ვაჟა ბერიძე - “ოცნებამ“ ზურაბიშვილზე არჩევანი გააკეთა, რათა აკონტროლოს სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც მმართველი ძალისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგს, დამოუკიდებელ ექსპერტს, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისათვის მხარდაჭერის შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა, ამ თემაზე მაინც ღირს ყურადღების გამახვილება.

მმართველმა გუნდმა თავიდანვე განაცხადა, რომ „სამაგალითო დემოკრატიისათვის“ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს. იყო მოლოდინი, რომ იგივე „სამაგალითო დემოკრატიისთვის“ „ქართული ოცნება“ პროცესს განერიდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ისიც ცხადია, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის „დამოუკიდებელ“ კანდიდატად წარმოჩენა, დამაჯერებლად აშკარად არ გამოიყურება. თქვენი აზრით, რისთვის დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაზე ვალდებულების აღება?

- “ოცნებამ“ ზურაბიშვილზე არჩევანი იმის გამო გააკეთა, რათა აკონტროლოს მართალია, კონკრეტულ შინაარსს გამოცლილი, მაგრამ საყოველთაო არჩევნების შედეგად სახელმწიფოს მეთაურად გამწესებული პირი, რომელსაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სერიოზული პოლიტიკური პრობლემების შექმნა შეუძლია.

ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის ოფიციალური თავმჯდომარეა და სრულად აკონტროლებს ყველას და ყველაფერს... პარტია „ქართული ოცნების“ გაერთიანებას სადღეისოდ კალაძე-კობახიძის ტანდემი მართავს

IRI -ისა და NDI -ის კვლევებით „ოცნებას“ რეიტინგი საგრძნობლად დაცემული აქვს, საზოგადოების ნაწილი არ ენდობა, მაგრამ ყველა ანგარიშს უწევს. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ფაქტობრივად წარმოაჩენდა მმართველი პარტიის რეიტინგის ვარდნას. ამიტომაც ივანიშვილმა და კომპანიამ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა და ეს ნაბიჯი „ევროპისთვის განსაცვიფრებელი“ დემოკრატიის ინტერესებით ახსნა, რაც, ცხადია, ასე არ არის.

იყო მეორე ფაქტორიც. - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ იპოვა რეიტინგული კანდიდატი, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით უპირობოდ ისარგებლებდა. იყო საუბარი რამდენიმე საინტერესო კანდიდატზე, მაგალითად, ზურაბ აბაშიძეზე, ლადო ჭანტურიაზე, სოზარ სუბარზე და სხვებზე, მაგრამ ვერც ივანიშვილმა გარისკა და თავი მაინცდამაინც არც ზემოხსენებულ პიროვნებებს გამოუდიათ.

- ცნობილია, რომ მმართველ კოალიციაში სხვადასხვა დაჯგუფებები სხვა კანდიტატებს ლობირებდნენ. პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, - „ივანიშვილი ცდილობს ერთ დონეზე ჰყავდეს ყველა ჯგუფი და გავლენის მოპოვების საშუალებას არავის აძლევს, რათა ვითარება პარტიაში ადვილად მართოს. თუ კანდიდატი დასახელდებოდა ერთი რომელიმე ჯგუფიდან, ეს იქნებოდა მისი დაწინაურების მაჩვენებელი, ამიტომაც მოძებნეს ასეთი გამოსავალი - კანდიდატურას არ დავასახელებთ და ნეიტრალურ კანდიდატს დავუჭერთ მხარსო, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ისაუბრებენ.“ ბატონ ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრება საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა ხდება მმართველ პარტიაში და როგორ ფორმაში ხვდება „ქართული ოცნება“ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს?

- ბატონ ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებები ყოველთვის საინტერესოა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბატონი ვახტანგი, ვგონებ, გადაჭარბებით აფასებს „ქართულ ოცნებას“ როგორც პარტიას.

„ოცნებაში“ არანაირი დაჯგუფებები არ არსებობს. არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული ფუნქცია, აქა იქ ამოკრეფილი, როგორც თავად ბიძინა ამბობს - ცალკეული ინდივიდებისთვის, რომლებიც უფრო ტექნოკრატები არიან, მაგრამ არასგზით - პოლიტიკოსები.

დასავლეთს არა აქვს გადაუწყვეტილი დაუჭერს თუ არა მხარს ივანიშვილის და „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ ერთი საარჩევნო ციკლით

ვიღაცას კარგი გერმანული განათლება აქვს და პარლამენტის სპიკერადაა გამწესებული, ვიღაც ცნობილი ფეხბურთელია და კარგი ბიჭი და დედაქალაქის მერის პოსტზე ეუფლება მართვის ხელოვნებას, ვიღაც უბრალოდ ჭკვიანი და კარგი ახალგაზრდაა და პრემიერის პოსტზე აქვს დებიუტი პოლიტიკაში.

ახლა, ამათ რა ჯგუფური ინტერესები უნდა ჰქონდეთ და რომელ მაღალ თანამდებობაზე უნდა ცდილობდნენ თავიანთი კაცის გაყვანას, იქ სადაც არსებობს ბიძინა ივანიშვილი, ამჯერად უკვე პარტიის ოფიციალური თავმჯდომარე, რომელიც სრულად აკონტროლებს ყველას და ყველაფერს.

რაც შეეხება პარტია „ქართულ ოცენებას,“ ის ისევე არ არსებობს, როგორც მკაფიო იდეოლოგიის მქონე სათანადოდ სტრუქტურირებული ორგანიზმი, როგორც არ არსებობდა 2012 წელს. თუმცა, აქ არის ნიჭიერი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელსაც დაღვინებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი. თუ მაინც ჩამეკითხებით, რასაც პარტია „ქართული ოცნება“ ქვია, ამ გაერთიანებას სადღეისოდ კალაძე-კობახიძის ტანდემი მართავს.

რაც შეეხება 2020 წლის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებს, ეგ სხვა, ცალკე საუბრის ურთულესი და მრავალასპექტიანი თემაა. ჯერ, ჩემი დაკვირვებით, დასავლეთს არა აქვს გადაწყვეტილი დაუჭერს თუ არა მხარს ივანიშვილის და „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ ერთი საარჩევნო ციკლით.

სალომე ზურაბიშვილის ცალკეული განცხადებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, პრობლემების შემქმნელია მისთვისაც და ქვეყნისთვისაც

მავანმა ანგელა მერკელის ზოგად მსჯელობაში დემოკრატიისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელოვან აუცილებლობაზე დასავლეთის პოზიცია დაინახა. თუმცა, ეს უფრო ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ამ ნაწილზე შეიძლება ითქვას - მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო.

არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში აქვთ ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია. ისინი უაღრესად პრაგმატული ხალხია. მათ იციან, რომ „ოცნება“ იდეალური მმართველი ძალა არაა, მას ბევრი სისუსტე აქვს, მაგრამ ისიც იციან, რომ 20–25%–ით მხარდაჭერილი „ნაციონალებისთვის“ ხელისუფლების დაბრუნების შესაძლებლობის მიცემა საქართველოსა და რეგიონში დესტაბილიზაციისთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს. უკვე აღარაფერს ვამბობ „ნაციონალებიდან“ წარმოშობილ პარტიებზე ან პრორუსულ ძალებზე, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია - სერიოზული მანიპულაციებისა და კატაკლიზმების შედეგადაც კი.

ასე რომ, შანსი 2020 წლისთვის ყველას აქვს, უფრო მეტი თუ რაიმე ახალი სერიოზული პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბება მოესწრო.

- ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილი მისაღები იმის გამო აღმოჩნდა, რომ იგი ივანიშვილის მსგავსად 2008 წლის ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. მართალია, ამ თემაზე როგორც მმართველმა გუნდმა, ისე სალომე ზურაბიშვილმა პოზიციებში მნიშვნელოვნი კორექტივები შეიტანეს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მას არაერთხელ მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის დაზუსტება უკვე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.

ახლა, როცა არც ევროპაში და არც აშშ-ში არავის ეპარება ეჭვი, რომ 2008 წლის ომის ინსპირატორ-განმხორციელებელი კრემლი იყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპაცა და ამერიკაც ამ თემაზე ერთი ენით საუბრობს, ამავე თემაზე საქართველოს მომავალი პრეზიდენტის განცხადებები ბრიუსელში თუ ევროპის ქვეყნების სხვა დედაქალაქებში გარდა იმისა, რომ დისონანსური იქნება, აშკარად არ წაადგება საქართველოს. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- სალომე ზურაბიშვილის ცალკეული განცხადებები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, პრობლემების შემქმნელია მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიძახოთ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და არც არავინ შემოგვედავება, რადგან ვერავინ წარმოიდგენს, რომ საქართველოს შეიძლება ჰყოლოდა არჩეული პრეზიდენტი, რომელიც რუსეთთან ომს დაიწყებდა და რომელსაც რამდენიმე დღეში, რაღა თქმა უნდა, წააგებდა. ამიტომ ამ საკითხზე დიდი მიეთ-მოეთი საჭირო არ არის.

კითხვის დასმა, ვინ დაიწყო ომი - რუსეთმა თუ საქართველომ, პარანოიდალური კონტექსტის შემცველია და სილოგისტური ვარჯიშობების თემად ქცევა ხელს არავის მისცემს, მათ შორის, არც ჩვენ, ქართველებს

საქმეში ჩახედულებმა იციან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფელობის არსი, სეპარატისტების თავხედური პროვოკაციებიც და მთავარი გეოპოლიტიკური კონტექსტიც - რუსეთს 1999 წლის სტამბულის სამიტის გადაწყვეტილებების შედეგად საქართველოდან გაყვანილი სამხედრო კონტინგენტი ნებისმიერ ფასად უკან უნდა შემოებრუნებინა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, თავი და თავი რუსული სამხედრო მანქანაა და არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატი წარმოადგენს, როცა ამბობს - თუ ჩვენ ვიძახებთ ომი რუსეთმა დაიწყო, მსოფლიოს თვალში მსხვერპლი ჩვენ ვიქნებით და მხარსაც ჩვენ დაგვიჭერენ. ხოლო თუ ვიტყვით, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მსხვერპლი ოსები და აფხაზები იქნებიან და, როგორც მსხვერპლს, მსოფლიო მათ დაუჭერსო მხარს. ასეთი მსჯელობა არა მარტო გულუბრყვილობა, არამედ სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის.

პროპაგანდის მანქანა დღევანდელ მსოფლიოში პრიმიტიულ კლიშეებზეა აგებული, მაგრამ იმ „ტვინის ტრესტებში“, რომლებიც პოლიტიკას ქმნიან, მათ შორის, საინფორმაციო პოლიტიკას, კარგად იციან, რომ რუსეთ–საქართველოს ომი 1801 წლის 12 სექტემბერს დაიწყო, როცა ალექსანდრე პირველმა გამოსცა მანიფესტი ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის იმპერიასთან მიერთების შესახებ.

ნაცვლად მფარველობისა, რასაც ქართველები სთხოვდნენ რუსეთის იმპერატორს, ქვეყანამ მიიღო დაპყრობა და ანექსია და ეს პროცესი, 1918–1921 წლების გამოკლებით, ფაქტობრივად მეოცე საუკუნის 90–იან წლებამდე გრძელდებოდა თავისი აჯანყებებით, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით, ეგზარხოსის მიერ ქართველი ერის დაწყევლით, ეგზეკუციებით და ასე შემდეგ ჩათვლით.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ელიტები ზურაბიშვილის პიროვნებას არაერთგვაროვნად აღიქვამენ, თუ იგი არჩეულ იქნა, ვფიქრობ, საინტერესო პრეზიდენტი იქნება

აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია 2008 წელს კი არ დაფიქსირდა, 90–იან წლებშივე იყო სახეზე. მაგრამ რახან რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ქართველები არ ვსაუბრობდით ოკუპანტ რუსეთზე.

კიდევ უფრო მეტი ჩაღრმავება გვმართებს ამ პროცესისთვის, არც იმ სიკეთეების დავიწყება გვმართებს, რასაც ცარიზმის იმპერიალისტური ზრახვების მიუხედავად ქართველმა ხალხმა ამ 200 წლის განმავლობაში მიაღწია - ვგულისხმობ ტერიტორიების შემოერთებას, კულტურულ დაწინაურებას, ევროპულ კულტურასთან ზიარება და სხვა.

ასე რომ, კითხვის დასმა, ვინ დაიწყო ომი – რუსეთმა თუ საქართველომ, პარანოიდალური კონტექსტის შემცველია და სილოგისტური ვარჯიშობების თემად ქცევა ხელს არავის მისცემს, მათ შორის, არც ჩვენ, ქართველებს.

- ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების მეინსტრიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს რუსული მხარის მტკიცებას, რომ „მძინარე ცხინვალს“ თავს ქართული მხარე დაესხა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდება. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამგვარი ვარაუდი გამართლდეს?

- საკითხის ასე დასმა არ მიმაჩნია მართებულად. ბევრი წინარე ისტორიის თემა უფრო მნიშვნელოვანია. მათ შორის, რატომ დაუშვა რუსეთმა ჯერ აფხაზეთში და შემდეგ 2008 წელს სამაჩაბლოში ეთნიკური წმენდის განხორციელება, რით აგებს პასუხს რუსეთი მისი „სამშვიდობო კონტინგენტის" უმოქმედობის გამო და ასე შემდეგ. არც სიტუაციის იმაზე დაყვანა ივარგებს, თუ არ გადათქვა სალომე ზურაბიშვილმა თავის მიერ ნათქვამი რამდენიმე ფრაზა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ის არ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად, თორემ მის მიერ ნათქვამი შეიძლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოგვიბრუნდეს.

ზურაბიშვილი პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მეორე ტურში უდავოდ ფავორიტი იქნება. მეორე ადგილზე რომ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი გავა, ესეც უდავოა... ამაში განსაკუთრებულ ინტრიგას ვერ ვხედავ. ეს უბრალოდ ფაქტობრივი რეალობაა

იმედია, სალომე ზურაბიშვილს ექნება საშუალება საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ჩამოაყალიბოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომსა და დეოკუპაციის მოგვარებაზე თავისი ხედვა, რომელიც, ვფიქრობ, სულ სხვანაირი, სისტემური იქნება და ოპონენტების გადაჭარბებულ გნიასს გაანეიტრალებს.

სალომე ზურაბიშვილს აქვს ბევრი ღირსება, ის პროფესიონალი პოლიტიკოსია, რაც ასე აკლია ქართულ რეალობას, ქალბატონია, უკომპრომისო ადამიანია, არ არის პოლიტიკური თინეიჯერი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ელიტები ზურაბიშვილის პიროვნებას არაერთგვაროვნად აღიქვამენ, თუ იგი არჩეულ იქნა, ვფიქრობ, საინტერესო პრეზიდენტი იქნება.

- საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლების მთავარი მიზანია მეორე ტურში არ გავიდეს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. თქვენი დაკვირვებითაც, 28 ოქტომბრის მთავარი ინტრიგა ის იქნება, აღმოჩდება თუ არა მეორე ტურში „ნაცმოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე?

- ყველა ლოგიკით, სანდო და ნაკლებად სანდო კვლევების თანახმად, სათანადო ანალიზის შემდეგ, ცხადი ხდება, რომ გამარჯვების მეტი შანსი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს აქვს.

ჩემი აზრით, ზურაბიშვილი პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მეორე ტურში უდავოდ ფავორიტი იქნება. მეორე ადგილზე რომ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი გავა, ესეც უდავოა.

ქართული დემოკრატიის ინტერესებისთვის ორი მთავარი ფავორიტი რომ ბიძინა ვანიშვილის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძე არიან, ეს ნამდვილად არ არის კარგი. მაგრამ, რეალობა ასეთია. ამაში განსაკუთრებულ ინტრიგას ვერ ვხედავ. ეს უბრალოდ ფაქტობრივი რეალობაა.

- თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ პრორუსულ პარტიებად მიჩნეულ „პატრიოტთა ალიანსს“ მოახლოებულ არჩევნებზე არ ჰყავს თავისი ფავორიტი? ან ის, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს ამავე ფლანგზე ყველაზე რეიტინგული ნინო ბურჯანაძე, რომელსაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი ჰქონდა? არადა, ეს არჩევნები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი ეტაპი უნდა ყოფილიყო...

- მათი პრორუსულობა, ვფიქრობ, პირობითია. ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე ნაკლებად პრორუსები მგონია, ვიდრე დონალდ ტრამპი და ანგელა მერკელი. გეთანხმებით, რომ მათგან საზოგადოება მეტს ელის, მაგრამ ბოლო ორი წელია ამ პოლიტიკურ ძალებს გარკვეული უკუსვლა დაეტყოთ.

რუსებმა გადაწყვიტეს „ახლო სამეზობლოში“ ფული აღარ დახარჯონ, იქ არსებული წინააღმდეგოები გამოიყენონ და ისე აღადგინონ მოდერნიზებული სახით „საბჭოთა კავშირი“

ვფიქრობ, აქ თავს იჩენს ადამიანური და ფინანსური კაპიტალის დეფიციტი. ეს პარტიები აღარ ვითარდებიან ლიდერების კვალიფიციურობის და პიროვნული ხიბლის მიუხედავად, ისინი საზოგადოებას ვერ სთავაზობენ პერსპექტივაზე ორიენტირებულ კონცეფციებს და გზას.

მითები იმაზე, რომ ისინი რუსეთიდან ფინანსდებიან, მითებად დარჩა. უფრო მეტიც, რუსებმა გადაწყვიტეს „ახლო სამეზობლოში“ ფული აღარ დახარჯონ, იქ არსებული წინააღმდეგოები გამოიყენონ და ისე აღადგინონ მოდერნიზებული სახით „საბჭოთა კავშირი“.

- მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ მმართველი გუნდის ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გათვალისწინებით მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე კიდეც რომ გავიდეს, სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. თქვენი დაკვირვებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ რა სურათი გვექნება? რამდენად შეიძლება გამოიკვეთოს 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების ალტერნატივა?

- როგორც აღვნიშნე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამჟამინდელ მმართველ ძალას კონკურენტუნარიანი მოწინააღმდეგე არ უჩანს. 2020 წლამდე და უშუალოდ არჩევნებზე, დღევანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგე თავად დღვანდელი ხელისუფლება იქნება.

ივანიშვილის და სააკაშვილის ნების გარეშე, ანდა სტრატეგიული პარტნიორის ნების გარეშე, ახალი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ცენტრის წარმოქმნა წარმოუდგენელია

არ არის სხვა ფინანსური რესურსი, არ არის სხვა ინტელექტუალური ალტერნატივა. ქვეყანაში არის ორი ფული, – ივანიშვილის და სააკაშვილის, მათ მიერ კონტროლირებადი. შესაბამისად, ამ ორის ნების გარეშე, ანდა სტრატეგიული პარტნიორის ნების გარეშე, ახალი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ცენტრის წარმოქმნა წარმოუდგენელია.

- შვილმკვდარმა მამებმა ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. სავარაუდოდ, რა გავლენას მოახდენს მათი გააქტიურება პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც ახლა წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო?

- სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც რომი დაინგრეს. ამ საქმეებს ჭეშმარიტება უნდა მოეფინოს. ეს ცალსახაა. თუმცა, უკვე ვერაფერი გამოასწორებს დაღუპულების ჭირისუფალთა შეცდომას, რომლებმაც პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანეს. დღეს საპროტესტო აქციები „ერთიანი ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური სტრატეგიის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია.

თუმცა, ჩემი აზრით, საპროტესტო აქციებს განვითარების პერსპექტივა არ აქვს. მე არ ვიტყოდი, რომ საპარლამენტო კომისიამ ცუდად იმუშავა, არც იმას ვიტყოდი, რომ ოპოზიციური უმრავლესობისა და კომისიის უმცირესობის უთანხმოების გამო რაიმე შედეგი მიღწეული არ იქნა.

კომისიამ ამ ამოცანას მეტ-ნაკლებად თავი გაართვა, მაგრამ საქმეზე სამართლიანი განაჩენი უნდა დადგეს. ეს ამოცანა კი დღემდე გადაწყვეტილი არ არის

კომისიის მიზანი, რა თქმა უნდა, არ იყო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. კომისიის მიზანი იყო გამოძიების პროცესის შეფასება და გაანალიზება. კომისიამ ამ ამოცანას მეტ–ნაკლებად თავი გაართვა, მაგრამ საქმეზე სამართლიანი განაჩენი უნდა დადგეს. ეს ამოცანა კი დღემდე გადაწყვეტილი არ არის.

- მეშვიდე თვეა საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობა ვაკატურია. რამდენადაც მახსოვს, ჯერ არ ყოფილა, რომ ასე დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყოლოდეს. თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ვაშინგტონს თბილისში თავისი წარმომადგენელი ჯერაც არ დაუნიშნავს?

- ეს მართლაც უცნაური ამბავია. თუ მხოლოდ ფაქტის მიხედვით ვიმსჯელებთ ცხადია, ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციას კარგად აქვს გაცნობიერებული საქართველოს და რეგიონის მნიშვნელობა ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის. აშშ-ს დღევანდელ მმართველ წრეებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და საქართველოსთან სტრატეგიული მოკავშირეობის შინაარსზე ხედვა მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ აქვთ. ელჩის დანიშვნაც, სავარაუდოდ, ამიტომ ყოვნდება.

რეალობა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე გვეჩვენება. თბილისში მნიშვნელოვანი ფორუმი მიმდინარეობს, მასპინძლებს შორის ძირითადად „ნაციონალი“ ექსპერტები ჭარბობენ. სტუმართა კონტინგენტიც შესაბამისია.

თქვენს ყურადღებას მივაქცევ ფორუმის რეფრენს, - იგი ასეთია - „მსოფლიო თავდაყირა.“ დევიზი და სლოგანი, ბუნებრივია, თავყრილობის მიმართულებას განსაზღვრავს. თუმცა, ესოდენი პესიმიზმისთვის იმაზე მეტი საფუძველი დღეს არ არსებობს, ვიდრე 10 ან გნებავთ 30 წლის წინ არსებობდა.

აშშ-ს დღევანდელ მმართველ წრეებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და საქართველოსთან სტრატეგიული მოკავშირეობის შინაარსზე ხედვა მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ აქვთ. ელჩის დანიშვნაც, სავარაუდოდ, ამიტომ ყოვნდება

თუ ამ პესიმიზმს ტრამპის ფაქტორი და „მემარჯვენე პოპულიზმის“ გამოცოცხლობა წარმოადგენს, ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ინტელექტუალური ელიტა არასწორი მიამრთულებით იმზირება, რადგან ტრამპის ფაქტორი და „მემარჯვენე პოპულიზმის“ მომძლავრება შედეგია და არა მიზეზი. შედეგი, რომელიც კატასტროფის წინამორბედი სულაც არ არის. ის მანამდეა სახიფათო, ვიდრე ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები, თბილისში ჩამოსულები, მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების მომხრე ანალიტიკოსებთან განიხილავენ მსოფლიოს თავდაყირა დგომის მიზეზებს, ვიდრე „თავდაყირა მსოფლიოს“ ერთადერთი ალტერნატივა ჩვენი მეგობრებისთვის „ბაბილონის გოდოლი“ იქნება, რამეთუ „ბაბილონის გოდოლი“ მხოლოდ ძველებრაული მითი როდია.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო