ლევან დავითაშვილი ჰესების მშენებლობაზე - ნებისმიერი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა მომზადდეს, სხვა შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერთ

ნებისმიერი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა მომზადდეს, სხვა შემთხვევაში ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჰესების მშენებლობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჭუბერში მომხდარი სტიქია, დავითაშვილის თქმით, ჰესის მშენებლობასთან კავშირში არ არის და უახლოეს პერიოდში, მისი უწყება საზოგადოებას აჩვენებს 3D-ში მოდელირებულ, ვიზუალურ ვერსიას, თუ როგორ მოხდა სტიქიის ჩამოყალიბება.

„ამ საკითხს ცალსახად კომპეტენტურ პასუხს გავცემთ. რაც შეეხება ზოგადად პოზიციას ჰიდროელექტროსადგურების შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია არის ერთი - ნებისმიერი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა მომზადდეს, გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა იყოს ადეკვატური და მაღალი დონის ექსპერტიზის შედეგად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. სხვა შემთხვევაში ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი გაუმჯობესდეს, მათ შორის, იმ საკონსულტაციო კომპანიების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, რომლებიც ჩართულები არიან ასეთ პროცესში. გარემოს ზემოქმედების შეფასების ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გააჩნია ახალი კოდექსი, სადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე, საზოგადოების მაღალი დონის ჩართულობით და ამ ჩართულობას უზუნველყოფს თვითონ სახელმწიფო. ამავე დროს, ჩვენ ახლა მომზადებული გვაქვს გარკვეული ცვლილებები კოდექსში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ასეთი ტიპის საკონსულტაციო თუ ექსპერტულ ბიუროებს, მათ შორის, ექსპერტების დონეზე განესაზღვროთ პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი უზუსტობებებით იქნება წარმოდგენილი ამა თუ იმ ექსპერტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, მათ უბრალოდ დისკვალიფიკაცია მიეცემათ. ეს დამატებით პასუხისმგებლობას გააჩენს მათთვის, რომ უფრო მეტი ყურადღებით მოხდეს დოკუმენტების მომზადება, რაც ჩვენს ნაწილსაც გაამარტივებს. ვაპირებთ საჯარო განხილვებს, რომ ზოგადად, ნებართვების გაცემის პროცესი და შეფასების ნაწილი ჩვენთან თავს იყრიდეს ერთ სტრუქტურაში, რათა გამარტივდეს პროცესი და სამინისტროს ნაცვლად, ამ პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა