ბათუმში კონტრაბანდული საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთის და ნარკოდანაშაულის გამოვლენის ტენდენციებზე იმსჯელეს

ბათუმში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - „კონტეინერების კონტროლის პროგრამაში“ ჩართული უწყებების წარმომადგენლებისთვის 18 – 26 ივნისს თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, სასწავლო კურსის ფარგლებში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის და ნიდერლანდების საბაჟოს ეროვნული მიზნობრივი ცენტრის (The Netherlands Customs National Targeting Center) ტრენერებმა, მონაწილეებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, კონტრაბანდული საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთის და ნარკოდანაშაულის გამოვლენის უახლესი ტენდენციები გააცნეს.

ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია გლობალურ სავაჭრო სფეროში კონტეინერების ინსპექტირებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე სტანდარტების შესახებ.

თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში, მონაწილეებმა განიხილეს დანაშაულის რისკების შეფასებისა და მართვის საკითხები, სინდიკატური დანაშაულის გამოვლენის ეფექტური მეთოდები და საზღვაო პორტებში მიტოვებულ კონტეინერებთან დაკავშირებული რისკები. კურსის ფარგლებში, იმსჯელეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავ სამსახურებს შორის ინფორმაცის გაცვლის მნიშვნელობის და ინტერნეტქსელის, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.

სასწავლო კურსს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენების, ასევე, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და ოდესის ოლქის მებაჟე ოფიცერები ესწრებოდნენ.

სასწავლო კურსი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის და პროექტის - „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU-ACT) საქართველოსა და უკრაინაში“ ორგანიზებით გაიმართა.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართულია ოთხი უწყება: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა, პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო