ცესკოს ინიციატივით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, სადაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე მსჯელობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკოდან აცნობეს, ღონისძიება 11-12 ივლისს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით და ევროპის საბჭოს (CoE) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

კონფერენციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, WEM International-ის (საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები არჩევნების მართვაში“) თანადამფუძნებელი საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენცია გახსნეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს (CoE) ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძემ.

თამარ ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია და სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად იმ სასწავლო და საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია გენდერული თანასწორობის მიმართულებით ახორციელებს.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ცესკოს წევრი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ზურაბ ხრიკაძე; მან გენდერულ ჭრილში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარმოებულ სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და იმსჯელა იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს კანდიდატებისთვის სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით დადგენილი დამატებითი საჯარო დაფინანსება ქალთა წარმომადგენლობაზე.

მოხსენებები წარადგინეს ევროპის საბჭოს (CoE), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის (EECMD), დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) და სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა.

„ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთონ საარჩევნო ადმინისტრაციებმა და რა კარგი პრაქტიკა არსებობს იმისთვის, რომ ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდოს და გენდერული ბალანსი იყოს დაცული, როგორც საარჩევნო პროცესში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ კუთხით ბოლო წლებში არსებობს გარკვეული პოზიტიური დინამიკა, თუმცა ჯერჯერობით ეს მაინც არ ეხმიანება იმ საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნებს, რაც ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობებს უკავშირდება. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ახორციელებს ხელშემწყობ ღონისძიებებს, აწარმოებს მონაცემებს, ასევე ნერგავს ბევრ ინოვაციას და საგანმანათლებლო პროგრამებს, რომ გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა როგორც საარჩევნო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში,” - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მედიასთან ქალთა ეფექტურ თანამონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმაც საქართველოში. როგორც კრისტიან ურსემ აღნიშნა, დისკუსია შეეხება იმ სტანდარტებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა ჩართულობას.

„თუმცა, კანონმდებლობის გარდა, ჩვენ დისკუსიის განმავლობაში ვმსჯელობთ იმ რეალური და ეფექტური შესაძლებლობების შექმნის შესახებ, რამაც უნდა უზრუნველყოს ქალთა მონაწილეობა არჩევნებში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში მათი ყოფნით თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ქალებისთვის სხვა შესაძლებლობების შექმნით. ვფიქრობ, აღნიშნული კონფერენციის ერთ-ერთი პოზიტიური და ძირითადი მახასიათებელი არის ფაქტი, რომ ჩვენ აქ შევკრიბეთ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. გამოცდილების გაცვლა - ეს ყოველთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა,” - განაცხადა კრისტიან ურსემ.

ორდღიანი კონფერენცია, რომელიც რეგიონში გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად, ხელს უწყობს გენდერულ საკითხებზე აქტიური დისკუსიებისა და დებატების გააქტიურებას.

ღონისძიებაში მონაწილეობენ, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები:

ბელარუსი, ლატვია, აზერბაიჯანი, მოლდოვა, რუმინეთი, უკრაინა

ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები:

ევროპის საბჭო (CoE), აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ჰაინრიხ ბოელის ფონდი (Heinrich Boell Foundation), დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ქალები საარჩევნო ადმინისტრაციებში (WEM International, ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია ცესკო), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარი საქართველოში

ღინისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი ორგანიზაციებიც:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გენდერული თანასწორობის ქსელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა