დავით ჯანდიერი - მთავარი პროკურორობის კანდიდატთა შერჩევის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

მთავარი პროკურორობის კანდიდატთა შერჩევის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა განუცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა თავიდან აირიდა ან აარიდეს ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პასუხისმგებლობა და კანდიდატები მინისტრის შვებულებაში ყოფნის მოტივით საზოგადოებას მისმა მოადგილემ წარუდგინა, თავად მინისტრმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ერთ-ერთი კანდიდატი მისი ნათესავია (ნათესაური კავშირი კი უარყო, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი შვილის ნათლიაა).

„ბუნებრივია, მოადგილის მინისტრის დაქვემდებარებაში ყოფნის, ამ იერარქიული სუბორდინაციის გათვალისწინებით, ზედმეტია საუბარი შერჩევის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ხასიათზე. გარდა ამისა, „პროკურატურის შესახებ“ კანონის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყველა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის პროფესიული და პიროვნული თვისებების გამო, უარი განაცხადა ამ პროცესში მონაწილეობაზე და მეტიც, მისი გადადგომა მოითხოვა. ამ მოთხოვნამ მოგვიანებით საზოგადოების ფართო ფენები გააერთიანა. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კანდიდატთა შერჩევის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კანონის სათანადოდ აღსასრულებელი პირობების არარსებობის გამო. რა თქმა უნდა, იუსტიციის მინისტრი არის პასუხისმგებელი არაჯანსაღი, მოჩვენებითი და რაც მთავარია სისტემის დამაზიანებელი „რეფორმების“ გამო, რის თაობაზეც სამართლის დარგის სპეციალისტებში სრული კონსენსუსი დიდი ხანია არსებობს, ასევე ყველა იმ წინამორბედი მთავარი პროკურორის შერჩევაზე, რომლებმაც თანამდებობის დატოვების შემდეგ ასობით გამოუძიებელი საქმე დაუტოვეს ქვეყანას“, - განაცხადა ჯანდიერმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი მომავალი მთავარი პროკურორი განწირული იქნება, თუკი არ განხორციელდა სისტემური ხასიათის ეფექტიანი ცვლილებები, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს და არ იქნება დროებითი საჩვენებელი ხასიათის მატარებელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა