„ქართუ ბანკი“იმისთვის გავხსენი, რომ ისევ ამ სისტემას დავხმარებოდი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ექსპრემიერმა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში „ქართუ ბანკსა“ და მის როლზე ისაუბრა.
„ქართუ ბანკი“ არ შედის იმ ბანკების რიცხვში, როგორიცაა „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“, რომლებიც ყველაზე რენტაბელური ბანკები არიან. მე გავხსენი, რომ სწორედ ამ სისტემას დავხმარებოდი, რამეთუ ვიცოდი, რომ საბანკო სისტემა აუცილებლად უნდა იყოს, ისე ეკონომიკა ვერ განვითარდება. დღესაც ამას ვამბობ, რომ არ გაჩნდეს ცდუნება, თითქოს მე „საქართველოს ბანკის“ ან „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგი ვარ. თუ რამეში დავჭირდები, დღესაც მზად ვარ, მათ დავეხმარო. მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მთელი საქართველო ბანკის ვალებში რომ არ ჩაიძიროს, ეს პროცესი თავისთავად დასარეგულირებელია და ამის ვალდებულება სახელმწიფოს აქვს. ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება.
„ქართუ ბანკშიც“ კი მოვიდნენ და შეამოწმონ, რომ ბანკის რენტაბელობა ნორმის ქვემოთ არის. „ქართუ ბანკში“ 200 მილიონ დოლარამდე მაქვს შემოტანილი და დღეს ბანკის კაპიტალი 200 მილიონ დოლარზე ნაკლებია. რომ არ იფიქრონ, მე „ქართუ ბანკით“ ვმდიდრდები, რასაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ხშირად აცხადებენ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სიცრუეა ოპოზიციის განცხადება, თითქოს ივანიშვილი ფულს აკეთებს და საზოგადოებას ძარცვავს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნეს ინტერესი არ აქვს და პირადულს არაფერს აკეთებს, მხოლოდ საერთო თემებზე მუშაობს, მხოლოდ საჯარო საქმეს აკეთებს და მის ასაკში, თუ პირობებში, სხვა ინტერესი არ გააჩნია.
„მე არ მაქვს ბიზნეს ინტერესი საქართველოში და ჩემს ასაკში და ჩემს პირობებში დღეს არც სხვა ინტერესი გამაჩნია. საერთო თემებზე ვმუშაობ და საზოგადოებას მინდა დავეხმარო. ჩემი ქვეყანაა და ჩემი სურვილია ჩემს ქვეყანას დავეხმარო“, - განაცხადა ივანიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"