განაცხადი შემაქვს, რომ დაკითხონ დავით ოქიტაშვილი, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ გენერალურ ინსპექციაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საჭიროა ოქიტაშვილის დაკითხვა, რადგან ის შესაძლოა რაიმე ინფორმაციას ფლობდეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, პასუხი უნდა მოეთხოვოს.
"სოციალურ ქსელში ვრცელდება დავით ოქიტაშვილის პოსტი, რომ თითქოს ლევან დადუნაშვილი მოკლეს ჩემი შვილის გამო. მაინტერესებს, თუ მართლა ჩემი შვილის გამო მოკლეს ეს ადამიანი, ხომ უნდა ვიცოდე სიმართლე? ან საიდან მოიტანა ოქიტაშვილმა ეს? ამის გამო უნდა შევიტანო განაცხადი, რომ დაიკითხოს დავით ოქიტაშვილი. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ლევან დადუნაშვილი დავით სარალიძის გამო მოკლეს, ე.ი. ის რაღაც ინფორმაციას ფლობს. თუ არადა, თუ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, პასუხი უნდა მოეთხოვოს,"- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, ის გენინსპექციაში მეორე საკითხთან დაკავშირებითაც არის მოსული. საუბარია სასადილოს ინციდენტზე, რომელიც დაკავებულ ზვიად კუპრავას უკავშირდება. სარალიძის თქმით, იმის გარკვევა სურს, თუ რა სამართლებრივი შეფასება მისცეს პოლიციელთა ქმედებას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული. მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. მცირე შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.