ვლადიმერ ფესენკო - თუ რუსეთი უკრაინაში რელიგიურ ნიადაგზე სამოქალაქო ომის გამოწვევას შეეცდება, კრემლი უკრაინაში მეორე ავღანეთს მიიღებს

უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ასევე იმაზე, თუ რა განწყობებია უკრაინაში კიევის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების წინ ”ინტერპრესნიუსი” უკრაინელ პოლიტოლოგს, პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.

- ბატონო ვლადიმერ, გადაწყვეტილება მიღებულია, უკრაინული ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიას. სტამბულში რუსეთის პატრიარქ კირილეს ვიზიტი „დიპლომატიური მარცხით“ დასრულდა. უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილების, ანუ ტომოსის მიღების ვადად 10-12 ოქტომბერი სახელდება.

როგორ აფასებენ კიევში იმას, რაც სტამბულში მართლმადიდებელი ეკლესიების კრებაზე ხდებოდა და მოხდა?

- შეფასებები მრავალფეროვანია, მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული, ისინი ამაზე ნახევარი წელია საუბრობენ, მაგრამ ბოლო დღეებში სტამბულში განვითარებული მოვლენები საპირისპიროზე მეტყველებს.

უკრაინის პრეზიდენტისა და კიევის პატრიარქიაში, ბუნებრივია, დადებითი ემოციები აქვთ. თუმცა, არის გარკვეული სიფრთხილე იმის თაობაზე, საბოლოოდ რა ფორმულირებები ჩაიწერება გადაწყვეტილებაში უკრაინის პატრიარქიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, როგორი იქნება პროცედურა და საერთოდ, სავარაუდოდ როგორ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

რაც შეეხება საზოგადოებას, განწყობები მრავალფეროვანია. სოციოლოგიის მონაცემებით, უკრაინის პატრიარქიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარს აქტიურად უჭერს მოსახლეობის 20%, ამაზე ოდნავ მეტი პოზიტიურად აფასებს, მაგრამ ნაკლები ემოციურობით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ამ თემის მიმართ უფრო გულგრილობას ავლენს. ასეა იმიტომ, რომ ისინი რელიგიურები არც არიან.

- სტატისტიკით, უკრაინის მოსახლეობის 70% ქრისტიანია, მაგრამ უკრაინაში გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლური სხვადასხვა ეკლესიებია, ასევე არიან სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც.

სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება დღევანდელი უკრაინის რელიგიური რუკა? გავრცელებული ინფორმაციით, კიევის პატრიარქია 5 ათასზე მეტ ეკლესიას ფლობს, რამდენ ეკლესიას ფლობს უკრაინაში მოსკოვს დაქვემდებარებული მართლმადიდებლური ეკლესია?

- დიახ, ოფიციალური სტატისტიკით კიევის პატრიარქია 5 ათასამდე ეკლესიას ფლობს, მოსკოვის პატრიარქიას დაქვემდებარებულია 12 ათასამდე ეკლესია. რაც შეეხება ამ ეკლესიების მრევლთა რაოდენობას, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ამის დადგენა საკმაოდ ძნელია, მაგრამ იმავე სოციოლოგიის მონაცემებით, დაახლოებით თანაბარია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს მიიჩნევენ კიევის პატრიარქიის ან მოსკოვის პატრიარქიის მრევლად - ზოგჯერ ეს ციფრები მოსკოვის პატრიარქიის სასარგებლოდაა, ზოგჯერ პირიქით, კიევის პატრიარქიის.

სტატისტიკით, უკრაინაში მოსახლეობის 70% მართლაც ქრისტიანია, მაგრამ მათი ნახევარი რელიგიური სულაც არაა. თუ, მაგალითად, დასავლეთ უკრაინაში კათოლიკე მორწმუნეები ანდა მართლმადიდებელი მრევლი ყოველ კვირას რეგულარულად დადის ეკლესიებში, უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში ასეთი მრევლი უმცირესობაშია. მათი უმრავლესობა მართლმადიდებლურ ეკლესიებში დიდ რელიგიურ დღესასწავლებზე - აღდგომას, შობის დღეებში ანდა სამების დღესასწაულებზე დადის. სხვა შემთხვევებში ისინი მხოლოდ ბავშვების მოსანათლად დადიან ეკლესიებში.

- რუსული მედია ხშირად საუბრობს იმაზე, რომ თუ კიევის პატრიარქიამ ავტოკეფალია მიიღო, უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილების რისკი საკმაოდ დიდი იქნება. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ამგვარი მტკიცებები?

- რა თქმა უნდა, სინამდვილეში საქმე ასე სულაც არაა. რუსეთში, ისევე როგორც 2014 წელს, უკრაინაში არსებულ ვითარებას არადეკვატურად აფასებენ. უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილება 90-იან წლებში დაიწყო. კიევისა და მოსკოვის პატრიარქიებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.

რუსეთში, ისევე როგორც 2014 წელს, უკრაინაში არსებულ ვითარებას არაადეკვატურად აფასებენ

ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ უკრაინას მიენიჭა ავტოკეფალია, ეს არ იქნება მხოლოდ კიევის პატრიარქიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება, უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალია მიენიჭება უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას. ანუ, იმ ეკლესიას, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაქმნელი. ამ საკითხზე კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება თვითმიზანი კი არაა, არამედ გახლავთ იმის მექანიზმი, რომ ამის შემდეგ დაჩქარდეს დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის მშენებლობა.

სპეციალისტების შეფასებით, უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიაში შევა კიევის პატრიარქია, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე სხვადასხვა ეკლესიები. არავის შეუძლია იმის თქმა, მასში მოსკოვის პატრიარქიის რამდენი ეკლესია შევა. მაგრამ, პროცესი რომ ამ მიმართულებით განვითარდება, უკვე ცხადია. უკრაინის გაერთიანებული ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიას და არა მხოლოდ კიევის პატრიარქია, რომელიც კონსტანტინეპოლის პროტექტორატის ქვეშ იქნება. მხოლოდ უკრაინის გაერთიანებული ეკლესიები მიიღებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. გარდა ამისა, არ აიკრძალება უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიების საქმიანობა.

უკრაინის გაერთიანებული ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიას და არა მხოლოდ კიევის პატრიარქია და იგი კონსტანტინოპოლის პროტექტორატის ქვეშ იქნება

ასე რომ, მორწმუნეებს შორის განხეთქილებაზე საუბარი აშკარად გადაჭარბებულია. როცა ვამბობ, რომ რუსეთში, ისევე როგორც 2014 წელს, უკრაინაში არსებულ ვითარებას არადეკვატურად აფასებენ, ეს უკრაინაში რელიგიურ საკითხსაც ეხება.

რა თქმა უნდა, უკრაინაში არიან მაიდანის აქციების შედეგად ქვეყანაში განვითარებული პროცესების მოწინააღმდეგეები, არიან ისეთებიც, ვინც მზადაა დაიცვას უკრაინაში მოსკოვის პატრიარქიის ეკლესია, მაგრამ, ვიმეორებ, მათ დასაცავი არც არაფერი ექნებათ, ვინაიდან უკრაინაში მოსკოვის ეკლესიების აკრძალვას არავინ აპირებს.

- თუ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს, მოსკოვის პატრიარქი კირილე საპასუხო ზომების გატარებით დაიმუქრა. თქვენი დაკვირვებით, რა საპასუხო ზომები შეიძლება მიიღოს მოსკოვის პატრიარქმა?

- ვერ გეტყვით, მიჭირს თქმა. მას შეუძლია გააპროტესტოს პროცედურები, ანდაც ანათემას გადასცეს კიევის პატრიარქია, არ ვიცი. მაგრამ, ჩემი აზრით, ამას აღარ ექნება უკვე რაიმე მნიშვნელობა. მოსკოვის პატრიარქს უკრაინულ საზოგადოებაში არ აქვს ისეთი ავტორიტეტი, რომ ამ საკითხსა და დაწყებულ პროცესში მისმა პოზიციამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

- კრემლთან დაახლოებულმა „ეხო მოსკვის“ რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა, რომელიც ბევრ საკითხში კრემლის პოზიციას ხშირად ახმოვანებს განაცხადა - თუ კონსტანტინოპოლმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა, უკრაინაში მრევლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდება, როცა კიევისა და მოსკოვის ეკლესიებს შორის ქონების გაყოფის საკითხი დადგება დღის წესრიგში. მეტიც, მისი თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება თუ რა პოზიცია ექნება პრეზიდენტ პუტინს და რუსულ არმიას, ვინაიდან მოსკოვს უკრაინაში საშინაო საქმეებში ჩარევის საბაბი ექნება.

რა გამოდის - მოსკოვი უკრაინას სამოქალაქო ომის გაჩაღებითა და შემდეგ სამხედრო ძალის ჩარევით აშანტაჟებს?

- ისტორიამ არაერთი რელიგიური ომი იცის, მაგრამ მე უკრაინაში რელიგიურ ნიადაგზე სამოქალაქო ომს გამოვრიცხავ. თუ უკრაინაში რელიგიურ ნიადაგზე სამოქალაქო ომის გაჩაღება მოსკოვმა შეძლო, ე.წ. რელიგიური კონფლიქტის მეორე მხარე რუსეთი იქნება. თუ მართლაც ამ სცენარით განვითარდა პროცესები, არაა გამორიცხული ეკლესიების გამოყოფას მოჰყვეს და დაიწყოს მრევლთა შორის დაპირისპირება.

არ გამოვრიცხავ, მოსკოვის პატრიარქიამ მოინდომოს კიევის ლავრის დაკავებაც კი. ასეთ შემთხვევაში უკრაინაში დიდი სამოქალაქო დაპირისპირების რისკი მართლაც იქნება.

თუ უკრაინაში რელიგიურ ნიადაგზე სამოქალაქო ომის გაჩაღება მოსკოვმა შეძლო, ე.წ. რელიგიური კონფლიქტის მეორე მხარე რუსეთი იქნება

პუტინს უნდა ესმოდეს, რომ ასეთ შემთხვევაში, უკრაინაში მოვლენები შეიძლება სირიის სცენარით განვითარდეს. თუ რუსეთი უკრაინაში რელიგიურ ნიადაგზე სამოქალაქო ომის გამოიწვევას შეეცდება, კრემლი უკრაინაში მეორე ავღანეთს მიიღებს.

რელიგიური თემის გამოყენებით რუსეთის მხრიდან უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების ტოლფასი იქნება. ვიმეორებ, ასეთ შემთხვევაში მოსკოვი რუსეთი უკრაინაში მეორე ავღანეთს მიიღებს.

მე მაინც მგონია, რომ მოსკოვი კიევისა და უკრაინული საზოგადოების შეშინებას ცდილობს. პუტინმა უკრაინის შეშინება შეძლო 2014 წელს, როცა უკრაინას ყირიმი წაართვა და დონბასში ომი გააჩაღა. მაშინ მოსკოვს რამდენიმე საათში შეეძლო უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობა, ვინაიდან ქვეყნას არ ჰყავდა არც რეგულარული არმია და არც შესაბამისი შეიარაღება ჰქონდა. მაგრამ, მაშინ ძალიან დიდი იყო უკრაინაში პარტიზანული მოძრაობის დაწყების ალბათობა რუსეთის ინტერესებისა და თავად რუსეთის წინააღმდეგ.

ახლა უკრაინაში სულ სხვა სურათია. გაზრდილია ქვეყნის სამხედრო პოტენციალი, ასე რომ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ბლიცკრიგი არ გამოუვა. არა მგონია, ეს მოსკოვში არ ესმოდეთ. ამიტომაცაა რომ ვამბობ, ახლა მოსკოვი უკრაინისა და უკრაინელების შეშინებას ცდილობს.

- რამდენადაც ვიცი, თქვენთან საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წელს უნდა იყოს. შესაბამისად, სულაც არა გამორიცხული, რომ რუსეთმა უკრაინაში სიტუაციის ასარევად სწორედ ის არჩევნები გამოიყენოს...

- საარჩევნო კამპანია ამ წლის ბოლოს დაიწყება. არავის არ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი შეეცდება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას. ისიც ცხადია, რომ რუსეთი უკრაინის არჩევნებში უკრაინის იმ მოქალაქეებს გამოიყენებს, რომლებიც მის კონტროლს არიან დაქვემდებარებული. ასეთები არიან მედვედჩუკი, ასევ პრეზიდენტობის რამდენიმე პოტენციური კანდიდატი.

მოსკოვი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე შეეცდება პრორუსულ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჰყავდეს, ასეთებად კი სახელდებიან იური ბოიკო და ვლადიმერ რაბინოვიჩი

არის ინფორმაცია, რომ მოსკოვი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე შეეცდება პრორუსულ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჰყავდეს, ასეთებად კი სახელდებიან იური ბოიკო და ვლადიმერ რაბინოვიჩი. ჩემი აზრით, ამ როლის შესრულებაზე მეტი შანსი იური ბოიკოს აქვს. ასეა იმის გამო, რომ ოპოზიციური ბლოკი პრეზიდენტის პოსტზე რაბინოვიჩის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

ცხადია, რომ რუსეთი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურად გამოიყენებს ინტერნეტს, ორ სატელევიზიო არხს, რომელიც უკრაინაში რუსული პროპაგანდის რუპორებს წარმოადგენენ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რუსეთი უკრაინის არჩევნებში აქტიურად ჩაერევა. შექმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და ასე შემდეგ.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შედეგად უკრაინაში დიდი პოლიტიკური ხანძრის გამოწვევა შეძლოს?

- რუსეთი შეეცდება უკრაინაში დიდი ხანძრის გაჩენას, მაგრამ ამგვარი რისკები მაშინ უფრო დიდი იქნება, როცა რუსეთი დარწმუნდება იმაში, რომ ვისზეც მათ ფსონი დადეს, მათ არჩევნებზე საკმაოდ დაბალი შედეგი ექნებათ.

- დონეცკში სეპარატისტების ლიდერ ზახარჩენკოს მკვლელობაზე უამრავი ვერსია ვრცელდება. თქვენი აზრით, რა მოხდა - მოსკოვმა “გადასასვლელზე ცხენების გამოცვლა“ გადაწყვიტა თუ მომხდარს უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის გამოიყენებს?

- მარჩიელობა არ მიყვარს, არც კონსპიროლოგია. მიზეზი მრავალნაირი შეიძლება იყოს, მათ შორის სეპარატისტებს შორის გარჩევები. სხვათა შორის, უკრაინაში საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც ზახარჩენკოს მტრობდა და დიდი სიამოვნებით მოუწყობდა იმას, რაც მოხდა.

რეალურად რა მოხდა, დროთა განმავლობაში გავიგებთ. ახლა ამ მკვლელობის საქმეს ეფ-ეს-ბე სწავლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვშიც ეპარებათ ეჭვი, რომ ზახარჩენკოს მკვლელობა კიევის გაკეთებულია.

- ამას წინათ თვალი მოვკარი ინფორმაციას, რომ უკრაინა აგრძელებს აშშ-სგან იარაღის შეძენას...

- უკრაინა აშშ-საგან იარაღს მანამდეც იძენდა, მაგრამ ლეტალური იარაღის მიღება კიევმა ტრამპის პრეზიდენტობისას დაიწყო. უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ჯეველინებისა და კიდევ ზოგიერთი იარაღის გარდა წარმოდეგენილი იყო უკრაინული წარმოების სამხედრო ტექნიკა.

თუ რუსეთი კვლავ შეეცადა უკრაინსს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, უკრაინა მას ცარიელი ხელებით არ დახვდება

სულ ახლახან უკრაინამ თავისი ფრთოსანი რაკეტები წარმატებით გამოსცადა, ასევე სარაკეტო კომპლექსები, რომელსაც ზღვიდან შეტევის მოგერიება შეუძლიათ. ასევე ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები.

რაც შეეხება აშშ-დან იარაღის მიღებას. ახლა კიევი ცდილობს ვაშინგტონს მოელაპარაკოს სამხედრო-საზღვაო კატარღების მიღებაზე რათა გააძლიეროს თავისი საზღვაო ძალები. უკრაინამ ყირიმის ანექსიის დროს საზღვაო ხომალდების დიდი ნაწილი დაკარგა. ახლა ხდება ამ ძალების გაძლიერება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების შესაძენად.

ასე რომ, უკრაინას თავადაც აქვს სამხედრო ტექნიკა რითაც შეუძლია რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა და თუ რუსეთი კვლავ შეეცდება უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, უკრაინა მას ცარიელი ხელებით არ დახვდება.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს