ლია მუხაშავრია - ლევან ყიფიანის „აღიარებამ“ არა თუ არ გააქარწყლა აქამდე არსებული ეჭვები, არამედ კიდევ უფრო გაამყარა ისინი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი“ უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, ვინაიდან „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული სკანდალი ის თემაა, რომლის მიმართ ინტერესი საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია, თქვენ როგორც სამართლებრივ საკითხებში ჩახედულ ადამიანს გვინდა გკითხოთ - თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს ის ყოველივე, რაც ამ სკანდალს უკავშირდება?

- სკანდალი, რომელიც დაახლოებით ერთი თვეა გრძელდება და რომელზეც მივიღეთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხოლოდ ძალიან ზედაპირული, ძალიან არასერიოზული, ცინიკური და ძალიან არაკვალიფიციური კომენტარები და დღეისათვის ცნობილი ფაქტების საფუძველზე ჩამოყალიბებული რეალობა რაღაც დასკვნების გაკეთების საშუალებას უკვე იძლევა.

წარმოუდგენელია მოვლენათა ის სცენარი, რასაც ვხედავთ - ხელისუფლების წინააღმდეგ ვინმემ განახორციელოს ამ მასშტაბის ღონისძიება და მასზე ხელისუფლების რეაქცია ასეთი არაადეკვატური იყოს

თუ აქამდე ვვარაუდობდით, რომ ხელისუფლების არაკვალიფიციურობა პრობლემა იყო, ახლა ამაში ყველა თვალნათვლივ რწმუნდება. წარმოუდგენელია მოვლენათა ის სცენარი, რასაც ვხედავთ - ხელისუფლების წინააღმდეგ ვინმემ განახორციელოს ამ მასშტაბის ღონისძიება და მასზე ხელისუფლების რეაქცია ასეთი არაადეკვატური იყოს. უპირველესად მთლიანად პროკურატურის ჩირგვებში დამალვასა და პასიურობას ვგულისხმობ.

- ალბათ მხედველობაში გაქვთ ის, რომ ამ თემაზე პოლიტიკოსები კომენტარებს კი აკეთებენ, მაგრამ პროკურატურის აქტიურობა არ ჩანს. ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ პროკურატურა საჯარო სივრცეში გამოჩენისაგან თავს იკავებს. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- როდესაც პარლამენტი ახალ მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძეს ირჩევდა, მაშინ საქმეში ჩახედული ხალხი ხაზგასმით ამბობდა, რომ მთავარი პროკურორის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა გადამწყვეტი მნიშვნელობის კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო მის შესარჩევად.

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულმა სკანდალმა დაადასტურა, თუ რა მიკერძოებული და არადამოუკიდებელია მთავარი პროკურორი. ვითარებაში, როცა აგორებულმა სკანდალმა პირდაპირ დაასახელა კორუფციაში ეჭვმიტანილად პრემიერ-მინიტრი, ექსპრემიერ-მინისტრი, მინისტრები, ყოფილი მინისტრები და თავად ივანიშვილი, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურას აქტიურად დაეწყო მოქმედება, ვხედავთ, რომ იგი სრული გაშეშების მდგომარეობაშია აღმოჩენილი და აღარ იცის რა ქნას.

ყველა წესით და კანონით შექმნილ ვითარებაში ჩვენ ახლა მთავარ პროკურორს დილა-საღამოს ტელევიზორში უნდა ვუცქერდეთ და იგი საზოგადოებას დეტალურად უნდა უხსნიდეს აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით რა მოქმედებები განახორციელა, რა შედეგები დადგა და რა დასკვენები გააკეთა პროკურატურამ გამოძიების კუთხით

ყველა წესით და კანონით, შექმნილ ვითარებაში ჩვენ ახლა მთავარ პროკურორს დილა-საღამოს ტელევიზორში უნდა ვუცქერდეთ და იგი საზოგადოებას დეტალურად უნდა უხსნიდეს აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით რა მოქმედებები განახორციელა, რა შედეგები დადგა და რა დასკვნები გააკეთა პროკურატურამ გამოძიების კუთხით.

ასე უნდა იყოს, რადგან საზოგადოების ინტერესი ამ თემის მიმართ საკმაოდ მაღალია. ისიც ფაქტია, რომ მთელი ქვეყანაა შეშფოთებულია იმ სურათით, რომელიც მეტ-ნაკლებად უკვე გამოჩენილია.

როდესაც პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და ანეკდოტების სფეროს განეკუთვნება, სწორედ ამ დროს უნდა დაგვარწმუნოს პროკურატურამ, რომ ყველაფერი რაც ვრცელდება, სწორედ ანეკტოდების სფეროდანაა და არა რეალური ფაქტებია.

- ძნელი დასაჯერებელია, ხელისუფლებას არ ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე დამაჯერებელი პასუხის გაუცემლობა უპირველესად ვნებს ხელისუფლებას და ზოგადად პოლიტიკურ პროცესს. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ქვეყანა საარჩევნო პერიოდში ცხოვრობს და 28 ოქტომბერს საზოგადოებას არჩევანის გაკეთება მოუწევს.

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს არ თუ ვერ დგამს?

- ამაზე მეც ბევრი ვიფიქრე და ასეთ დასკვნამდე მივედი - ხელისუფლება და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები იმიტომ არიან გასუსული, რომ ამ სკანდალმა აისბერგის რაღაც ნაწილი კი გამოაჩინა, მაგრამ მათმა აქტიურობამ შესაძლოა აისბერგის ის დაფარული ნაწილი გამოაჩინოს, რაც იმაზე გაცილებით უარესია, რაც უკვე ვიცით.

ხელისუფლება და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები იმიტომ არიან გასუსული, რომ ამ სკანდალმა აისბერგის რაღაც ნაწილი კი გამოაჩინა, მაგრამ მათმა აქტიურობამ შესაძლოა აისბერგის ის დაფარული ნაწილი გამოაჩინოს, რაც იმაზე გაცილებით უარესია, რაც უკვე ვიცით

სხვაგვარად მათი გასუსულობა არანაირად არ იხსნება. მტერმა რომ ამგვარი რამ მოგიწყოს, ხელისუფლება ვალდებულია ის ეჭვები, ვარაუდები საზოგადოებაში გაფანტო. ასე უნდა იქცეოდეს ნებისმიერი ხელისუფლება. და არა მარტო იმიტომ, რომ არჩევნებია კარს მომდგარი. ვიმეორებ, რაკი ამას ხელისუფლება არ თუ ვერ აკეთებს, ალბათ მათ აქვთ ძალიან სერიოზული შიში იმის, რომ უარესი რამ შეიძლება გამოვლინდეს.

თუ დღეს ხელისუფლების მიმართ ბრალდებები მხოლოდ ვარაუდებია, ხვალ შეიძლება ეს უეჭველი ფაქტებით იყოს გამყარებული.

- გასაგებია, რომ ბრალდებებზე ხელისუფლებისგან ყველა ელოდება დამაჯერებელ პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიხილეთ სპორტის ექსმინისტრ ლევან ყიფიანის, რბილად რომ ვთქვათ, ეკლექტიკური განცხადებები.

მისი მტკიცებით, ფარული ჩანაწერების გაკეთება მან და ოქუაშვილმა ერთად დაგეგმეს, რომ ამ უკანასკნელს ინვესტორებთან გაიოლებოდა ურთიერთობა, ფარცხალაძესთან მას ნორმალური ურთიერთობები აქვს, სარდაფში არაფერი მომხდარა, მაგრამ იმავდროულად მან დაადასტურა "თიბისი ბანკიდან" 4 მილიონის გატანა. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ლევან ყიფიანის განმარტებებმა?

- მეც ვფიქრობ, რომ ლევან ყიფიანი შეშინებული უნდა იყოს და, როგორც ჩანს, მათ, ვინც ამ საქმითაა დაინტერესებული, მასზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდათ. ლევან ყიფიანის „აღიარებამ“ არა თუ არ გააქარწყლა აქამდე არსებული ეჭვები, არამედ კიდევ უფრო გაამყარა ისინი.

ლევან ყიფიანი შეშინებული უნდა იყოს და, როგორც ჩანს, მათ, ვინც ამ საქმითაა დაინტერესებული, მასზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდათ

თუ მან ოქუაშვილთან ერთად დაგეგმა და განახორციელა ეს ჩანაწერები, მას ისიც უნდა სცოდნოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა. მართალია ჩვენთან ცილისწამება არ ისჯება, მაგრამ მძიმე დანაშაულში ბრალდებაც დასჯადია. ადრე თუ გვიან ოქუაშვილსაც და მასაც ამისათვის მოუწევდათ პასუხისგება.

დარწმუნებული ვარ, რომ ყიფიანის მიერ განცხადებები არის ყალბი და იმას, რაც მან შეშინებულმა თქვა, რეალურად არც არაფერი შეუცვლია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ სკანდალთან არიან დაკავშირებული, მათთვის გაცილებით საშიში ფაქტები აქვთ გონებაში და ისინი ამიტომ დუმან და ელოდებიან რა მოხდება. „ომეგა ჯგუფის“ სკანდალთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის ლოდინი და დუმილი მომაკვდინებელია.

- ლევან ყიფიანის ადვოკატის მტკიცებით, ყიფიანის ქმედებებში არავითარი დანაშაულის ნიშანი არ იკვეთება...

- მე დარწმუნებული ვარ, თუ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად ყალბი, პრაქტიკულად ყველაფერი ყალბი მონაცემების საფუძველზეა შეთითხნილი, ფარული ჩანაწერები გაკეთდა წინასწარ, - ეს არის ძალიან მაღალი დონის სახელმწიფო დანაშაული. ეს არის გაფლანგვა, მითვისება, ხელისუფლების თვითნებობა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენება. საუბარია იმაზე, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ძალიან მაღალი პოლიტიკური დონის პირებზე.

მართალია ოქუაშვილი ლონდონში ზის, მაგრამ სულ ახლახან რუსებმა ლონდონში სკრიპალები მოწამლეს. თუ იგი ასეთ ავანტიურაზე მიდის, რისიც მე არ მჯერა, მას უნდა ეშინოდეს შურისძიების და ისიც უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ შურისძიებისგან ვერ იქნება დაცული.

მართალია, ოქუაშვილი ლონდონში ზის, მაგრამ სულ ახლახან რუსებმა ლონდონში სკრიპალები მოწამლეს. თუ იგი ასეთ ავანტიურაზე მიდის, რისიც მე არ მჯერა, მას უნდა ეშინოდეს შურისძიების და ისიც უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ შურისძიებისგან ვერ იქნება დაცული

თუ ის მთვარეზე აპირებს გადასახლებას, არ ვიცი. მე არ მჯერა, რომ მას ასეთი ავანტიურისტული გეგმის მოფიქრება შეეძლო. ორი-სამი ადამიანი ამის ვერც მოფიქრებას და ვერც განხორციელებას ვერ გაბედავდა. მით უმეტეს, რომ ერთ მხარეს დგას სახელმწიფო მანქანა, საქართველოს ხელისუფლების სახით, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში და პრაქტიკულად ყველა დონეზე თავისი წარმომადგენლები ჰყავს სახელისუფლებო ვერტიკალში.

ეს რომ სიმართლე და გამწარებული ადამიანის კივილი და წივილი არ იყოს, მაშინ ოქუაშვილს გაუჭირდებოდა მომხდარის დაგეგმვა და განხორციელება.

- გავრცელდა ცნობა, რომ ოქუაშვილი ივანიშვილს საფრანგეთის სასამართლოში უჩივლებს. ხელისუფლება ოქუაშვილს კი აყვედრის ბიზნესის დაბრუნებას, მაგრამ მისი მეუღლე პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არც მისთვის ბიზნესის დაბრუნებაში და არც ტელეკომპანიისათვის ლიცენზიის აღებაში. რჩება შთაბეჭდილება, რომ ოქუაშვილს წინა ხელისუფლების გარდა ახლანდელი ხელისუფლებაც ებრძვის, მაგრამ რატომ, მაინც გაურკვეველი რჩება.

- როგორც ჩანს, ოქუაშვილი ცდილობს იყოს დამოუკიდებელი. მე მომეჩვენა, რომ ქალბატონი ნატო ჩხეიძე „პატრიოტთა ალიანსში“ იმის გამო აღმოჩნდა, რომ მათ ჰქონდათ სურვილი დამოუკიდებელი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ჰქონოდათ. რადგან ქალბატონი ჩხეიძე იძულებული გახდა დაეტოვებინა „პატრიოტთა ალიანსი“, ეს ნიშნავს იმას, რომ მან პოლიტიკოსებისგან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

- ჯერ იყო ივანიშვილმა თქვა - თუ ჩანაწერები აქვს მისი მონაწილეობით, ოქუაშვილმა გამოაქვეყნოსო, შემდეგ ოქუაშვილმა თქვა - ისინიც იწერდნენ და გამოაქვეყნონო. აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების თვალსაზრისით რა გაგრძელებას უნდა ველოდოთ?

- თუ ჩემი პირვანდელი ვერსია სიმართლეს მოკლებული არაა, ანუ უარესი ფაქტების დამადასტურებელი ფაქტები არსებობს და მასზე ორივე მხარეს მიუწვდება ხელი, ახლა ოქუაშვილი შეეცდება ივაჭროს, დაიბრუნოს ბიზნესი და მიიღოს გარკვეული ხელშეუხებლობის გარანტიები.

ვფიქრობ, ამიტომ იშვერს ორივე მხარე ერთმანეთისკენ ხელს და მასალების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. ვფიქრობ, რომ სკანდალის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებშია ყველაფერი არ გამოქვეყნდეს და ოქუაშვილმა მოიპოვოს ის, რის მოპოვებასაც ის ასეთი თავგანწირვით ცდილობს

ვფიქრობ, ამიტომ იშვერს ორივე მხარე ერთმანეთისკენ ხელს და მასალების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. ვფიქრობ, რომ სკანდალის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებშია ყველაფერი არ გამოქვეყნდეს და ოქუაშვილმა მოიპოვოს ის, რის მოპოვებასაც ის ასეთი თავგანწირვით ცდილობს.

- ბატონი გია ხუხაშვილი რამდენიმე დღეა აცხადებს - „ივანიშვილმა ამ სისტემას ნაჯახით უნდა გადაუაროს“. თქვენი ლოგიკით, ივანიშვილისგან „ნაჯახის ხმარებას“ არ უნდა ველოდოთ და ამ ისტორიის კომპრომისებით დამთავრებაა უფრო მოსალოდნელი?

- მე რაც ივანიშვილის მოქმედებებს და პოლიტიკურ კურსს ვაკვირდები, ის ყველაფერს პირველ რიგში ბიზნესის თვალთახედვით ჭვრეტს. მისთვის კომპრომისი, კონფორმიზმი და გარიგება სრულიად მისაღებია თუ ეს მის ბიზნესინტერესებს შეესაბამება.

ვფიქრობ, ახლა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს შეესაბამება, რომ ეს პროცესი და სკანდალი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. შესაძლოა, მის პოლიტიკურ ინტერესებში იყოს ჩამოიშოროს ის გუნდი, რომელიც, როგორც ჩანს, მეტისმეტად ღრმადაა ჩართული კორუფციის ჭაობში, რაც მას არამც და არამც არ უნდა აწყობდეს.

ვფიქრობ, ახლა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს შეესაბამება, რომ ეს პროცესი და სკანდალი რაც შეიძლება მალე დასრულდეს

ივანიშვილისთვის კარგი იქნება თუ ნაკლები ბოროტების პრინციპით ეს ხმაური მალე და უხმაუროდ დასრულდება. ასეა იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს სრული კოლაფსის განცდა. ეს ძალიან კარგად იკითხება სოციალურ ქსელებში.

ეს ჩემთვის ყველაზე მეტად მტკივნეულია იმიტომ, რომ ჩვენ მტრის საქმეს ვაკეთებთ, როცა გვაქვს სრული აპათია, უიმედობა და დაკარგული პერსპექტივის განცდა. როცა ბევრი ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მივალთ თუ არა არჩევნებზე, დღეს სწორედ ეს არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და საშიში. თუ არა ის, რომ მინისტრები ცდილობენ ფული აკეთონ, არც ახალია და არც გასაკვირი.

- გასულ კვირას ბატონმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა - „ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ხელისუფლება მაინც დამარცხებული იქნებაო”. ვიდრე თქვენ დაგირეკავდით, სულ ახლახან წავიკითხე ბატონი ვახტანგის ერთი მოსაზრება - „ოცნებას“ გაუჭირდება ამ ამბების სხვა თემებით გადაფარვა“.

არჩევნების თემას მინდა დავუბრუნდე - მართალია, ამ თემაზე გარკვეული მოსაზრებები უკვე გამოთქვით, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

- თვალსაჩინოა ის, რომ რაც ახლა ხდება, საზოგადოებაში პოლიტიკურ აპათიასა და ნიჰილიზმს იწვევს. მართლაც მგონია, რომ ეს ჩვენ დემოკრატიული საზოგადოებისგან აშკარად გვაშორებს, ვიდრე გვაახლოებს.

ერთი წუთით რომ ივანიშვილის თვალით შევხედო სიტუაციას - ივანიშვილმა კარგად იცის - „ქართული ოცნება“ გაკოტრებულია. დარწმუნებული ვარ, მას ჩვენზე უკეთ ეცოდინება, რომ მმართველ გუნდს დაცემული აქვს რეიტინგი. არა მგონია, რომ მას თავისივე გუნდის მიმართ ოპტიმისტური განწყობა ჰქონდეს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მას ესმის თუ რა დონემდე მიიყვანა მისივე გუნდმა მისი იმიჯი.

ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ მტრის საქმე - ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე - მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ჩვენთვის სასურველ კანდიდატს

ახლა ივანიშვილი შეეცდება საკუთარი ფინანსური პოზიციები მაინც გადაარჩინოს. ის ამას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს თუკი შეინარჩუნებს არაფორმალურ მმართველობას. რაც უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, მით უფრო გაადვილდება მანიპულირება და იმ შედეგის „დადება,“ რაც ივანიშვილს აწყობს.

ის აპათია, რაც საზოგადოებაში სუფევს და მედიაშიც აისახება, ხელს აძლევს მათ, ვისაც არ სურს საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. ამიტომ, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ მტრის საქმე - ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე - მივიდეთ არჩევნებზე და ხმა ჩვენთვის სასურველ კანდიდატს მივცეთ. ჩემი აზრით, არც ზურაბიშვილს, არც ბაქრაძეს და არც ვაშაძეს.

- ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჯავახეთში მცხოვრებ რუსული პასპორტების მქონე სომეხ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიცემას დაპირდა. ეს განცხადება იმით გახლდათ სახიფათო, რომ მან ამ თემაზე საუბრისას სააკაშვილი გაიხსენა, რომელიც თურქებს აძლევდა საქართველოს მოქალაქეობას, ხოლო ადგილობრივ სომხებს ზღუდავდა.

რას იტყოდით საპრეზიდენტო კანდიდატის ამ განცხადებაზე და ზოგადად ზურაბიშვილზე, როგორც მმართველი გუნდის კანდიდატზე?

- მეც ძალიან მწყინს, როდესაც იმედი გამიცრუვდება ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა იმედგაცრუებას იწვევენ ქალები. გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ისედაც მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ქალბატონ სალომეს შეეძლო პოლიტიკაში ქალთა მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოესწორებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ვიღებთ საპირისპირო შედეგს.

აშკარაა, რომ ზურაბიშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი საკუთარ თავსაც არცხვენს და იმ პოლიტიკურ ძალასაც, რომლის მხარდაჭერითაც სარგებლობს

როგორც გაირკვა, ეს ადამიანი ძალიან ცუდად ერკვევა არსებულ რეალობასა და პრობლემატიკაში. შესაძლოა ის გულწრფელია, მაგრამ აბსოლუტურად აცდენილია იმ პრობლემატიკას, რომელიც ქვეყანას აწუხებს. აქედან გამომდინარე, უკვე არაერთხელ გამოჩნდა, რომ ის არაადეკვატური კანდიდატია.

ჯავახეთის სომხებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ნათქვამი, რომლებზეც მან გააკეთა კომენტარები, აშკარად მარწმუნებს, რომ ეს ქალბატონი არ ივარგებს პრეზიდენტად. შესაძლოა რაღაც მომენტში „ოცნებამ“ მასზე უარიც კი თქვას და ვინმე უცნობ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

აშკარაა, რომ ზურაბიშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, საკუთარ თავსაც არცხვენს და იმ პოლიტიკურ ძალასაც, რომლის მხარდაჭერითაც სარგებლობს. ეს კი, პირადად ჩემთვის, ძალიან საწყენია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს