თამარ სანიკიძე ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი თამარ სანიკიძე, ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს.

სანიკიძე რომელიც მინისტრის ბრძანებით თანამდებობიდან გუშინ გათავისუფლდა, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ცენტრის თითოეული თანამშრომლის მოწოდებითა და დაუღალავი შრომით“, რომლის გამოც არაერთხელ გამხდარან დაუმსახურებელი კრიტიკის ადრესატები, მნიშვნელოვანი როლია შესრულებული სისტემის განვითარებაში.

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს და თანამშრომლებს, რადგან ყველასთან პერსონალურად დამშვიდობება ვერ მოვახერხე. 2016 წლიდან მოყოლებული, რომ არა თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება და სურვილი, რომ რეალური გარდატეხა მომხდარიყო იმ სისტემაში, რომელსაც ჩვენ ყველანი ვემსახურებით, შეუძლებელი იქნებოდა იმ პროცესების განხორციელება და იმ შედეგების მიღწევა, რასაც ბოლო ორი წლის მანძილზე მივაღწიეთ. ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გაჯანსაღებასთან, იყო ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირი. ბოლონიის ფარგლებში მნიშვნელოვან მარეგულირებელ დოკუმენტებთან ჩვენი ხარისხის შეფასების მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანა არ იყო მარტივი! განსაკუთრებით, როდესაც ამ კუთხით ევროპის წამყვანი ინსტიტუციები გაკვირდება. მიუხედავად დიდი რეზისტენციისა ჩვენ ეს მოვახერხეთ, მართლაც, დაუღალავი შრომითა და ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების დახმარებით. ეს საქმე აუცილებლად დასრულდება ხარისხის მართვის ევროპულ ქსელში გაწევრიანებით, რომელიც ახლა გარდამტეხ ეტაპზეა. ENQA–ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ჩვენი ხარისხის შეფასების სისტემა იქნება ევროპაში აღიარებული და სანდო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხს, ხოლო საქართველოში გაცემული დიპლომები/კვალიფიკაციები იქნება ავტომატურად და უპირობოდ აღიარებული უცხოეთში. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ მთელს რეგიონში საქართველო და ხარისხის ცენტრი იქნება პირველი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება და საერთაშორისო მააკრედიტებლის უფლება ექნება. ეს უფლება ცენტრმა მოიპოვა სამაგალითო შეფასებებით, არა როგორც "დამწყებმა", არამედ სრულ შესაბამისობაში მყოფმა განვითარებულმა ორგანიზაციამ, რისთვისაც ურთულესი პროცესები გავიარეთ. ეს პროცესი პრაქტიკულად ბოლო ფორმალურ მხარეს გადის და შედეგი უკვე ნოემბერში ოფიციალურად გამოქვეყნდება. ჩვენი სამედიცინო სკოლებისა და მომავალი კურსდამთავრებულებისათვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მთელი ეს პროცესები ცენტრის მიერ იმართება ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტით (EFQM), რაც ასევე გამონაკლისია მართვის კუთხით ჩვენს ქვეყანაში. თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებაში ცენტრის როლი მართლაც წამყვანი იყო – აქ დაინერგა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა, პირველად განხორციელდა დუალური პრინციპით სწავლების პროცესი, დონორების მხარდაჭერით მოხდა ზოგადი განათლების ინტეგრაციის პილოტირება პროფესიულ სწავლებაში და მრავალი სხვა. ცენტრის მიერ მომზადებული უკანასკნელი ცვლილებები კანონში კი, საშუალებას მისცემს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას, რომ რეალურად პირველად შესთავაზოს ბენეფიციარებს უწყვეტი განათლების პრინციპზე აგებული სისტემა, ყოველგვარი საგანმანათლებლო "ჩიხების" გარეშე, ევროპულ ჩარჩოსთან თავსებადი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მეშვეობით. თქვენი მოწოდებითა და დაუღალავი შრომით, რომლის გამოც არაერთხელ გამხდარხართ დაუმსახურებელი კრიტიკის ადრესატები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ სისტემის განვითარებასა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში. მინდა, წარმატება გისურვოთ! თქვენთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის იყო სიამოვნება! მერე რა, რომ ბევრს "ვჩხუბობდით", - წერს თამარ სანიკიძე.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)