ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2018

გერმანიიდან ქართველი არალეგალების მასობრივი დეპორტაცია დაიწყება "ოცნებაში" გადაწყვეტილება მიღებულია - მომავალი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევაეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებისთვის" აღარ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს?* * *
გერმანიიდან ქართველი არალეგალების მასობრივი დეპორტაცია დაიწყება
"ევროპაში მყოფ ქართველ არალეგალებთან შეუპოვარ ბრძოლას საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ახლა გერმანიაც იწყებს. უფრო კონკრეტულად კი, გერმანია აცხადებს, რომ ქართველი არალეგალების დეპორტაციის გაადვილებისათვის საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს და ეს უახლოეს ხანში მოხდება. ამის შესახებ გერმანული მედია გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადებას ავრცელებს. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა ნიშნავს იმას, რომ გარკვეული კატეგორიის, ძირითადად - სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო, თავშესაფრის მაძიებლებს მომენტალურად ეტყვიან უარს თავშესაფარზე. ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ განაცხადის განხილვის პროცესი გამარტივდება და განხილვის ვადები შემცირდება. მაგალითად, თუკი თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადის განხილვა ადრე ხდებოდა 6 თვეში, ახლა ეს დრო 1 თვემდე ან 1 კვირამდეც კი შეიძლება, შემცირდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გერმანიიდან ქართველი არალეგალების მასობრივი დეპორტაცია დაიწყება / ბერლინი ქართველი არალეგალების დეპორტაციის გამარტივებისათვის საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს.
"ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ძირითადი მოტივი, რისთვისაც მიდიოდნენ, იყო ის, რომ მათი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო და სოციალური პაკეტი, რომელსაც გერმანია, შვედეთი ან საფრანგეთი აძლევდა ხოლმე თავშესაფრის მაძიებლებს, რაც შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში მიეღოთ. "სოციალური პაკეტის მიღება იყო მთავარი მოტივი, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსურად საკმაოდ მაღალი და კარგია. ამდენად, რაც უფრო გრძელდებოდა განხილვის პროცესი, მით უფრო დიდხანს იღებდნენ სოციალურ დახმარებას. თუკი უსაფრთხო ქვეყანა იქნება საქართველო, ძალიან მოკლე ვადაში ეტყვიან გადაწყვეტილებას და უარის თქმის მაჩვენებელი, რომელიც ისედაც მაღალი იყო, კიდევ უფრო გაიზრდება", - განმარტავს ჩხიკვაძე. ევროკავშირისა და შენგენის ზონის 30 ქვეყნიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ვრცელდება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მხოლოდ 9 სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული: ბულგარეთს, საფრანგეთს, ბელგიას, ჰოლანდიას, ავსტრიას, ისლანდიას, ირლანდიას, ლუქსემბურგსა და ლიხტენშტეინს. უახლოეს ხანში ამ სიას დაემატება გერმანიაც", - აღნიშნავს გამოცემა.
"ქართველი არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებამ თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც გერმანია ალაპარაკდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობაზე და პლუს, ევროკომისის პირველ დასკვნაში საქართველომ პირველი საყვედურიც მიიღო ქართველი არალეგალებისა და კრიმინალების ზრდის გამო. დაიწყო კანონების გამკაცრება გვარის შეცვლის საკითხზე. ასევე რამდენიმე დღის წინ "ოცნებამ" დაიწყო კანონპროექტის მომზადება, რის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა ან შენგენის ზონაში არალეგალურად ყოფნის ხელშეწყობა სს-ის დანაშაული გახდება და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და რამაც ქართველი ემიგრანტების უკიდურესი აღშოთებაც გამოიწვია", - განაგრძობს გამოცემა.
"ახლა კი, საქართველოსთან ერთად არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლისათვის გერმანია გეგმავს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიაროს, რადგან, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების გამო, ბოლო დროს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ გერმანიაში შეიქმნა. გერმანული მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი საგრძნობად გაზრდილია, მარტო 2018 წლის იანვარ-თებერვალში თავშესაფრის თხოვნაზე დაახლოებით 1400 განცხადება შევიდა. ასევე დიდია საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალი და უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა დეპორტაციას გააადვილებს და კრიმინალიც შემცირდება. გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკით ირკვევა, რომ ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდის, თუმცა ბოლო თვეებია, ქართული კრიმინალის ზრდაზე გერმანული მედია აქტიურად წერს. ლამის კვირა არ გავა, კრიმინალის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ ან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეზე თუ მოქალაქეთა ჯგუფზე ინფორმაცია არ გავრცელდეს. ქართველი არალეგალებისა და თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის პრობლემებზე განცხადებები გერმანიიდან თებერვალში დაიწყო, როდესაც გერმანიის რეგიონის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელმძღვანელობამ ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც კი მოითხოვა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველების კრიმინალის ზრდის გამო", - დასძენს გამოცემა.
"შემდეგ გამოქვეყნდა სტატისტიკა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაზეც. გერმანული სტატისტიკით, მხოლოდ ბოლო 5 თვეში თავშესაფარი საქართველოდან 2304-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც 3-ჯერ მეტია, ვიდრე გასული 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. ამ პრობლემებზე, გერმანიის გარდა, სხვა ევროპული ქვეყნებიც ალაპარაკდნენ და ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან 10 თვისთავზე გამოქვეყნებულ ევროკომისიის პირველ ანგარიშშიც საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქართველების მიერ ჩადენილი ორგანიზებული დანაშაული - ქურდობა, ყაჩაღობა გაზრდილია გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში. წინა წელთან შედარებით 35%-ით მომატებულია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც. ქართველებისთვის თავშესაფრის მოთხოვნების მხრივ ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. ვანო ჩხიკვაძის თქმით, ქართველებისთვის მიმზიდველი ქვეყნები იყო საფრანგეთი, ისლანდია და გერმანია. საფრანგეთმა და ისლანდიამ უსაფრთხო ქვეყნებად გვაღიარა და იქ თავშესაფრის მოთხოვნები უკვე შემცირებულია", - წერს სტატიის ავტორი.
"ისლანდიამ უსაფრთხო ქვეყნად რამდენიმე თვეა, გვაღიარა და თუ სტატისტიკას ნახავთ, იქ უკვე შემცირებულია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. თან, ისლანდიის შემთხვევაში, კურიოზული მიზეზი იყო, თითქოს თუ ისლანდიელი ქალი უცხოელზე დაქორწინდებოდა, მამაკაცი რაღაც დიდ სოციალურ დახმარებას მიიღებდა და ეს ანეგდოტური ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რა თქმა უნდა, არასწორი აღმოჩნდა... უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეყვანა არ ნიშნავს, რომ უკვე არავინ არ მოითხოვს თავშესაფარს, თუმცა რაოდენობას რეალურად შეამცირებს, რადგან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნა აზრს კარგავს, თუ მყარი საფუძველი არ გაქვს, თავშესაფარი მოითხოვო და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ გერმანიას ხელმეორედ არ მიეცეს საშუალება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე ილაპარაკოს. როგორც წესი, ქართულ მხარეს არსენალში ბევრი საშუალება არ გვაქვს, რომ ასეთი პრობლემები მოვაგვაროთ. უფრო მეტი ბერკეტი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელში და ერთ-ერთი კარგი იარაღი იმისთვის, რომ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებლების წინაღმდეგ გაილაშქრონ, არის საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება", - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.
"ოცნებაში" გადაწყვეტილება მიღებულია - მომავალი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევა
"მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში იქნება. "ქართულ ოცნებაში", სადაც ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ შეარჩიეს, მომავალი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია "პომპეზური" არ უნდა იყოს და "ათონელის რეზიდენცია არის საკმარისი". მმართველ პარტიაში არ უარყოფენ, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად დადგება საკითხი პრეზიდენტის რეზიდენციის ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში გადატანაზე და ამ საკითხზე მსჯელობა ახლაც არსებობს. ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა და ათონელის შენობაზე უარი თქვა. ამ უარის შემდეგ ივანიშვილმა ბევრჯერ გაიხსენა პრეზიდენტის ეს "გაჯიუტება" და "ხასიათის გამოვლენა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნებაში" გადაწყვეტილება მიღებულია - მომავალი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევა.
"სწორედ ივანიშვილის ამ უკმაყოფილების შემდეგ გახდა "ქართული ოცნების" ყველა წევრისთვის მიუღებელი ავლაბრის რეზიდენცია და დროდადრო მარგველაშვილს უხსენებენ, რომ ეს რეზიდენცია "9-წლიანი რეჟიმის" სიმბოლოა და ამიტომ იქ შესვლა "მიუღებელი იყო". პლუს, ამხელა სასახლის შენახვისთვის დიდი თანხა იხარჯება. რა ფუნქციური დატვირთვა ექნება ავლაბრის რეზიდენციას იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის სასახლე ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში განთავსდება, ჯერ საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან. გამოითქვა ვარაუდები, რომ შესაძლოა, იქ მუზეუმი ან საგამოფენო დარბაზი მოეწყოს, თუმცა საბოლოო დანიშნულება გადაწყვეტილი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი პრეზიდენტის რეზიდენციის ათონელზე გადატანას ემხრობა. "ათონელის რეზიდენცია არის საკმარისად კომპაქტური მაღალკვალიფიციური გუნდისათვის, რომლის რაოდენობა, მე ვფიქრობ, ადრე უნდა შემცირებულიყო, რაციონალურ დონეზე დასულიყო ის უშველებელი ხარჯი, რაც იმ შენობას გააჩნია, როგორც მარგველაშვილი ეძახდა, ბოროტების ბუდეს", - განაცხადა ვოლსკიმ. უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს მათთვის მეორეხარისხოვანი თემაა, თუმცა თვლის, რომ "პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ისეთი ოფისი, რომელიც მის ფუნქციებსა და მის საკონსტიტუციო როლთან იქნება შესაბამისობაში", - აღნიშნავს გამოცემა.
"ოცნების" დეპუტატი თემურ ჭკუასელი ამბობს, რომ ავლაბრის რეზიდენცია პომპეზურია და ის ქვეყანას ნაკლებად უხდება, ამიტომ ის რეზიდენციის ათონელზე გადატანის მომხრეა. "სიმყუდროვეა ათონელზე ძალიან და ძალიან კარგი ადგილია. ტრადიციული ადგილია. ორბელიანების სასახლე იყო. ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი სასახლე უფრო უხდება ჯერჯერობით. როცა მერე "აუუუ" გავხდებით, რაღაც მდიდრები, ისეთი ქვეყანა როგორიც გვინდა, საითკენაც მივდივართ, მერე კი, ბატონო, იყოს პომპეზური", - განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა და აღნიშნა, რომ სასურველია, ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში განთავსდეს ხელოვნების სფეროსთან დაკავშირებული დაწესებულება. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, რომ მომავალმა პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციიდან სამუშაოდ ათონელის ქუჩაზე გადაინაცვლოს, საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია", - განაგრძობს გამოცემა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძის თქმით, იმაზე მსჯელობა, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართი ეკუთვნის პრეზიდენტს, არის ამ ინსტიტუციის დასუსტებისა და დაკნინების მცდელობა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ავლაბრის რეზიდენცია სამხედრო კომპონენტით არის დატვირთული და იქ სახელმწიფოს პირველი პირის რეზიდენცია უნდა განთავსდეს. "აქ არის საკმაოდ დიდი მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბი, რომელიც გადის იქ, სადაც საჭიროა და ეს არის სამხედრო ქვეტექსტით დატვირთული შენობა და იქ რამე მუზეუმის ან ივანიშვილის ნახატების ან უმაღლესი სასწავლებლის გადატანა არის აბსურდი" - აცხადებს გოცირიძე, ტო,ლის მტკიცებით, იქ უნდა იყოს ან პრემიერ-მინისტრი ან უნდა იყოს პრეზიდენტი", - დასძენს გამოცემა.
ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებისთვის" აღარ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს?
"პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოახერხა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს აღარ არის რისკ-ფაქტორი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის - "ეს იყო ნამდვილად კიდევ ერთი, მორიგი, გარდამტეხი არჩევნები, საკვანძო არჩევნები. მაშინ, იმ დროისათვის, ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი იყო ჩვენი მთავარი ოპონენტი, "ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოვახერხეთ ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს აღარ არის რისკ-ფაქტორი ჩვენი დემოკრატიული განვითარებისათვის და ქვეყანა აგრძელებს შეუქცევად წინსვლას დემოკრატიული მიმართულებითა და ყველა სხვა მიმართულებით, რომლებიც არის მნიშვნელოვანი, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის". მისივე თქმით, ასევე, 2017 წლის არჩევნებში "ოცნებამ" პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - "ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებისთვის" აღარ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს?
"პარლამენტის თავმჯდომარეს, შესაძლოა, თავისი მოსაზრებები აქვს, მაგრამ მე რასაც სააკაშვილთან მიმართებაში ვუყურებ, თავისუფლად გადაადგილდება, აქაც აპირებს ჩამოსვლას, "ნაციონალური მოძრაობა" ფარ-ხმალს არ ყრის. ჩემი სუბიექტური აზრით, მათ ყოველთვის შეუძლიათ საიმისო რესურსის გამოძებნა, რომ მორიგი რევანშისთვის მოემზადონ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პატარ-პატარა პარტიის მსგავს ორგანიზაციებად ჩამოყალიბდა და რამდენიმე პარტიული სუბიექტი არსებობს, რომელთაც ერთნაირი იდეოლოგია აქვთ, ერთი წარმომავლობა. მე სუბიექტურ აზრზე დავრჩები და ვიტყვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა და ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს ასეთი ოპონენტებისაგან თავის დასაცავად, რადგან, საბოლოო ჯამში, ხალხი დაზარალდება", - ამბობს იურისტი ქეთი ბექაური.
"მე ვფიქრობ, რომ ცოტა ზედმეტი თავდაჯერებულობაა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. "ნაციონალურ მოძრაობას", ყველამ კარგად ვიცით, რომ სტაბილური ამომრჩეველი მაინც ჰყავს და ეყოლება კიდევაც, როგორც ჩანს. აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები", - ამბობს მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი.
"ნეტავ არ წარმოადგენდეს, ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" აღზევება ხდება, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ეს არის ბოროტმოქმედთა გუნდი, რომელმაც ძალიან ბევრი შავი საქმე ჩაიდინა. ამიტომ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ცოტა უფრო პოლიტიკური კლიმატის შექმნას ემსახურება, ვიდრე რეალობის ასახვას. მე ვფიქრობ, რომ წარმოადგენს და მინდა ისიც ვთქვა, რომ საზოგადოება ამას გაარჩევს, სად არის ქვეყნის მომავალი და სად - წარსული. მიშა თავის გუნდთან ერთად ჩაბარდა ისტორიას, ეს უნდა დამთავრდეს", - მიიჩნევს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
"ვეთანხმები, რისკ-ფაქტორს შესაძლოა, არ წარმოადგენს, მაგრამ ის სამწუხაროა, რომ ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს ისევ. საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" კარგიც და ცუდიც. ხშირად კამათში საუბარია: "სახელმწიფო შექმნეს, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს", კი, ბატონო, ამას არავინ უკარგავს, მაგრამ ცუდიც ძალიან ბევრი გააკეთეს, რითიც დადებითი გადაწონეს. ხალხი უკმაყოფილო, შეშინებულია და ის პერიოდი, როგორც კოშმარი, ისე ახსოვს. ვიმეორებ, სამწუხარო ფაქტია, რომ რისკ-ფაქტორი თუ არა, ერთადერთი ალტერნატივა სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა", არჩევნებზე ვნახავთ, რომ სწორედ ეს ორი მხარე დაუპირისპირდება ერთმანეთს. გული მწყდება, რომ საქართველოში მეტი ალტერნატივა არ შეიქმნა, უფრო საღი, ჯანმრთელი და რეალური", - დასძენს მომღერალი ირმა სოხაძე.

























