რა იქნება 11 მაისის შემდეგ, ანუ რა უნდა ქნას ბიძინა ივანიშვილმა?!

იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი კენჭს ვერც პრეზიდენტად იყრის და ვერც პრემიერის თანამდებობას დაიკავებს, მისი პოლიტიკაში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დაბრუნება ხანგრძლივი დროით უნდა მივიჩნიოთ. ყველა ორგანიზაცია, კერძო თუ საჯარო, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გაერთიანება, ვითარდება მისი ხელმძღვანელის ნებისა და უნარების შესაბამისად. ამიტომაც, სწორედ ივანიშვილის აქტიურობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული, რა სახეს მიიღებს „ქართული ოცნება“ როგორც პარტია, რადგან როგორც უმრავლესობას, მას უკვე მიღებული აქვს სახე და ამ სახეს NDI-ის გამოკითხვებს თუ ვენდობით, არც თუ კარგი, სასურველი იმიჯი აქვს. აქედან გამომდინარე, არსებობს ორი ბუნებრივი კითხვა, რომელზეც „ოცნების“ 11 მაისის პარტიული ყრილობის შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით უნდა გაეცეს პასუხი:

1. გაიმიჯნება თუ არა პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებისგან სტრუქტურული თვალსაზრისით და შესაბამისად

2. არის თუ არა ივანიშვილის დაბრუნება კოსმეტიკური, პოლონური მაგალითის კოპირება ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში რიგი საშინაო და საგარეო ფაქტორების ფორმალურად საპასუხოდ?

პირველ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ კოალიციის 2012 წლის თებერვლის სადამფუძნებლო დეკლარაციაში იყო მოცემული. დეკლარაციის მე-7 პუნქტის თანახმად, არ უნდა იქნას დაშვებული ხელისუფლებაში მყოფი პარტიის სახელისუფლებო ინსტიტუტებთან შერწყმა. ბოლო წლების განმავლობაში ეს დანაპირები, ეს პუნქტი მუდმივად ირღვეოდა, რადგან ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იმავდროულად იყვნენ პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ამდენად, თუ არსებული სახელისუფლებო ინსტიტუტების ხელმძღვანელები კვლავ დარჩებიან პარტიულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ფორმალურად მაინც, არსებული მანკიერი მოცემულობა არ შეიცვლება. ეს საკითხი პრობლემურია როგორც სახელისუფლებო და პოლიტიკური პროცესის ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით, ასევე უშუალოდ „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის განვითარების კუთხით. პირველ რიგში კი სწორედ პარტიის თავმჯდომარისათვის ის სამომავლოდ ბუნებრივად შექმნის პრობლემებს. ივანიშვილის ამოცანა, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის მისი დაბრუნებით გაჩენილი „გადატვირთვული“ იმედის ინსტიტუციური გამართლებაა. კერძოდ, რეალური პრობლემა სახელისუფლებო და პარტიული „ლიდერშიპის“ შერწყმის გზით პოლიტიკური, მათ შორის „ოცნების“ შიდაპოლიტიკური ველის მონოპოლიზებაა. ამ შერწყმით მოხდა ის, რომ პარტიის შიგნით პოლიტიკური კონკურენციის რეჟიმი მოისპო, ხელმძღვანელ პირებს შეუცვლელობის და გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიღების სინდრომი დაეუფლათ, მათ შორის იმის დაშვებით, რომ ივანიშვილი არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში, და შესაბამისად პარტიამ დაკარგა მთავარი დანიშნულება - შექმნას შიდა კონკურენცია ახალი ლიდერების გაჩენით. დემოკრატიულ საზოგადოებაში კი პარტიის მონოპოლიზება პირდაპირპროპორციულია ხელისუფლების მონოპოლიზებისა.

ამდენად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ივანიშვილის ამოცანა მომდევნო კვირებში უნდა იყოს პარტიული ხელმძღვანელი თანამდებობებისგან სახელისუფლებო თანამდებობების გამიჯვნა. აქ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა არ იგულისხმება, არამედ პარტიის შიგნით ახალი, ალტერნატიული თუ სათადარიგო „პარტიული ელიტის“ გაჩენის შანსის შექმნა, რაც უზრუნველყოფს, როგორც შიდა პარტიული ლიდერებისათვის, ისე სახელისუფლებო ლიდერებისათვის განვითარებაზე ორიენტირებული კონკურენტული გარემო შეიქმნას. ასეთი გარემო არასდროს ყოფილა საქართველოში დღემდე არსებულ სახელისუფლებო პარტიაში. ეს უზრუნველყოფს მინიმუმ 2 რამეს: ა. სახელისუფლებო თანამდებობის პირის წარუმატებელი საქმიანობისთვის პარტიული რეიტინგის მიუბმელობას, ანუ აღარ მოხდება უშუალო გაიგივება პარტიასა და კონკრეტული თანამდებობის პირის შეცდომებსა და არაეფექტიანობასთან და ბ. მუდმივად იარსებებს საიმისო რესურსი, რომ ასეთი კონკრეტული პირი პარტიისათვის უმტკივნეულოდ ჩანაცვლდეს. ყველა სხვა შემთხვევაში ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას არ ექნება მოლოდინის პროპორციული პოზიტიური ეფექტი, შეიძლება პირიქითაც კი.

ამავე დროს „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ ამდენი წლის განმავლობაში ვერ გამოუყენებია ის პარტიული რესურსი, რასაც ევროპულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ინტეგრაცია ჰქვია. ამის მიზეზი კვლავაც ის ინსტიტუციური აღრევაა, რის არდაშვებასაც დეკლარაცია გვპირდებოდა. ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგი მეტწილად პარტიული პოლიტიკის საფუძველზე ვითარდება. იგივე ევროკავშირის ინტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები პარტიული პოლიტიკის გაგრძელებაა და არა პირიქით. საგარეო პოლიტიკის მხოლოდ სახელისუფლებო დონეზე, რუტინული დიპლომატიის მეშვეობით წარმართვა, პარტიულ/იდეოლოგიური ელემენტის გამოყენების გარეშე, მეტწილად არაეფექტიანია. ეს ეხება როგორც ლობიზმს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, ისე ზოგად სახელმწიფო პოლიტიკასაც. მაგალითად, უვიზო მიმოსვლის პრობლემატიკა გაცილებით ეფექტურად შეიძლებოდა მოგვარებული აქტიური პარტიული ჩართულობის გზით, რადგან თავად იგივე გერმანიაში ეს საკითხი უფრო პოლიტიზებულია, ვიდრე ინსტიტუციონალიზებული სახელისუფლებო დონეზე.

შესაბამისად, მეორე კითხვაზე პასუხი ცალსახაა - ივანიშვილის დაბრუნება ვერ და არ იქნება ფორმალურ/კოსმეტიკური. არც დასავლეთი, რომელიც პოლიტიკის კეთების ფორმალიზაციის მომხრეა და ვერც რეგიონში არსებული გამოწვევები ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ ფორმალური ხელმძღვანელობით. თავისთავად ის ფაქტი, რომ ივანიშვილი ქვეყანაში ყველაზე წონადი და ავტორიტეტული პოლიტიკური მიზიდულობისა და გავლენის ცენტრია პიროვნულად, უკვე უშუალო პასუხისმგებლობის დიდ ხარისხს ნიშნავს. ამდენად, მისი დაბრუნება თუ მხოლოდ შიდა პარტიულ პოლიტიკაზე აქცენტით შემოიფარგლა და არ გავრცელდა სახელისუფლებო პოლიტიკაზე, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სწორი კანონმდებლობის მიღება, საბანკო მონოპოლიები, სოციალური თანასწორობა და ა.შ. ეს დაბრუნებაც უკუპროდუქტიული უფრო იქნება. ამის უზრუნველსაყოფად კი, მას მოუწევს პარტიაში არამხოლოდ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მოძებნა, არამედ კვალიფიციური ანალიტიკოსთა ჯგუფების შექმნაც. თავის დროზე, ასეთი ანალიტიკოსთა პირებისგან შემდგარი საზოგადოებრივი გაერთიანება 2030-ის სახით უკვე გახარჯულია, ის მოდელი იყო ივანიშვილის არასახელისუფლებო პოზიციაზე მორგებული, ხოლო ახლა ასეთი ფორმა ვერ გამოიღებს შედეგს, რადგან მასში შემავალ პირთა უმრავლესობა საჯარო სამსახურშია, ხოლო ახალთა მოძებნა გარკვეულ დრო მოითხოვს. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ არსებულმა შემადგენლობამ არაერთი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, უფრო სწორად, ბევრი რამ ბევრად უკეთესად შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ასეთი შეცდომებისგან პრევენცია სწორედ პარტიული გამართულობის დანიშნულებაა.

ლევან ბოძაშვილი

კონსტიტუციონალისტი,

ნიუ-იორკის ფორდჰამის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა