ბერიკა შუკაკიძე ადასტურებს, რომ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე სამინისტროში ჩატარებული გასაუბრება გაიარა

განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ბერიკა შუკაკიძე ადასტურებს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე სამინისტროში ჩატარებული გასაუბრება გაიარა. ამის შესახებ შუკაკიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც შუკაკიძე ამბობს, გასაუბრებაზე წინა კვირას იმყოფებოდა, თუმცა, მან განათლების მინისტრის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ იცის. „ჯერ არ ვიცი ვინიშნები თუ არა, ეს მინისტრს უნდა ჰკითხოთ. მე კონკურსში მივიღე მონაწილეობა. გასაუბრება სამშაბათს ან ოთხშაბათს გავიარე. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ, დამირეკავენ.

სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ 42 განაცხადი იყო შესული. დამირეკეს, დამიბარეს გასაუბრებაზე, რაც უკვე გავიარე. როდის იქნება განათლების სამინისტროდან პასუხი, არ ვიცი“, - აღნიშნა შუკაკიძემ.

კითხვაზე: რა პრობლემებს ხედავს „მასწავლებელთა სახლში“ და როგორი ხედვა აქვს აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებით, შუკაკიძე აცხადებს: „თუ დამნიშნავენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამირეკოთ და ვისაუბროთ დეტალურად“.

„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი CV-დან ირკვევა, რომ ბერიკა შუკაკიძე 2003 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. 2012-დან დღემდე არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და ასევე 2012 წლიდან დღემდე არის საფეხბურთო კლუბი საჩხერის “ჩიხურას” აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება მის განათლებას, 2000-2002 წლებში მან მაგისტრის ხარისხი განათლების მართვაში ნებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ასევე, აქვს მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჭრობის ეკონომიკის მიმართულებით.

პროფესიულ გამოცდილებასთან დაკავშირებით, CV-ში აღნიშნულია, რომ 2016-2018 წლებში იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი. 2011-2013 წლებში - თბილისის ღია უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2006-2010 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, პროგრამა „უსაფრთხო სკოლის“ კოორდინატორი და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი. ასევე, 2005-2006 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი; მანამდე კი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში დირექტორის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თავისი მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამავე დღეს გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძის, გიორგი მაჩაბლისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელებს კონკურსის გზით არჩევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, სულ 4 პოზიციაზე, 176 განაცხადი შევიდა. კერძოდ, ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შესულია 45 განაცხადი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე - 46, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე - 42, ხოლო ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე - 43 განაცხადი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში არ აკონკრეტებენ რამდენმა პირმა გაიარა გასაუბრება და მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძის, გიორგი მაჩაბლისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელებთან დაკავშირებით. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გადაწყვეტილება სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს