დავით ზალკალიანმა ფრიდრიხ ებერტის ფონდში მთავრობის პროგრამასა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში მონაწილება მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის“.

საგარეო საქმეთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორთან მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა როლანდ შმიდტმა გახსნა. მან მიმოიხილა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქმიანობა საქართველოში, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გერმანული პოლიტიკური ფონდი იყო, ვინც თბილისში კავკასიის ოფისი დააფუძნა.

„დასავლეთის გზა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და არა მხოლოდ ახლა, არამედ 100 წლის წინაც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, რომელიც წარმოადგენდა ევროპული სოციალ-დემოკრატიული წყობის საუკეთესო მოდელსა და პრეცენდენტს“, - აღნიშნა მან.

რონალდ შმიდტის განცხადებით, ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ამჟამად მუშაობს კარლ კაუცკის წიგნის თარგმანზე, რომელიც მან საქართველოს პირველ დემოკრატულ რესპუბლიკას მიუძღვნა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელმა გერმანელ ექსპერტებს და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები, ის ხუთი მიმართულება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განახლებული მინისტთა კაბინეტის საქმიანობის მთავარ ხაზს წარმოადგენს. დავით ზალკალიანის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები მიზნად ისახავს ინოვაციურ რეფორმებს ყველა მიმართულებით და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით მიღებული სიკეთეების რიგით მოქალაქეზე გავრცელებას.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური ამოცანები და ამ მიმართულებით დასახული გეგმები. ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ წარმატებაზე, ასევე ევროკავშირთან მეტი ფიზიკური და სექტორული დაახლოების მიზნით მთავრობის გეგმებზე, რომელიც ინიციატივაში „ევროკავშირის საგზაო რუკა“ ერთიანდება. საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ნატო-ს სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული ნატო-ს სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ისევე როგორც საქართველო სათანადოდ იქნება წარმოდგენილი სამიტის ფორმატებში და ასევე ახალ განზომილებას შეიძენს საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში.

გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებზე და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე. მან ღონისძიების მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების, ასევე დამოუკიდებლობის შემდგომი ტრანსფორმაციის პროცესში. მან ამ მხრივ განსაკურებით ხაზი გაუსვა საქართველოში ებერტის ფონდის საქმიანობის მნიშვნელობას და სიმბოლური უწოდა იმას, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში სწორედ ფრიდრიხ ებერტის პრეზიდენტობის დროს გერმანიამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა