მესტიაში დღეს ანსამბლი „ადილეი“ კონცერტს გამართავს

მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, დღეს, ფოლკლორული ანსამბლი ,,ადილეი“ კონცერტს გამართავს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კონცერტში ასევე მონაწილეობენ მესტიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

,,ადილეი" ჩამოყალიბდა 2012 წელს. ქართული ხალხური სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული ანსამბლი გამოირჩევა ტრადიციული საშემსრულებლო მანერით, იმპროვიზაციითა და ინდივიდუალობით. ერთად მღერის სურვილმა გააერთიანა ერთი სამეგობრო წრე. მათი მიზანი იყო: ჭეშმარიტი ფოლკლორული ნიმუშებისა და ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაცია, ქართული ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელი სილაღის, სიხარულის, უშუალობის, სიხალასის მსმენელამდე მიტანა-გაზიარება. ,,ადილეი" მსმენელის წინაშე პირველად 2014 წლის გაზაფხულზე წარდგა - ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში გამართულ მანანა შილაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე და იმთავითვე მსმენელთა და სპეციალისტთა აღიარება მოიპოვა.

,,ადილეის" რეპერტუარის მთავარი წყარო საარქივო ჩანაწერებია. უპირატესი - გურული, აჭარული, მეგრული და იმერული სიმღერები, არაზუსტი ასლები, არამედ გათავისებული, მორგებული, ახალსიცოცხლემინიჭებული, საკუთარი - ადილეისეული ვარიანტები. საკრავები, რა თქმა უნდა, ტრადიციული ინსტრუმენტებია ჩონგური, დოლი, ფანდური.

ანსამბლი მონაწილეობდა არაერთ კულტურულ ღონისძიებასა და საქველმოქმედო კონცერტში, სატელევიზიო პროექტებსა და რადიოგადაცემებში, ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის კონცერტებში. გასტროლებით მოიარა იტალია და გერმანია.

15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა". ექვსი თბილისური ანსამბლი - „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ - საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.

ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს