აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - აჭარა ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება

აჭარა ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, რეგიონში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს მთიანი აჭარის საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ.

საზღვაო ტურისტული სეზონი რეგიონში 3 ივნისს, ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.

მათივე ინფორმაციით, სეზონის განმავლობაში კი რეგიონის სტუმრები განებივრებულები იქნებიან ისეთი ფესტივალებითა და კონცერტებით, როგორებიცაა ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზფესტივალი, ლეგენდარული ელტონ ჯონის ორ დღიანი კონცერტით „ბლექსი არენაზე“, ფერების ფესტივალითა და ფოლკლორის დღეებით ბათუმის ბულვარში.

„მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს კი საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საინტერესო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. უკვე მიმდინარეობს ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება ხულოს მუნიციპალიტეტეში, სადაც მოგზაურებს 3 დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე მოუწევთ: ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; გოდერძი - მწვანე ტბა - შავი ტბა - დანისპარაულის წრიული მარშრუტი; ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი;

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს სრულყოფილ ტურებს უკვე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბოლო ორ წელში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ. სიახლეა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. განსაკუთრებით ეს ეხება კურორტ გოდერძის, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ჩაუტარდათ, რაც მათ ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებთ. გარდა ამისა, ხანძართ-უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით ტრენინგები ჩაუტარდა 80-მდე განთავსების ობიექტის 300 თანამშრომელს.

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იზრდება ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობაც. Tav Georgia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯამში ბათუმის მიმართულებით 22 ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც. სეზონზე ბათუმის მიმართულებით კვირაში საშუალოდ 120-მდე ფრენა იგეგმება“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი.

გასული წლის მსგავსად, წელსაც ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი შშმ პირებზე ადაპტირებული ბილიკებით.

„წელს, აჭარაში დასვენების მსურველებს ახალი ტურისტული სერვისიც ელოდებათ. ბათუმის ულამაზესი ხედების ნახვა უკვე შვეულმფრენიდანაც იქნება შესაძლებელი.

სიახლეა განთავსების ობიექტების მხრივაც. გასულ წელს რეგისტრირებულ 429 ობიექტს 9 ახალი შეემატა. კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო „გლორია“ კი ბათუმში ზაფხულის პერიოდში გაიხსნება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ტურისტების მოზიდვის მიზნით 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. რეკლამა ძირითადად, სატელევიზიო რეკლამას, ონლაინ რეკლამას, პრესს და ინფოტურების ორგანიზებას, გარე რეკლამას და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარმოჩენას ითვალისწინებს, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაფხულის ფესტივალი - https://www.youtube.com/watch?v=uwZPWM4MQpA&feature;=youtu.be

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს