პროკურატურა იმედოვნებს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესების პარალელურად კი უფრო და უფრო მეტი კითხვის ნიშნები უჩნდება დაცვის მხარეს და დაზარალებულს. კითხვები ეხება როგორც მოწმეების მიერ შეცვლილ ჩვენებებს, ასევე ექსპერტიზის დასკვნებს. დაცვის მხარე და დაზარალებულები აცხადებენ, რომ შესაძლოა დანაშაულის ჩადენაში მეტი პირი მონაწილეობდა და პროკურატურა მათ რატომღაც ხელს აფარებს. ასევე არსებობს ვარაუდები, რომ საქმე არასწორად და არასრულფასოვნად არის გამოძიებული.

საქმის გამოძიების და მიმდინარე სასამართლო პროცესების შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე პასუხობს:

- ბატონო ზვიად, დაცვის მხარე და დაზარალებულები საქმის არასწორად და არასრულყოფილად გამოძიებაში სდებს ბრალს პროკურატურას.რას იტყვით ამის თაობაზე?

- დაცვის მხარის ამგვარი განცხადება არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს დაკავებიდან 40 დღეს. შესაბამისად, ბრალდების მხარემ აღნიშნულ ვადაში სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება, რა დროსაც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკნვები, რომლებიც დანიშული იყო გამოძიების სტადიაზე, თუმცა ხსენებულ დასკვნებში ასახული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ დამატებით მტკიცებულებებად შეიძლება იყოს მიჩნეული და აბსოლუტურ თანხვედრაშია საქმეზე გამოძიების სტადიაზე მოპოვებულ მტკიცებულებებთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარესაც, როგორც ბრალდების მხარეს გააჩნდა ანალოგიური დრო საქმეზე გამოძიების ჩასატარებლად და თუ რამეს არ ეთანხმებოდნენ, ან საქმეზე სხვა ფაქტბრივი გარემოებები დგინდებოდა შეეძლო წარმოედგინა სასამართლოში მოწმეთა გამოკითხვისა, თუ სხვადასხვა მტკიცებულებათა სახით.

- ადვოკატებს კითხვები აქვთ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებითაც, რატომ მიმართა პროკურატურამ ექსპერტიზის ბიუროს დამატებითი კითხვებით, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ ნაჩქარევად გამოიძია საქმე და ბევრი საკითხი გამორჩა?

- პროკურატურის მხრიდან საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ექსპერტიზისადმი დაისვა მხოლოდ და მხოლოდ დამაზუსტებელი კითხვები, რომელიც წარმოიშვა მას შემდეგ რა დაცვის მხარემ სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე წარმოადგინა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

- როგორც დაზარალებული და ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, ექსპერტიზის დასკვნით კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება სინამდვილეში რა მოხდა, რამდენი ადამიანი და დანა მონაწილეობდა ჩხუბში. ასევე რომელი დანით და ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები გარდაცვლილებს. პროკურატურა როგორ აფასებს ექსპერტიზის დასკვნას?

- პროკურატურას არც ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდებოდა დანაშაულის ჩამდენ და ჩხუბში მონაწილე პირთა რაოდენობა, ისევე როგორც დანებისა. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა არის ერთ-ერთი დამატებითი მტკიცებულება, რომელიც ხელს უწყობს მხარეებს - სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში - დაადგინოს საქმეზე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. საქმეზე დაკითხული იქნა ათეულობით მოწმე, რომელთა შორის არიან როგორც გარდაცვლილების, ისე ბრალდებულთა მეგობრები, გამოკვლეული იქნა ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეო ფირები. შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გამოძიებით და ასევე სასამართლოზე ამ ეტაპზე გამოკვლელული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ დანაშაულებრივი ქმედება სწორედაც იმ ორი პირის მიერ არის განხორციელებული რომლებიც ბრალებულები არიან. ასევე დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი არის სწორედ იმ ორი დანის გამოყენებით რომლებიც ამოღებული იქნა გამოძიების მიერ. თუმცა, ამ ყოველივეს დადასტურება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოს სასამართლოს მიერ.

საქმეზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო, გენეტიკური და კომპლექსური ექსპერტიზების დასკვნებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომელ გარდაცვლის, თუ რომელმა ბრალებულმა მიაყენა დაზიანებები მათ შორის სასიკვდილო ჭრილობები და რომელი დანით.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის ბუნდოვანებას, აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარე შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ზეპირი, დაუსაბუთებელი და პოპულისტური შინაარსიის განცხადებებით, კერძოდ, ერთი მხრივ, საუბრობენ, რომ დასკვა არის ბუნდოვანი, ხოლო მეორე მხრივ, თითქოსდა ვერ დგინდება დანაშაულის ჩამდენი პირების წრე და დანების რაოდენობა და ასევე თუ რომელი დანით არის მიყენებული დაზიანებები. თუ დასკვნა ბუნდოვანია, მაშინ გაუგებარია რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს დაცვის მხარე.

- ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, დიდი ბრიტანეთიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მოიწვიეს. რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხზე, როგორ ფიქრობთ, მათი მოწვევა საქმეში რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს?

- მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის თანახმად, მხარეებს უნდა ჰქონდეთ მტკიცებულებების მოპოვებისათვის თანასწორი პირობები. ბრალდების მხარემ, დაუყოვნებლივ პირველივე შესაძლებლობისთანავე წარადგინა სასამართლო სხდომაზე და ასევე დაცვის მხარეს მიაწოდა კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, იმავე სასამართლო სხდომაზე გამოთქვა სურვილი და მზაობა რათა მომდევნო სხდომაზე ანუ 2018 წლის 26 აპრილს მომხდარიყო ექსპერტების დაკითხვა, ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა და მათი დაცვის მხარისათვის გადაცემა რათა არ მომხდარიყო დროის გაჭიანურება. ბრალდების მხარის აღნიშნულ შეთავაზებაზე დაცვის მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ ექსპერტების დაკითხვა და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა მოგვეხდინა 2018 წლის 28 აპრილს დანიშნულ სხდომაზე. აღნიშნულით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბრალდების მხარე დაინტერესებულია რათა დაცვის მხარემ ჩაატაროს სათანადო ექსპერტიზები მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. რაც შეეხება თუ რამდენად იმოქმდებს უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მიგვაჩნია რომ ის რაც დადგენილია გამოძიებით და სასამართლოზე გამოკვლელული მტკიცებულებებით არის სრული სიმართლე და აბსოლუტურად ასახავს რეალობას. შესაბამისად, უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებით, მაღალი ალბათობით იგივე დადასტურდება რაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ იქნა დადასტურებული.

- ბატონო ზვიად, თითქმის ყველა პროცესის შემდეგ ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარის თითქმის ყველა მოწმემ გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა, რადგან მათზე ზეწოლა ხორციელდება?

- დაცვის მხარის აღნიშნული განცხადებები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაშო შეყვანის მცდელობას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მე ასევე მიმაჩნია, რომ დაცვის მხარე მსგავსი დაუსაბუთებელი განცხადებების გავრცელებით ცდილობს სასამართლოზე მოახდინოს გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ ხსენებული მტკიცებულებები არასანდოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს. ამის მიზეზად შეიძლება იყოს ისიც, რომ დაცვის მხარემ ჯვარედინი დაკითხვისას ვერც ერთ მოწმეს ვერ ათქმევინა მათთვის სასურველი და სასარგებლო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ სასამართლო დაცვის მხარეს აძლევს მაქსიმალურ შესაძლებლობას რათა ერთი და იმავე საკითხზე დასვას კითხვები რამდენიმეჯერ, რის წინააღმდეგიც ბრალდების მხარე არ არის. მიუხედავად არაერთი მცდელობის მათ ვერ მოახდინეს მოწმეთა დისკრედიტაცია. შესაბამისად, დაცვის მხარე მოწმეთა მხრიდან სასამართლო სხდომაზე გარკვეული დეტალების დაზუსტებას შეგნებულად აღიქვამს როგორც ჩვენების შეცვლას და აკეთებს დაუსაბუთებელ და არასერიოზულ განცხადებებს. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მტკიცებულების საბოლოო შეფასება არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია. სასამართლომ უნდა თქვას მოწმის ჩვენება არის თუ არა სანდო, არის თუ არა შეცვლილი და გასაზიარებელი. დაცვის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით ვღებულობთ ისეთ მოცემულობას, რომ სასამართლოს ასწრებს დაცვის მხარე და აცხადებს იმას, რისი შეფარსების უფლებაც არ გააჩნია.

ყურადსაღებია ასევე, რომ საქართველოს სსსკ-ის თანახმად მოწმის ჩვენება არის მხოლოდ მის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება. ხსენებულ საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, ისმის კითხვა თუ რომელ ჩვენებაში ასახული ინფორმაცია შეცვალეს მოწმეებმა?

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი თავიდან აქტიურად იყო ჩართული გამოძიებაში, ახლა კი მოწმეებზე და მეტიც, პროკურატურაზეც ზეწოლას ახდენს. ასევე გაჟღერდა, რომ პროკურატურის მხრიდანაც მიმდინარეობს ზეწოლა მოწმეებზე. რამდენადაც ცნობილია, თბილისის პროკურატურაში გამოძიებაც მიმდინარეობს მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე, რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხზე და რა ეტაპზეა გამოძიება?

- 2018 წლის 11 აპრილს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიხელ კალანდიას მიერ გაკეთებული იქნა განცხადება თითქოსდა მის მიმართ გამოძიების სტადიაზე გამოკითხვისას ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ხოლო მამის მიმართ კი ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ კალანდიამ 13 აპრილს სასამართლო სხდომაზევე უარყო აღნიშნული ინფორმაცია ჩემი 2018 წლის 11 აპრილის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2018 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული იქნა გამოძიება მოწმეზე შესაძლო იძულების ფაქტზე. შესაბამისად, მიხეილ კალანდიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მყისიერად მოხდა რეაგირება.

ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით - დაცვის მხარის მხრიდან ხომ არ ჰქონია გარკვეული ზემოქმედების განხორციელების ფაქტს ადგილი მიხეილ კალანდიას მიმართ? და სწორედ ამიტომ ხომ არ მოხდა მის მიერ 2018 წლის 11 აპრილს სასამართლო სხდომაზე გარკვეული დეტალების განსხვავებულად წარმოჩენა? თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებიც გახდება ცნობილი.

- საქმეში არსებული მასალებით პროკურატურა გამორიცხავს დანაშაულში მონაწილე პირთა წრის და იარაღების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას?

- რა თქმა უნდა გამორიცხავთ, საქმეზე დაკითხული იქნა ათეულობით მოწმე, რომელთა შორის არიან როგორც გარდაცვლილების, ისე ბრალდებულთა მეგობრები, გამოკვლეული იქნა ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეო ფირები. შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გამოძიებით და ასევე სასამართლოზე ამ ეტაპზე გამოკვლელული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ დანაშაულებრივი ქმედება სწორედაც იმ ორი პირის მიერ არის განხორციელებული რომლებიც ბრალებულები არიან. ასევე დადგენილია რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი არის სწორედ იმ ორი დანის გამოყენებით რომლებიც ამოღებული იქნა გამოძიების მიერ. თუმცა ამ ყოველივეს დადასტურება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოს სასამართლოს მიერ.

- რა მოლოდინი აქვს ბრალდების მხარეს, როგორ დასრულდება აღნიშნული საქმის განხილვა?

- ბრალდების მხარის მოლოდინი არის მხოლოდ ერთი, კერძოდ, მიგვაჩნია, რომ ბრალდებულთა მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებას სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს და გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.

- ბატონო ზვიად, კიდევ ერთი საქმის შესახებ გკითხავთ. ახლახანს სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რას იტყვით ამ საქმეზე?

- პროკურატურას როგორც სააპელაციო სასამართლოში ისე საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ჰქონდა მხოლოდ გამამტყუნებლი განაჩენის მოლოდინი. ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ასახულ გარემოებებს კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, ვინაიდან, მასში არ იყო კონკრეტული მსჯელობა თუ რატომ არ ჰქონდა ადგილი გაუფრთხილებლობითი კატეგორიის დანაშაულს რასაც ბრალდებულს ედავებოდა სახელმწიფო ბრალდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხსენებული განაჩენი გარკვეულწილად ატარებს პრეცენდეტულ ხასიათს.

- როგორც ცნობილია, მსჯავრდებული საზღვარგარეთ იმყოფება, კანონით რა პროცედურები გავრცელდება მსჯავრდებულზე, თუ იგი საქართველოში არ ჩამოვა?

- ბრალდების მხარის მიერ დადგენილ ვადებში მოხდება შესაბამის სამსახურებზე მიმართვა, წარედგინება განაჩენი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია რათა დაუყოვნებლივ გატარებული იქნეს სათანადო ღონისძიებები ამჯერად უკვე სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით რათა აღსრულებული იქნეს სასამართლოს განაჩენი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო