ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2018

ქართულ 33-კაციან "შავ სიას" შეიძლება აფხაზებმა საკუთარი სია დაუპირისპირონ

***

ქართულ 33-კაციან "შავ სიას" შეიძლება აფხაზებმა საკუთარი სია დაუპირისპირონ

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უკვე ცნობილია. შავ სიაში 33 ადამიანია შესული, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ მძიმე დანაშაული - მკვლელობა, გატაცება, წამება, არაადამიანური მოპყრობა - ჩაიდინეს და როგორც სიაშია მითითებული, დანაშაულთა ათვლა 1991 წლიდან იწყება. კონფლიქტოლოგები სიას არ იწონებენ, ამბობენ, რომ ის ძალიან ზედაპირულია და ნაჩქარევი, რადგან თუკი ჩადენილ დანაშაულთა ათვლა 1991 წლიდან იწყება, მაშინ სიაში 100 სახელი და გვარი მაინც უნდა მოხვედრილიყო. გარდა ამისა, ოთარ ტურნანბა, რომელიც მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას ატერორებდა და არაერთი ქართველი ჰყავს მოკლული, წლების წინ მოკლეს და კითხვა აქვთ, რატომ აღმოჩნდა უკვე მოკლული ადამიანი შავ სიაში. გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ ეს სია მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვისაა და სანქციები რეალურად ვერ იმოქმედებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ქართულ 33-კაციან "შავ სიას" შეიძლება აფხაზებმა საკუთარი სია დაუპირისპირონ / "იქ ის ადამიანებიც მოხვდებიან, ვინც ომში იბრძოდა და მათ შეიძლება რუსეთში გადაადგილება შეეზღუდოთ"

"საგულისხმოა, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია 21 მარტს დამტკიცდა და ამ რეზოლუციის ფარგლებში 15 ივნისს მთავრობას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უნდა წარედგინა. მთავრობამ სიის წარდგენა 10 დღით დააგვიანა და თავი იმით იმართლა, რომ განსაზღვრულ ვადას მთავრობის გადადგომა და შემდეგ ხელახლა დამტკიცება დაემთხვა. პარლამენტის რეზოლუციით, უკვე განსაზღვრულია ის ღონისძიებებიც, რაც უნდა გატარდეს ამ სიაში შესული ადამიანების მიმართ. ამაში შედის ყველა შესაძლო შეზღუდვა, მათ შორის, ქონებრივი, ფინანსური და გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სიაში შემავალი პირების მიმართ. ახლა უკვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს სია პარტნიორ ქვეყნებს უნდა გადაუგზავნოს და ამ ადამიანებზე არ უნდა გაიცეს შენგენის ვიზები, დაუყადაღეს ქონება და საბანკო ანგარიშები. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ სიაში შეყვანილი ადამიანები არც დასავლეთში დადიან სამოგზაუროდ და არც რაიმე ქონება გააჩნიათ რუსეთის გარდა, ამიტომაც სანქციების დაწესება არანაირ შედეგს არ გამოიღებს", - აღნიშნავს გამოცემა

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციანი სიის სათავეშია გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დაუსწრებლად მსჯავრდებული ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი, ასევე, არჩილ ტატუნაშვილის გატაცება-წამების საქმეში ბრალდებულები: ახალგორის ე.წ. კა-გე-ბეს სამსახურის განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი და ახალგორის ე.წ პროკურატურის პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი. სიაში არის 2 ქალი, ციბრონა (ეკა) ახალაია და როზა მირცხულავა, სნაიპერები, რომლებიც 12-კაციანი დაჯგუფების წევრები იყვნენ და იტაცებდნენ და კლავდნენ ქართველებს. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში აგრეთვე შედიან: სლავიკ ბადია, რაულ კორტავა, ზაურ ჭითანავა, ოთარ ტურნანბა, ალიკა წაბრია, რუსლან ჯოპუა, დიმიტრი არშბა, ვლადიმერ გუნია, ალხაზ მირცხულავა, გია ტუჟბა, გენრიხ ჭანბა, ვლადიმერ ანუა, ზაურ ცეცხლაძე, იგივე მიხეილ თარბა, გენადი აშხაცავა, გელა ვანაჩა, ოთარ ფალავანძია, ოლეგ პაპასკირი, აფრიკან ბგანბა, ვახტანგ უბირია, ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, შურიკ კოკოსკერია, ლევ ბიჩენოვი, გია თუაევი, ფისო ვაზაგოვი, თამაზ ბესტაევი, რამჩიკ ფუხაევი, არკადი ძერანოვი, ზურაბ დუდაევი", - განაგრძობს გამოცემა

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, მაგალითად, ოთარ ტურნანბა და ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი ორივე მოკლულია. ამ სიაში შეყვანილი ზოგიერთი ადამიანი ჩემთვის ცნობილია, ზოგი - არა. ტურნანბა ბანდიტი იყო, ბანდა ჰყავდა და გალის მოსახლეობას აწიოკებდა. როზა მირცხულავა თავის დროზე სნაიპერი იყო, შემდეგ ისიც ბანდის წევრი გახდა და სისასტიკით გამოიჩინა თავი. ამ სიაში ბევრად მეტი სახელი და გვარი უნდა იყოს. თან, მე აქ ერთ რამეს ვხედავ და თუ ჩემი ეჭვი გამართლდა, ეს მისასალმებელია. ანუ ის, რომ ამ სიაში არ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც ომის დროს ჩაიდინა ომის დანაშაული. ჯერჯერობით ისინი ჩანან, ვინც ომის შემდეგ ჩაიდინა დანაშაული, რაც სწორია. ეს იქნება ერთგვარი პოლიტიკური გზავნილი მათთვის, რომ ომში მონაწილეობა სხვაა და მშვიდობიანობის დროს მოსახლეობის დაყაჩაღება - სხვა. სიმართლე გითხრათ, მე ამ სიის გამოქვეყნების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ამ ხალხზე რეაგირება ვერ მოხდება. სია ქმედითი ვერ იქნება, რადგან ეს ის ხალხია, რომლებიც თავისი ცხოვრების განმავლობაში დასავლეთში არ მოხვდებიან, რუსეთში კი მათ ხელს მაინც არავინ ახლებს," - აღნიშნავს არეშიძე. მისი თქმით, ეს სია პოპულისტური ნაბიჯია და ახლა ოსები და აფხაზები გამოაქვეყნებენ "ქართველების შავ სიას".

"რეაქციას აუცილებლად უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით აფხაზებისგან, ოღონდ ისინი ასე დელიკატურები არ იქნებიან და სიაში ის ადამიანებიც მოხვდებიან, ვინც ომში იბრძოდა და მათ შეიძლება რუსეთში გადაადგილება შეეზღუდოთ კიდეც იმ შემთხვევაში, თუ რუსებმა ამ სიას მხარი დაუჭირეს," - დასძენს გამოცემა

"აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრ ლევან კიკნაძის თქმით, 1991 წლიდან დღემდე ბევრად მეტმა ადამიანმა ჩაიდინა სს დანაშაული და სიაში ბევრად მეტი ადამიანი უნდა შეეყვანათ. ამიტომ იმედოვნებს, რომ ეს 33 გვარი მხოლოდ დასაწყისია და სიას კიდევ ბევრი ადამიანი შეემატება. 200 ტომია პროკურატურის მიერ გამოძიებული და თუ ახლა 33 კაცზე მეტი ვერ მოძებნეს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული, მაშინ მიკვირს, ეს რა სიაა?! მიხეილ ტარბას ხელმძღვანელობით ხდებოდა გატაცება გალში. როზა მირცხულავა სნაიპერი იყო. ოთარ ტურნანბა კი იყო ყაჩაღი, ბანდიტი და ის მოკლეს. არ ვიცი, ახლა ამ სიაში სხვა ტურნანბაა თუ უკვე მოკლული შეიყვანეს. ამ სიას კარგი შედგენა უნდოდა. უშიშროების არქივებში ნუთუ არ არის მეტი ადამიანის გვარი? შეიძლება ამ სიას კიდევ მიემატოს და შეივსოს," - წერს სტატიის ავტორი.

ემუქრება თუ არა ქათმის გრიპის ახალი შემოტევა საქართველოს?

"რუსეთში ქათმის გრიპმა იფეთქა, საფრთხე გაჩნდა მეზობელ ქვეყნებშიც. ეპიდემიის გამო აზერბაიჯანმა რუსეთიდან ქათმის იმპორტი აკრძალა. რაც შეეხება საქართველოს, ამ მხრივ გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის ჯერ არც ერთ უწყებას არ მიუმართავს. სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ ჩვენთან ნებისმიერი ხორცი მხოლოდ ინსპექტირების გავლის შემდეგ შემოდის. ასე რომ, ადგილობრივ ბაზარზე ფრინველის ხორცის შეზღუდვა არ მოხდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ემუქრება თუ არა ქათმის გრიპის ახალი შემოტევა საქართველოს?

"რამდენიმე წლის წინ ქათმის გრიპი საქართველოშიც მძვინვარებდა. ამის გამო ფრინველის ხორცის წარმოება და მოხმარება მინიმუმამდე შემცირდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დღეს მისი გავრცელების საშიშროება თუნდაც მეზობელი ქვეყნიდან არ არსებობს. საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციაში კი არ არიან დარწმუნებულნი, რომ ეპიდემიისგან ამჯერად დაცულნი ვართ, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება, რომ წლების წინანდელი კოლაფსი არ განმეორდეს. ამასობაში აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული კონტროლის სამსახურმა რუსეთის ტერიტორიიდან ქათმებისა და საფრინველე პროდუქციის ქვეყანაში შეტანა აკრძალა. დროებითი ემბარგო ბაქოში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილების შემდეგ შემოიღო. ამის მიზეზი მოსკოვსა და მის ოლქში ქათმის გრიპის ეპიდემია გახდა. დაავადება გამოვლინდა ასევე ორლოვის, კურსკის, პენზისა და რუსეთის სხვა რაიონების ფერმებში", - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთის სანიტარიული უწყება კი ამტკიცებს, რომ ეს ეპიდემია სეზონურია, პროგნოზირებადი იყო და დაავადება მოსახლეობისათვის საფრთხეს არ შეიცავს. ამ გრიპით მხოლოდ ფრინველები ავადდებიან და ადამიანს ის საფრთხეს არ უქმნის. კერები ლოკალიზებულია და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომასა და საშუალებას მივმართავთ", - აცხადებენ უწყებაში. მეზობელ ქვეყანაში ქათმის გრიპის შემთხვევას საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ეხმაურება. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ჩვენი საზღვარი ყველაზე დაუცველია და ვისაც კი სურვილი გაუჩნდება, ნებისმიერი პროდუქტის შემოტანა შეუძლია. სწორედ ამის გამო ახლა მომეტებული ყურადღება გვმართებს", - განაგრძობს გამოცემა.

"რუსეთიდან ჩვენთან შემოდიოდა ქათმის ბარკლები, ახლა არ ვიცი, რა ვითარებაა, შეიძლება აღარ შემოდის, მაგრამ აკრძალვით არავის აუკრძალავს. რუსეთი არც ისე ძლიერადაა წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე, რადგან ძალიან მაღალია ამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ფასი. რამდენიმე დასახელება ჩემთვისაც აუხსნელი მიზეზით არის ძალიან ძვირი, მათ შორის ქათმის ხორცი, ნაყინი და სხვა პროდუქტი. ჩვენი საზღვარი დაუცველია და ვისაც კი სურვილი გაუჩნდება, ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი პროდუქტის შემოტანა შეუძლია. რაც შეეხება "ქათმის გრიპს", თუ ის მართლა გავრცელებულია რუსეთში და ამ მიზეზით აზერბაიჯანმაც აკრძალა საქონლის შეტანა, ჩვენი ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე. მე არ მაქვს ინფორმაცია, საზღვარი რუსული პროდუქციისთვის დაკეტილია თუ გახსნილი, მაგრამ დღევანდლამდე ნამდვილად ღია იყო და შემოდიოდა პროდუქტი. ახლა საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება და კონტროლი", - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა", - დასძენს გამოცემა

"სურსათის ეროვნულ სააგენტოში პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ. როგორც სეს-ში "რეზონანსს" განუცხადეს, რუსეთიდან საქართველოში ქათმის ნაწარმი, ფაქტობრივად, არ შემოდის. სააგენტოს წარმომადგენელი თეა შველიძე აღნიშნავს, რომ ყველანაირი ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი, რომელიც კი საზღვარს კვეთს, მხოლოდ ინსპექტირებული საწარმოებიდან ხდება. ჩვენთან რუსეთიდან არ შემოდის ქათმის ხორცი. გარდა ამისა, საქართველოში ყველანაირი ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი, მხოლოდ ინსპექტირებული საწარმოებიდან ხდება. ასე რომ, ამ მხრივ საფრთხე არ არსებობს. რუსეთიდან ფრინველის ხორცი არ შემოდის, ყოველ შემთხვევაში, წელს არ შემოუტანიათ", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა