ლევან დავითაშვილი - 2-3 წელიწადში საქართველო სწრაფი გაფრთხილების სადგურებით მთლიანად დაიფარება

2-3 წელიწადში საქართველო სწრაფი გაფრთხილების სადგურებით მთლიანად დაიფარება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ჭუბერში, სტიქიის ზონაში განუცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი წელსაც იგეგმება.

რაც შეეხება ჭუბერში მიმდინარე პროცესებს, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ამის გამომწვევი მიზეზია მყინვარის დნობა, რამაც მდინარეში წყლის დონის მატება გამოიწვია.

„ტემპერატურის მატებასთან ერთად მყინვარის დნობის პროცესი მიმდინარეობს და მდინარის კალაპოტშიც იმატებს წყლის დონე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი ჩართული იყოს ასეთ საგანგებო დროს, რაც ხდება კიდეც. იცით, რომ მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები, როგორც ჰიდრომეტეოროლოგები, ასევე გეოლოგები არიან ადგილზე რომ პროცესები შეისწავლონ, ასევე, პროგნოზირების ნაწილში დაეხმარონ კოლეგებს იმისთვის, რომ მაღალ დონეზე კოორდინაციის შედეგად, მინიმალური იყოს ბუნების ზემოქმედება.

რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება, ამისთვის ყველაფერი კეთდება. მათი გადაყვანა უსაფრთხო ადგილებზე ხდება. ისეთ ადგილებზე, რომელსაც პოტენციურად შეიძლება საფრთხე დაემუქროს, გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც მდინარეში წყალი დაიკლებს“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ლანდშაფტური კუთხით რთული პირობები აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ისეთ მდინარეებზე, როგორიც ნენსკრაა გამართული ადრეული გაფრთხილების სისტემა გვქონდეს.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასეთი სისტემის ჩამოყალიბებას წელს იწყებს და 2-3 წლიან პერსპექტივაში საქართველო მთლიანად იქნება სწრაფი გაფრთხილების სადგურებით დაფარული, რაც ბევრ ინფორმაციას მოგვცემს და პრევენციისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება “, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის კავშირს მიმდინარე პროცესთან, დავითაშვილი ამბობს, რომ მშენებლობა გაგრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარემოსდაცვითი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება.

„ცალსახად დაადასტურეს სპეციალისტებმა, რომ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა ჭუბერში მიმდინარე პროცესებთან კავშირში არ არის, თუმცა, „ნენსკრა ჰესი“ იქნება, სხვა ჰესი თუ ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა, ეს უნდა იყოს მკაცრად, გარემოს დაცვითი პრინციპებით აშენებული. ამ ეტაპზე მშენებლობა არ მიმდინარეობს, ხდება შესწავლა და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მშენებლობის ნებართვა გაცემული, თუ გარემოსდაცვითი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება, ეს ეხება პირველ რიგში ნენსკრას, თუმცა, მხოლოდ მას არა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს