გურიაში კაიაკინგის საერთაშორისო ტურნირი BZHUZHA RACE 2018 ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ექსტრემალური შეჯიბრი - BZHUZHA RACE ოზურგეთთან ახლოს მდინარე ბჟუჟზე გაიმართა.
სპორტული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ოზურგეთის მერიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოეწყო.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირში 10 ქვეყნიდან 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოს, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები.
„შეჯიბრი 5 სხვადასხვა დისციპლინაში ჩატარდა. მონაწილეებს მდინარე ბჟუჟას რთული მონაკვეთების გადალახვა მოუწიათ. გამარჯვებულები ჯამური ქულების შედეგად გამოვლინდნენ. მთავარი პრიზი ახალი კაიაკი - exo rexy, ასევე სხვადასხვა სპონსორის მიერ დაწესებული აღჭურვილობა იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.