მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავს

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის მიმართ „პოლიციელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების გაჭიანურებისა და არაეფექტურობის თაობაზე“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, დაადგინოს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დაღვევა.

მათივე ცნობით, „მაგდა პაპიძე დაკავებისას და მის შემდეგ სასტიკად იქნა ნაწამები პოლიციის თანამშრომლების მიერ, რის გამოც მას ორსულობა შეუწყდა“.

„საჩივრის თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, დაკავებისას და მის შემდეგ, მაგდა პაპიძე სასტიკად იქნა ნაწამები დიდი დიღმის რაიონული პოლიციის თანამშრომლების მიერ. დაკავებისას მაგდა პაპიძე ორსულად იყო. ცემა-წამების შედეგად მას ორსულობა შეუწყდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში მაგდა პაპიძე დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს.

2015 წლის 22 დეკემბერს, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს-ს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2016 წელს მაგდა პაპიძის ცემა/წამების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გამოძიება სერიოზული ხარვეზებით წარიმართა.

მოცემულ საქმეში პროკურატურამ არ უზრუნველყო ზედმიწევნითი და დროული გამოძიება და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის გონივრული ჩართულობა. გამოძიებამ არ ჩაატარა მსხვერპლის მიერ დასახელებული შესაძლო დამნაშავე პირების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა დეტალურად აღწერა მასზე მოძალადე პოლიციელები. სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად არც სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

მაგდა პაპიძე უთითებდა პოლიციის განყოფილების კონკრეტულ ოთახზე, სადაც მის მიმართ პოლიციელები დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, ასევე, დეტალურად აღწერა 4 პირი (სავარაუდო ასაკი, სიმაღლე, აღნაგობა, თმის და თვალის ფერი, ტანსაცმელი და სხვა). აღნიშნული პიროვნებების ვინაობის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. გამოძიებას არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული და პოლიციის განყოფილებაში მყოფი ყველა პირი.

გამოძიებამ არ ჩაატარა ექსპერტიზა შესაძლო ფეხმძიმობის მოშლისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის დადგენის თაობაზე. ექსპერტს არ დაუსვა კონკრეტული, სპეციფიური შეკითხვები. არ ჩატარებულა ექსპერტიზა ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით.

გამოძიებამ მსხვერპლს არ მისცა გამოძიების პროცესში მონაწილეობის საკმარისი შესაძლებლობა. მას არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რითაც წაერთვა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. მსხვერპლი არ ფლობდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის/შეწყვეტის შესახებ. ხოლო გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება ეყრდნობოდა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ მაგდა პაპიძის მიმართ არსებითად დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლები, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო ქმრისა და შვილის მკვლელობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო: მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავს

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს