომელი ქვეყნებში მიმდინარეობს რეგიონის რეკლამირება და საიდან ელოდებიან ტურისტებს რეგიონში. ამ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტს ესაუბრა.

- ბატონო სულხან, როგორ ემზადებით ზაფხულის ტურისტულის სეზონისთვის? რა პიარ აქტივობებს ახორციელებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოსაზიდად?

- კამპანია 16 სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება მთელი წლის მანძილზე, ზაფხულის სეზონის დაწყების წინ ბუნებრივია უფრო აქტიურად ხდება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოზიციონირება სხვადასხვა სარეკლამო არხების მეშვეობით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ევროპული ქვეყნები: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარია მიზანია, რაც შეიძლება მეტი ევროპელი ტურისტები დავაინტერესოთ ჩვენი ქალაქით, რეგიონითა და ქვეყნით. ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური სატელევიზიო რეკლამა ისეთი რეიტინგული ტელევიზიებით, როგორებიცაა BBC, ევრონიუსი და მაისიდან უკვე დოიჩე ველე. შედეგად აჭარის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან არამარტო ევროპულ ქვეყნებში, არამედ ჯამში 195 ქვეყანაში. ეს არ არის ერთჯერადი კამპანია. ჩვენ წლის ბოლომდე გავაგრძელებთ თანამშრომლობას მსგავს რეიტინგულ არხებთან. გარდა ვიდეორგოლების გაშვებისა, სარეკლამო ღონისძიებები ასევე მოიცავს გადაცემებისა და სიუჟეტების მომზადებას. მაისიდან ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას დოიჩე ველესთან, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მილიონობით მაყურებელი გაიცნობს ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს. მნიშვნელოვანია ის, რომ დოიჩე ველეს, აქტიურად უყურებენ პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები, ზოგადად საქმიანი წრეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც დაკავებულები არიან ტურების მომზადება-გაყიდვით ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს შესახებ. გერმანია და დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის ახალი ბაზრებია და ამიტომ, აუცილებელია მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პოტენციურ ტურისტებს ჩვენი ტურისტული პროდუქტების შესახებ.

- რა პერიოდს მოიცავს თქვენი სარეკლამო კამპანიები და სატელევიზიო რეკლამის გარდა რა ტიპის რეკლამას ითვალისწინებს ის?

- ჩვენი მარკეტინგული კამპანიები არის ხანგძლივი, ის არ არის ერთჯერადი. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ და წელს ვაგრძელებთ ძალიან კონკრეტულ სარეკლამო აქტივობებს, როგორც სამიზნე ქვეყნების ლოკალურ ასევე, საერთაშორისო ტელევიზიებით. ამას ემატება რა თქმა უნდა აქტიური ინტერნეტ კამპანიები. თანამედროვე ეპოქაში სოციალურ მედიასა და ინტერნეტ რესურსებზე წვდომა აქვს ძალიან ბევრ ადამიანს. შესაბამისად, მოგზაურების დიდი ნაწილი იყენებს ამას და ბუნებრივია ჩვენ დიდი ყურადღებას ვუთმობთ. ამას რა თქმა უნდა ემატება გარე რეკლამა სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებსა და დიდ ქალაქებში. ვფიქრობთ, სატელევიზიო, ინტერნეტ და გარე რეკლამა ერთიანობაში შემქნის იმ კომპლექსურ კამპანიას, რითაც გვინდა ჩვენს პოტენციურ ტურისტებს გავაცნოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტები.

- თქვენ ახსენეთ, რომ აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს 16 სამიზნე ქვეყანაში. ესენია ტრადიციული ბაზრები თუ მათგან არის ახალი ქვეყნები, სადაც წელს დაიწყეთ რეკლამა?

- წელს, ჩვენს სამიზნე ქვეყნებს სადაც ბოლო წლებია ვანხორციელებთ რეგიონის პოზიციონირებას, დავამატეთ დიდი ბრიტანეთი. ეს არის 60- მილიონიანი ბაზარი, სადაც ჩვენ ძალიან ხანგრძლივი კამპანიები გვაქვს დაგეგმილი. ბრიტანელები არიან იმ ტურისტთა ათეულში, რომლებიც ყველაზე მეტს მოგზაურობენ და ასევე ბევრს ხარჯავენ მოგზაურობისას. შესაბამისად, ეს ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ამაში ხელს გვიწყობს ის იაფი ფრენები, რომლებიც დაინიშნა ლუტონის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით. ქუთაისის არის პლატფორმა ჩვენთვის, რადგან იქ ჩამოსული მგზავრების უმრავლესობა მოდის ბათუმში და ინტერესდება აჭარით.

ჩვენთვის მთავარია, რომ ორგანიზებული სახე მიეცეს ამ ყველაფერს და წამყვანმა სააგენტოებმა შექმნას ტურისტული პაკეტები საქართველოსა და ჩვენი რეგიონის მიმართულებით. პირველი პერიოდი ეს არის ცნობადობის ამაღლების კამპანია. ლონდონის გამოფენაც, სადაც წელს უკვე დეპარტამენტი მესამედ მივიღებთ მონაწილეობას არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ რეგიონში მოვიწვიოთ ის საქმიანი წრეები, რომლებიც იზრუნებენ აჭარაში ბრიტანელი ტურისტების ჩამოყვანაზე.

- როცა გეგმავთ სარეკლამო აქტივობებს, ამ შემთხვევაში ეყრდნობა თუ არა ეს რაიმე ტიპის კვლევას? რა გზებით ხდება სარეკლამო არხების შერჩევა ქვეყნების მიხედვით?

- რა თქმა უნდა სარეკლამო აქტივობების დაგეგმვას წინ უძღვის მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. გასულ წელს, ჩვენ გავაკეთეთ კვლევა 16-ვე სამიზნე ქვეყანაში, რომელმაც გვაჩვენა ის პლატფორმები, რომლებიც მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყანაში. მაგალითად, ინტერნეტრესურსებიდან რომელს მოიხმარენ ჩვენი პოტენციური ტურისტები? რომელი ტელევიზიაა მათთვის მნიშვნელოვანი ან საერთოდ არის თუ არა მნიშვნელოვანი? რა ტიპის რეკლამას ანიჭებენ უპირატესობას და ის სარეკლამო არხები, საიდანაც იღებენ ინფორმაციას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კონკრეტული კამპანიები უკვე ეყრდნობა იმ გამოცდილებას, იმ კვლევას რომელიც გაგვაჩნია.

როგორც ვიცით, ბოლო წლებია თქვენ აქტიურ რეკლამას აწარმოებთ შიდა ტურიზმის სტიმულირების მიმართულებითაც. წელს რა პროექტებს გეგმავთ?

შიდა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კომპლექსური პროექტი გვაქვს, რაც გულისხმობს უნივერსიტეტებში, სტუდენტებთან მოხდეს ჩვენი რეგიონის პოპულარიზაცია. ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ ახალგაზრდებზე, რომლებიც გვინდა მოვიწვიოთ რეგიონში. იმიტომ რომ ერთი ახალგაზრდა ნიშნავს ძალიან ბევრს დაინტერესებულ და ინფორმირებულ ახალგაზრდას მის ირგვლივ. პირველ ეტაპზე შევარჩიეთ თელავის, ქუთაისის, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც მოხდება აჭარის ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია.

ჩვენ გვინდა, ადამიანებისთვის აჭარა არ ასოცირდებოდეს მხოლოდ ზღვასთან, ის ასევე ასოცირდებოდეს მთასთან. მთაში ტურისტი ნიშნავს შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გასულ წელს 98%იანია მოგზაურების მატება გვქონდა მთიან აჭარაში და წელსაც მოტივირებულია ადგილობრივი მოსახლეობა გაუმასპინძლდნენ სტუმრები. ჩვენც ყველაფერს ვაკეთებეთ იმისთვის, რომ მათ დავეხმაროთ ინფრასტრუქტურის, განათლების ამაღლებისა თუ დონორ ორგანიზიებთან ურთიერთობის კუთხით.

- თქვენ მთიან აჭარაში ტურისტულ ბიზნესში ჩართული მოსახლეობის განათლების ამაღლება ახსენეთ და ამ მიმართულებით რა პროექტებს ანხორციელებთ?

- მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებისთვის ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს 500-მდე მოქალაქემ გაიარა ჩვენი ტრენინგ-კურსები. გასულ წელსვე, გამოვლინდა უცხო ენის ცოდნის პრობლემა მაღალმთიანეთში და წელს უკვე მაისიდან ვიწყებთ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს, პირველ ეტაპზე კურორტ გოდერძის მიმართულებით. ეს იქნება სტუმართ-მასპინძლობისთვის აუცილებელი საკომუნიკაციო ინგლისურის შესწავლა, რაც დაეხმარება ადგილობრივებსა და ტურისტებთან კომუნიკაციის დროს დაძლიონ ენობრივი ბარიერი. ჩვენ ასევე ვქმნით სპეციალურ CD პროგრამას, სადაც მსმენელს საშუალება აქვს ჰქონდეს იმიტირებული ურთიერთობა ტურისტთან, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას შეეძლება ტრენინგებზე დასწრების გარდა თვითგანათლებით დაკავდეს. ეს არ იქნება ერჯერადი ტრენინგები. ტურიზმის განვითარების სკოლის ტრენინგ-კურსები შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. ეს იქნება ყველა იმ მუნიციალიტეტში, სადაც ტურისტების რაოდენობა მზარდია. გასულ წელს, განსაკუთრებით პოპულარული იყო კურორტ გოდერძის მიმართულება, სადაც ამჟამად 10 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება, ასევე გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია ეს არის საუკუნის პროექტი მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებასთან ერთად, რაც კომპლექსურად შექმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული.