ილია მეორე - ჩვენ ერთმანეთის ჯვარი, ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ

ჩვენ ერთმანეთის ჯვარი, ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. მან მრევლს ერთმანეთის თანადგომისკენ მოუწოდა და მიმართა, დაეხმარონ ადამიანს, რომელიც იღუპება.

„უფალი იესო ქრისტე ყოველ ჩვენგანს ეუბნება: ვისაც უნდა შემოდგომა ჩემდა, უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდექ მე. როგორ გავიგოთ, რომელია ჩვენი ჯვარი? ამას უფალი გვაჩვენებს, უფალი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. უფალი გვაჩვენებს, სად არის ეს ჭეშმარიტება. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესე აღასრულეთ რჯული ქრისტესი. შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთის ჯვარი, ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ? ჩვენ უნდა ვიტვირთოთ, თუ გვინდა, რომ სხვამ იტვირთოს ჩვენი სიმძიმე. ეს არის მძიმე ღვაწლი, როცა ადამიანი სხვის სიმძიმეს იტვირთავს. ჩვენ იმ დღეს ვიხსენებთ, როცა თანადგომის დღე დაარსდა. ქრისტიანობა და ქრისტიანობის სიდიადე იმაშია, რომ ადამიანს აძლევს ძალას, აძლევს მადლს, აძლევს შესაძლებლობას, რომ სხვისი ჯვარი იტვირთოს. არის შემთხვევა, როცა ადამიანი უფსკრულის წინაშე დგას. ყოფილა ხშირი შემთხვევა, როცა ვხედავდი ადამიანს, რომელიც იღუპება, მინდოდა შველა, მაგრამ ის ადამიანი შველას უარყოფს. ჩვენ უფალს უნდა ვთხოვოთ, რომ ძალა მისცეს და აკურთხოს ერი თვისი“, - განაცხადა პატრიარქმა.

გარდა ამისა, ილია მეორემ მრევლს მიმართა, რომ თუკი ადამიანის გულში იქნება საკუთარი ცოდვების განცდა და არა სხვისი განკითხვა, ის ბედნიერი იქნება და ვერავითარი მტერი ვერ მოერევა. „არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისთვის ცხოვრობენ და სხვას ემსახურებიან. არის ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავს და ფიქრობს, სხვას უშველოს. ასეთი ადამიანები ბედნიერები არიან. ისინი სხვისთვის არიან დაბადებული. შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, დავეხმაროთ ერთმანეთს და თანადავუდგეთ ერთმანეთს. დავეხმაროთ ისეთ ადამიანს, რომელიც იღუპება. ბევრია შემთხვევა, როცა იღუპებიან და ძალა არ ჰყოფნით, რომ თავი გადაირჩინონ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი და წყალობა, რათა შევიცნოთ თავი ჩვენი“, - მიმართა მრევლს ილია მეორემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა