ქართული პრესის მიმოხილვა   27.09.2018

ქართული პრესის მიმოხილვა   27.09.2018

საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა რუსეთმა თავისი ბიუჯეტის პროექტში ჩადო

სოსო ცისკარიშვილი - “მარგველაშვილი ხმაურიანი ნაბიჯებით წავა და არა - მხოლოდ მერაბიშვილის შეწყალებით”

საქართველოს ემბარგოზე რუსეთ-ისრაელის შეთანხმება დაირღვა, საქართველომ შეიძლება, საბრძოლო “დრონები” მიიღოს

* * *

საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა რუსეთმა თავისი ბიუჯეტის პროექტში ჩადო

“რუსეთის გზების სააგენტომ - “როსავტოდორმა” - გზების მშენებლობის 2019-21 წლების პროექტში ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც შეიტანა, რისთვისაც 2.633 მლრდ რუბლია (დაახლოებით 660 მლნ ლარი) განსაზღვრული. საუბარია ჩეჩნეთის ითუმ-ყალეს რაიონისა და საქართველოს ახმეტის რაიონის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, რომლის მშენებლობაც 20 წლის წინ შეჩერდა. ამ მშენებლობის განახლებისა და საქართველოსთან პირდაპირი გზით დაკავშირების სურვილის შესახებ განცხადება ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ორიოდე თვის წინ გააკეთა, თუმცა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხზე ჯერჯერობით ფრთხილია. თავად “როსავტოდორის” ხელმძღვანელმა რომან სტავროვოიტმა გუშინ ამ პროექტს პერსპექტიული უწოდა და განაცხადა, რომ მისი უწყება ფედერალური დანიშნულების ობიექტების ნუსხაში ამ ავტომაგისტრალის შეტანის საკითხს განიხილავს, თუმცა მისი მშენებლობა მხოლოდ ამ საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმების შემდეგ დაიწყება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსებმა თავისი ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა ჩადეს.

“თავის მხრივ, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ამ ახალ გზას მთელი ჩრდილოეთ კავკასიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს - “ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ, როგორც კი ხელმძღვანელობა გვეტყვის, რამდენიმე კილომეტრის გზა გავიყვანოთ საქართველოს მიმართულებით”, - განაცხადა გუშინ კადიროვმა სტავროვოიტთან ერთად ჩეჩნეთში ერთ-ერთი ახალი ხიდის საზეიმო გახსნაზე. რაში სჭირდება რუსეთს კახეთთან დამაკავშირებელი გზა? დათანხმდება თუ არა ამას საქართველოს ხელისუფლება და ეს მშენებლობა ქვეყანას რა საფრთხის წინაშე აყენებს? ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი რომ არ იყოს საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანა, მაშინ მსგავსი გზის მშენებლობა მისასალმებელი იქნებოდა, თუმცა ეს გზა საქართველოსათვის არსაით მიმავალია და ჩვენს ქვეყანას არაფერში წაადგება. ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, რომ კადიროვის ნებისმიერ განცხადებას მარტივად ნუ შეხედავენ. მათი აზრით, კადიროვს გარე სამყაროსთან კონტაქტი სჭიდება და ის ამ გზას საქართველოს მიმართულებით ხედავს. მის რაზმებს პუტინის ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია, ამიტომაც ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისათვის საფრთხის მატარებელია და მას შორს მიმავალი მიზნები ამოძრავებს. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ კადიროვი ამ წინადადებაზე საქართველოსაგან უარს მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გენერალი, სამხედრო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ამირან სალუქვაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსეთი ნორმალური მეზობელი ქვეყანა რომ იყოს, რომელიც არ გვმტრობს და რომელთანაც შესაძლებელია კეთილმეზობლური ურთიერთობები, გზებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება მისასალმებელი იქნებოდა, რუსეთის შემთხვევაში კი, მათთან ყოველი საკომუნიკაციო საშუალება, ავტომაგისტრალი იქნება, რკინიგზა, მობილური კავშირი თუ “რუსეთიდან გადმოფრენილი ჩიტები”, თავის ტკივილია. გენერლის აზრით, ეს პროექტი, როგორც მინიმუმ, ორი მიზნისათვის სჭირდებათ. პირველი, ესაა ჩრდილოეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის სამხედრო ინტერესებისათვის მოწყობა, რადგანაც რუსეთი აქტიურად ახდენს რეგიონის მილიტარიზაციას, რაც საგზაო თუ სხვა კომუნიკაციების, უფრო ზოგადად - სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაბამის მოწყობას მოითხოვს. მეორე მიზანი ახალი სადისკუსიო თემის შემოგდებაა. ანალიტიკოსის თქმით, რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამ გზის მშენებლობის განახლებას საქართველოში მწვავე პოლემიკა მოჰყვება”, - განაგრძობს გამოცემა.

“კადიროვს ასე მარტივად არ უნდა ვუყურებდეთ. ის ჩეჩნეთში უცვლელ ლიდერად ყალიბდება. ერთი მხრივ, კადიროვი პუტინის ერთგულად აცხადებს თავს და მის სტრატეგიას ახორციელებს. კადიროვის შეიარაღებული რაზმები უპირობოდ ასრულებენ რუსეთის ლიდერის დავალებებს. მეორე მხრივ, კადიროვი რუსეთის პრეზიდენტზე გაცილებით ახალგაზრდაა და საკმაოდ შორს იყურება. არ შევიჭრები კონსპირაციულ თეორიებში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩეჩნეთის ლიდერს შორს მიმავალი მიზნები აქვს. მას სჭირდება კავშირი გარე სამყაროსთან. თუ რისთვის სჭირდება, დავტოვოთ “კადრს მიღმა”. ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, 2021 წლისათვის რუსეთი მიიღებს საქართველოსა და კავკასიასთან სამხედრო კომუნიკაციის კიდევ ერთ მარშრუტს. დეტალებში აღარ შევალ, მკითხველისთვის ეს მინიშნებაც საკმარისია. ჩვენ დავთანხმდით რუსეთის მიღებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რაც შეცდომა იყო, მით უმეტეს - 2008 წლის ომის შემდეგ. შედეგად რა სარგებელი მივიღეთ? იგივე ეხება აღნიშნული გზის მშენებლობას. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არაა იმ კონდიციაში, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებაზე ვისაუბროთ მათთან. ასე რომ, თუ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიდგომები და დამოკიდებულება არ შეიცვლება, ჩვენ ამ პროექტზე უარს ვიტყვით. საამისო ნდობა თბილისსა და მოსკოვს შორის არ არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

“კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქართველო ამ გზის მშენებლობას არასდროს დათანხმდება, რადგანაც ის ჩვენს ქვეყანას არაფერში სჭირდება. არეშიძე ამბობს, რომ ითუმ-ყალეს რაიონდიდან გზის მშენებლობა ჯერ კიდევ ჩეჩნეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დუდაევმა წამოიწყო. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მან 48-კილომეტრიანი გზა გააკეთა და შატილამდე მოხრეშა. მისი თქმით, ეს სწორედ ის გზაა, სადაც 1999 წელს ჩეჩენი ლტოლვილები მიიმწყვდიეს რუსებმა და შატილამდე გადმოიყვანეს, რათა საქართველოს მიმართ გარკვეული პროვოკაციები ყოფილიყო. არეშიძე ასევე ამბობს, რომ 2006 წელს კრასნოდარში რუსეთის ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა გაიმართა, სადაც პრეზენტირებული იყო ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების პერსპექტივა. სწორედ იქ იყო 4 გზაზე საუბარი, რომლებიც საქართველოს მიმართულებით უნდა გაკეთებულიყო. ერთი გზა იყო ყარაჩაეთ-ჩერქეზეთიდან აფხაზეთისკენ, მეორე - ჩრდილოეთის გავლით, კალაკიდან მამისონამდე, მესამე გზა როკის გვირაბის რეაბილიტაცია იყო, შემდეგ კი ითუმ-ყალეს რაიონიდან საქართველოსკენ მომავალი გზაა”, - დასძენს გამოცემა.

“რუსებისათვის ეს არის როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო გზები. წარმოიდგინეთ ახლა ასეთი ვირტუალური ვითარება - მოხდა საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში, კომუნიკაციის თვალსაზრისით მათ გზები სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ამას კარგად აანალიზებს და კადიროვის შეთავაზებაზე უარს იტყვის. თავის ტერიტორიაზე შეიძლება, ეს მშენებლობა დაიწყოს, მაგრამ საქართველოში ვერ გააგრძელებენ. ფაქტობრივად, დუდაევმა გააკეთა კიდეც, უბრალოდ, მოასფალტებული არ არის. ახლა არ არის გამორიცხული, რომ თავად კადიროვმა აქედან კარგი ფული იშოვოს. იტყვის, გავაკეთებო და ფულს რომ მისცემენ, მერე გადათქვამს - ვეღარ გავაკეთეო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

სოსო ცისკარიშვილი - “მარგველაშვილი ხმაურიანი ნაბიჯებით წავა და არა - მხოლოდ მერაბიშვილის შეწყალებით”

“ვანო მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველგვარი სამედიცინო საკითხების გარეშე გადავდგათ ნაბიჯი იმ ადამიანის გათავისუფლებისაკენ, რომელსაც, რასაკვირველია, მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას, მაგრამ ვცდილობ, ადამიანში კარგი ვეძიო... საფიქრალი ბატონ პრეზიდენტს ბევრი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი თავისი თანამდებობიდან არ გაიპარება, იგი დატოვებს პრეზიდენტის სავარძელს ხმაურიანი ნაბიჯებით და არა მხოლოდ - ამ თემით. ვხედავთ, მასზე დიდი სიამოვნებით თავდამსხმელ “მეოცნებე” პარლამენტარების სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას პრეზიდენტის მიმართ. ექიმი “მეოცენებეთა” პარლამენტში ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ თუკი დაავადება მძიმეა, გადაიდგას ნაბიჯი შეწყალებისაკენ, ხოლო რეჟისორი ღიად აიძულებს პრეზიდენტს, რომ არც კი იფიქროს ამ ადამიანის შეწყალებაზე. საზოგადოებაშიც, რასაკვირველია, განსხვავებული აზრი არსებობს. მგონია, რომ ჰუმანიზმი უფრო მეტი ღირებულებაა სახელმწიფოსათვის, ვიდრე - შურისძიება”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მარგველაშვილი ხმაურიანი ნაბიჯებით წავა და არა - მხოლოდ მერაბიშვილის შეწყალებით” - ცისკარიშვილი

“სააფთიაქო სკანდალთან დაკავშირებით, ვფიქრობ უნდა გადადგეს ის ხალხი, ვინც ჯანდაცვა მიჭირხნა. არ შეიძლებოდა, რომ ჯანდაცვა ყოფილიყო უბრალოდ ასე მიჭირხვნილი სხვადასხვა საკითხში; ამიტომაც, ნამდვილად არ ჰქონდა გასაქანი ჩვენს ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს. ის ადამიანი, ვისზეც ბრალეულობებია წარდგენილი, საკუთარი თანამდებობის შესაბამისად ნამდვილად არ იყო პასუხისმგებელი სააფთიაქო დარღვევებზე. ჩვენ ვდუმვართ მანამ, სანამ ვიღაც ხმამაღლა არ წამოიძახებს რაიმე მიუღებელ ფაქტთან დაკავშირებით რაღაცას. ყველაზე მზარდი ასეთ პროცესებში გახლავთ სუს-ი, რომელსაც უფრო ეხერხება გასუსული არსებობა. საზღვარზევე უნდა გადაწყდეს, რა შემოდის, სად მიდის და რა საფრთხის წინაშე დგება სახელმწიფო. ვიცით, ბატონი მინისტრი რა შესაძლებლობების ფონზე არის მინისტრი; შესაძლოა, ვინმეს სურდეს კიდეც, რომ იგი იყოს დაპატიმრებული. ასეთი ოცნებები დღევანდელ ოპოზიციაში ალბათ არსებობს, მაგრამ მასთან არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს სუს-ს. ჯანდაცვის სისტემაში მინისტრის ჩართვის გარეშეც ბევრი მიუღებელი რამ არსებობს. ამიტომაც, სუს-ის გამოღვიძება უკვე საჭიროა. მინისტრის დაპატიმრების საფუძველი, ვფიქრობ, რეალურ სივრცეში არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

“რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომ “გირჩი” ივანიშვილის პარტიას წარმოადგენს - გარედან ისე ჩანს, რომ ბურჭულაძის გარემოცვისათვის ეს ყველაფერი მარტივად შესაფასებელი იქნებოდა, მით უმეტეს, თუ არსებობს შეძენილი მინდვრების დიდი რაოდენობა იმისათვის, რომ პარლამენტის მიერ ჯერჯერობით შეჩერებული კანონპროექტი განახლდეს. არ გამიკვირდება, თუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ისევ აბიბინდეს მომწამვლელი კანაფი ჩვენი მოქალაქეების დაავადებების შემდგომი გაგრძელებისათვის. არ არის გამორიცხული, ბატონი ბიძინას ინიციატივა ყოფილიყო ალიანსის შექმნა ერთი პარტიისაგან, რომელიც უკვე იყო მიუწვდომელი საკუთარივე ფინანსური სივრცისათვის და იყო ასეთივე რამდენიმე საკითხი, რომლებიც ძალაუნებურად დაამძიმებდა ურთიერთობას ბურჭულაძესა და ივანიშვილს შორის... ასეთი თემა უნდა იყოს სხვადასხვა კუთხიდან შეფასებული და ასევე, ფართო მსჯელობა უნდა გაიმართოს. თემამ საღამოს წამოიწია და მეორე დილით უკვე პარლამენტის განსჯის თემად გადაიქცა, რაც მიმანიშნებელია იმაზე, რომ თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანისათვის, ვინც შექმნა დღევანდელი პარლამენტიც და მთავრობაც”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რას იტყვით სალომე ზურაბიშვილის რეიტინგზე და უნდა ველოდოთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურს?” - პასუხობს:

“ თემამ უკვე დააბნია ჩვენი ამომრჩეველი. გულსატკენია, რომ პრაქტიკულად ყველა პარტია მხოლოდ საკუთარი კუთხიდან ცდილობს რაიმე წარმატების მიღწევას და თავად სახელმწიფოს ინტერესებზე საჯაროდ არავინ საუბრობს. ჩვენი სახელმწიფო, სამწუხაროა, მაგრამ, ჯანსაღად ნამდვილად არ გამოიყურება”.

საქართველოს ემბარგოზე რუსეთ-ისრაელის შეთანხმება დაირღვა, საქართველომ შეიძლება, საბრძოლო “დრონები” მიიღოს

“ისრაელის წყაროების ცნობით, რუსეთის მიერ სირიისათვის “ეს-300”-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის საპასუხოდ, ისრაელი განიხილავს, გადახედოს მორატორიუმს და მიიღოს გადაწყვეტილება თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვაზე საქართველოსა და უკრაინისათვის, რომლებიც რუსეთის მტრებად მიიჩნევიან. ისრაელმა უპილოტოების არმიწოდებაზე მორატორიუმი 2014 წელს დააწესა, როდესაც რუსეთსა და მას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, რუსეთი უარს აცხადებდა სირიისთვის “ეს-300”-ების გადაცემაზე, სანაცვლოდ კი ისრაელი პირობას დებდა, რომ საქართველოსა და უკრაინას თანამედროვე უპილოტოებს არ მიაწვდიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 17 სექტემბერს ისრაელის ავიაიერიშების დროს რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი “ილ-20” ჩამოვარდა და 15 სამხედრო “, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს ემბარგოზე რუსეთ-ისრაელის შეთანხმება დაირღვა, საქართველომ შეიძლება, საბრძოლო “დრონები” მიიღოს.

“ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მართალია, მოსკოვი აღიარებს, რომ რუსული “ილ-20” რუსულივე რაკეტით სირიის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს არა მისი მოკავშირე სირიის, არამედ ისრაელის პროვოცირების ბრალია, ისრაელის გამანადგურებელი “ეფ-16"” რუსულ “ილ-20”-ს ამოეფარა და “ამ მტრულ ქმედებას მოსკოვი ადეკვატურად გასცემს პასუხს”. ამ მუქარიდან რამდენიმე დღეში მოსკოვი აცხადებს, რომ სირიას საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, “ეს-300”-ებს მიაწვდის, რომლებსაც 250 კილომეტრის რადიუსში საჰაერო აპარატების ჩამოგდება შეუძლია. რუსულ მედიაში უკვე იწერება, რომ “ეს-300” სირიას 23 სექტემბერს უკვე გადაეცა. ისრაელის თავდაცვის უწყებიდან კეთდება განცხადება, რომ ისრაელის არმია გააგრძელებს შესაბამისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას: არ დაუშვას პროირანული ძალების გაძლიერება სირიაში და არ მისცეს უფლება ირანს, “ჰეზბოლა” შეაიარაღოს, კონკრეტულად “ეს-300”-ის სირიისთვის გადაცემაზე კი განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა 2014 წლის შეთანხმება რუსეთის მხრიდან უკვე დარღვეულია და ახლა ისრაელის ნაბიჯის დროა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ისრაელი მსოფლიოში უპილოტო საფრენი აპარატების მეორე მწარმოებელი ქვეყანაა, ხოლო უპილოტოების ექსპორტის მიხედვით ის პირველ ადგილზეა. სამხედრო ექსპერტების თქმით, საქართველოს უპილოტო საფრენი აპარატები სასიცოცხლოდ სჭირდება და დიდია ალბათობა, რომ ისრაელიდან მოხდეს შესყიდვა. ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, დიდია ალბათობა, საქართველომ ისრაელიდან მაღალი ტექნოლოგიების თანამედროვე შეიარაღება და ტექნიკა მიიღოს, თუმცა “გამოწვევის ფორმით საუბარი იმაზე, რომ რუსეთის საპასუხოდ მოგვყიდის ისრაელი უპილოტოებს - ამ რიტორიკაში ჩათრევა ჩვენთვის წამგებიანია”. - “სანამ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა და რუსეთი გადაწყვეტდა სირიისათვის “ეს-300” მიეწოდებინა, მანამ იყო ჩამოსული თბილისში ისრაელის თავდაცვის მინისტრი და ჩვენს თავდაცვის მინისტრთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი”, - ამბობს სალუქვაძე. სალუქვაძის თქმით, პროგნოზირებადი იყო ის, რომ რუსეთი გააძლიერებდა სირიის საჰაერო თავდაცვას ისრაელის მიმართულებაზე, რადგან რუსეთმა საკმაოდ სწრაფად დაადანაშაულა ისრაელი ისე, რომ არც კი დაელოდა ორმხრივი კომისიის შექმნას და სწორედ ამ დადანაშაულებაში იკვეთებოდა კრემლის ძალიან დიდი სურვილი, ესარგებლათ ამ ტრაგედიით და ინციდენტი გამოეყენებინათ თავისი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად სირიაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს მიზანია ისრაელის ავიაციის მოქმედებების შეზღუდვა სირიაში, როგორც სირიის, ასევე ირანის სასარგებლოდ. მე ყველა ანალიტიკოსს მოვუწოდებ, რომ ისრაელსა და რუსეთს შორის ამ ვაჭრობაში არ ჩავყვეთ, რადგან ეს წამგებიანია როგორც ზოგადად საფრთხეების გაძლიერების კუთხით ჩვენთვის, ასევე ისრაელ-საქართველოს სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობებისათვის. სექტემბრის დასაწყისში შედგა ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის ვიზიტი თბილისში, მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეს ურთიერთობები გაყინული იყო. ამიტომაც, გამოწვევის ფორმით საუბარი იმაზე, რომ რუსეთის საპასუხოდ მოგვყიდის ისრაელი უპილოტოებს - ამ რიტორიკაში ჩათრევა ჩვენთვის წამგებიანია. კარგი იქნება, თუ ჩვენ ისრაელთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას აჟიოტაჟის გარეშე გავაგრძელებთ. ერთია, როცა ეს კეთდება მშვიდად და მეორეა, როცა - გამოწვევის ფორმით, რადგან რუსეთი საკმაოდ მწვავედ აღიქვამს გამოწვევებით საუბარს... ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესაჭიროება მაღალი ტექნოლოგიები, თუმცა ორიენტირებული უნდა ვიყოთ არა შესყიდვებზე, არამედ მსგავსი საფრენი აპარატების საქართველოში წარმოებაზე და ამ კუთხით თანამშრომლობაა საჭირო. ისრაელიდან უნდა შევისყიდოთ ის, რის წარმოებასაც საქართველოში ვერ შევძლებთ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

“უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, საქართველომ პირველი უპილოტო თვითმფრინავები, “ჰერმესები” 2006-2007 წლებში სწორედ ისრაელიდან მიიღო, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობა შეწყდა. “ჩვენ 2008 წელს ვიხილეთ, როდესაც ისრაელის წარმოების უპილოტოები რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო. ასევე მაშინ სენაკის ბაზაზე რუსებმა ხელში ჩაიგდეს ისრაელის წარმოების უპილოტო თვითმფრინავების დიდი ნაწილი თავისი დოკუმენტაციით და ამით ფაქტობრივად რუსებს გაეხსნათ ხელი, შეექმნათ საკუთარი უპილოტოების მთელი სისტემა”, - ამბობს მაისაია და განმარტავს, რომ სწორედ “ამიტომაც 2008 წლის შემდეგ ისრაელმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა გაწყვიტა და ყველა ურთიერთობა აზერბაიჯანში გადაიტანა”, - წერს სტატიის ავტორი.

“შემთხვევით არ იყო, რომ ავიგდორ ლიბერმანი სექტემბერში ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. როგორც ჩანს, მთავარი იდეა იყო, საქართველო-ისრაელის ურთიერთობების აღდგენა მომხდარიყო. ეს იმიტომ, რომ აზერბაიჯანმა შეცვალა ვექტორი, ის რუსული გავლენის ორბიტაში გადავიდა, საქართველო რჩება დასავლური ორბიტის მიდამოებში, ჩვენ კი შესაძლებლობა გვაქვს, რაღაც დივიდენდები მივიღოთ. ჩვენ უპილოტოები დღეს ჰაერივით გვჭირდება. ამ მიმართულებით სერიოზული ჩავარდნა გვაქვს და დღეს მომენტალურად გაჩნდა საშუალება, რომ თუნდაც ჩვენი სამხედრო საწარმო "დელტასა" და ისრაელის იმავე სამხედრო-საწარმოო კომპანიებს შორის აღდგეს ის ურთიერთობები, რაც არსებობდა 2006-2007 წლებში, რამაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში. ამიტომ ეს ვარიანტი უნიკალურია. ისრაელი, ყველა ვარიანტში, გაწყვეტს ურთიერთობას რუსეთთან და ისრაელი, პირველ რიგში, უკრაინასა და საქართველოს დაეხმარება, რომ შეიარაღებულ ძალებში ახალი ტექნოლოგიების პრობლემა აღმოიფხვრას. რუსეთმა უკვე გადასცა “ეს-300”-ები სირიას, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ისრაელიც დათანხმდება საქართველოსა და უკრაინასთან თანამედროვე ტექნოლოგიების მიყიდვას”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.