სულხან ღლონტი - ეფექტურად გამოყენებული რესურსები საშუალებას მოგვცემს აჭარაში ოთხივე სეზონზე ტურისტებს ვუმასპინძლოთ

ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტში კონგრესი გაიმართა, რომლის მთავარი თემაც „ტურიზმი და ციფრული ტრანსფორმაცია“ იყო. კონგრესი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის UNWTO და მასპინძელი ქვეყნის უნგრეთის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა. მას საქართველოდან ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდა.

კონგრესის მიზანსა და საერთაშორისო ტურიზმის თანამედროვე მიდგომებზე „ინტერპრესნიუსი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტს ესაუბრა:

- ბატონო სულხან, რა საკითხები განიხილეთ ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონგრესზე? როგორია საერთაშორისო მიდგომები ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით?

- მსგავსი შეხვედრების ძირითადი თემა არის თანამედროვე ტენდენციები ტურიზმში. ამ შემთხვევაში კი საუბარი იყო ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლზე ტურიზმის განვითარებაში. თანამედროვე ტურიზმი, ექსპერტების აზრით, სრულად ანაცვლებს ტრადიციულ ტურიზმს და ტურისტიც ყალიბდება, როგორც მოგზაური, რომელიც ინდივიდუალურად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თვითონვე სრულად გეგმავს მოგზაურობას. ამაში უდიდესი როლი აქვს ციფრულ ტექნოლოგიებს და ეს რაც დრო გავა მეტად შესამჩნევი გახდება. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით სრულად იცვლება ტურისტული პროდუქტების მიწოდების მეთოდოლოგია, რაც თავის მხრივ, მარკეტინგული თვალსაზრისით, კარგად არის გასააზრებელი ყველა იმ ქვეყნისა თუ ქალაქისთვის, რომელიც ორიენტირებულია ტურიზმზე.

- ტურიზმთან მიმართებაში თანამდროვე ტენდენციების გათვალისწინებით, თქვენ როგორ გესახებათ ტურიზმის განვითარება აჭარაში?

- საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ბუნებრივია, აჭარის ტურიზმის დეპარტანტი აქტიურად ვართ ჩართული მსგავს პროექტებში. ჩვენი რეგიონის ეკონომიკა, საინვესტიციო პოლიტიკა და არსებული რეალობა ცხადყოფს, რომ ტურიზმს ალტერნატივა არ აქვს. ინვესტიციების 50% მოდის ტურიზმის სექტორზე, ასევე დასაქმებულთა უმრავლესობა (პირდაპირ ან ირიბად) ტურისტულ სფეროსთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ამ კუთხით და კარგად გვესმის ტურისტების რაოდენობრივი ზრდის მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის. მიზანი, რომელიც გულისხმობს აჭარა ოთხივე სეზონზე საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის ამ ეტაპზე წარმოუდგენელია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული მსხვილი მოთამაშეების ვგულისხმობ, როგორც ტრანსპორტის (ავიაკომპანიები), ასევე ტურისტული კომპანიების გარეშე. შესაბამისად, ამ კუთხით ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მითუმეტეს, ასეთ მასშტაბურ კონფერენციებს, კონგრესებს, გამოფენებს, იმისთვის რომ მეტი კონტაქტი დამყარდეს პოტენციურ პარტნიორებთან. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი, მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს წევრობის შესახებ. დღემდე საქართველო არ ყოფილა საბჭოს წევრი. დღეს კი ჩნდება ეს შესაძლებლობა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სწორი და დროული განაცხადი. ასევე, დიდი სტიმული ზოგადად, საქართველოს ტურიზმისთვის. იმედია, 2019 წელს საქართველო იქნება არჩეული აღმასრულებელი საბჭოს წევრად. ეს კიდევ ერთი დიდი წარმატება იქნება საერთაშორისო დონეზე, რომელიც ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

- რას გეგმავთ და ზოგადად, რა იგეგმება აჭარაში 2019 წლისთვის ტურიზმის განვითარების მიმართულებით?

- 2018 წლის, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების ზრდის მაჩვენებელი თამამად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. 2018 წლის, 8 თვის მონაცემებით, რეგიონში მილიონ ოთხასიათასამდე საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 22%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი მაღალგადახდისუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ, თუმცა გვესმის, რომ საფასო პოლიტიკა რეგიონში ისევ გამოწვევად რჩება. ჩვენ ვმუშაობთ 2018-2025 წლების ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. ყველას ინტერესშია, რომ ტურისტული ბაზარი იყოს პროგნოზირებადი და ამ კუთხით გადაიდგმება ნაბიჯები.

ასევე, ვგეგმავთ სიახლეებს სარეკლამო სტრატეგიაში. გვეყოლება ბევრი სახე, სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც რეგიონის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. რაც მთავარია, ისევ გავაგრძელებთ ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში სერვისების დახვეწის კუთხით საგანმანათლებლო პროექტებს. აჭარას აქვს უდიდესი პოტენციალი ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის კუთხით, ზღვასთან ერთად მთიანი აჭარის, სამთო-სათხილამურო შესაძლებლობების გამოყენებით, რომელიც აუცილებლად რამდენიმე წელში სრულად იქნება რეალიზებული. ვფიქრობ, სწორად და ეფექტურად გამოყენებული რესურსები, საშუალებას მოგვცემს ოთხივე სეზონზე ვუმასპინძლოთ ტურისტებს. შედეგად, ტურიზმი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკაში უფრო დიდი კონტრიბუტორი გახდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს