ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2018

რას ლაპარაკობენ ნატო-ს მაღალჩინოსნები კულუარებში საქართველოზე

"ვიცი, ვინც არის ჩემი შვილის მკვლელი!" - პანკისი აქციებმა მოიცვა

***

რას ლაპარაკობენ ნატო-ს მაღალჩინოსნები კულუარებში საქართველოზე

"სამ კვირაში ნატო-ს ბრიუსელის სამიტი იმართება და დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ამ სამიტზე საქართველოს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი. რას გულისხმობს ზალკალიანი "ხელშესახებ შედეგში" და არის თუ არა მაპ-ის მიღების შესაძლებლობა, ამას დროებითი მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს. ექსპერტები კი ზალკალიანის ოპტიმიზმს არ იზიარებენ და მაპ-ის მიღების პერსპექტივას ამ ეტაპზე გამორიცხავენ. ამასთანავე ამბობენ, რომ მაპ-ის ნაცვლად ნებისმიერი სხვა შეთავაზება, გაფართოებული პაკეტი და ა.შ. ხელშესახები შედეგი ვერანაირად ვერ იქნება. "მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი, - ამის შესახებ გუშინ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც დროებითი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმართებოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რას ლაპარაკობენ ნატო-ს მაღალჩინოსნები კულუარებში საქართველოზე / "გვეუბნებიან, თქვენ რეფორმების თვალსაზრისით გააკეთეთ იმდენი და ხანდახან მეტიც, რასაც მაპ-ი ითვალისწინებდაო"

"ზალკალიანმა განაცხადა, რომ 16 მაისს ნატო-საქართველოს კომისიის ბოლო სხდომაზე იყო მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები ყველა მიმართულებით და რომ ალიანსის მხრიდან არის მზაობა, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად იყოს შეფასებული. "მოლოდინზე აქტიურად გვაქვს საუბარი. ამ მოლოდინზე 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა საუბარი ნატო-საქართველოს ბოლო კომისიის სხდომაზე. მე, იქ დამსწრე კოლეგებსა და პარტნიორ ქვეყნებს გვაქვს განცდა, რომ საქართველო ამ სამიტიდან წამოვა ხელშესახები შედეგით", - აღნიშნა ზალკალიანმა. ნატო-ს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს იმართება და თბილისში დიდი იმედია, რომ შეფასდება 10-წლიანი პერიოდი, რომელიც გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღო დაპირება ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მაპ-ი - ეს უდიდესი მნიშვნელობის გარდამტეხი ეტაპია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და წელს მისი მიღების შესაძლებლობა რომ არსებობდეს, ამის შესახებ გარკვეული მინიშნებები დასავლეთში უკვე იქნებოდა",- აღნიშნავს გამოცემა.

"მაპ-ის მინიჭების შესაძლებლობაზე არავითარი ნიშანი, არც ნატო-სა და არც ექსპერტულ დონეზე არ ყოფილა. როგორც წესი, ასეთი რამ წინასწარ ხდება ხოლმე ცნობილი.

"ალბათ, ამ სამიტზე კიდევ უფრო გაესმება ხაზი იმას, რომ საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ახლოს არის ნატო-ს სტანდარტებთან, ასევე იქნება საუბარი ერთობლივ წვრთნებსა და ჩვენი სამხედრო ძალების ნატო-ს სტრუქტურებთან ჰარმონიზაციაზე. "თუმცა არ მგონია, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა რამე გადაწყვეტისთვის მზად იყოს. აქედან გამომდინარე არ ვიცი, რა იგულისხმა ზალკალიანმა. კი, სამიტის შემდეგ ხაზგასმული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით. მაპ-ის ალბათობა რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, ამაზე ხმაურს რუსეთი ატეხავდა. ასე რომ, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს", - ამბობს კაკაჩია. მისი თქმით, ზოგადად ნატო აცხადებს, რომ მაპ-ის გარეშე არც ერთ სახელმწიფოს ალიანსში არ მიიღებენ, თუმცა საქართველოს ბევრად მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე მაპ-ი ითვალისწინებს", - განაგრძობს გამოცემა.

"კაკაჩიას თქმით, ნატო-ს გარკვეული მაღალჩინოსნები, ასევე კულუარებში გვეუბნებიან, თქვენ რეფორმების თვალსაზრისით გააკეთეთ იმდენი და ხანდახან მეტიც, რასაც მაპ-ი ითვალისწინებდაო. აქედან გამომდინარე, ეს ფორმალური საკითხია და თუ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი მომწიფდება, უნდა ჩაითვალოს, რომ საქართველომ უკვე შეასრულა მაპ-ისთვის საჭირო მოთხოვნები. პირობითად უნდა წარმოვიდგინოთ, თუ მაპ-ის მიღებაა აუცილებელი, მაშინ მაპ-იც უნდა მოგვცენ და მეორე დღესვე გაგვაწევრიანონ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია ეს პროცესი", - დასძენს გამოცემა.

"უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, მინისტრების განცხადებას ფასი დიდი ხანია, არ ადევს, ამდენად შესაძლოა, ეს დამაიმედებელი განცხადება ითქვა პიარის გამო და სამიტის ჩავლის შემდეგ განაცხადებენ, რომ იმედი არსებობდა ხელშესახები შედეგის და იმედი არ გამართლდა. "სამიტის წინ, როგორც ყოველთვის, ჩანს ხოლმე, რისი მოლოდინი უნდა გქონდეს და რისი მზაობაა. რამე აჟიოტაჟი ნატო-ს სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან არ შემიმჩნევია. არც რამე ოფიციალური განცხადება გაკეთებულა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება საქართველოსთან მიმართებაში. "ღმერთმა ქნას, რომ რამე მნიშვნელოვანი შედეგი მივიღოთ, მაგრამ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს რა აძლევს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ ვიცი", - აცხადებს მაისაია. მისი თქმით, ის, რომ სამიტის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლა მოხდა, დადებით მომენტს არ შეჰმატებს ჩვენს ნატო-ში ინტეგრაციის თემას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამიტის წინ მინისტრის შეცვლა დადებითი არ არის. მეორეც, მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი საქართველოსთვის მხოლოდ მაპ-ის, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა და, სამწუხაროდ, ახლა ეს მოლოდინი არ მაქვს. მისი თქმით, ერთი, რაც შეიძლება მივიღოთ, ისაა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო გააძლიეროს ნატო-მ, შეიქმნას მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება ალიანსის მხრიდან, რაც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის და რუსეთს აჩვენებს, რას აკეთებს ნატო საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ეს გაწევრიანებასთან მიმართებაში კონკრეტულად არაფერს არ ცვლის", - წერს სტატიის ავტორი.

"ვიცი, ვინც არის ჩემი შვილის მკვლელი!" - პანკისი აქციებმა მოიცვა

"პანკისის ხეობაში აქციები დაიწყო. თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად ხეობის მცხოვრებლები გამოვიდნენ, რომლებიც სამართლიანობის აღდგენასა და თემირლანის მკვლელის დასჯას ითხოვენ. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, პირადად ბიძინა ივანიშვილი მფარველობს. აქციაზე მოკლული 19 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართეს. ისინი თემირლანის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ, ასევე მოითხოვენ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი გომელაური გადადგეს და სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ვიცი, ვინც არის ჩემი შვილის მკვლელი!" - პანკისი აქციებმა მოიცვა.

"მალხაზ მაჩალიკაშვილი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, აქციები პერმანენტულ და ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. მისი განცხადებით, აქციები თბილისში გადმოინაცვლებს და დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მოსახლეობა პანკისელებთან ერთად დადგება და მხარს დაუჭერს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ როგორც კი ახალი პრემიერის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურას დაამტკიცებენ, ის მასთან შეხვედრას მოითხოვს, თუმცა არაა დარწმუნებული, რომ მას მიიღებს. თუ ჩემი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, მე მაინც არ გავჩერდები. აქციები ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ პანკისელებთან ერთად ჩემი ქართველი ძმები და დები გვერდით დამიდგებიან”, - აღნიშნვს გამოცემა.

"როგორც კი მამუკა ბახტაძეს პრემიერად დაამტკიცებენ, მე მასთან შეხვედრას მოვითხოვ. არ ვიცი, შეიძლება, არ მიმიღოს, მაგრამ მე მაინც ვეცდები. სამწუხაროა, რომ თემირლანის სასტიკად მოკვლის შემდეგ არც ერთი პოლიტიკოსი ხეობაში არ მოდის. "არავის ვაინტერესებთ. ხალხს არავინ ესაუბრება, ჩვენი დეპუტატი ქურდულად მოიპარება, მე არ მხვდება. მოდის და ადგილობრივებს ეკითხება. ჩემთან მოვიდეს და დამელაპარაკოს, მე ვიცი ყუველაფერი, რაც აინტერესებს. ხეობაში ხალხი თავს მიტოვებულად გრძნობს, თითქოს უპატრონოები ვიყოთ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში მაჩალიკაშვილი. მაჩალიკაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მან იცის იმ სპეცრაზმელის ვინაობა, ვინც მის მძინარე შვილს ესროლა. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მან დალუქული წერილის სახით მიიღო, სადაც დეტალურად ეწერა სპეცრაზმელის მისამართი, სახელი და გვარი”, - განაგრძობს გამოცემა.

"მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო ს პეციალურად დაგებული ხაფანგი, რათა სპეცრაზმელის სახლში წასულიყო და მისი მოკვლა ეცადა. ვიცი, ვინც არის ჩემი შვილის მკვლელი. ჩემი თავიდან მოშორება უნდოდათ. ამიტომ მახეს მიგებდნენ. მე რომ მისი მოკვლა მინდოდეს, ჯოჯოხეთის გზას ახლავე გავუყენებდი, მაგრამ მე სიმართლეს სამართლისა და კანონის ძალით მივაღწევ. "ჩემი მოკვლა თემირლანივით უნდოდათ, ხაფანგს მიგებდნენ, რომ წავსულიყავი და შური მეძია, თავად კი იქ მისვლას დამასწრებდნენ და ადგილე მომკლავდნენ. არავისთან მისვლას არ ვაპირებ, ყველას დავუმტკიცებ, რომ სამართლიანობის აღდგენა კანონის ძალით მინდა", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა "რეზონანსთან" საუბარში”, - დასძენს გამოცემა.

"ივანიშვილი მფარველობს გომელაურსაც და მთლიან ხელისუფლებასაც. ჩვენ ტაშის კვრითა და ჩვენი დიდი იმედით მოვიყვანეთ ივანიშვილის ოცნება და დღეს მივიღე ამ ოცნებისგან დიდი ტრაგედია. ერთ-ერთი მაინც გამოვიდეს სამართლიანი. ერთ-ერთს მაინც ჰქონდეს ადამიანური ერთი პროცენტი მაინც", - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილმა. მაჩალიკაშვილი დეკმბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ თავისი შვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. მარგოშვილი აცხადებს, ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 იანვარს განაცხადა, რომ ამოღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. მათ მედიას ვიდეოც მიაწოდეს. ოპოზიცია და ომბუდსმენი სპეცოპერაციისას ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ კითხვებს სვამენ. სუს-ის განმარტებით, სპეცოპერაციისას ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მძინარეს ესროლეს”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს