შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე სატელევიზიო ეთერში სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოებზე და დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გიორგი არსოშვილი საუბრისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა სანომრე ნიშანი, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, აუცილებლად დაჯარიმდება, მიუხედავად იმისა, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო პირების საკუთრებაში.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო იდენტიფიცირებას ახდენს ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელის, მარკის და სანომრე ნიშნის. შესაბამისად, ყველა ის სანომრე ნიშანი, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, აუცილებლად დაჯარიმდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ - კერძო პირების.
სისტემური მიდგომა გახლავთ ის, რომ ყველა მძღოლი, ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად დაჯარიმდეა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მძღოლს ჰქონდეს ვალიდური მობილურის ნომერი მითითებული მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში ან ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რათა დარღვევისას მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება. სხვა შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ფოსტის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ მისამართზე აგზავნის კონკრეტულ ვიდეო ჯარიმას.
თუ მოქალაქე არ იბარებს ვიდეო ჯარიმას, ამ შემთხვევაში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხდება ამ ჯარიმის საჯაროდ გამოქვეყნება. გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად და თითოეულ მძღოლს დამატებით კიდევ 30 დღე აქვს ჯარიმის გადასახდელად. თუ არ იხდის, ჯარიმის ოდენობის ორმაგი რაოდენობის საურავი ედებათ და ამიტომ საჭიროა ვალიდური მობილური ტელეფონის ნომერი ჰქონდეთ მითითებული“, - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
მისივე თქმით, ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი 6 თვეა არსებობს და არის საკმაოდ ეფექტური. როგორც მან აღნიშნა, აღსრულების ნაწილში მზარდი ტენდენციაა.
„ყველაზე მთავარი ჩვენთვის რაც არის, გვინდა მაქსიმალურად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმირებული. ყველა მოქალაქეს და მძღოლს სამოქალაქო ვალდებულება უნდა ჰქონდეს იმის, რომ აუცილებლად გადაამოწმოს ამ ტიპის ინფორმაცია. შინაგანი მოწოდება უნდა ჰქონდეს, რომ არ დაარღვიოს საგზაო უსაფრთხოების წესები და თავიდან აირიდოს კონკრეტული ფოტო-ვიდეო ჯარიმა. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი თავის მხრივ აუცილებლად გააგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოების დონე ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა. ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"